5 გავლენიანი ჟურნალისტი ქალი
08.03.2021

ომის პირველი ქალი ფოტოგრაფი, პირველი აფრო-ამერიკელი ქალი მიმომხილველი აშშ-ის ეროვნულ რადიოსა და ტელევიზიაში, ომის ყველაზე გავლენიანი რეპორტიორი ქალი, ჟურნალისტი და უფლებადამცველი ქალი, რომელიც არ უშინდებოდა პუტინის ხელისუფლების მხილებას და რა თქმა უნდა, ომის ერთ-ერთ საუკეთესო რეპორტიორად მიჩნეული მარი კოლვინი - 
"მედიაჩეკერი"  ხუთ გავლენიან ქალ ჟურნალისტს გაგაცნობთ.

მარგარეტ ბურკ-უაითი (1904 – 1971)



altმარგარეტ ბურკ-უაითი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოჟურნალისტია. ის ომის პირველი ამერიკელი ქალი ფოტოჟურნალისტი იყო. შესაბამისად, ბრუკ-უაითი აშშ-ში პირველი ქალი ფოტოგრაფი იყო, რომელსაც აკრედიტაცია ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

გარდა ამისა, მარგარეტ ბურკ-უაითი 1941 წელს მოსკოვში მყოფი ერთადერთი უცხოელი ფოტოგრაფი იყო მაშინ, როდესაც გერმანიამ მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტი დაარღვია და საბჭოთა კავშირში შეიჭრა. მისი გადაღებული ფოტოები მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველ ერთ-ერთ პირველ ვიზუალურ მასალას წარმოადგენდა, რომელიც მსოფლიომ იხილა.

ბრუკ-უაითის გაშუქებული აქვს სამოქალაქო ომები, სეგრეგაციის პერიოდი, ბუნებრივი კატასტროფები, კონფლიქტები და ჰუმანიტარული კრიზისები. ის არის ბოლო ადამიანი, რომელმაც მაჰათმა განდისგან ინტერვიუ აიღო.  

ეთელ პეინი (1911 – 1991)

altეთელ პეინი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აფრო-ამერიკელი ჟურნალისტი ქალია. 1972 წელს ის CBS-მა დაიქირავა და, შედეგად, პეინი გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ქალი მიმომხილველი აშშ-ის ეროვნულ რადიოსა და ტელევიზიაში. ის აშუქებდა საშინაო და საგარეო პოლიტიკას, სამოქალაქო უფლებების მოძრაობას, კორეის, ვიეტნამის ომებსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს.

პეინი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჟურნალისტად მიიჩნეოდა, რომელსაც არ ეშინოდა რთული შეკითხვების დასმის. სწორედ ეთელ პეინმა ჰკითხა აშშ-ის 34-ე პრეზიდენტს დუაიტ ეიზენჰაუერს როდის გეგმავდა ის სეგრეგაციის აკრძალვას. 

მართა გელჰორნი (1908 – 1998)

altამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი მართა გელჰორნი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ომის კორესპონდენტად მიიჩნევა. 60-წლიანი კარიერის განმავლობაში ის აშუქებდა მსოფლიოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან კონფლიქტს. მათ შორის მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიაში, ჩეხოსლოვაკეთში, ფინეთში, ჰონგ-კონგში, სინგაპურში, ინგლისში მიმდინარე მოვლენებს. ვიეტნამის ომს, ესპანეთის სამოქალაქო ომსა და 1980-იან წლებში ცენტრალურ ამერიკაში მიმდინარე სამოქალაქო ომებს მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს უკვე 70 წელს გადაცილებული იყო.

გელჰორნი ვერ მოხვდა 558 აკრედიტირებულ ჟურნალისტს შორის 1944 წლის 6 ივნისს სამხედრო ოპერაცია „ოვერლორდის“ დროს, როდესაც ბრიტანეთის, აშშ-სა და კანადის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდის სანაპიროდან შევიდნენ. ამიტომ ის ჰოსპიტალის გემზე შეიპარა და ოპერაციის დროს ერთ-ერთ სანაპიროზე მთელი ღამის განმავლობაში დაჭრილებს ეხმარებოდა. მართა გელჰორნი მაშინ 150,000 კაცს შორის ერთადერთი ქალი იყო.

ანა პოლიტკოვსკაია (1958 -2006)



altანა პოლიტკოვსკაია უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი იყო, რომელიც რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა. "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი აშუქებდა ჩეჩნეთის ომსა და რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ის 2004 წელს ბესლანის ტერაქტის გასაშუქებლად მიმავალი, მოსკოვი-დონის როსტოვის ავიარეისზე თვითმფრინავში მოწამლეს.

ჟურნალისტი არ ერიდებოდა პუტინის ხელისუფლების მხილებას. მას არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს ლიფტში მოკლული იპოვეს.

მარი კოლვინი (1956-2012)



altცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და ომის კორესპონდენტი აშუქებდა კონფლიქტებს ახლო აღმოსავლეთში, ლიბიაში, ჩეჩნეთში, კოსოვოში, ზიმბაბვეში, სიერა ლეონეში, აღმოსავლეთ ტიმორში, შრილანკასა და სხვა ქვეყნებში. კოლვინმა აღმოსავლეთ ტიმორში მუშაობისას 1500-მდე ქალი და ბავშვი გადაარჩინა. 23 ჟურნალისტს შორის ის იყო ერთადერთი, ვინც არ მიატოვა ინდონეზიური ძალების მიერ დევნილი ქალები და ბავშვები.

კოლვინმა 2001 წელს შრილანკური არმიის მიერ ნასროლი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის (RPG) აფეთქების შედეგად მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა. მარი კოლვინი 2012 წლის 22 თებერვალს სირიაში, ქალაქ ჰომსის ალყის გაშუქების დროს დაიღუპა.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ