პანდემიის გაშუქება - ექიმის რჩევები მედიას
25.11.2021
კოვიდ-19-ის პანდემიისა და ვაქცინაციის გაშუქებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიზუსტის დაცვა. ნებისმიერი არაზუსტი ინფორმაცია პირდაპირ აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.



საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ზურაბ ალხანიშვილის საუბრობს ათ საკითხზე, რაზეც მედიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს.

1. ეცადეთ, არ გამოიწვიოთ პანიკა საზოგადოებაში

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისული მდგომარეობის დროს მედიის საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებაში შფოთის დონის დაწევა და პანიკის თავიდან არიდება, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოს და დაიცვას თავი და გარშემომყოფები. ამ მიზნის მისაღწევად მაყურებელს არ უნდა შევუქმნათ უიმედობის განცდა.

2. შეარჩიეთ კომპეტენტური რესპონდენტები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისული სიტუაციის დროს რესპონდენტის შერჩევა მედიის უმთავრესი ამოცანაა. რესპონდენტი უნდა საუბრობდეს ფაქტებით და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. დღევანდელ ვითარებაში მაღალი სანდოობის მქონე რესპონდენტი, მით უფრო სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რომელიც ვაქცინაციის მოწინააღმდეგეა, მრავალ კითხვას ბადებს. ასეთი რესპონდენტის ჩაწერის დროს ჟურნალისტი უნდა დარწმუნდეს მის კომპეტენციაში, რადგან არსებობს რისკი, რომ მან, მაგალითად, კოვიდ-19-ის პრევენციის ისეთი საშუალებებზე ისაუბროს, რაც რეალურად ზოგიერთი ადამიანის გადაწყვეტილებას, რომ არ აიცრას, გაამართლებს. ეს კი ნაკლებად იქნება მიმართული საზოგადოების საკეთილდღეოდ.

3. ერიდეთ დარგის სპეციალისტების ისეთ კრიტიკას, რომელიც არ ეხება მათს პროფესიულ საქმიანობას

დარგის ლიდერები, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობენ, პანდემიასთან ბრძოლისთვის უმნიშვნელოვანესი იარაღია. იმისათვის, რომ მოსახლეობამ სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დაიცვას, მათ უნდა ენდობოდეს. სასურველია, მედიის კრიტიკა მათ პროფესიულ საქმიანობას ეხებოდეს და არ ხდებოდეს სპიკერების დისკრედიტაცია მაგალითად, მათი პირადი ცხოვრების დეტალებით. სპიკერების მიმართ ნდობის ხარისხი რეკომენდაციების დაცვის ხარისხის პირდაპირპროპორციულია.

4. არ შეუწყოთ ხელი სტიგმის შექმნას

სასურველია გაშუქებისას აქცენტი არ გაკეთდეს ქვეყნებზე (მაგალითად, რომელიმე ქვეყნის სახელობის შტამი), ეთნიკურ ჯგუფებზე და თემებზე (მაგალითად, გავრცელების არეალის მიმოხილვისას), ეს შეიძლება სტიგმისა და დისკრიმინაციის საფუძველი გახდეს.

5. ყურადღება გაამახვილეთ ვირუსისგან თავდაცვის საშუალებებზე

პანდემიის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას გარდა სტატისტიკური მონაცემებისა, მნიშვნელოვანია აქცენტი მუდმივად კეთდებოდეს ინფიცირებისგან დაცვის მეთოდებისა და საშუალებების შესახებ და სასურველია ეს ინფორმაცია დამოწმებული იყოს დარგის სანდო პროფესიონალის მიერ. მოსახლეობას მუდმივად ისეთი ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს, რომლის გამოყენებაც პრაქტიკაში შეუძლია.

6. ერიდეთ პანდემიის სენსაციურ გაშუქებას

მედიასაშუალებები ინფორმაციის დადასტურებამდე უნდა მოერიდონ ისეთი სენსაციური და სკანდალური ინფორმაციის გავრცელებას, როგორიცაა მაგალითად, ვაქცინაციის შესაძლო გვერდითი მოვლენები. ასეთი ფაქტები, რეალურად, უიშვიათესია და დიდია ალბათობა, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანოს. შემდგომში გადამოწმებული და სწორი ინფორმაციის ხელახლა გაშუქება იმ ზიანის საპირწონე არაა, რაც კრიზისის მართვის პროცესს მიადგება. პანდემიის მიმდინარეობის გაშუქებისას მნიშვნელოვანია გზავნილები თანხვედრაში იყოს ეროვნულ და საერთაშორისო მესიჯებთან და მაგალითად, ვაქცინაციის კამპანიის მიზნებთან.

7. გაამახვილეთ ყურადღება ინფორმაციაზე და არა ემოციაზე

ჟურნალისტი უნდა ეცადოს შეარჩიოს ნაკლებად სენსიტიური სათაურები, ნაკლებად ემოციური რესპონდენტები, რათა აქცენტი გამოყენებად ინფორმაციაზე დარჩეს, თუმცა ეთიკის ნორმების დაცვით პირადი მაგალითების და ამბების გაშუქება სასურველია.

8. გადაამოწმეთ ინფორმაცია

ცნობილი ადამიანის, თუნდაც ცნობილი სპეციალისტის, მეცნიერის გამონათქვამი არაფერს ნიშნავს, როცა მის სიტყვებს ფაქტები და სამეცნიერო მტკიცებულებები ზურგს არ უმაგრებს. კრიზისულ სიტუაციებში რესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის წყაროს გადამოწმებაც მნიშვნელოვანია.

9. გააშუქეთ ვაქცინების თემა მაქსიმალურად ზუსტად

ვაქცინაციის საკითხების გაშუქებისას მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს როგორც მისი სარგებლის, ისე სავარაუდო გვერდითი ეფექტების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინების თემა არ გაშუქდეს, როგორც რაღაც ახალი და ექსტრაორდინალური. იმუნიზაცია ჩვენი ცხოვრების ნაწილია და მხოლოდ სამეცნიერო ცოდნის და რესურსების კონსოლიდაციის შედეგია, რომ კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინები დროის მცირე მონაკვეთში დამზადდა.

10. თუ რესპონდენტი ფაქტებით დაუდასტურებელ ინფორმაციას ავრცელებს, ჟურნალისტი მას მეცნიერული ფაქტებით უნდა შეეწინააღმდეგოს

ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებისთვის ეთერის დათმობის დროს მნიშვნელოვანია დაცული იყოს რამდენიმე პრინციპი: მომენტალურად უნდა მოხდეს დეზინფორმაციაზე რეაგირება, მაშინვე მკაფიოდ უნდა განიმარტოს, რომ ეს არის რესპონდენტის აზრი, რომელიც გამყარებული არაა სამეცნიერო მტკიცებულებებით და სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთ დისკუსიაში ჟურნალისტი არის მხარე, რომელიც საუბრობს სამეცნიერო კონსენსუსის სახელით. ხოლო ჟურნალისტი თუ ვერ მოახერხებს სათანადოდ მოემზადოს დისკუსიისთვის, „ფსევდო ბალანსის“ დაცვას, აჯობებს მასალა ეთერში არ მოხვდეს.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ