საია: მედიის წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტენდენცია საგრძნობლად გაუარესდა
10.06.2024



„საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ“ - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა,სადაც ის ძალადობრივი მეთოდებია მიმოხილული, რომელთა მეშვეობითაც ხელისუფლება სამოქალაქო სივრცის შევიწროებას ცდილობს. 

ანგარიშის თანახმად, კანონპროექტის ინიციირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში ადამიანის შემდეგი უფლებები დაირღვა:

  • ფიზიკური ხელშეუხებლობა;
  • მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება;
  • გამოხატვის თავისუფლება;
  • თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება.

ორგანიზაციის ანგარიშში მიმოხილულია მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების სხვა მეთოდებიც: სატელეფონო მუქარები, კერძო საკუთრების დაზიანების ფაქტები, ზეწოლა დასაქმებულ პირებზე და სხვ.


გამოხატვის თავისუფლება


"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანგარიშის მიხედვით, მედიის წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წინა წლებში დაწყებული ტენდენცია რუსული კანონის ინიციირების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა. 

"კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ხელშეშლის შემთხვევები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება", - ვკითხულობთ ანგარიშში.



მედიააკრედიტაციის წესების გამოყენება 


ორგანიზაციის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის  გამოყენების მანკიერი პრაქტიკა გაგრძელდა და წინა წლის მსგავსად, პარლამენტში რუსული კანონის განხილვის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე შესვლა ონლაინ და ბეჭდური მედიის, ასევე რადიოს აკრედიტებულ ჟურნალისტებს კვლავ შეეზღუდათ.

2024 წლის 8 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტს მიეცა.

14 აპრილს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ  ე.წ. „ყვითელი დონე” აამოქმედა და ონლაინ მედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში შესვლა შეუზღუდა.




ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები


Საიას ანგარიშის თანახმად, კანონის ინიციირების შემდგომ საპროტესტო აქციებზე  ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები გამოვლინდა.

"ქვემოთ მოცემული შემთხვევები არის ბოლო წლების განმავლობაში დაწყებული ტენდენციის ნაწილი, რა დროსაც მნიშვნელოვნად გაუარესდა საქართველოში მედიაგარემო და კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის, მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტები. აღნიშნულს პირდაპირ ახალისებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა ან არაჯეროვანი მოქმედება ასეთი შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების კუთხით", - ვკითხულობთ ანგარიშში. 


  • 2024 წლის 16 აპრილს აქციის გაშუქებისას შსს-ს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ონლაინ გამოცემების - „პუბლიკას”, „ტაბულას” და „აპრილის” ჟურნალისტებს.
  • 2024 წლის 30 აპრილის საპროტესტო აქციის გაშუქების დროს სპეცრაზმმა ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტების - ლიკა ზაკაშვილისა და მამუკა მგალობლიშვილის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. გარდა ამისა, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა ონლაინ გამოცემა „აიფაქტის“ ჟურნალისტ რობი ზარიძეს, ასევე „ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორ დავით ბერაძეს.
  • შსს-ის წარმომადგენელმა 14 მაისის აქციის გაშუქებისას გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტს მცირე ზომის კამერა წაართვა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ასევე, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორ გიორგი ჟამერაშვილს.

ავტორი : ბაჩანა საჯაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ