„ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მედიებისგან ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განგაშის სიგნალი ჩართო
06.10.2025
კატეგორია - საქართველო


ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ქართული მედიებისგან ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განგაშის სიგნალი ჩართო.

SJP-ის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მედიაორგანიზაციებისთვის გაგზავნილი წერილები, რომლითაც უწყება მათგან მოითხოვს, წარმოადგინონ მონაცემები ყველა საგრანტო ხელშეკრულების შესახებ, რომელიც მათ მიერ ხელმოწერილია ან ძალაშია 2025 წლის 16 აპრილიდან დღემდე, მედიის მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგაა მიმართული.

„ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიის მხარდაჭერისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თვითნებური შემოწმებები, გააუქმოს “გრანტების შესახებ” კანონში 2025 წლის აპრილში შეტანილი ცვლილებები და დაასრულოს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დასაშინებლად.

საქართველოს მთავრობას უცხოური დაფინანსების შესახებ ახალი რეპრესიული კანონების უკან გაწვევისკენ მოუწოდებს „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიც“.

CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის, გულნოზა საიდის განცხადებით, საქართველომ უნდა გაიწვიოს რეპრესიული კანონები გრანტების შესახებ, უცხოური აგენტების შესახებ და საშუალება მისცეს დამოუკიდებელ მედიას, შევიწროების გარეშე განაგრძოს ფუნქციონირება.

ანტიკორუფციულმა ბიურომ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა და ვრცელი ინფორმაცია მოითხოვა ორგანიზაციებისგან: iFact, „მთის ამბები“, „ფლანგვის დეტექტორი“, „რეალპოლიტიკა“,  „პროექტი 64“ და  „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“.

 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ