„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ეხმაურება საინფორმაციო სააგენტო CNews-ისა და გაზეთ „ქრონიკა პლიუსისთვის“ ჟურნალისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელშეშლის ფაქტს და შესაბამისს უწყებებს მოუწოდებს ამ შემთხვევით დროულად დაინტერესდნენ.
„საინფორმაციო სააგენტოს CNews და გაზეთის „ქრონიკა პლიუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის განცხადებით, ის და მისი ჟურნალისტური კოლექტივი 8 იანვრიდან ვერ ახერხებს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მდებარე ოფისში შესვლას. გათიშულია ასევე CNews საიტი. ამ მისამართზე შესვლისას მკითხველს ხვდება წარწერა: „გადაუხდელობის გამო ვებგვერდი დროებით არააქტიურია“. ელისო კილაძე მსგავსი დავალიანების არსებობას უარყოფს. მომხდარში ელისო კილაძე ყოფილ ბიზნეს პარტნიორს, იმ ბიზნეს ცენტრის მფლობელს, რომელშიც მედიასაშუალებების ოფისია განთავსებული, ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამ ყოფილი ბიზნეს პარტნიორის და მისი ნდობით აღჭურვილი პირის ქმედებების გამო მის ორივე მედიასაშუალებას მუშაობაში ხელი ეშლება. შედეგად, ორშაბათს ვერ გამოვა „ქრონიკა პლიუსის“ მორიგი ნომერი. ელისო კილაძე შექმნილ პრობლემას ყოფილ ბიზნეს პარტნიორთან უთანხმოებას უკავშირებს, რაც, მისი შეფასებით, შეიძლებოდა გამხდარიყო სამოქალაქო დავის საგანი, მაგრამ არა საოფისე ფართიდან მათი აღსრულების მექანიზმით გამოძევების საფუძველი.
ელისო კილაძე ხაზს უსვამს, რომ საოფისე კომპიუტერებსა და ელექტრონულ მოწყობილობებში ინახება კონფიდენციალური ინფორმაცია. ოფისში ინახება გაზეთ „ქრონიკა პლიუსის” არქივიც. ელისო კილაძემ არ იცის, ამჟამად მედიასაშუალებების ოფისში რა მდგომარეობაა - გატეხილია თუ არა ოფისის კარი და მიიღეს თუ არა უცხო პირებმა წვდომა მედიასაშუალებების კუთვნილ კომპიუტერებზე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შესაბამისს უწყებებს მოუწოდებს, დროულად დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ, რომ CNews და გაზეთის „ქრონიკა პლიუსის“ ჟურნალისტურ კოლექტივს მიეცეს წვდომა მათ სამუშაო სივრცეზე, არ დაზიანდეს მათი კუთვნილი კომპიუტერები და მათ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა არ მიიღონ გარეშე პირებმა. საჭიროების შემთხვევაში აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის გამო“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

