კომუნიკაციების კომისიის ახალი თავმჯდომარე 3 წლის ვადით, „ქართული
ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა გახდა. ComCom-ის
ინფორმაციით, გულორდავას კანდიდატურას მხარი,
ფარული კენჭისყრით ჩატარებულ არჩევნებში, კომისიის წევრების სრულმა
შემადგენლობამ დაუჭირა.
კომუნიკაციების კომისიაში გულორდავას უფლებამოსილება 26 იანვრიდან დაიწყო. ის ComCom-ის წევრად „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა.
კომისიამდე, 2023 წლიდან, გულორდავა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა. იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა აუდიტის დირექტორიც. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
კომუნიკაციების კომისიაში უფლებამოსილების ვადა კახი ბექაურს ამოეწურა. ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე 2017 წლიდან იყო. ის მესამე ვადით 2023 წლის იანვარში აირჩიეს. მანამდე, 2014-2017 წლებში ბექაური კომისიის წევრი იყო, 2012 წელს კი, ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე ერთი და იმავე პირის თავმჯდომარედ ორჯერ არჩევა შეუძლებელი იყო. 2019 წელს მიღებული ცვლილებით კი, ეს შეზღუდვა გაუქმდა.
„სანქცირებული კახა ბექაურის მძიმე მემკვიდრეობა“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ განცხადება, რომელშიც კომუნიკაციების კომისიაში კახი ბექაურის უფლებამოსილების ვადაა შეჯამებული.
კოალიცია, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს აერთიანებს, წერს, რომ ბექაურის ფორმალური კონტროლის ქვეშ მყოფი მარეგულირებელი წლების განმავლობაში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შერჩევით, მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს იღებდა:
„კახა ბექაურის მემკვიდრეობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არ უკავშირდება მედიისთვის სტაბილური, თავისუფალი და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში კომისია ჩამოყალიბდა პოლიტიკურად მიკერძოებულ ინსტიტუტად, რომლის აქტიურობა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო „ქართული ოცნების“ ინტერესების სასარგებლოდ. კომისია ვერ გაძლიერდა ინსტიტუციურად – ვერც დამოუკიდებლობის, ვერც პროფესიული ავტორიტეტის და ვერც საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით, რადგან მისი გავლენა მეტწილად სანქცირების შესაძლებლობასა და შერჩევით აღსრულებას ეფუძნებოდა და არა თანმიმდევრულ, გამჭვირვალე და სამართლიან რეგულირებას“.
კომუნიკაციების კომისია 5 წევრისგან შედგება: ვახტანგ აბაშიძე, ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე, ივანე მახარაძე და გოგა გულორდავა. მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის ბიუჯეტი კი 24 825 200 ლარია.
--------------------------------

