კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ 2025
წელს სამთავრობო ტელეკომპანია „იმედიდან“ ხელფასის სახით (ხელზე
ასაღები) 166 428 ლარი აიღო. გოგა გულორდავა „იმედში“ 2023 წლიდან
მუშაობდა, ის მონიტორიგის და აუდიტის ხელმძღვანელი იყო.
კომისიამდე, 2020 წლიდან გულორდავა მუშაობდა სს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც“. თანამდებობის პირის
ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის
მიხედვით, მან, როგორც შიდა აუდიტის დირექტორმა სსე-დან გასულ წელს
ხელფასის სახით 101 662 (ხელზე ასაღები) მიიღო.
კომუნიკაციების კომისიაში გოგა გულორდავას უფლებამოსილება 26 იანვრიდან დაიწყო. 29 იანვარს კი, კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ ის ახალ თავმჯდომარედ აირჩია. 2016-2020 წლებში გულორდავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „postv“-ის დასანქცირების შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება დააანონსა. დაახლოებით ერთ თვეში, ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, ტელეკომპანიები: Postv-ი, „იმედი“, „ფორმულა“ და „TV პირველი“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევის გამო, რომლებიც შინაარსობრივი რეგულირების საკითხებს შეეხება, წერილობით გააფრთხილა.
კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა ამ მონიტორინგის დროს ყველაზე მეტი - 20 დარღვევა „ფორმულას“ აღმოუჩინა, ყველაზე ცოტა (4) კი - „იმედს“.
მაგალითად, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ფრაზების: „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი“, „რაჟდენ კუპრაშვილის უწყება“, „ოცნების მთავრობის წევრებთან“, „სასამართლო კლანი“, და სხვ. გამოყენებით „ფორმულამ“ ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონი დაარღვია.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმავე მუხლების დარღვევისთვის 21 მაისს 2 500 ლარით დააჯარიმა.

