“თავდასხმა პოლიციელზე” თუ მედიაზე ზეწოლის მცდელობა?
23.09.2019

16 სექტემბერს ბათუმში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ ონლაინგამოცემების “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის ძმის შვილებისა და სიძეების დაკავება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიაზე ზეწოლად შეაფასა, თავად გამოცემის რედაქტორმა, ეთერ თურაძემ მედიასაშუალებების მიმართ მესიჯად მიიჩნია. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ბრალდებულები პოლიციელს ჯგუფურად დაესხნენ თავს.

მას შემდეგ, რაც ფიზიკური ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიება პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმის მუხლით გადაკვალიფიცირდა და მზია ამაღლობელის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ბევრი კითხვა გაჩნდა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა საქმე  კრიტიკული მედიასაშუალებაზე ზეწოლისთვის გამოიყენონ. 

ეთერ თურაძე ამბობს, რომ 16 სექტემბერს მომხდარ კონფლიქტზე დაწყებულ საქმის წარმოებასთან საწყის ეტაპზე გამომცემლობას შეხება არ ჰქონდა.  მისი აზრით, თავდაპირველად ფიზიკური ძალადობის მუხლით გამოძიების დაწყება ლეგიტიმური იყო, რადგან ინციდენტი ნამდვილად მოხდა და გამოძიებას უნდა დაედგინა, რა სახის იყო ეს დანაშაული. ეთერ თურაძის კითხვებს უკვე შემდეგ განვითარებული მოვლენები იწვევს. 

მზია ამაღლობელის ნათესავები ამბობენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფები ტაქსის ელოდებოდნენ, სადარბაზოსთან “შკოდას” ფირმის ავტომანქანა შენიშნეს, ამაზე ერთ-ერთ მათგანს პოლიციის ასოციაცია გაუჩნდა და ყველა ცუდი პოლიციელი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

მათივე თქმით, ამ დროს სადარბაზოდან სპორტულ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით გამოვიდა, მან პოლიციის ცუდად მოხსენიებისთვის გინება დაუწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ბრალდებულებისვე განცხადებით, აღნიშნულმა პირმა მათ იარაღი დაუმიზნა და ერთ-ერთი მათგანი სცემა კიდეც.

აღნიშნული მამაკაცი პოლიციის პოლკოვნიკი როინ კოჩალაძე აღმოჩნდა, რომელიც მომხდარის პერიოდში შვებულებაში იყო და სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. კოჩლიძე ამას საკუთარი ჩვენებითაც ადასტურებს. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ბრალდებულები პოლიციელს ჯგუფურად დაესხნენ თავს და გამოძიებაც სწორედ ამ დანაშაულისთვის შესაბამისი მუხლით (სსკ 353-ე პრიმა) გაგრძელდა.

მოგვიანებით, ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ძებნა სამართალდამცავებმა მზია ამაღლობელის სახლში დაიწყეს. “ბათუმელების” რედაქტორს, ეთერ თურაძეს მთავარი კითხვა სწორედ ამ მომენტიდან უჩნდება. მისთვის გაუგებარია,  როგორ აღმოჩნდა სასამართლო განჩინებაში მათი დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის სახელი და გვარი და რატომ გაჩნდა აუცილებლობა,  ერთ-ერთი ბრალდებული მის სახლში მოეძებნათ და არა საკუთარში, სადაც იგი იმყოფებოდა. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ეს პირი, მზია ამაღლობლის მისამართზე არასდროს ცხოვრობდა, არც რეგისტრირებული ყოფილა.


ეთერ თურაძე საქმის სხვა რამდენიმე მნიშნველოვან მონაკვეთზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ბრალდებულები ინციდენტის დღეს დაკითხვის შემდეგ არ დაუკავებიათ, გამოუშვეს. ამასთან, ბრალდებულები გამოძიებასთან მუდმივ კონტაქტზე იყვნენ და თანამშრომლობისთვის მზადყოფნასაც გამოხატავდნენ. სამართალდამცველებმა ისინი კონფლიქტიდან მეოთხე დღეს, 19 სექტემბერს დააკავეს, ბრალი დაუმძიმეს და იმ მოტივით, რომ მიმალვის საფრთხე არსებობდა, მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვეს.

“ნორმალურ შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოები ასე არ უნდა მოქმედებდნენ. იმდენად მსუბუქი მუხლი იყო, რომ დაკავება საჭიროდ არ ჩათვალეს და დააკავეს 19-ში [სექტემბერს] თუკი მიმავლის რისკები არსებობდა, პოლიციას ეს ადამიანები არ უნდა გამოეშვა და მაშინვე უნდა დაეკავებინა”, - აცხადებს ეთერ თურაძე და იქვე განმარტავს, რომ საქმის გაჭიანურება, ოთხდღიანი პაუზა და ბრალის დამძიმება იმით იყო გამოწვეული, რომ საქმის მეორე მხარეს პოლიციის მაღალჩინოსანია.

“მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მისი [როინ კოჩალიძის] გავლენების დემონსტრირება და არა ვთქვათ ის, რომ მოდი ახლა რომელიმე მედიაორგანიზაციაზე ვიძიოთ შური, მე დამძიმებას ასე ვერ ვუკავშირებ. ერთადერთი ამ კონტექსტში ჩვენს გამოჩენას ვაკავშირებ მხოლოდ იმ ნაწილში, რომ რატომ ჩანდა განჩინებაში მზია ამაღლობელის გვარი და ვამბობ, რომ შეიძლება ეს ყოფილიყო ჩვენთვის ერთგვარი გაფრთხილებაც”, - განმარტავს იგი “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

საკუთარ შეფასებებში უფრო პირდაპირია მედიაანალიტიკოსი ზვიად ქორიძე. მისი შეფასებით, პოლიციის მხრიდან “ბათუმელების” დამფუძნებლის სახლში “შეჭრა”, დაშინება, ოჯახის წევრების დაპატიმრებით მუქარა და რეპუტაციის შელახვის მცდელობის მიზანი, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” საქმიანობასა და ნორმალური ფუნქციონირებაზე გავლენის მოხდენა და ხელისშეშლაა.

ქორიძე ასევე ამბობს, რომ ძალისმიერი ორგანოები სწორედ ამ ფორმით შეეცდებიან, რომ მედიაზე, თავისუფალ მოქალაქეზე, აქტივისტებზე, არასამთავრობო სექტორსა და ზოგადად, იმ ადამიანებზე, რომლებიც ხელისუფლებას ბევრ პრობლემას უქმნიან, ზეგავლენა მოახდინონ.

იგი “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” გარშემო განვითარებულ მოვლენებს მედიაბაზარზე “რუსთავი 2-ით” დაწყებული პროცესის გაგრძელებად აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს აგონიურ მდგომარეობაში არიან და ცდილობენ არა ერთი კონკრეტული გამოცემის, არამედ ზოგადად თავისუფალი მედიის, ასევე იმ აქტივისტებისა და არასამთავრობოების დაშინებას, რომლებიც “არამართებული და ხშირად მავნე პოლიტიკის გამო”, ხელისუფლების წარმომადგენლებს ბევრ სირთულესა და უხერხულობას უქმნიან.

“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის ნათესავების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” საგანგაშოდ მიიჩნია მზია ამაღლობელის მიმართ ზეწოლა. ქარტიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გამოირჩევა კრიტიკული მასალებით, ჟურნალისტური გამოძიებებით და რეგულარულად აშუქებს სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას.

იქვე ქარტიამ გენერალურ პროკურატურას საქმის გამჭვირვალედ გამოძიებისკენ მოუწოდა, ასევე, მონიტორინგის წარმართვისთვის მიმართა სახალხო დამცველს, ადგილობრივ უფლებადამცველ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსს.

“კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის”, რომელიც 11 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველთა ქმედება რაიმე სახით კავშირშია “ბათუმელების” საქმიანობასთან, აუცილებელია, საქმეს შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცეს.

“მიგვაჩნია, რომ საქმის დროული გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა ჟურნალისტებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება”, - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 21 სექტემბერს იმსჯელა. პროკურატურა მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ისინი 25 000-25 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ნოემბერს გაიმართება.


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ