საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში წელს მცირედით გაუარესდა - RSF
21.04.2021
„პლურალისტური, მაგრამ მაინც ძალიან პოლარიზებული“ - ასე აფასებს საქართველოს მედიაგარემოს მედიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF).

კვლევის ანგარიში ციფრებში:
  • პრესის თავისუფლების კუთხით საქართველო 180 ქვეყნიდან მე-60 ადგილზეა.
  • პრესის თავისუფლების ინდექსი 100-დან 28.64 ქულით შეფასდა.
  • ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.05-ით გაუარესდა.
  • მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. პრესის თავისუფლების ინდექსით, სომხეთი - 63-ე, რუსეთი - 150-ე, თურქეთი -153, აზერბაიჯანი კი 167 ადგილზეა.
  • საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ნორვეგიას, რომელიც 6,72 ქულით პირველ ადგილზეა.
  • ბოლო ადგილზე კი ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფო ერიტრეაა - 81,45 ქულით

alt

RSF-ის შეფასება:
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა და სატელიტური ტელევიზიების პლურალიზმი გააუმჯობესა, მფლობელები და ხელმძღვანელები კვლავ ხშირად ერევიან სარედაქციო დამოუკიდებლობაში. ამ ტენდენციის საჩვენებლად, ორგანიზაცია „რუსთავი 2-ისა„ და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს.

ანგარიშში ვკითხულობთ:
  • რუსთავი 2-ის პროსამთავრობო არხად იქცა მას შემდეგ, რაც წინა მფლობელს დაუბრუნდა.
  • აჭარის ტელევიზია მმართველი პარტიის მხარდაჭერას შეუდგა მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ და ჟურნალისტები გაათავისუფლეს.
ორგანიზაციია საქართველოში მედიამფლობელებისა და ხელმძღვანელების მხრიდან მედიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე 2020 წლის ანგარიშშიც საუბრობდა.

ცენზურისა და კონტროლის მცდელობა: RSF “შემაშფოთებელ ტენდენციას“ უწოდებს კომუნიკაციების კომისიის მცდელობას „ჩაერიოს მედიის საქმიანობაში“: “[მარეგულირებლის] პრეროგატივები ნელ-ნელა გაიზარდა და მიიწევს კონტროლისა და ცენზურისკენ”. ანგარიშში საუბარია კომუნიკაციის კომისიის პლატფორმა „მედიაკრიტიკაზეც“, რომელიც „ამოწმებს მედიის შინაარსს და ცდილობს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დისკრედიტაციას“.

ანგარიშში საუბარია პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებზე და სამართალდამცავების დაუსჯელობაზე. ნათქვამია, რომ მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით არჩევნების დროს ფიქსირდება.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ