ღირსების მარში დღეს არ შედგება, ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებზე თავდასხმებს აგრძელებენ
05.07.2021
“თბილისი პრაიდი” რუსთაველზე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლეებს და ამბობს, რომ ღირსების მარში დღეს არ შედგება:

“დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ შსს ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რადგან ვხედავთ, რომ ისინი არ რეაგირებენ მათ თვალწინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, სიძულვილის უზარმაზარი ტალღა კი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, სწორედ ხელისუფლებისა და საპატრიაქროს მიერაა შთაგონებული და მხარდაჭერილი”.

პარალელურად, რუსთაველზე შეკრებილი “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებზე თავდასხმებს აგრძელებენ. დაშავებულია მედიის ათობით წარმომადგენელი და დაზიანებულია ტექნიკა. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“სწორედ ასეთ უმოქმედობასა და სიძულვილის ჯგუფების პოლიტიკური ძალაუფლების იარაღად გამოყენებას მოჰყვა ის, რომ დარბეულია “თბილისი პრაიდისა” და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისები, პოლიციის თვალწინ ძალადობენ ჟურნალისტებზე, ეს უფრო მეტია ვიდრე პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, ეს არის გამოცხადებული ნადირობა მედიაზე, აქტივისტებზე, ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც თანასწორობის იდეის სწამს” - ნათქვამია თბილისი პრაიდის განცხადებაში.

შსს ამბობს, რომ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამოვლენილ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ