ტელევიზიების ნაწილი აცხადებს, რომ ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებულ ღონისძიებებს აღარ გააშუქებენ
05.07.2021
ტელეკომპანია “რუსთავი 2” და “იმედი” აცხადებს, რომ ეთერს აღარ დაუთმობენ რადიკალურ ჯგუფებს და აღარ გააშუქებენ მათ განცხადებებს. "მთავარმა არხმა" და "ტვ პირველმა" კი რადიკალური ჯგუფების აქციიდან თავისი გადამღები ჯგუფები გამოიყვანა.

ეს გადაწყვეტილება ტელევიზიებმა დღეს, 5 ივლისს მიიღეს, მას შემდეგ, რაც თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყობა მიაყენეს.

რუსთავი 2

"რუსთავი 2" აცხადებს, რომ დღეიდან რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ არც ერთ ღონისძიებას აღარ გააშუქებს.

"ჩვენი ტელეკომპანიის ეთერი არასოდეს აღარ დაეთმობა პირებს და მათ ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას, მოუწოდებენ ძალადობისა და აგრესიისკენ, აკეთებენ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ თუ სხვა მსგავსი შინაარსის განცხადებებს”, - ნათქვამია “რუსთავი 2-ის” განცხადებაში.

იმედი 

განცხადებას ავრცელებს ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი, ნიკა ლალიაშვილიც და ამბობს, რომ მოძალადის იგნორირება და პოზიციის არდაფიქსირება გამოსავალი არ არის და ნებისმიერი მედიასაშუალების ვალია, ობიექტურად გააშუქოს და ამხილოს მოძალადე, მითუმეტეს, თუ ამ ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტია:

“ჩვენი ინიციატივაა, რომ მედიასაშუალებებმა უარი ვთქვათ არა ძალადობის და მოძალადე ჯგუფების მოქმედებების გაშუქებაზე, არამედ მოძალადეების სატელევიზიო ეთერებში მოწვევაზე, სატელევიზიო ინტერვიუებზე და ამ გზით, მათ პრომოუტირებაზე. „იმედი“ ამ სტანდარტით იხელმძღვანელებს“, - აცხადებს ნიკა ლალიაშვილი

მთავარი არხი და ტვ პირველი

რადიკალური ჯგუფების აქციის გაშუქებაზე უარი თქვა “მთავარმა არხმა” და მაუწყებლის ყველა გადამღები ჯგუფი ადგილიდან გაიყვანა:

"მე მივიღე გადაწყვეტილება, მიუხედავად უზარმაზარი საჯარო ინტერესისა, "მთავარი არხის" ყველა ჯგუფი გამოვიხმო და შევწყვიტო ამ სისაძაგლის გაშუქება, პირველ რიგში ჩემი ჟურნალისტების ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გამო",- თქვა ნიკა გვარამიამ.

ძალადობრივი ჯგუფების აქციიდან გადამღები ჯგუფების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო “ტვ პირველმაც“.

რა მოხდა 

დღეს, 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. მათ ნაწილს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაშავებულია 50-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ