ჟურნალისტების პროტესტი ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მთავრობის ბრიფინგზე
13.07.2021
მთავრობის ადმინისტრაციაში მისულმა ჟურნალისტებმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, “TV პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება წუთიერი დუმილით გააპროტესტეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ბრიფინგის დაწყებამდე, ჟურნალისტები ტრიბუნის წინ ავიდნენ და გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოებით ხელში დადგნენ. საპროტესტო გამოსვლის შემდეგ კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფიგი დაიწყო.

„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ - ამ ლოზუნგით, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო, 11-12 ივლისს თბილისში, პარლამენტის წინ აქციები გაიმართა. არასამთავრობო სექტორი, მედიაორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 8 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ