ნოდარ მელაძე პროკურატურამ გამოკითხა, დაბარებულები არიან სხვა ჟურნალისტებიც
15.09.2021
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით, “TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურამ გამოკითხა.

მელაძე ამბობს, რომ 15 სექტემბერს თბილისის პროკურორი დაუკავშირდა და გამოკითხვაზე დაიბარა, რის შემდეგაც, ადვოკატთან ერთად მივიდა დაკითხვაზე. მისივე თქმით, კითხვების ძირითადი ნაწილი ეხებოდა, თუ რა ფორმით მიიღეს ბმული და რა მიმოწერა ჰქონდათ წყაროსთან.

“გამოძიებას აინტერესებს ის, ვინ გაავრცელა და არა ის, ვინ ჩაწერა. ვინ იდგა ამ უკანონობის უკან - ამის დადგენის განზრახვა გამოძიებას არ აქვს” - ამბობს მელაძე “TV პირველის” ეთერში..

მისივე თქმით, გამოძიებას “ცოტა უცნაური კითხვები” ჰქონდა. მაგალითად, ინტერესდებოდნენ, რა მასალებს გაეცნენ ჟურნალისტები - “მოგვიყევი იქ რაც წაიკითხეო”.

გამოკითხვაზე დაბარებულები არიან სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. “ფორმულას” ინფორმაციით, მათი ჟურნალისტებს, მარტა ქურასბედიანსა და ქეთი ნადიბაიძეს პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და ხვალ, 16 სექტემბერს აპირებენ მისვლას.

რა მოხდა

13 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებას ელექტრონულ ფოსტაზე „ჰაკიმ ფაშას“ სახელით მიუვიდა ბმული სახელწოდებით, “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ღია წყაროზე ატვირთულ ფაილებში, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ წერილობითი დეტალებია ასახული. მასალების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა დაადასტურეს, რომ ფაილებში მათი საუბრებიც იძებნება. მათ ნაწილს გადაწყვეტილი აქვს, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოეს მიმართოს.

მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. სუს-მა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ