დეზინფორმაციასთან საბრძოლველად „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ შეიქმნა
28.09.2021
ქართული საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისგან დაცვის მიზნით, რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ ჩამოაყალიბა. კოალიციის ინფორმაციით, მათი ძირითადი სამუშაო მიმართულებები დეზინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და კვლევა იქნება.

კოალიციის წევრი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ მათი გაერთიანებით მთავარი მიზანი დეზინფორმაციასთან კოორდინებული ბრძოლა და საინფორმაციო ველის გაუმჯობესებაა:

“რვავე ორგანიზაციას გვაქვს ჩვენი ნიშა, რა მიმართულებითაც ვმუშაობთ. კოალიციის შექმნით კი ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები, მონიტორინგი თუ ზოგადად, მოსაზრებები გავუზიაროთ ერთმანეთს, შევქმნათ საერთო სურათი და ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.” - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ USAID და Zinc Network-ის მხარდაჭერით შეიქმნა. Zinc Network-ის ინფორმაციული სანდოობის პროგრამის ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ დეზინფორმაცია ახალი გამოწვევა არ არის, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით სერიოზულ პრობლემად იქცა:

„არავის აქვს ილუზია, რომ დეზინფორმაცია აღარ იქნება და ეს გამოწვევა მოიხსნება, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ზიანი შემცირდეს და მედეგობა გაიზარდოს. გამოწვევა მზარდია, დეზინფორმაცია უფრო მძლავრი ხდება და შეიძლება სერიოზული საფრთხეები შექმნას”.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ადგილობრივი და გარე ძალები აქტიურად ცდილობენ საინფორმაციო სივრცეზე გავლენის მოხდენას. ამიტომ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია პრობლემის კარგად გააზრება და სწორი სტრატეგიების დასახვა: “ჩვენი პროგრამის მიზანია არა მხოლოდ “სიმპტომებს” ვებრძოლოთ, არამედ - გავარკვიოთ რა არის ფესები ამ პრობლემის”.

კოალიცის განცხადებით, ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ საზოგადოებასთან, სამოქალაქო სექტორთან, მედიასთან, აქტივისტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთან. ყველასთან, ვინც იაზრებს დეზინფორმაციის დამაზიანებელ საფრთხეებს და მზადაა ქვეყნის გაძლიერებაში წვლილი შეიტანოს.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები არიან: ჟურნალისტის ეთიკის ქარტია, მედიის განვითარების ფონდი, iFact, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნები, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ