კრიტიკული კითხვებზე საპასუხოდ კახა კალაძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა
29.09.2021
თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, კრიტიკულ კითხვებზე საპასუხოდ, “მთავარი არხის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტმა კითხვის დასმისას კალაძეს 5-6 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა შეახსენა და უთხრა - რადიკალები გარეთ თქვენ გამოიყვანეთო. საპასუხოდ, კალაძემ ჟურნალისტს მოუწოდა, “სიტყვები შეარჩიოს” და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა: “თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების. თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, აი, თქვენ ხართ ამის სახე”.



კახა კალაძის შეურაცხმყოფელი კომენტარები კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მხრიდან მედიაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ მოუწოდა “ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და გადავიდეს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში.

დღეს, 29 სექტემბერს “საერთაშორისო გამჭვირვალობ საქართველო” წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასების ანგარიშში წერდა, რომ ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის წევრთა აგრესიულმა და მუქარის შემცველმა რიტორიკამ ყოველდღიური სახე მიიღო და “ხელისუფლების უმოქმედობითა თუ აგრესიული რიტორიკის მაგალითებით წახალისებული მოქალაქეები საჯარო სივრცეში ღიად ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს.”

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ