უნდა დაუთმოს თუ არა მედიამ ტრიბუნა „ანტივაქსერებს“?
30.01.2022
ე.წ. „ანტივაქსერობის“ ფენომენი პირველი ვაქცინის გამოგონებისთანავე გაჩნდა. ანუ, ანტივაქსერებიც იმდენი ხანია არსებობენ, რამდენ ხანსაც ვაქცინა არსებობს. უბრალოდ, თუკი თავიდან, „ანტივაქსერებს“ სჯეროდათ, რომ ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში მათ რქები და კუდი ამოუვიდოდათ, დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, შიშებიც განახლდა - ძროხის თავი ჩიპებმა და 5G-მ ჩაანაცვლა.

თუმცა, ანტივაქსერობის ბუნებას და შიშების საფუძვლებს (თუ უსაფუძვლობას) ცოტა ხნით თავი რომ დავანებოთ, ალბათ, იმასაც უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ პანდემიამ, სხვა პრინციპულად ახალ ეთიკურ და პროფესიულ კითხვასთან ერთად, გარკვეული დილემა ჟურნალისტიკაშიც გააჩინა.

უნდა დავუთმოთ ანტივაქსერებს საინფორმაციო სივრცე? რა დოზით? შეგვიძლია თუ არა ამ ადამიანთა ჯგუფს, და მოდით ისიც ვაღიაროთ, რომ ეს ჯგუფი საკმაოდ დიდია - საერთოდ უარი ვუთხრათ საინფორმაციო სივრცეში გამოჩენაზე?

ნინო თარხნიშვილი - რადიო თავისუფლების ჟურნალისტია, რომელიც პანდემიის თემას მისი დაწყებიდან დღემდე აქტიურად აშუქებს. ის მიიჩნევს, რომ ანტივაქსერების გზავნილების ტრანსლირება მედიაში მიუღებელია:

„საზოგადოებრივ მაუ ჰქონდა 2 პირდაპირი ეთერი, სადაც მთავარ როლში იყვნენ ანტივაქსერული ჯგუფის ცნობილი წარმომადგენლები. რომ ვუყურებდი არც მჯეროდა - რანაირად შეიძლება რედაქციამ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და ეს ადამიანი დასვას პირდაპირ ეთერში?“

„ანტივაქსერული“ ჯგუფები ეთერში სხვა ტელეკომპანიებსაც ხშირად ჰყავთ. მათი განმარტება ძირითადად ისაა, რომ ბალანსი დაცული უნდა იყოს. „ეს ის შემთხვევაა, როცა, მე მგონია, რომ არ არის საჭირო ბალანსის დაცვა. ეს არ არის ის თემა, რომელსაც აქვს მეორე მხარე“ - ამბობს ნინო თარხნიშვილი.

მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ მეორე მხარე საკმაოდ აქტიურად ითხოვს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მედიაში? მაგალითად, ოქტომბერში ანტივაქსერულად განწყობილმა ჯგუფებმა აქციაც გამართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. მათ „თავისი წილი“ საეთერო დრო მოითხოვეს. მოლაპარაკებებს არხის ხელმძღვანელობისთან მათ შორის სასულიერო პირები აწარმოებდნენ.

„საუბრის საგანი ისაა, რომ შედგეს გარკვეული სახის დებატები, ან მოხერხდეს იმ პოზიციის წარმოჩენა, რომელიც ამ ხახლს აქვს ვაქცინაციის და პანდემიის პროცესთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვართ და ვთვლით, რომ როდესაც არსებობს განსხვავებული პოზიცია, მიდგომა, პროცესის მართვაზე (იმიტომ რომ საკითხი მათ შორის შეეხებოდა იმას, თუ რამდენად სწორად იმართება პანდემია) - ამ პერსპექტივიდან ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ მსგავს შეხვედრას“, - ამბობდა მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ.

მეორე მხარის წარმოჩენის არგუმენტით საინფორმაციო სივრცეში ხვდებიან სრულიად არარელევანტური, საკითხში არაგათვიცნობიერებული პირები, ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ცუდ გავლენას ახდენს მძიმე ეპიდემოილოგიურ ვითარებაზე:

„როდესაც საკითხი ეხება ჯანმრთელობას არ შეიძლება გაშუქდეს იმ პირების მოსაზრებები, რომელიც არ ეყრდნობა მეცნიერულ კვლევებს. იმ დროს როცა ჩვენ, თუნდაც დღეს, გვყავს ქვეყანაში 15 ათასზე მეტი ინფიცირებული, ყოველდღიურად იღუპება ათობით ადამიანი - ამის წახალისებას მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს“.

რა ხდება, როცა ანტივაქსერულად განწყობილი ჯგუფები აქციას მართავენ ქალაქში? მაგალითად, კოვიდ-პასპორტების გაუქმების მოთხოვნით. როგორც წესი, ამ მოთხოვნის მიღმა ისევ და ისევ ვაქცინის საწინააღმდეგო გზავნილები იმალება, ამბობს მარიამ გოგოსაშვილი. აქცია, ერთი მხრივ, არის მედიის ინტერესის საგანი, მაგრამ ამ გზავნილების გავრცელებისგან, მისი თქმით, მედიასაშულებებმა თავი უნდა შეიკავონ.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ნინო თარხნიშვილმა ერთ-ერთი აქციის დროს ასეთ ტაქტიკას მიმართა:

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წასულიყო ოპერატორი, აეკრიფა მხოლოდ კადრები ამ აქციიდან, არანაირი კომენტარი და ინტერვიუ არ ჩაეწერა არავისთან. ეს კადრები რომ მოიტანა მე დავადე ტექსტი, სტატისტიკა - რამდენი არავაქცინირებული ადამინიანი იღუპება კოვიდით, რამდენად დაბალია ვაქცინირებულებში გარდაცვალების მაჩვენებლი, ინფიცირების მაჩვენებლი, ჰოსპიტილაზიის მაჩვენებლი. მათი კადრები გადავფარეთ ამ ტიპის ტექსტით, რომ თან ისიც გვეჩნებინა მაყურებლისთვის, რომ ეს ხალხი, ანტივაქსერები არსებობენ და აქციებს აწყობენ, მაგრამ შევეცედათ რომ მაქსიმალურად დაგვეფარა მათი მესიჯები იმ დადებითით, რაც ვაქცინაციას მოყვება“.

მარიამ გოგოსაშვილი მიიჩნევს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით მომზადებული მასალები მაქსიმალურად ინფორმაციული ხასიათის უნდა იყოს. გადამოწმებული, სანდო ინფორმაციის ნაკლებობა ხელს უწყობს ანტივაქსერული განწყობების გავრცელებას. „ბევრი ადამიანი, რომელიც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება სწორადაც არის ინფორმაციის ნაკლებობის მსხვერპლი“, ამობს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

ავტორი : ანასტასია სლოვინსკაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ