დეტალები მოკლედ: რა ვიცით საზმაუს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე
18.02.2022
პირველ არხზე გადაცემა “ახალი კვირის” შეჩერების შემდეგ, ყოფილი წამყვანი იმედა დარსალია ცენზურაზე და მაუწყებელში ე.წ. „შავი სიების“ არსებობაზე ალაპარკდა.

პირველი არხი ბრალდებებს მის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს.


რა მოხდა

  • 17 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, პირველი არხის მენეჯმენტმა გადაცემა “ახალი კვირა” ეთერიდან მოხსნა.
  • მედია ამას დეკემბრის ბოლოს გადაცემაში გასულ „ალტ-ინფოს“ მიმართ კრიტიკულ სიუჟეტს უკავშირებს.
  • პირველი არხის მენეჯმენტი ამას უარყოფს და მიზეზად გადაცემის რეორგანიზაციას ასახელებს.
  • გადაცემის გუნდისთვის კონკრეტული მიზეზები უცნობია და პასუხების მისაღებად, რეორგანიზაციის დასასრულს ელოდებიან.

ამავე თემაზე: რატომ აღარ გადის საზმაუს ეთერში „ახალი კვირა“?

17 დეკემბერს, საღამოს, იმედა დარსალიამ “ტვ პირველის” ეთერში მენეჯმენტის მხრიდან ცენზურაზე და მაუწყებელში არსებულ ე.წ. „შავი სიების“ არსებობაზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ:
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში გადაცემას ცენზურასთან და სარედაქციო პოლიტიკასთან სერიოზული პრობლემა ჰქონდა.
  • ცდილობდა, არხის მენეჯმენტის ყველა რგოლთან ეთანამშრომლა, თუმცა საბოლოო ეთერიდან მოხსნეს და გადაცემას ფორმატი შეუცვალეს.
  • იყო თემების დაბლოკვის მცდელობები.
  • იყო შავი სიები. ისინი მიუთითებდა, ვინ უნდა ჩაეწერა ჟურნალისტს და ვისი ჩაწერა არ შეიძლებოდა.

იმედა დარსალია „შავ სიებზე“ უფრო დეტალურად არ საუბრობს.

რას პასუხობს მენეჯმენტი ბრალდებებს

იმედა დარსალიას მიერ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ: .

  • პირველი არხის წინააღმდეგ მიზანმიმართული, რეპუტაციის შემლახავი კამპანია მიმდინარეობს.
  • „ახალი კვირა” არ დახურულა და გუნდის უკლებლივ ყველა წევრი არის მაუწყებლის ანაზღაურებადი თანამშრომელი
  • არხი მაყურებელს შესთავაზებს გადაცემის განახლებულ ფორმატს, რომელზეც „ახალი კვირის“ გუნდი მუშაობს.
  • “ჩვენ ვისმენთ და ვითმენთ საყვედურებს, მაგრამ არა შეურაცხყოფას”. .

სრული განცხადება ნახეთ ამ ბმულზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება ბრალდებებთან დაკავშირებით.

რას უნდა ველოდოთ

იმედა დარსალიამ არ დაასახელა კონკრეტული ადამიანები, რომლებიც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ცდილობდნენ, ხოლო „შავი სიის“ დეტალებზე „სასამართლოში ისაუბრებს“. 


კონტექსტი

“ახალი კვირა” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ყოველ კვირა დღეს 21:00 საათზე გადიოდა. ბოლო გადაცემა პირველი არხის ეთერში 26 დეკემბერს გავიდა.

გადაცემის წამყვანმა, იმედა დარსალიამ სეზონის დასრულების შემდეგ, 28 დეკემბერს, თათბირზე გაიგო, რომ ეთერიდან მოხსნეს და გადაცემის წამყვანი აღარ იქნება.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ