“ახალი კვირის” გუნდის წევრების ურთიერთსაპირისპირო განცხადებები ცენზურასთან დაკავშირებით
19.02.2022
„ახალი კვირის” ჟურნალისტების ნაწილი ნაწილი უარყოფს ამავე გადაცემის სხვა ჟურნალისტების განცხადებებს პირველ არხზე ცენზურის მცდელობებსა და „შავი სიების“ არსებობაზე.



გადაცემა „ახალი კვირის“ პროდუსერებისა და ჟურნალისტების ნაწილი უარყოფს ყოფილი წამყვანის, იმედა დარსალიასა და ამავე გადაცემის სხვა ჟურნალისტების განცხადებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ცენზურისა და არხზე „შავი სიების“ არსებობის თაობაზე.

ნახეთ ვრცლად ამ თემაზე


ამბის ახალი დეტალები

19 თებერვალს, ნულ საათსა და 42 წუთზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გვერდზე გადაცემა “ახალი კვირის” სახელით გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც გადაცემის ორი პროდიუსერი და 6 ჟურნალისტი აწერს ხელს.

თამარ გოგესაშვილი, თამარ ოდიშარია, ნინუცა კახნიაური, ბელა ზაქაიძე, ანა ნოდია, ნატა ტაბიძე, ოთარ გიორგაძე, ანუკი მასხარაშვილი გადაცემაში ცენზურის არსებობას უარყოფენ და წერენ:

  • „ახალი კვირის“ გუნდისთვის ღირსების საკითხია, ობიექტურად და მიუკერძოებლად გავაშუქოთ ნებისმიერი თემა, რაზეც ჩვენი რეპორტაჟები ნათლად მეტყველებს.
  • გადაცემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ „ახალი კვირის“ გუნდი 2018 წლიდან პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით მუშაობს – დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში.
  • შესაბამისად, გავრცელებულ მოსაზრებას გადაცემაში ცენზურის არსებობის შესახებ, უარვყოფთ.

ამას წინ უძღოდა, “ახალი კვირის” ჟურნალისტების, თამთა ჯანაძისა და სოფო ზედელაშვილის ერთობლივი ფეისბუკ პოსტი, სადაც ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ცენზურის მცდელობას ადასტურებდნენ.

  • „ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები.
  • ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია.
  • ამის მიუხედავად, გადაცემაში გავიდა არაერთი კრიტიკული რეპორტაჟი, რომელთა ეთერში მოხვედრა იმედა დარსალიასა და გუნდის დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“


კონტექსტი

  • 17 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, პირველი არხის მენეჯმენტმა გადაცემა “ახალი კვირა” ეთერიდან მოხსნა.
  • მედია ამას დეკემბრის ბოლოს გადაცემაში გასულ „ალტ-ინფოს“ მიმართ კრიტიკულ სიუჟეტს უკავშირებს.
  • გადაცემის გუნდისთვის კონკრეტული მიზეზები უცნობია და პასუხების მისაღებად, რეორგანიზაციის დასასრულს ელოდებიან.
  • პირველი არხი ბრალდებებს მის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ