როგორ გაუარესდა საჯარო ინფორმაციის მიღება მედიისთვის
20.02.2022
ჟურნალისტებს უფრო და უფრო მეტად უძნელდებათ საჯარო უწყებიდან ინფორმაციის მიღება. ეს პრობლემა ძირითადად კრიტიკულ და ოპოზიციურ მედიას ექმნება.



ორგანიზაცია საინფორმაციო ქსელების ცენტრმა 2021 წლის მეორე ნახევარში ცენტრალური ხელისუფლებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე 220 მოთხოვნა გაგზავნა.

აქედან:

  • 12 პასუხი არასრულყოფილი იყო;
  • 38 დაგვიანებით გაუგზავნეს;
  • დანარჩენ შემთხვევებში პასუხი საერთოდ არ მიუღიათ.

„ეს არის ნერვების ომი, მივიღოთ ის, რაც გეკუთვნის. ამას როდემდე გავუძლებთ, არ ვიცი“ - ამბობს საინფორმაციო ცენტრების ქსელის ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი.

რა არის საჯარო ინფორმაცია?

  • საჯარო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული, ასევე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი და საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.
  • ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტო, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები.
კანონით, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, მიუხედავად მისი ფორმისა.

მეტი დეტალი ნახეთ აქ: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

რა პრობლემაა?

ბოლო პერიოდში ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით გართულდა საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღება.

  • ხშირად, ისინი ამ ინფორმაციას არათუ დაუყოვნებლივ, არამედ, კანონით გათვალისწინებულ 10 დღის ვადაშიც ვერ იღებენ.
  • არის შემთხვევებიც, როდესაც უწყება ინფორმაციას არასრულად გზავნის პერსონალური მონაცემების მომიზეზებით ზოგ კითხვას პასუხს არ სცემს, ან მედიას უბრალოდ არ პასუხობს.
  • უწყებები უგულებელყოფენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 40-ე მუხლის პირველი ნაწილს, რომლის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ.
  • საჯარო უწყებები მედიას თითქმის არასდროს აფრთხილებენ ინფორმაციის გაცემის 10 დღიანი ვადის შესახებაც, კანონის მოთხოვნის მიუხედავად.

ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილი საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ორ ნაწილად ყოფს:

  • კომენტარის ან კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება პრესსამსახურის გავლით ან უშუალოდ რესპონდენტთან კომუნიკაციის გზით;
  • საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა.
გაუარესება ორივე ნაწილშიაო, ამბობს „პუბლიკის“ რედაქტორი.

„გვართმევენ შესაძლებლობას, აქტუალური თემები გავამყაროთ მონაცემებითა და მტკიცებულებებით. არ გვაძლევენ კომენტარს, ხოლო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ხშირად ავტომატურად გულისხმობს ერთთვიანი მოცდის პერიოდს.“ - გვეუბნება ლიკა ზაკაშვილი.

ტელეკომპანია „პირველი“ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სატყეო სააგენტოსა და სახელმწიფო ქონებით სარგებლობის სააგენტოსგან უშედეგოდ ითხოს ინფორმაციის კერძო პირებისთვის ტყის გადაცემის შემთხვევის შესახებ.

„ეს არის ერთგვარი ტრენდი — როცა საქმე ეხება სახელმწიფო ქონების სხვადასხვა პირობით გადაცემას, საჯარო ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელი ხდება, რაც ძალიან ცუდია, რადგან შემდეგ ძალიან გვიჭირს ინფორმაციის გადამოწმება” - ამბობს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. მისი თქმით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა.

მეორე მხრივ, მსგავსი პრობლემა არ ექმნება ტელეკომპანია „იმედს“. როგორც ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიხლაძე ამბობს, კარგი კომუნიკაცია აქვთ როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურებთან, გარდა ნაციონალური მოძრაობის, ლელოს და ევროპული საქართველოსი. ეს პარტიები პირდაპირ ეთერს ითხოვენ და კომენტარზე უარს ამბობენო.

“ულტიმატუმია მათი მხრიდან, პირდაპირი ეთერი უნდათ, როცა სიუჟეტზეა საუბარი მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე, იმედის კვირა ან ქრონიკა 20:00 საათზე ვერ დასვამს სტუმარს”.

ხელისუფლების ბრალდებები მედიას, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემდეგ

„ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ ფაქტის გადამოწმება გვინდა და ვუხსნით, რომ სიუჟეტისთვის [საჯარო უწყებების] პოზიცია თუ ინფორმაცია აუცილებელია,“ - ამბობს გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტი, გიორგი ჩადუნელი - „ხოლო როცა ორი თუ სამი დღის განმავლობაში თხოვნისა და მიწერ-მოწერის შემდეგ ინფორმაციის გაცემაზე მაინც უარს გვეუბნებიან და სიუჟეტი მათი პოზიციის გარეშე გადის, დეზინფორმაციის გავრცელებაში გვადანაშაულებენ“.

ხშირად, ასეთ დროს სახელისუფლებლო ორგანოები ავრცელებენ ოფიციალურ განცხადებებსაც, სადაც უარყოფენ სიუჟეტში გასულ ინფორმაციას და ოპოზიციურ მედიას აკრიტიკებენ.

„ყოფილა შემთხვევები, როცა ამ განცხადებებში იყო მოცემული ის ინფორმაციაც, რომელსაც ჟურნალისტი უწყებისგან ითხოვდა.“ - გვეუბნება „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, მიშა სესიაშვილი.

ყველაზე „ჩაკეტილი“ საჯარო უწყებები, რომლებზეც ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ:

  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • მთავრობის ადმინისტრაცია;
  • პროკურატურა;

რესპონდენტების მიერ დასახელებული უწყებები, რომლებიც საჯარო ინფორმაციის გაცემას არ ერიდებიან:

  • საქსტატი;
  • ჯანდაცვის სამინისტრო და მისი ქვე-უწყებები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC);

რა პრობლემებს უქმნის მედიას უარი საჯარო ინფორმაციაზე?


საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს, გელა მთივლიშვილი „ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას“ უწოდებს.

სხვადასხვა ოფიციალური უწყებიდან ამ ტიპის ინფორმაციის გამოთხოვა ჟურნალისტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი, ხშირად კი, აუცილებელია.

ხშირად, ჟურნალისტურ მასალაზე მუშაობისას რესპონდენტის კომენტარი არ არის საკმარისი, რომ დასმულ კითხვებს პასუხი ამომწურავად გაეცეს. ამისთვის, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გელა მთივლიშვილის აზრით, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უკიდურესი გაუარესებით ხელისუფლება მედიას აყენებს დარტყმის ქვეშ და ცდილობს, დაასუსტოს ის.

გასაჩივრების მექანიზმი


საჯარო უწყებების მხრიდან კანონდარღვევის შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმები არსებობს, თუმცა ეს დროსა და რესურსს მოითხოვს, რაც მედიას ხშირად არ აქვს.

ჩვენს საჩივრებს უმეტესად არ განიხილავენო, ამბობს გელა მთივლიშვილი. ხშირად, ისინი მოთხოვნილ ინფორმაციას მხოლოდ გასაჩივრების შემდეგ იღებენ და მერე უწყება საჩივარს აღარ განიხილავს, „მიუხედავად იმისა, რომ ამ საჩივარში ვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ ადამიანისთვის, ვისაც საჯარო ინფორმაციის გაცემა ევალება“.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მედია გამონახავს რესურსს, სრულად გაჰყვეს გასაჩივრების პროცესს, ის იმდენად იწელება, რომ საქმის მოგების შემთხვევაშიც, ხშირად, უწყებისგან ბოლოს და ბოლოს მიღებულ მონაცემებს საინფორმაციო ღირებულება აღარ გააჩნია.

საბოლოოდ კი წაგებული ისევ საზოგადოება რჩება, რომელიც ასეთ დროს მედიისგან ვერ იღებს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას.

ავტორი : ხატია ღოღობერიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ