რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ წამყვანი საქართველოში არ შემოუშვეს
06.03.2022
რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაცია თავდაპირველად 5 მარტს გვიან ღამით „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა.


რა მოხდა

ტელეწამყვანმა მიხაილ ფიშმანმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას თქვა, რომ საქართველოში 5 მარტს ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მისი 4 წლის შვილი შემოუშვეს, მას კი უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე

  • „თავიდან ერთი საათი საზღვარზე გამაჩერეს, მერე პასპორტი მომცეს და მითხრეს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარს მეუბნებოდნენ. ისიც მითხრეს, რომ შემიძლია, გადაწყვეტილება ათი დღის ვადაში გავასაჩივრო“- ამბობს ფიშმანი.

მისი თქმით, იკითხა, თუ რის გამო არ უშვებდნენ ქვეყანაში, თუმცა, არაფერი აუხსნეს და მიზეზი მისთვის გაურკვეველი დარჩა:

  • „მითხრეს, რომ როცა ბაქოში დავბრუნდებოდი, საბუთებს მაჩვენებდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, რა საბუთებზე მელაპარაკებოდნენ. პასპორტიც კი მას შემდეგ მომცეს, რაც გამოვფრინდი… კონტაქტებთან გავიგე, რომ ყველაფერი ტელეარხ „დოჟდთან“ კავშირის გამო მოხდა“



კონტექსტი

  • რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ოცამდე მედიასაშუალება დაიბლოკა ან დაიხურა. მათ შორის არის ტელეკომპანია „დოჟდიც“.
  • თავდაპირველად რუსეთში „დოჟდის” ვებგვერდი დაბლოკეს. 4 მარტს კი, არხმა სახელმწიფოსგან ზეწოლის გამო მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ქვეყანა დატოვეს „დოჟდის“ რედაქციის თანამშრომლებმა.
  • „დოჟდის“ ბოლო ეთერი 3 მარტს გავიდა და სიმბოლურად პეტრე ჩაიკოსვკის ბალეტის „გედების ტბის“ ნაწყვეტით დასრულდა. ამბების გაშუქების ნაცვლად, სწორედ ამ ოპერას გადასცემდა უწყვეტად საბჭოთა ტელევიზია 1991 წლის აგვისტოს პუჩტის დროს სსრკ-ის პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის ჩამოგდების მცდელობისას.

ვრცლად ამ თემაზე: საინფორმაციო ომი რუსეთში - დაბლოკილი მედია და პროპაგანდა

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ