შერჩეულია საზმაუს ბორდის წევრობის 10 კანდიდატი
07.04.2022
პარლამენტის დამტკიცებულმა საკონკურსო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 12 მსურველიდან მეურვეობის 10 კანდიდატი შეარჩია. ახლა მათგან 3 პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

7 აპრილს, საკონკურსო კომისიამ შეარჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის 10 კანდიდატი, რომელთა სიაც განსახილველად პარლამენტს წარედგინება. მათ შორის მაუწყებლის დირექტორი 2017-2020 წლებში - ვასილ მაღლაფერიძე. 

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სურვილი თავდაპირველად 12 პირმა გამოთქვა, მოგვიანებით კანდიდატურა მოხსნა ყოფილმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ ბორდის “მის ერთ-ერთ სამსახურთან ინტერესთა კონფლიქტის” გამო.
  • დარჩენილი კანდიდატებიდან კომისიამ არ შეარჩია მხოლოდ ერთი, გიორგი ჭანტურია, რომელიც 2009-2012 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო. 

შერჩეული კანდიდატების სია

  1. ალექსი ნონიაძე - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ აპარატის თანამშრომელი, საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.
  2. ბელა კოპალიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე.
  3. გიორგი იასაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების იურისტი.
  4. დონარა შონავა - სხვადასხვა წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის კონსულტანტი,საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების სამსახურის უფროსი, მაუწყებლის მე-2 არხის გენერალური პროდიუსერი.
  5. ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტის “ჩვენი საქართველოს” წამყვან-პროდიუსერი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი 2017-2020 წლებში.
  6. ზაზა ხუციშვილი - მომღერალი, ყოფილი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”.
  7. ლაშა ტუღუში - თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე.
  8. ლია შავგულიძე - ჟურნალისტი, კვლევითი ჟურბალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი. 2014-დან 2018 წლამდე იყო ვებპორტალის eugeorgia.info-ს მთავარი რედაქტორი.
  9. მარინა გიორგაძე - პარლამენტის პრესცენტრის სპეციალისტი.
  10. არინა თავაქარაშვილი - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, 2018 წელს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონალური საბჭოს წევრი.

სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრა, დებულების მიღებას, ბიუჯეტის მიღებას და სხვა ფუნქციებს მოიცავს.

9-წევრიანი სამეურვეო საბჭოს ამჟამინდელ სამ წევრს - ირინა ფუტკარაძეს, გიორგი ნიჟარაძეს და ირაკლი პაპავას, რომლებიც 2016 წლიდან არიან სამეურვეო საბჭოში, ვადა 18 აპრილიდან ეწურებათ. სწორედ მათ ჩაანაცვლებენ ბორდის ახალი წევრები.

საბჭოს წევრები ასევე არიან: მიხეილ ჩიკვილაძე, გრიგოლ მურღულია, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ბესიკ ლილუაშვილი.

  • 30 მარტს საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობას.
  • შერჩეული 9 წევრიდან სამი - ბაკურ ბაკურაძე, ეკა მელქაძე და ნინო მეუნარგია - ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგში მუშაობს.

როგორ ირჩევს კომისია კანდიდატებს

საკონკურსო კომისიამ 3 მეურვე კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად უნდა შეარჩიოს:

პირველ ეტაპზე

კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით.

მეორე ეტაპზე

კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ წარდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვის და მათთან გასაუბრების შედეგად.

კანდიდატთა შერჩევის შემდეგ

საკონკურსო კომისია უმრავლესობას, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.

სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება.
  • მეურვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 6 წელია.
  • სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი როტაციის წესით 2 წელიწადში ერთხელ იცვლება.
  • არ შეიძლება, ერთი და იგივე ადამიანი კი მეურვედ ერთ ვადაზე მეტი ხნით აირჩეს.
მეურვეობის კანდიდატებიდან:

  • ორ მეურვეს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგენით.
  • სამს – საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით.
  • სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით.
  • ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ