ნათია კაპანაძე „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას მის წინააღმდეგ
06.05.2022
ბათუმის სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია საჩივარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ. კაპანაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

რა ხდება?

6 მაისს, სამწლიანი განხილვის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე, ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის სარჩელი, სადაც ის ითხოვდა:

  • მაუწყებლის ბორდის მხრიდან მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
  • თანამდებობაზე აღდგენას.
  • იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
  • დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

კონტექსტი

ნათია კაპანაძე, აჭარის ტელევიზიისა დირექტორობიდან მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან 2019 წლის 19 აპრილს გადააყენა.

იმპიჩმენტის ინიციატორები გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე სხვადასხვა საკითხთან ერთად ნათია კაპანაძეს ედავებოდნენ:

  • „მისი დირექტორობის დროს მაუწყებლის რეიტინგის შემცირებას.“ 
  • „რომ ის არ თანამშრომლობდა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და მათთან ურთიერთობას ტელევიზიის თანამშრომლებსაც უკრძალავდა.“
  • „რომ ტელევიზიაში არ სრულდებოდა პრიორიტეტები და გარკვეული საკითხები კანონის გვერდის ავლით წყდებოდა.“

2019 წლის 30 აპრილს ნათია კაპანაძემ, მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

სასამართლოს არგუმენტები

2019 წელს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა კაპანაძის იმპიჩმენტის საფუძვლად 17 საკითხი მოიყვანა.
სასამართლომ მათგან სამი გაიზიარა:

  1. თანამშრომლების შრომითი ანაზღაურების მოუწესრიგებლობის საკითხი.
  2. ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა - რაშიც იგულისხმება აჭარის რადიოს ინტერნეტიზაციის გამოყოფილი თანხების სხვა გამოწვევებისთვის დახარჯვა.
  3. პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა, რასაც ებმის რეიტინგის საკითხი.

„ყველა დანარჩენ ცილისწამებაზე, მაგალითად, ფინანსების მართვაზე, ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო დავისთვის, მოსამართლემ თქვა, რომ არ იზიარებს მრჩეველთა საბჭოს შეფასებებს“ - ამბობს კაპანაძე.

ნათია კაპანაძის არგუმენტები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს მოსამართლის არგუმენტებს კი აბსურდულს უწოდებს, რადგან:

  • „შეუძლებელია, ერთ დღეში შესრულდეს პროგრამული პრიორიტეტები, განსაკუთრებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის შემთხვევაში, რადგან ადამიანური და ტექნიკური რესურსები უნდა გადაეწყოს მრჩეველთა საბჭოს მიერ დადგენილ შინაარსზე“
  • სამაუწყებლო ბადის გადაწყობა გრძელვადიანი პროცესია და ამის შესახებ მრჩეველთა საბჭოც ინფორმირებული იყო.
  • „სასამართლო პროცესზე არაერთხელ განვმარტეთ, რომ რეიტინგის ცვლილება, რომელიც იდგა მხოლოდ ფილმებზე და მექანიკურ პროდუქციაზე, იყო მოსალოდნელი. რადგან, ბადე შეიცვალა ყოველდღიური გადაცემებით“.
  • პროცესზე, მოსამართლემ არ გაიზიარა რეიტინგის მთვლელი კომპანიის სპეციალისტის არგუმენტიც იმის შესახებ, რომ ცვლილება სამაუწყებლო ბადეში შესაძლოა ხდებოდეს რეიტინგის ცვლილების მიზეზი.

6 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კაპანაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას „ხელისუფლების ინტერესებით ნაკარნახებს“ უწოდებს.

ნათია კაპანაძე აპირებს, საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს და გამოიყენოს „ყველა შიდა და საერთაშორისო ბერკეტი, მაუწყებლის და სარედაქციო დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ“.

„არა იმიტომ, რომ მჯერა, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების შეცვლის, არამედ იმიტომ, რომ, როგორც მოქალაქემ საჯარო პასუხისმგებლობის მატარებელმა, საზოგადოების წინაშე ჩემი ვალდებულებები სრულად შევასრულო.“ - ამბობს ნათია კაპანაძე.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ