შსს “ტვ პირველს” სთხოვს აცნობოს სად ინახავს მასალებს
14.06.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია “ტვ პირველს” გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასული მასალის შესახებ ინფორმაციას სთხოვს.

ტელეკომპანიის დირექტორის ვახტანგ წერეთლისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გაგზავნილი წერილი 13 ივნისით თარიღდება.


რა ხდება?
“ტვ. პირველის” გავრცელებული წერილის თანახმად, შსს ითხოვს ინფორმაციას “ნოდარ მელაძის შაბათში” 11 ივნისს გასულ სიუჟეტში გამოყენებული მასალების შესახებ.

ჟურნალისტური გამოძიება 5 ივლისს ეხებოდა და ძალადობრივი მოვლენების დაგეგმვაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდო მონაწილეობაზე მიუთითებდა. სიუჟეტში ნაჩვენები იყო, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლების შიდა მიმოწერა.

რას ითხოვს შსს?

“ტვ. პირველის” გასაჯაროვებული წერილილში წერია, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება 2021 წლის 5-6 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, დევნის, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ან ძალადობრივი მოქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე.

შსს-სთვის ცნობილია, რომ ნოდარ მელაძის გადაცემაში გასული მასალა სიუჟეტის თანახმად, 5 ივლისის მოვლენებს უკავშირდება, ამიტომ “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” უწყება არხს სთხოვს:

  • “ტვ.პირველმა” აცნობოს ფლობს თუ არა მატერიალური ან ელექტრონული სახით 11 ივნისს “ნოდარ მელაძის შაბათში” გავრცელებულ მასალას
  • მიუთითოს ამ მასალის შენახვის ადგილი
  • აცნობოს ფლობს თუ არა ტელეკომპანია მატერიალური ან ელექტრონული სახით რაიმე სხვა სახის მასალას, (მათ შორის ინტერვიუს ჩანაწერს) რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებს

“დაანონსებული ჩხრეკა” - ასე აფასებენ “ტვ.პირველში” სამართალდამცავი უწყებიდან მიღებულ წერილს.

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, ვახტანგ გომელაურის უწყებას სიუჟეტის გასვლის შემდეგ სასწრაფოდ უნდა დაეწყო გამოკითხვების სერია, ამოეღო სიუჟეტში ნახსენები პირების ტელეფონები და ექსპერტიზაზე გადაეგზავნა, რათა მტკიცებულებები არ განადგურებულიყო.

  • “ეს ყველაფერი აჩენს განცდას, მათი სურვილი არ არის, რეალურად დაიწყოს გამოძიება, იმ მაღალჩინოსნების თანამონაწილეობაზე იმ სისხლისღვრაში, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე.”
  • “ეს ადამიანები ჭიმავენ დროს, ცდილობენ დაადგინონ, კიდევ რა ჟურნალისტური გამოძიება შეიძლება გავაკეთოთ, იმისთვის რომ ამ ადამიანებმა მტკიცებულებები გაანადგურონ და შემდეგ თქვან, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ"

კონტექსტი

5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას შვიდ თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ