მეხუთე დღეა რუს ბლოგერს საქართველოში არ უშვებენ
16.06.2022
საქართველოში მეხუთე დღეა არ უშვებენ რუს ბლოგერ ინსა ლანდერს, რომლის წინააღმდეგაც რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. შსს ამბობს, რომ არშემოშვების მიზეზი მისი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვაა.


რა ხდება?

საქართველოში მცხოვრები რუსი უფლებადამცველი და ჟურნალისტი ეგორ კუროპტევი ამბობს, რომ რუსი ბლოგერი ინსა ლანდერი მეხუთე დღეა ლარსის გამშვებ პუნქტზეა გაჩერებული.

  • 16 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს, ინსა ლალნდერს უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე, რადგან „იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ“.
  • 13 ივნისს კი იგი კიდევ ერთხელ გამოცხადდა დარიალის გამშვებ პუნქტზე და საერთაშორისო დაცვა მოითხოვა. მან განმარტა, რომ ბრალდებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში და შიდა პატიმრობა ჰქონდა მისჯილი
  • შსს აცხადებს, რომ, აქედან გამომდინარე, კანონის მიხედვით, უფლება აქვთ არ შემოუშვან მოქალაქე სახელმწიფოს ინტერესებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით.

ვინ არის ინსა ლანდერი?

  • ინსა ლანდერის სრული სახელი ონგუზ ინსა სოლთან-ხამიდოვაა.
  • იგი ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავებმა 2021 წლის 9 დეკემბერს დააკავეს და ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით შინაპატიმრობა მიუსაჯეს.
  • მისმა ადვოკატმა დიმიტრი ზახვატოვმა, გამოცემა Caucasian Knot-თან თქვა, რომ ლანდერის საქმე ეფუძნებოდა სოციალურ ქსელ "VKontakte"-ში 2014 წლის მის მიმოწერას კაცთან, რომელიც ნასამართლევი და დაჯარიმებული იყო თავისი ნაცნობის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ შეუტყობინებლობის გამო.
  • ლანდერის მეგობრის თქმით კი, მიმოწერაში ისინი საუბრობდნენ რელიგიაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
  • გამოცემის ინფორმაციით, დაკავებამდე, ინსა ლანდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა გამოძიებაზე, ერთ-ერთი საჯარო მოხელის მიერ საქველმოქმედო ფონდიდან ფულის ფლანგვაზე. 
  • უფლებადამცველ ეგორ კუპატოვის თქმით, ბლოგერის დაკავებას პოლიტიკური საფუძვლები აქვს და მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში კი მას საზღვარზევე დაიჭერენ.
  • ლანდერს შინაპატიმრობა 2022 წლის თებერვლამდე ჰქონდა მისჯილი, თუმცა, გაუგრძელეს.

რუსი უფლებადამცველის თქმით, საქმის კურსშია საქართველოს სახალხო დამცველი, თუმცა, მის წარმომადგენელს პოლიციამ ინსა ლანდერის მონახულების საშუალება არ მისცა:

"არ აქვს არც წყალი და არც საჭმელი, სკამზე სძინავს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვა. ეს ადამიანი რუსი ბლოგერია ნალჩიკიდან და შინა პატიმრობიდან გაიქცა. საბედნიეროდ, მოახერხა და კვირას რუსეთის საზღვარი გადმოლახა”, - ამბობს ეგორ კუროპტევი „ფორმულასთან“ საუბრისას.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ