აშშ-ის ელჩი: მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს
15.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე, ჟურნალისტების ფარულ მიყურადებასა და ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებაზე მის მიმართ.

აშშ-ის ელჩი ჟურნალისტების მოსმენებზე

კელი დეგნანი “უცნობის” მიერ 13 ივლისს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, რომელშიც “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბარი ისმის, ამბობს, რომ ეს ფაქტი “ყველასთვის შეშფოთების საგანია.”

ელჩის განცხადებით:

  • "ეს ფაქტი ჩვენი [აშშ-ის] შეშფოთების კიდევ ერთი შეხსენებაა მოსმენებთან დაკავშირებით არა მხოლოდ ჟურნალისტებთან მიმართებით, არამედ ზოგადად.”
  • ამერიკული მხარე სწორედ ამიტომ ურჩევდა საკანონმდებლო ორგანოს, შეეყოვნებინა მოსმენებთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობის მიღება, რადგან ის არ შეესაბამებოდა იმ საუკეთესო პრაქტიკას, რაც ევროპასა და ზოგადად მსოფლიოშია მიღებული.
  • ასევე მოუწოდებდა ხელისუფლებას, გამოეძიებინა ფაქტები, როდესაც პრესაში გავრცელდა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა პირების ფარული ჩანაწერები.
  • “ჩვენ გვინდა, საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უკანონოდ უსმენენ.”

ელჩი გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებაზე

კელი დეგნანმა უარყო სასამართლოს საქმიანობაში თითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევის შესახებ გავრცელებული განცხადებები.

ელჩი ამბობს, რომ:

  • „ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში არ შეესაბამება სიმართლეს.”
  • აშშ წლებია ეხმარება საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში.

მანამდე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ თქვა, რომ აშშ-ის საელჩოს წარომადგენელმა “ანგარიში მოსთხოვა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით” და პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოუწოდა რომ „თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან”.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვიძემ 15 ივლისს დაადასტურა, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს.

მედიის თავისუფლება პრიორიტეტია

საქართველოში აშშ-ის ელჩმა მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე.

დეგნანი ამბობს, რომ აშშ-ის პოლიტიკისთვის მედიის თავისუფლების საკითხი “ძალიან მნიშვნელოვანია” და ეს ნებისმიერი დემოკრატიისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს.

ელჩმა მიმდინარე კვირაში ჟურნალისტური ქარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრაც გაიხსენა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ - “ ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა დაშინებისა და შიშის გარეშე და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება თავისი საქმიანობით. ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია."

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ