აშშ-ის ელჩი: ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ მუშაობა ცემის ან დაშინების შიშის გარეშე
09.08.2022
“ყველა მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს თავიანთი სამუშაოს შესრულება უსაფრთხოდ და ჩარევის გარეშე შეეძლოთ” - თქვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

გადაცემა “პოლიტიკის ფორმულას” აშშ-ის ელჩი 8 აგვისტოს სტუმრობდა.

მედიის თავისუფლების მნიშვნელობა

კელი დეგნანი შეკითხვაზე: როგორ აფასებს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას კრიტიკული მედიისადმი პასუხობს, რომ მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია როგორც აშშ-ის საელჩოსთვის, ისე მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოსთვის, რადგან:

  • “სწორედ ასე იღებს საზოგადოება ზუსტ ინფორმაციას, ასე უზრუნველყოფს საზოგადოება მთავრობის ანგარიშვალდებულებას.”
  • “მედია არის მოქალაქეების თვალი და ყური და მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს შესრულება უსაფრთხოდ, შევიწროების, ცემის ან დაშინების შიშის გარეშე.”
  • “ამიტომ, ყველა მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს შესრულება უსაფრთხოდ და ჩარევის გარეშე.”

აშშ-ის ელჩის განმარტებით, ჟურნალისტები იმისთვის მუშაობენ, რომ საზოგადოება იყოს კარგად ინფორმირებული და მათ არჩეული ლიდერების ანგარიშვალდებულება უზრუნველყონ.

  • “ჩვენ მას [მედიას] ვუწოდებთ მეოთხე ძალას - აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლოსთან ერთად, რადგან ის ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური ნაწილია. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ჟურნალისტები მიიღებენ დაცვას და იგრძნობენ, რომ მათ შეუძლიათ უსაფრთხოდ გასვლა და თავიანთი საქმის კეთება საქართველოს ხალხის სახელით.”, - ამბობს დეგნანი.

დეზინფორმაცია “ომში ჩართვაზე”

გავრცელებულ განცხადებებს, თითქოს “ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს” ელჩი კიდევ ერთხელ პასუხობს, რომ შეერთებულ შტატებს “არავითარი ინტერესი არ აქვს საქართველო ჩაითრიოს რაიმე ომში და ეს არასდროს უცდია”.

ამერიკელი დიპლომატი პრობლემას დეზინფორმაციულ კამპანიებში ხედავს, რომელიც მისივე თქმით, უგულებელყოფს ან ამახინჯებს სიმართლეს.

  • “ვხედავთ ბევრ ასეთ კამპანიას საქართველოში, განსაკუთრებით რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაზე. ეს გამიზნულია ქართველი ხალხის დაბნეულობისა და განხეთქილების შეტანისთვის. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ხალხი შეაშინოს და ეს არის შედეგი, რასაც ჩვენ ვხედავთ.”
  • “ეს არის უბრალოდ პროპაგანდა - იქნება ეს რუსეთიდან თუ სხვისგან, რომ დაადანაშაულონ ამერიკა საქართველოს ინტერესების, მისი სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებაში.”

დეზინფორმაციასთან ბრძოლის აუცილებლობა

კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ დეზინფორმაცია ხალხის დასაბნევად არის შექმნილი და ხალხის დაშინებას ემსახურება, ის ამას საქართველოში ხედავს - “ხალხი შეშინებულია”.

  • ელჩი ამბობს, რომ ასეთ მომენტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დეზინფორმაციასთან დაპირისპირება, მისი ცრუ ინფორმაციად გამოცხადება და საზოგადოების დახმარება.
  • “ეს ის დროა, როცა ყველა უნდა გაერთიანდეს სიმართლის გასარკვევად, იმ დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც განხეთქილების გამომწვევია.”
  • “თუკი ეს ქვეყანა ნამდვილად აპირებს ერთიანი პასუხი გასცეს საქართველოში არსებულ ნებისმიერ გამოწვევას, დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველია, რითაც უნდა დაიწყოს.”

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ