მედიაკოალიცია: რუსმა ჟურნალისტმა შესაძლოა, სამართლებრივი დავა დაიწყოს
05.09.2022
მედიაკოალიცია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია განმარტოს რუსი ფოტოჟურნალისტის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" მზადაა, დაიცვას ვასილ კრესტიანინოვის ინტერესები, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს. 

კრესტიანინოვი საქართველოში 2021 წლის ნოემბრიდან ცხოვრობს. მას საქართველოში შემოსვლაზე უარი უკვე მეორედ უთხრეს.


რა ხდება?

2022 წლის 3 სექტემბერს რუსულენოვანმა გამოცემა The Insider-მა დაწერა, რომ ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი, საქართველოში არ შემოუშვეს.

ვასილი კრესტიანინოვი Associated Press-სა და The Insider-ისთვის მუშაობს.

მედიაკოალიციის წარმომადგენელი ნათია კაპანაძე მედიაჩეკერთან ამბობს, რომ ვასილ კრესტიანინოვი დაინტერესებულია სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით.

რას ითხოვს მედიაკოალიცია?

  • კოალიციამ ჟურნალისტური საქმიანობის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
  • ორგანიზაციამ უწყებისგან მოითხოვა ინფორმაცია რუსი ფოტოჟურნალისტის საქართველოში არშემოშვების მიზეზებთან დაკავშირებით.
  • კოალიციის თქმით, ფოტოჟურნალისტი დაინტერესებულია სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით და მას ორგანიზაცია — "უფლებები საქართველო" დაეხმარება.

რას ჰყვება რუსი ფოტოჟურნალისტი?

კრესტიანინოვი რუსულენოვან გამოცემასთან ამბობს, რომ:
  • თბილისში ვილნიუსიდან, ერევნის გავლით ბრუნდებოდა.
  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისთვის კითხვები არ დაუსვამთ.
  • მესაზღვრემ ფოტოჟურნალისტის პასპორტს ფოტო გადაუღო და "ზემდგომ პირებს გაუგზავნა".
  • ერთი საათის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, რომ ერევნის თვირთმფრინავში უნდა დაბრუნებულიყო და პასპორტი ბორტგამცილებელს ისე გადასცა, რომ საქართველოში შესვლაზე უარის მიზეზები მისთვის არ განუმარტავს.


რა წერია დოკუმენტში?

ჟურნალისტის თქმით, ძალისხმევის შედეგად შეძლო იმ საბუთის მიღება, რომელშიც უარის მიზეზია მითითებული:

  • დოკუმენტის ფოტო ასლზე მონიშნულია პუნქტი — "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს".
alt

  • რუსული გამოცემის თანახმად, ჟურნალისტი ქვეყანაში პირველად 2022 წლის 23 აგვისტოს არ შემოუშვეს.
  • კრესტიანინოვი, საქართველოში შემოსვლაზე უკვე მეორედ მიღებულ უარს, საქმიანობის გამო ზეწოლას უკავშირებს. როგორც ფოტოჟურნალისტი, სხვადასხვა დამოუკიდებელ გამოცემასთან თანამშრომლობს და პოლიტიკურ მოვლენებს აშუქებს სხვადასხვა ქვეყანაში.

კონტექსტი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კრემლის პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რამდენიმე ჟურნალისტი და ბლოგერი არ შემოუშვეს. მათ შორის, საქართველოში შემოსვლაზე უარი მიიღო:
  • უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა
  • რუსული კრიტიკული ტელევიზიის, "დოჟდის" ჟურნალისტმა მიხეილ ფიშმანიმ
  • რუსმა ბლოგერმა ალექსეი რომანოვმა
  • და რუსული მედიასაშუალების „მედიაზონის” ჟურნალისტმა დავიდ ფრენკელმა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ