"იმედმა" იმაზე მეტად გამხვია პოლიტიკაში, ვიდრე მინდა" — ირაკლი რუხაძემ მისი დასანქცირების მოთხოვნას უპასუხა
12.09.2022

რა ხდება?

ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, გადაცემაში "ნოესთან" უპასუხა კითხვებს, მის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნის შესახებ. მისი თქმით, არხის მფლობელის სტატუსმა პოლიტიკაში გახვია.

რატომ არის საინტერესო ეს თემა?

ტელეიმედის მესაკუთრე ირაკლი რუხაძე ერთ-ერთია, რომლის სანქცირებასაც უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტო ითხოვს. განცხადება უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ გაავრცელა. რუხაძე, ამავე სიაში შეყვანილ სხვა ბიზნესმენებთან ერთად, "ივანიშვილის რეჟიმის დამფინანსებლად" არის მოხსენიებული.

რუხაძის სანქცირებას "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც მოითხოვს და ტელევიზიის მეპატრონეს "ოლიგარქიული მმართველობის ერთ-ერთ საყრდენს" უწოდებს. ხოშტარიას, რუხაძის წინააღმდეგ, სამი არგუმენტი მოჰყავს. ამბობს, რომ რუხაძე აკონტროლებს:

  • საბანკო სექტორს;
  • პროპაგანდისტულ მედიას ("იმედი", GDS, "მაესტრო");
  • ღიად ეწინააღმდეგება სანქციების რეალიზებას მათ შორის, საბანკო სექტორში.

რას ამბობს რუხაძე?

არხის მფლობელი მისი დასანქცირების მოთხოვნას ტელეკომპანია "იმედის" პოლიტიკურ გავლენას უკავშირებს.

"იმედმა" იმაზე მეტად გამხვია პოლიტიკაში, ვიდრე მინდა ვიყო გახვეული. როცა "იმედი" ასეთი რეიტინგული არხია, და “ქრონიკას” ქვეყნის მეოთხედი უყურებს, გინდა-არ გინდა, ეს გრევს პოლიტიკაში, იწვევს უამრავ ვნებათაღელვას”.

უფრო დეტალურად

  • საბანკო სექტორზე:

რუხაძისთვის ეს ბრალდება "სიგიჟის იქითაა" და სანქციის მოთხოვნის რეალური მიზეზი "იმედის" მფლობელობაა.

  • სანქციებზე:

მედიაჰოლდინგის მფლობელი ამბობს, რომ ამერიკის მოქალაქეა და "ბევრად მაღალ დონეზე იცავს კომპანიებს, ვიდრე საშუალო ქართული კომპანია".
  • “პროპაგანდისტულ მედიაზე”

რუხაძე ამაყობს, რომ "იმედის" მფლობელია, თუმცა არ უკვირს, რომ ბევრს არ მოსწონს "იმედი", განსაკუთრებით — "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ, ან ყოფილ წევრებს.

"იმედი", რა თქმა უნდა, შენს [ნაციონალური მოძრაობის] წინააღმდეგ იქნება, რაც რა თქმა უნდა, შენ არ მოგეწონება. არ მოგეწონება "იმედი" რომ არსებობს საერთოდ."


რა უნდა ვიცოდეთ?

  • 2021 წლის 5 აგვისტოს “იმედის” დამაარსებლის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა გაავრცელა განცხადება, საიდანაც გაირკვა, რომ "იმედის" საკუთრების უფლება გადაეცა Hunnewell Partners-ის მიერ კონტროლირებად კომპანიას.
  • ირაკლი რუხაძე Hunnewell Partners-ის მფლობელია, შესაბამისად, მედიაჰოლდინგი “იმედიც” მის მფლობელობაში გადავიდა.
  • არხმა, მფლობელის შეცვლიდან მალევე, 2021 წლის 18 ოქტომბერს, გაავრცელა განცხადება, რომელშიც თქვა, რომ წინასაარჩევნოდ საგანგებო რეჟიმზე გადადის, რადგან "ვერ დაუშვებენ ნაციონალური მოძრაობის რევანშს".
  • "იმედი", სხვადასხვა კვლევებში და მათ შორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პოსტ-საარჩევნო პერიოდის კვლევაში მოხსენიებულია როგორც ხელისუფლებისადმი მიკერძოებული ტელევიზია. 
  • ირაკლი რუხაძის პოლტიკური საჯარო განცხადებები თანხვედრაშია მმართველი პარტიის — "ქართული ოცნების" ნარატივთან. მაგალითად, გადაცემაში “ნოესთან” მან გაიმერა “ქართული ოცნების” მესიჯბოქსი, რომ დღეს “მთავარი საფრთხეა ომში არ ჩაგვითრიონ”.
  • რუხაძე ასევე ამბობს, რომ სანამ "იმედი" არსებობს, გამოიყენებს ყველა ლეგალურ მეთოდს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ