ერთი წელი ჟურნალისტების ფარული მოსმენებიდან - რა შეიცვალა?
15.09.2022
სუსის შესაძლო უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ამსახველი ფაილების გასაჯაროვების შემდეგ ერთი წელი გავიდა. 58 ათასამდე დოკუმენტი შეიცავდა დამუშავებულ ინფორმაციას ათასობით ადამიანის, მათ შორის ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების შესახებ.

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

პროკურატურამ გამოძიება 2021 წელსვე დაიწყო, თუმცა უფლებადამცველების თქმით, დღემდე არ არის ნათელი, გრძელდება თუ არა უკანონო მოსმენა-მიყურადება.

რა უნდა ვიცოდეთ?

  • დღეისთვის ფარული მოსმენების საქმეზე დაზარალებულად 36 ჟურნალისტია ცნობილი, მაგრამ ამ სტატუსის მოლოდინში კიდევ ბევრია.
  • სარჩელები გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოშიც.

რას ცვლის დაზარალებულის სტატუსი?

  • დაზარალებულის სტატუსის მქონე ადამიანებს საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
  • დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნის პროცესში მთავარი მიზანია დადგინდეს, რომ ჟურნალისტებს მიადგათ ზიანი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

“რადგან სახელმწიფოს ერთი წლის თავზე არ გადაუდგამს აქტიური ნაბიჯები და არ გვაქვს კონკრეტული შედეგი, გვიჩნდება განცდა, რომ უკანონო მოსმენებისა და მიყურადების პროცესი დღემდე გრძელდება, შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის მოპოვება ჟურნალისტების უფლებების დაცვისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.” - ამბობს ნათია კაპანაძე, რომლის ორგანიზაცია, “მედიაომბუდსმენი” დაზარალებული ჟურნალისტების უფლებებს იცავს.

რატომ გაიგზავნა სარჩელები სტრასბურგში?

ჟურნალისტებს მოსმენების, ე.წ კრებსების, საქმეზე დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციები უწევენ, მათ შორისაა “მედიაომბუდსმენი” და “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”. მათ სარჩლები გაგზავნეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.

  • პროკურატურამ უკანონო მოსმენების საქმეზე გამოძიება 2021 წლის სექტემბერში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას და გავრცელებას გულისხმობს.

თუმცა, გამოძიების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ არასამთავრობო სექტორმა უწყების რეაგირება არაფექტიანად შეაფასა. მედიაკოალიცამ, რომელიც 16 ორგანიზაციას აერთიანებს, თქვა, რომ:

  • გამოკითხული არ იყო შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების მსხვერპლთა ნაწილი.
  • უკვე გამოკითხული პირებიდან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ და სასამართლომ ყველას დაუსაბუთებელი უარი განუცხადა.
  • დაზარალებულად ცნობაზე სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობდა სასამართლოც.

დანაშაულის მსხვერპლები და მათი უფლებადამცველები დაზარალებულის სტატუსის გარეშე ინფორმაციულ ვაკუუმში რჩებოდნენ. მომდევნო ნაბიჯი ევროპული სასამართლო იყო. სახელმწიფოს რეაგირებაც ამის შემდეგ დაიწყო.

რიცხვებში

  • “მედიაობუდსმენი” 14 მედიასაშუალების 41 ჟურნალისტს ეხმარება.
  • მათგან 32 ჟურნალისტი თბილისის პროკურატურამ უკვე ცნო დაზარალებულად.
  • “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” სამი ტელევიზიის “მთავარი არხის”, “ფორმულისა” და ტელეკომპანია “პირველის” 43 ჟურნალისტის ინტერესებს იცავს.
  • მათგან 38 ჟურნალისტი მალე დაზარალებულის სტატუსს მოითხოვს.

სახელმწიფოს რეაგირება

  • “მედიაომბუდმენმა” 12 ივლისს გაასაჯაროვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 10 ჟურნალისტის, მათ შორის “ ფორმულას” ტელეწამყვანის თამარ ჩიხლაძის, სარჩელი გაგზავნა.
  • ორი დღის შემდეგ, თბილისის პროკურატურამ „ფორმულას“ ჟურნალისტი თამარ ჩიხლაძე გამოკითხვაზე დაიბარა და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
  • დღეს დაზარალებულად არის ცნობილი ის 10 ჟურნალისტიც, რომელთა სახელითაც სტრასბურგში საჩივარი გაიგზავნა.

“იმის მიუხედავად, რომ მათ უკვე აქვთ დაზარალებულის სტატუსი, სახელმიწფოს უმოქმედობა კვალავც ამ ჟურნალისტების უფლებების დაღვევის მაჩვენებლია და ჩვენ, ცხადია, ვეცდებით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაინახოს ის რისკები, რომლებიც შეექმნათ ჟურნალისტებს იმ პერიოდში, როცა მათ სახელმწიფო არ უსმენდა და უარს ეუბნებოდა დაზარალებულად ცნობაზე”, - განმარტავს ნათია კაპანაძე.

სტრასბურგში 5 ჟურნალისტის საქმე 2022 წლის 7 ივლისს გაგზავნა ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამაც”, მოგვიანებით მათგან ოთხი დაზარალებულად ცნეს.

საერთაშორისო რეაგირება ჟურნალისტების ფარულ მიყურადებაზე

  • ევროკავშირმა 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიიშში, 2021 წელს გამოწვევებს შორის, რომლებმაც საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხე შეუქმნა დაასახელა ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ.
  • ჟურნალისტების, სავარაუდოდ, უკანონოდ მიყურადებას „ძალიან შემაშფოთებელი“ უწოდა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ და ხელისუფლებას გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.
  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად კი, ქვეყანაში უკანონო მოსმენები გრძელდება, მათ შორის კრიტიკული მედიის ჟურნალისტების წინააღმდეგ და ამას ტოტალური ხასიათი აქვს.

რას ამბობს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი უკანონო მოსმენებზე?

2022 წლის 15 სექტემბერს უკანონო მოსმენების შესახებ ციხიდან ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა. ის ხელისუფლებას უკანონო მიიყურადებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ “ოცნების მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცების პერიოდს.”

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი წერს, რომ:

  • უსმენენ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა მრწამსისა. უსმენენ არამხოლოდ ე.წ მთავარ ობიექტს, არამედ მისი ოჯახის წევრებსა და გარემოცვას. 
  • "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მოსმენებისათვის იყენებს სუსს, შსს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას.
  • უკანონო მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2000 ოპერატიული მუშაკი. ერთდროულად შესაძლებელია დაახლოებით 100 000 ადამიანის მოსმენა.
  •  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის შემოწმების დროს უკანონო მოსმენები ჩერდება. 
  • ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტი გარდა ჯი ეს ემ (GSM) ქსელიების მოსმენისა, ვირუსების საშუალებით უკანონოდ უსმენს სხვადასხვა აპლიკაციების, კომპიუტერების, ლეპტოპების საშუალებით. შესაძლებელია ოფისების უკანონო აღჭურვა. 
  • კონტროლდება პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიების და ა.შ. ე.წ ,,ვიპ პერსონების’’ საუბრებს ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტი უგროვებს ივანიშვილს და ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის მას.
  • “ჩემს პერიოდში ოტოდან ბექა მამარდაშვილი მე მიგზავნიდა ამ კრებსებს, რომელსაც ვამუშავებინებდი სპეციალურ ჯგუფს და ყოველ მეორე დღეს ვატანდი ჩემს თანამშრომლებს ივანიშვილთან, კობახიძესთან, პარტიაში და პრემიერ მინისტრთან, რა თქმა უნდა გომელაური იღებდა სრულ პატაკს. ივანიშვილი, ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გვაძლევდა მითითებებს (სუსსა და პარტიას), რომელი ობიექტისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა.”

სოსო გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა. ის 15 ივლისს დააკავეს და ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს:

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
  • პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
  • სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

გოგაშვილს 18 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ