ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
02.11.2022
სააპელაციო სასამართლომ “მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გამოაცხადა.

  • მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ ავტომობილის ეპიზოდზე და ნიკა გვარამია პატიმრობაში 3 წლითა და 6 თვის ვადით დატოვეს.
  • გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა გადაწყვეტილება კომპანიისთვის ზიანის მიყენების ეპიზოდზე, რაზეც გვარამიას საქალაქო სასამართლოსგან ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული და ამ ეპიზოდზეც მეორე ინსტანციამ პატიმრობა მიუსაჯა 3 წლითა და 6 თვის ვადით.
  • თანაბარი სასჯელის შთანთქმის პრინციპით კი “მთავარი არხის” დირექტორს საბოლოო სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით დარჩა.

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ზოგ შემთხვევაში ეს მედიაზე ზეწოლადაც შეფასდა.

კონტექსტი

  • 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
  • სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
  • მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ