გვარამიას მთავარ არხს აღარ უხელმძღვანელებს
23.06.2023
მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ტელეკომპანიას აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საპატიმროს დატოვების შემდეგ ისაუბრა.

ნიკა გვარამია პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა - "გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი".

დეტალები

გვარამიას თქმით, მთავარი არხის დირექტორის პოსტზე დარჩება ამჟამინდელი ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია.

  • ამ გადაწყვეტილებით ის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართავს.
  • “მთავარი, რასაც გავაკეთებ, იქნება მთავარი არხის იმ სირთულეებიდან გამოყვანა, რომელშიცაა. თუმცა არ ვაპირებ, არხს ვუხელმძღვანელო, მე ვიქნები დამფუძნებელი, როგორც ახლა. მთავარმა არხმა აჩვენა. რომ ის თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს, მე ვიტყოდი უკეთესად, ვიდრე ჩემს პერიოდში”.
  • აღნიშნა, რომ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, ექნება თუ არა გადაცემა და გააგრძელებს თუ არა ჟურნალისტურ საქმიანობას.

კონტექსტი

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა.

თავისუფალ მედიაგარემოს, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ მთავარ პირობას, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად შეახსენებენ საერთაშორისო პარტნიორები განცხადებებსა და რეზოლუციებში.

ნიკა გვარამიას შეწყალების მოწოდებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის არაერთხელ მიმართეს, რასაც ის მისთვის კანონით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებაზე "გაუთავებელ ზეწოლად" აფასებდა.

ასევე წაიკითხეთ: გვარამიას საქმე: პოლიტიკური მოტივის უპირატესობა და სასჯელი

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ