ჯარიმები სოციალურ ქსელში გინების გამო - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეალური საფრთხე
07.07.2023
გასულ თვეს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში გინების გამო რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს. ისინი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და პროტესტს გამოხატავდნენ.


რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

სასამართლოს გადაწყვეტილებები:

  • აჩენს რეალურ რისკს, სოციალურ ქსელებში შეიზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
  • ქმნის ცენზურის/თვითცენზურის საფრთხეს.
  • მომავალში შეიძლება, შეიქმნას საფრთხე ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვინც სოციალურ ქსელებს საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ საკითხებზე (კრიტიკული) მოსაზრებების გასავრცელებლად იყენებს;

სამი შემთხვევის მაგალითზე განვიხილავთ:

  • რა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პრობლემებზე მიანიშნებდა იმ მოქალაქეთა პოსტები, რომლებმაც სოციალურ ქსელში მოსაზრება დააფიქსირეს;
  • ერთი მხრივ, როგორ ხსნის და ასაბუთებს სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო, მეორე მხრივ, რას ამბობს კანონი და როგორია უფლებადამცველების შეფასებები;
  • რატომ არის მსგავსი პრეცედენტები სახიფათო და რამდენად უქმნის საფრთხეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.


მოკლედ საქმეებზე:


1. კურიერს, რომელსაც მოპედით უწევდა ქალაქში გადაადგილება, TikTok-ზე კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებდა. აგინებდა მათ, ვინც უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ, პრივილეგიებით სარგებლობდნენ და მოძრაობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში (ე.წ. ბასლაინზე). იგინებოდა პოლიციელების მისამართით, ვინც შერჩევით აჯარიმებდა მძღოლებს - გინება არ ეხებოდა რომელიმე კონკრეტულ პოლიციელს.

  • “ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ” - ასეთი იყო ვიდეოს აღწერა, რომლის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

2. მოქალაქემ 2022 წლის 6 ივლისს ფეისბუქპოსტში პოლიციელებს შეაგინა, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ის 8 დღის შემდეგ დააკავეს და 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გააჩერეს.

  • ბათუმის რაიონულმა სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

3. 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამა ფეისბუკ ლაივში ნათქვამის გამო 800 ლარით დააჯარიმეს.

  • 3 ივნისს კარვის საქმეზე ბექა გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართა. დასრულების შემდეგ კი მან Facebook LIVE-ში პოლიციელის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გააჟღერა, თუმცა არ დაუკონკრეტებია პიროვნება.
  • “შეფასებებს აძლევდა სასამართლო პროცესს და ამბობდა, რომ ის მოწმე პოლიციელი, რომელიც იყო სასამართლოზე, იყო ცრუ მოწმე რადგან მან ცრუ ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. რეალურად ამ პოსტიდან არ იკვეთებოდა პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფა, მით უფრო მოწმე პოლიციელის სახელი და გვარი არსად არ ყოფილა ნახსენები”, - გვითხრა გრიგორიადისის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.
  • ადვოკატის შეფასებით, ეს საშიში ტენდენცია, რაც რეალურად განსხვავებული აზრის დევნისთვის გამოიყენება, სწორედ ამიტომ გეგმავენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.


როგორ ასაბუთებს სასამართლო გადაწყვეტილებებს?


პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს იყენებენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

წვრილმანი ხულიგნობა

სასამართლომ სოციალური ქსელები საჯარო სივრცედ მიიჩნია, TikTok-ის საქმეზე კი თქვა, რომ დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე, თუმცა არ იმსჯელა სოციალური ქსელის ხასიათზე და არ დაუსაბუთებია, რა ფორმით დაირღვა სიმშვიდე.

რაც შეეხება Facebook-ის ქეისს, სასამართლომ აღნიშნა, რომ “სოციალური ქსელი, მათ შორის Facebook, წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები”.

უფლებადამცველების შეფასებით:

  • სოციალური ქსელი ნამდვილად არის საჯარო სივრცე, თუმცა ფიზიკური სივრცისგან განსხვავებით, აქვს თავისებური მახასიათებლები.
  • 166-ე მუხლის ნაწილში სახელმწიფოს მიზანი არა საზოგადოებაში ეთიკური გარემოს შენარჩუნება, არამედ საჯარო სივრცეში კონფლიქტური სიტუაციების არიდებაა.
  • იმის გამო არის ეს ნორმები, რომ ფიზიკური უსაფრთხოება დაიცვას და არა ვინმეს მორალი, ღირსება და პატივი”, - გვეუბნება დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი და ამატებს - “ზნეობისა და ეთიკის საკითხების დადგენა, მონიტორინგი, ანდა აღკვეთა ან ჩარევა სახელმწიფოს ვალდებულება არაა".
  • სოციალურ ქსელში თავად მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, გადაწყვიტოს რას წაიკითხავს, მოუსმენს ან უყურებს.
  • “ქუჩაში რომ ვიღაც ძალიან უშვერი სიტყვებით ილანძღება მასზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, ბუნებრივად მიწევს მოვუსმინო” - აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ვერიკო ჯგერენაია.

სამართალდამცავის შეურაცხყოფა

173-ე მუხლის კონტექსტში, სასამართლომ თქვა, რომ TikTok-ის ვიდეო შეიცავს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში ხაზგასმით წერია ფრაზა - “სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს”.

  • “ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნანახი იქნა კონკრეტული პოლიციელის მიერ და აღქმული იქნა შეურაცხყოფად, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგი - სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა”, - წერია დასაბუთებაში.

მუხლის ინტერპრეტაციის საფუძველზე, სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროში იგულისხმება:

  • “ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან/და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შემდგომი პროცედურების განხორციელების დროც და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ნებისმიერი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობა, რაც უკავშირდება კონკრეტული საქმის წარმოებას.
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობის ფორმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე.
  • შესაბამისად, ნორმა პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფის სახით არ გულისხმობს მხოლოდ იმ მართლსაწინააღმდეგო ქცევას, რომელიც ხდება უშუალოდ სამართალდარღვევის ჩადენის/გამოვლენის ან რომელიმე საპროცესო მოქმედების განხორციელების ადგილას”.

უფლებადამცველების შეფასებით:

  • TikTok-ის სქროლვის პროცესი ვერ ჩაითვლება სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესად.
  • ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, კანონდარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ადამიანი პირდაპირ აგინებს პოლიციელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. “მაგრამ როცა საუბარია სოციალურ ქსელებში გამოთქმულ პრეტენზიაზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიმართ, ამის გამო ადამიანის პასუხისგებაში მიცემა, ცხადია, არის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა”, - ამბობს მშვენიერაძე.


კიდევ რა საკითხებია პრობლემური:


სოციალურ ქსელთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში მკაცრი ან ცხადი საკანონმდებლო ჩანაწერი არ არსებობს. სახელმწიფოების მხრიდან შეუძლებელია შიგთავსის რეგულირება, მაშინ ზოგადად, ინტერნეტი უნდა დაარეგულირო.

რა თქმა უნდა, ამგვარი გადაწყვეტილებები არც ერთ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, მაგრამ არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ სადამსჯელო ღონისძიება გამოყენებულია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ.

  • “ფაქტია, ყველაზე არ ვრცელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში თუკი ეს წესად დამკვიდრდება, ეს ყველას შეეხება ვინც მოექცევა ხელისუფლების ინტერესის სფეროში”, - ამბობს მარიკაშვილი.
  • ამ კონტექსტში შეგვიძლია, გავიხსენოთ თავად მმართველი გუნდის, ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, რომელიც სოციალურ ქსელებში ბილწსიტყვაობით გამოირჩევა. ხშირად აგინებს ოპონენტებს.თუმცა ამ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ, წვრილმანი ხულიგნობის მუხლი გამოყენებული არაა.


საფრთხე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით


გამოხატვის თავისუფლება კონვენციური უფლებაა, რომელიც იცავს არა მხოლოდ კეთილ იდეებს პოლიტიკურ კონტექსტში, არამედ, მათ შორის, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელი ფორმით გამოხატულ პროტესტსაც.

  • “გამოხატვის თავისუფლება არის იმ აზრის თავისუფლებაც, რომელიც თუნდაც უმრავლესობას აღაშფოთებს, შეაშფოთებს, გაანაწყენებს და ა.შ.თუ ჩვენ შევეცდებით, შევზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ, გავხდეთ სრულად დემოკრატიული ქვეყანა და მივდივართ ავტორიტარიზმისკენ”, - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.
  • “თუ კი ადამიანი გამოხატავს პროტესტს, მათ შორის ისეთი სიტყვებით, რომელიც, შესაძლებელია ვიღაცის ყურს ცუდად ხვდება და თვლის რომ ეთიკურ ნორმებს არღვევს, თუ ეს პოლიტიკური, კულტურული ან სხვა შინაარსის მატარებელია, ადამიანის დაჯარიმება არის კატეგორიულად დაუშვებელი. იმიტომ, რომ ეს არის დაცული გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტით” - ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.
  • შეზღუდულია უკვე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და კიდევ უფრო მეტ საფრთხეს აჩენს ეს ყველაფერი”, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი. ის ერთ-ერთია, ვინც პარლამენტთან ფურცლის ჭერის გამო დააკავეს, რაც ასევე შეფასდა, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

საფრთხეა თვითცენზურაც. მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრების გამო, შესაძლებელია, ადამიანებმა აღარ ისაუბრონ და საზოგადოებაში აღარ ისმოდეს პროტესტის ხმა.

“თუ კი ჩვენ რაღაც შეზღუდვებს დააწესეთ და დავსჯით ვინმეს, ცხადია, ეს გარკვეულწილად თვითცენზურისკენ უბიძგებს ადამიანებს და თვითცენზურა არის მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ნაირსახეობაა - ადამიანები უფრო მეტს ფიქრობენ გამოხატონ თუ არა საკუთარი აზრი საჯაროდ. იმიტომ, რომ მათ აზრის გამოხატვის გამო, შესაძლოა საფრთხე დაემუქროთ. შეუთავსებელია იმ სტანდარტთან, რომელიც გამოხატვის თავისუფლების კუთხით კონსტიტუციაში არის დადგენილი” - გვითხრა მშვენიერაძემ.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ