კითხვები, რომელსაც "კურიერის" მიერ, "ექსკლუზიურად მოპოვებული" ინფორმაცია აჩენს
22.08.2023
მოკლედ:
  • დღეს, 22 აგვისტოს, დილით, "რუსთავი 2"-მა, ვებგვერდზე გამოაქვეყნა მასალა, სახელწოდებით — "კურიერის" ექსკლუზივი: თეა გოდოლაძე ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული".
  • თეა გოდოლაძე არის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, რომელიც, შოვის სტიქიის შემდეგ, ხელისუფლებას კატასტროფის რისკების შემცირების შესაძლებლობებზე, საჯარო განცხადებებით მიუთითებდა.

რა არის პრობლემა?
  • "კურიერმა", აუდიტორიას არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია "ექსკლუზიურად მოპოვებული" ინფორმაციის თაობაზე;
  • ინფორმაცია გაავრცელა ცალმხრივად, თეა გოდოლაძის კომენტარის გარეშე;
  • და გავრცელებულ მასალაში არ ჩანდა საინფორმაციო სამსახურის მცდელობა, დაჰკავშირებოდა თეა გოდოლაძეს და მოეპოვებინა დამატებითი, დამაზუსტებელი კომენტარი.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?
  • ცალმხრივად გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, პატივი სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, იძლევა მანიპულაციურ სურათს;
  • ეს აჩენს ეჭვებს მასალის გავრცელების მადისკრედიტებელი მიზნების შესახებ.

რა არ უთხრა "რუსთავი 2"-მა საკუთარ აუდიტორიას, თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში?
ორგანიზაცია "საფარი", რომელიც საქმესთან დაკავშირებით, ერთ წელზე მეტია, გოდოლაძის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ:
  • გოდოლაძე, თავად არის პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი;
  • მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი;
  • ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს.
"შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებულ ქალი ძალადობაში, თუმცა, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა.
ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი.
აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა."

გოდოლაძის პოზიცია
ფეისბუკზე, მის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში წერია, რომ:
  • "რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას.
  • ყოფილმა პარტიორმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბლადებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით.
  • მისი გასაჯაროვებით ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე.
ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის დროსაც. მაშინაც ააგორეს კამპანია ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ეს ყველაფრი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებელობების თემებთან მიმართებაში გაკეთებულ ჩემ განცხადებებსა და პოზიციას. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს!"

"კურიერმა" არ უპასუხა "მედიაჩეკერის" კითხვებს.
არაერთხელ ვცადეთ, ჩვენს მკითხველს "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მიეღო პასუხები კითხვებზე, რასაც მათ მიერ, "ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია" აჩენს.

დავუკავშირდით ნინო შუბლაძეს, საინფორმაციო სამსახურის უფროსს. მოუცლელობის გამო, გვთხოვა, მოგვიანებით დავკავშირებოდით, მაგრამ აღარ გვიპასუხა.
შუბლაძესთან წერილობითი კომუნიკაციითაც შევეცადეთ, პასუხი მიგვეღო ამ კითხვებზე:
  • რა იყო არასრულყოფილი მასალის გავრცელების ინფორმაციული ღირებულება და მიზანი;
  • რატომ თავდაპირველადვე არ შესთავაზეს აუდიტორიას თეა გოდოლაძის კომენტარი, რაც, ამ ამბის ირგვლივ სრულყოფილ ინფორმაციას მიაწოდებდა აუდიტორიას;
  • რა პასუხი აქვს "კურიერს" საზოგადოების ნაწილის აღქმაზე, რომ გავრცელებული მასალა საზოგადოებრივად აქტიური მეცნიერის დისკრედიტების მცდელობას ემსახურებოდა შოვში მომხდარი მეწყრული კატასტროფის კონტექსტში, რადგან გოდოლაძე ხელისუფლებას კატასტროფის რისკების შემცირების შესაძლებლობებზე მიუთითებდა.
ასევე, ვცადეთ დავკავშირებოდით დღის კურიერის, ასევე, 9-საათიანი გამოშვების პროდიუსერებს.

არხმა მაყურებელს საინფორმაციო გამოშვებებში შესთავაზა თეა გოდოლაძის პოზიციაც, თუმცა, ამბის გაშუქებისას, ძირითად აქცენტს მათ მიერ "მოპოვებულ ჩვენებაზე" აკეთებს.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ