პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის
08.05.2024



პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, უწყება უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.

„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას“, - წერია განცხადებაში.

დღეს, საღამოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ორგანიზაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილსა და სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს მოუწოდა, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების პოზიცია.

„ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება“, - ვკითხულობთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

მეორე დღეა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს (მათი ოჯახის წევრებსაც) როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან ურეკავენ, ზარზე პასუხისას კი შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან.  

 
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ