საქართველო
კატეგორია - საქართველო
მედიის მდგრადობის ინდექსში (MSI) საქართველოს კოეფიციენტი გასულ წლებთან შედარებით გაუარესდა. კვლევის მიხედვით, რომელსაც საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო (IREX) ატარებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, საქართველოსთვის მინიჭებულმა კოეფიციენტმა 4-დან 2,25 შეადგინა. ეს ქულა წინა წლის მონაცემს (2.31) ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა ინდექსში 2015 წლიდან მოყოლებული უარესდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (2,63) კი ქვეყანას 2014 წელს ჰქონდა.

კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველო კვლავაც მდგრადთან მიახლოებულ ქვეყანათა ბლოკში რჩება, თუმცა კოეფიციენტის შემადგენელი ხუთი მთავარი მიზნიდან 4-ში ქვეყნისთვის მინიჭებულმა ქულებმა დაიკლო. ეს მიზნებია: სიტყვის თავისუფლება, პროფესიული ჟურნალისტიკა, ახალი ამბების პლურალიზმი და მედია ბიზნესის მართვა. ერთადერთი კრიტერიუმი სადაც ქვეყანას წინსვლა აქვს მედიის მხარდამჭერი ინსტიტუციებია.

„ინდექსში ქულის კლება ნიშნავს, რომ არამდგრადთან მიახლოებული მედია სისტემისკენ გადავიხარეთ. უკეთ რომ განვმარტო, მდგრადთან მიახლოებულ სისტემაში ვრჩებით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ არამდგრადთან მიახლოებულისაკენ მივცოცავთ. შეშფოთების საფუძველი ნამდვილად გვაქვს“, - აღნიშნავს მედია მკვლევარი და IREX-ის კვლევის თანაავტორი ეკატერინე ბასილაია „მედიაჩეკერთან“ საუბარში.

2018 წელს ქართული მედიისთვის არსებული გამოწვევებიდან ზოგიერთი პრობლემა წინა წლებში გამოქვეყნებულ ანგარიშებშიც აისახა და ისინი დღემდე მოუგვარებელია. მათ შორის, პრობლემურად რჩება ზოგიერთ საჯარო უწყებაში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და თვითცენზურის პრაქტიკა მედიასაშუალებებში. თუმცა, უშუალოდ გასულ წელს მედიაში მიმდინარე რამდენიმე სხვადასხვა პროცესიც უარყოფითად აისახა მედიის მდგრადობაზე, რაც გაუარესებულ ინდექსის ნიშნულში გამოიხატა.

IREX-ის კვლევა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მაუწყებლობის შესახებ კანონში 2018 წელს შესულ ცვლილებებზე. კვლევის მონაწილეების თქმით, შესული ცვლილებები გაუმჭვირვალეს ხდის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვების ნაწილს, ისევე როგორც გაზრდილი სარეკლამო საეთერო დრო არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა მაუწყებლებს.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ორ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რამაც კითხვის ნიშნები გააჩინა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებზე. ესენია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ე.წ. „ცენზურის კანონპროექტი“ რომელიც ითვალისწინებდა შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას თუკი ის ლახავს ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო პერიოდში წამყვან მედიასაშუალებებს შორის გაზრდილ პოლარიზაციასა და პოლიტიკური მიკერძოების ზრდაზე, რის გამოც ინდექსის მეორე კომპონენტმა, პროფესიონალურმა ჟურნალისტიკამ ყველაზე მეტად, 0.13 ნიშნულით დაიკლო. ექსპერტთა შეფასებებით, გასულ წლებთან შედარებით, გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმებიც.

„არ ვიცი, ვინმე აწარმოებს თუ არა სტატისტიკას, მაგრამ, როგორც ეს კვლევის პროცესში გამოვლინდა და ფოკუს ჯგუფის წევრებმაც აღნიშნეს, წინა ორ წელთან შედარებით გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმები. ერთი ორი წელიწადი შედარებით სიმშვიდე იყო ამ კუთხით, მაგრამ შარშანდელ ანგარიშში მოხვდა ისეთი ფაქტები, როგორებიცაა მაგალითად TV პირველის ჟურნალისტს საარჩევნო პერიოდში სახეში ჩაარტყეს, აგრეთვე როდესაც ულტრა-მემარჯვენეები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მანქანას გარს შემოერტყნენ და თავდასხმა სცადეს", - აღნიშნავს ეკატერინე ბასილაია.

მედია მდგრადობის ინდექსის ანგარიშში საუბარი არის ქართული მედიასივრცის დადებით მხარეებზეც. მაგალითად, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს, რომ მედიაბაზარზე შესვლის თვალსაზრისით არ არსებობს საკანონმდებლო ბარიერები. გარდა ამისა, არ დაფიქსირებულა ინტერნეტით სარგებლობის შეზღუდვის ფაქტები. თუმცა, როგორც კვლევის თანაავტორი მედიაჩეკერთან საუბრისას აღნიშნავს, ქართულ მედია სივრცეზე საუბრისას უმთავრეს პოზიტიურ ფაქტორად, უკვე წლებია, მიიჩნევა მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მაღალი სტანდარტი.

„ჩვენი მიღწევა და ამაზე საუბრობენ ჩვენი ექსპერტთა პანელის წევრები, ბოლო 15 წელია, ეს არის კარგი კანონმდებლობა, რომელიც არის რეგიონში მოწინავე. რეგიონში ვგულისხმობ არა მხოლოდ პოსტ-საბჭოთა სივრცეს, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპას,“ - აცხადებს ბასილაია.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს რამდენიმე კანონპროექტის შესახებ დაიწყო საუბარი, რასაც შესაძლოა მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობისათვის ზიანი მიეყენებინა, აღნიშნული პროექტები ამ დრომდე კანონად არ ქცეულა. ეს კი, კვლევაში მონაწილეთა შეფასებით, ცხადყოფს რომ ჯერ კიდევ არსებობს წინააღმდეგობის რესურსი საზოგადოებაში, როდესაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე იჩენს თავს. თუმცა, იქვე საუბარია, რომ პრობლემად რჩება კანონმდებლობის რეალურ ცხოვრებაში აღსრულება.

„ჩვენ ყველა მხრიდან გვიტევენ და რასაც ქვია სული კბილებით გვიჭირავს,“ - ამბობს მამუკა ანდღულაძე, მედია პროგრამის მენეჯერი საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოდან, კვლევის დოკუმენტში.

რაც შეეხება მხარდამჭერ ინსტიტუტებს, მედია მდგრადობის ინდექსის ერთადერთ კომპონენტს, სადაც საქართველოს წინსვლა აქვს, ანგარიშის შეფასებით, ქვეყანაში მრავლად არის ისეთი ორგანიზაციები თუ გაერთიანებები, რომლებიც ჟურნალისტებისა და მედიის ინტერესების დასაცავად მუშაობენ. კვლევის მონაწილეები ხაზს უსვამენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის მნიშვნელობას მედიაგარემოს გაჯანსაღებისათვის. ანგარიში ხაზს უსვამს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განსახილველად შესული საქმეების რაოდენობის ზრდასა და სხვა აქტორების, მათ შორის მაუწყებელთა ალიანსის, მედია ადვოკატირების კოალიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურებას.

მედიის მდგრადობის ინდექსზე IREX 2001 წლიდან მოყოლებული მუშაობს და მედიის განვითარების პერსპექტივიდან აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის 21 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს. კვლევისათვის საჭირო ინფორმაციის ძირითადი წყაროს კი ქვეყნებში ადგილობრივ ექსპერტთა და მედიაში გავლენის მქონე ადამიანთა მიერ დაკომპლექტებული პანელი წარმოადგენს.

კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.
კატეგორია - საქართველო
„მედია დემოკრატიისთვის:  ჟურნალისტიკა და არჩევნები დეზინფორმაციის პირობებში“ - ეს პრესის თავისუფლების 26-ე საიუბილეო წლის თემაა.

ყოველი წლის 3 მაისს, თავისუფალი პრესის დასაფასებლად, მედიის შეტევებისგან დასაცავად და იმ ადამიანების გასახსენებლად, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ჟურნალისტურ საქმიანობას შესწირეს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე 1993 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, იუნესკოს 1991 წლის რეკომენდაციის საფუძველზე დაარსდა.

ეს დღე მსოფლიოსთვის იმის შეხსენებას ემსახურება, რომ ჯერ კიდევ აქვს ადგილი თავისუფალ პრესაზე, ჟურნალისტებზე და რედაქტორებზე თავდასხმას, ასევე ცენზურას, სხვადასხვა გამოცემების დახურვას, უფრო მეტიც, ჟურნალისტების მკვლელობასაც კი. ამასთან ამ დღის აღნიშვნა მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი პრესის განვითარების წახალისებასაც ისახავს მიზნად.

ასევე, 3 მაისი ხელისუფალთათვის თავისუფალი მედიის არსებობისთვის მათ მიერ აღებული ვალდებულებების ერთგვარი შეხსენებაც არის. ამასთან, ეს დღე ჟურნალისტური წრეების, პროფესორებისა და ანალიტიკოსებისთვის მედიის თავისუფლებისა და პროფესიული ეთიკის კუთხით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის კიდევ ერთი საბაბია.

და ბოლოს, 3 მაისი იმ მედიების მხარდაჭერის დღეა, რომლებსაც პრესის თავისუფლების კუთხით რაიმე ფორმით შეზღუდვა ან საერთოდ გაუქმება ემუქრებათ. ეს იმ ჟურნალისტების გახსნების დღეა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ამბის კვალდაკვალ მიყოლას შესწირეს.

„პრესის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. თითოეულ სახელმწიფოსა და ერს ინფორმაცია, დებატები და მოსაზრებების ურთიერთგაცვლა აძლიერებს. პრესისა და ჟურნალისტიკის მიმართ მზარდი უნდობლობის დისკურსისა და დელეგიტიმაციის პირობებში კი, მოსაზრებებისა და იდეების, ასევე ფაქტობრივ სიზუსტეზე დაფუძნებული ინფორმაციის თავისუფლების გარანტიის უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამბობს ოდრი აზულაი, იუნესკოს გენერალური დირექტორი, პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით.

წყარო: en.unesco.org
კატეგორია - საქართველო

მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს,   ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) აღნიშნავს, რომ დღესდღეობით მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 9% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც ჟურნალისტებისთვის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაგარემოა.

alt


ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, კაცობრიობის 74% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც პრესის თავისუფლების მხრივ რთული, ან ძალიან პრობლემატური ვითარებაა და საზოგადოების თავისუფლად ინფორმირება შეზღუდულია. ეს არის ქვეყნები, რომლებიც რუკაზე შავი და წითელი ფერითაა მონიშნული. ამ ქვეყნებს შორისაა, ჩინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, მექსიკა და ინდოეთი.

ნარინჯისფრად მონიშნულ ქვეყნებში პრესის თავისუფლების მდგომარეობა პრობლემატურადაა შეფასებული. მათ შორის არის საქართველოც, სადაც"რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“  მონაცემებით, 2018 წელს, პრესის თავისუფლების ინდექსში  საერთო ქულა გაუარესდა. თუმცა, რადგან რეიტინგში საქართველოსთან ახლოს მყოფი სხვა ქვეყნების მდგომარეობაც არ გაუმჯობესებულა, მან ერთი პოზიციით წინ წაიწია და 28.98 ქულით, 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილი უკავია.


♦ კაცობრიობის ვერცერთი პრობლემა, იქნება ეს გლობალური დათბობა, კორუფცია თუ გენდერული უთანასწორობა, ვერ მოგვარდება ინფორმაციის თავისუფლად და დამოუკიდებლად გაშუქების გარეშე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ხარისხიანი ჟურნალისტიკის გარეშე", - აცხადებს RSF-ის გენერალური მდივანი კრისტოფ დელუარი.

რუკაზე დატანილი მონაცემები "მსოფლიო ბანკის" მოსახლეობის სტატისტიკასა და 2019 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიო პრესის თავისუფლების მაჩვენებელი 11%-ით გაუარესდა. 

კატეგორია - საქართველო

„მედიაჩეკერის“ მედიამონიტორის ლაშა ქავთარაძის სტატიამ „მედია და პოლარიზაცია“ გაიმარჯვა მედიაკონკურსში, რომელიც Democracy Reporting International (DRI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და ფორსეტის პროექტის ,,პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში იყო გამოცხადებული.

გამარჯვებული სტატია დღეს, 3 მაისს, მსოფლიო პრესის საერთაშორისო დღეს, ბათუმში მიმდინარე მედია ფორუმზე დაასახელეს. კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული სტატიის ავტორი მონაწილეობს მედია ფორუმში, უახლოეს მომავალში კი სამდღიანი სასწავლო ვიზიტით ბერლინში გაემგზავრება.

 

 ⇒   გამარჯვებული სტატია:  "მედია და პოლარიზაცია"

 

სტატიაში,  რომელიც "მედიაჩეკერის" ვებგვერდზე მიმდინარე წლის 6 მარტს გამოქვეყნდა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეა საუბარი. მათ შორის: რას ნიშნავს პოლარიზაცია და როგორ ვლინდება ის ქართულ პოლიტიკაში, როგორია მედიის როლი პოლარიზაციაში, ასევე, რა გავლენას ახდენს ამგვარი მდგმარეობა საზოგადოებაზე და სად არის გამოსავალი.


მედია ფორუმი თემაზე - ,,მედია პოლარიზაციის დაძლევა საქართველოში“, რომელიც ბათუმში დღეს გაიხსნა, იმართება DRI-სა და საიას პროექტის ფარგლებში, აჭარის ტელევიზიასა და რადიოსთან ერთად. მედია ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კატეგორია - საქართველო

4 ხმით 1-ის წინააღმდეგ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი 19 აპრილს განიხილა. სხდომა რამდენიმე საათს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.  

იმპიჩმენტის საკითხი 10 აპრილს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ დააყენეს. გაგა ჩხარტიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ირაკლი დარცმელიძე კი „ქართული ოცნების“ კვოტით არის არჩეული საბჭოში.

სხდომაზე გიგა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ნათია კაპანაძის დირექტორობის პირობებში მაუწყებლის რეიტინგი შემცირდა.  მან ასევე განაცხადა, რომ დირექტორი  პატივს არ სცემს და არ თანამშრომლობს მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და მათთან ურთიერთობას ტელევიზიის თანამშრომლებსაც უკრძალავს. მისივე თქმით, ტელევიზიაში არ სრულდება პრიორიტეტები და გარკვეული საკითხები კანონის გვერდის ავლით წყდება.  ირაკლი დარცმელიძემ კი დირექტორისადმი პრეტენზიებზე საუბარი მის მიერ გარკვეული გადაცემების დახურვის საკითხით დაიწყო. 
 
მაუწყებლის დირექტორმა ნათია კაპანაძემ მრჩეველთა საბჭოს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მზადა ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაცია წარადგინოს. მან ასევე ისაუბრა მაუწყებლის სანდოობაზე, რაც ბოლო პერიოდში არაერთი კვლევით, მათ შორის, საერთაშორისო ანგარიშებით დადასტურდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ  არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, აჭარის ტელევიზიის და რადიოს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები და საკითხით დაინტერესებული სხვა მოქალაქეები. 


ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მას დაახლოებით 6 თვე ჰქონდა დარჩენილი.  შედეგების გამოცხადების შემდეგ ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავს.
 
 
 
კატეგორია - საქართველო

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს. იმპიჩმენტის საკითხი 10 აპრილს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ დააყენეს. გაგა ჩხარტიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ირაკლი დარცმელიძე კი „ქართული ოცნების“ კვოტით არის არჩეული საბჭოში.

 

ამბის გასაჯაროვებისთანავე შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასება და არაერთი განცხადება მოჰყვა.

„დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.


„არ მაქვს განზრახვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის მრჩეველთა საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში ჩარევისა, თუმცა მინდა მოვიშველიო შეფასება, რომელიც გამოთქმული იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ბოლო ანგარიშსა და მედიის მონიტორინგის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ე. წ. ,,ნეიტრალური სივრცე“ და ერთადერთი ტელეკომპანია, რომელმაც მაყურებელს შესთავაზა არჩევნებში მონაწილეთა პლატფორმების ზოგადი შედარება. ეს ნამდვილად არის ის აქტივი, რომელსაც დღევანდელ მედიაგარემოში გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ კვალვაც ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხთან დაკავშირებულ მოვლენებს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტს გამოეხმაურა ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი.


“ვაკვირდები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის წინააღმდეგ ბრალდებებთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ მაუწყებელი გააგრძლებს შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი მანდატი, ემსახუროს საზოგადოებას და მისი დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული”, – დაწერა მან ტვიტერზე.


“აშშ-ის საელჩომ, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ძლიერმა მხარდამჭერმა, მოიწონა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის (ODIHR), ევროკავშირისა და გაეროს მედიამონიტორინგის (EU-UNDP) ანგარიშებში ასახული აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის, როგორც მიუკერძოებელი მედიასაშუალების, ბოლოდროინდელი შეფასება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მაუწყებლისა და მისი გენერალური დირექტორის, ნათია კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა გააგრძელებენ დადებითი როლის შესრულებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში”, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ.
კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო ორგანიზაციის„რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2018 წლის მდგომარეობას ასახავს, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს საერთო ქულა გაუარესდა, თუმცა რადგან რეიტინგში საქართველოსთან ახლოს მყოფი სხვა ქვეყნების მდგომარეობაც არ გაუმჯობესებულა, მან ერთი პოზიციით წინ წაიწია და 28.98 ქულით, 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილი დაიკავა. იგივე ქულა აქვს სომხეთსაც, თუმცა მას 61-ე ადგილი უკავია.

პრესის თავისუფლების ინდექსი ქულებს 1-დან 100-მდე შკალით ითვლის, რაც უფრო მეტია ქულა, ქვეყანაში მედიის მდგომარეობა მით უარესია და პირიქით.

ანგარიშს თითოეული ქვეყნის შესახებ მცირე შეფასებაც ახლავს, რომლის მიხედვითაც „ქართული მედია პლურალისტური, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია“.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულმა რეფორმებმა ქართული მედიის მფლობელობის გამჭირვალობა და სატელიტური ტელევიზიების პლურალიზმი გააუმჯობესა, თუმცა მათივე შეფასებით, ტელევიზიების მფლობელები სარედაქციო პოლიტიკაში კვლავ ერევიან.

ორგანიზაცია ყურადღებას ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზეც“ ამახვილებს და განმარტავს, რომ ტელევიზიის გარშემო მიმდინარე დავის შედეგს „დიდი გავლენა ექნება“. „ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა ნაკლებად ხშირია, თუმცა ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მუქარის შესახებ“, - ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში.

მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის 2019 წლის მონაცემების მიხედვით, წამყვან პირველ ადგილს 7.82 ქულით ნორვეგია იკავებს, მას 7.90 ქულით ფინეთი, 8.31 ქულით კი - შვედეთი მოსდევს.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი, რითაც არხის ყოფილი წამყვანის ეკა მიშველაძისა და მაუწყებლის სამწლიანი დავა საბოლოოდ დასრულდა.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკა მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, რომელიც მიშველაძის ინტერესებს იცავდა, სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის  პირველმა არხმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. ამასთან, “უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასება, რომ  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება ეკა მიშველაძის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა”.

საიას განცხადებით, სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ “პირველი სტუდიის” დახურვის შემდეგ, რომელიც სწორედ ეკა მიშველაძეს მიჰყავდა,  საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა გავიდა და მას წამყვანები ესაჭიროებოდა, ვაკანტურ თანამდებობებზე მაუწყებელმა მიშველაძის კანდიდატურა არ განიხილა.  ასევე, ახალი წამყვანები შეირჩნენ არა კონკურსის წესით, არამედ თავად მაუწყებლის მიერ.  გარდა ამისა, უზენაესმა სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ უპირატესობა არ მიენიჭა ეკატერინე მიშველაძეს, რომელიც წამყვანის პოზიციას უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იკავებდა.

სასამართლო გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკატერინე მიშველაძის სასარგებლოდ 30 000 ლარიანი კომპენსაციის გადახდა მოუწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის მარტში მიიღო.
 
ეკა მიშველაძე წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი იყო. მაუწყებლიდან გათავისუფლებამდე მას გადაცემა “პირველი სტუდია” მიჰყავდა. ტოქშოუ მაუწყებელმა 2015 წლის სექტემბერში დახურა. თავდაპირველად მენეჯმენტმა მიზეზად მიშველაძისა და თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრის ბუკა პეტრიაშვილის ქორწინება დაასახელა. მოგვიანებით მენეჯმენტმა მიშველაძეს ახალი პროექტის წარდგენა შესთავაზა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობას ახალი ხელშეკრულებით გააგრძელებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიშველაძის გადაცემა 2015 წლის სექტემბერში დაიხურა და ის ეთერში აღარ გადიოდა, წამყვანი “პირველი არხის” თანამშრომლების რიგებში მაინც ირიცხებოდა და მას მაუწყებელი ხელფასს კვლავინდებურად უხდიდა. 2016 წლის თებერვლის დასაწყისში, მიშველაძემ “საზოგადოებრვი მაუწყებლისგან” წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მაუწყებელმა მის მიერ წარდგენილი გადაცემის პროექტი არ მოიწონა და “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მასთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტდა.

 "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პოზიციის გასაგებად "მედიაჩეკერი" არხის იურისტს ელენა მიხაილოვას დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება ყველა მხარისთვის სავალდებულოა. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, შეასრულებს.
კატეგორია - საქართველო
“მიუკერძოებელი”, “პროგრესული”, “დაბალანსებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე” - ასე ფასდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მუშაობა ბოლო პერიოდში. ამის შესახებ არაერთი სართაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნეს. აჭარის მაუწყებელი რეგიონში მიმდინარე მოვლენების პირველწყარო დედაქალაქში ბაზირებული ტელეკომპანიებისთვის არაერთხელ გახდა. სამაუწყებლო ბადეს არაერთი გადაცემა დაემატა. ამ ფონზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ 10 აპრილს მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მოითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი.

გაგა ჩხარტიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ირაკლი დარცმელიძე კი „ქართული ოცნების“ კვოტით არის არჩეული საბჭოში. ხუთწევრიანი(ნატა იმედაიშვილი, ირაკლი დარცმელიძე, გიგა ჩხარტიშვილი, ბეჟან გობაძე, გიორგი ირემაძე) საბჭოდან სამი წევრი მაინც თუ მისცემს ხმას ნათია კაპანაძის წინააღმდეგ, იგი თანამდებობას დატოვებს.

იმპიჩმენტის საფუძველი

საზოგადოებრისთვის არ გასაჯაროვებულა იმპიჩმენტის ინიციატორთა მიერ მომზადებული წერილი, სადაც აღწერილია თუ რა საფუძვლით ითხოვენ ისინი დირექტორის გათავისუფლებას.

მედიასთან კომენტარში მრჩეველთა საბჭოს წევრი გიგა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მისი პრეტენზიები უკავშირდება ძირითადად რეიტინგის ვარდნას, სამაუწყებლო პრიორიტეტების შეუსრულებლობას, საბჭოსთან კომუნიკაციის ნაკლებობას და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და დაუსაბუთებელ ხარჯვას.

alt„მე მინდა რომ ამ პროცესით გავემიჯნო იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ნათია კაპანაძე იღებდა და ღებულობს. მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ამ ადამიანის გადაწყვეტილებებზე და მეტიც, ამ ადამიანის დამოკიდებულება მრჩეველთა საბჭოს მიმართ ძალიან კარგად გამოჩნდა მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 15 მარტის სხდომაზე. დამოკიდებულება არ მომეწონა, როდესაც დირექტორმა დაასრულა თავისი პრეზენტაცია, და მრჩეველთა საბჭოს მოწოდებას რომ დაბრუნებულიყო და სხვა საკითხები გაევლო, უთხრა, რომ მომწერეთ თუ რამე გაინტერესებთო და დატოვა სხდომა,“ - თქვა გიგა ჩხარტიშვილმა ტვ პირველის ეთერში 12 აპრილს.

დაუჭერენ თუ არა საბჭოს სხვა წევრები იმპიჩმენტს მხარს, ჯერ არ ამბობენ. ამ კითხვაზე უარყოფით პასუხი მხოლოდ ბეჟან გობაძეს აქვს. გიორგი ირემაძე და თავმჯდომარე ნატა იმედაშვილი ამბობენ, რომ კითხვები აქვთ როგორც იმპიჩმენტის ინიციატორების, ისე ნათია კაპანაძის მიმართ.

მაუწყებლობის შესახებ კანონში დაკონკრეტებული არ არის თუ რა საფუძვლით შეუძლია საბჭოს დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადება. ერთადერთი რაც კანონში წერია ისაა, რომ მრჩეველთა საბჭო ვალდებულია უნდობლობის გამოცხადების შესახებ წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. დირექტორი უფლებამოსილია დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება. თუ მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა არ გამოუცხადა დირექტორს, დაუშვებელია მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 2 თვის განმავლობაში.

12 აპრილს საბჭომ სამუშაო შეხვედრის ჩატარება ვერ შეძლო, რადგან სხვა წევრებმა მისვლა ვერ მოახერხეს.

“სარედაქციო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის ინიციტივა თავად მაუწყებელმა სარედაქციო დამოუკიდებლობის საპირისპირო ნაბიჯად შეაფასა. მათ ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ

alt“მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. იმედს ვიტოვებთ, რომ მრჩეველთა საბჭო სიფრთხილით მოეკიდება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რადგან საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება.”

სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნაზე ისაუბრა ნათია კაპანაძემაც "ტვ პირველის" ეთერში თავის გამოსვლაში და თქვა, რომ “დღეისათვის ყველა პრიორიტეტს და მაუწყებლობის შესახებ კანონით დაკისრებულ პასუხისმგებლობებს მაუწყებელი ასრულებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც შეიძლება ჰქონდეს გუნდს. მე ვფიქრობ, მთავარი ამოცანები და გამოწვევები, რომლებიც გუნდს გადაცემებთან დაკავშირებით ჰქონდა, დაძლეულია. “

ნათია კაპანაძის თქმით, მაუწყებელს რეიტინგი ფილმების ხარჯზე ჰქონდა. ახლა კი აჭარის მაუწყებელი მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს მაყურებელს და გადაცემები მორგებულია იმ ადამიანების საჭიროებებს, რომლებიც ცხოვრობენ აჭარაში და საქართველოს სხვა ტერიტორიაზე.

ამბის გასაჯაროვებისთანავე მკვეთრად უარყოფითი შეფასება მოჰყვა შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში თქვეს, რომ “დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას."

განცხადებაში იმედი გამოთქვეს, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

12 აპრილს ნათია კაპანაძის გადაყენების მოთხოვნის საკითხზე ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამაც („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ახალი საქართველო“, „ემსახურე საქართველოს“ „შენების პარტია“) გააკეთა განცხადება. „ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა. ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“ - აცხადებენ პარტიები და მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებენ, რომ ხელისუფლებას ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევის საშუალება არ მისცენ.

აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მას დაახლოებით 6 თვე აქვს დარჩენილი.

ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში აჭარის ტელევიზიის ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ დახურული რადიო „თავისუფლების“ პროექტები, "წითელი ზონა" და "ინტერVIEW" გავიდა. აღნიშნული ფაქტი დადებითად არის შეფასებული „Human Rights Watch“-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს თბილისში ბაზირებული საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით დადებითად არის შეფასებული ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის 2016-2018 ანგარიშში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017‐2018 წლებში აჭარის ტელევიზია მიუკერძოებელ მაუწყებლად ჩამოყალიბდა.

„ამ პოლარიზებულ გარემოში შედარებით დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გამოიყურებოდა აჭარის ტელევიზია. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, თბილისში ბაზირებული საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, ამ სამი წლის განმავლობაში პროგრესს აჩვენებდა.“

დაახლობით ამასვე იმეორებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიში, სადაც აჭარის ტელევიზია ნეიტრალურ და მიუკერძოებელ მაუწყებლად არის შეფასებული: „აჭარის ტელევიზია მეტწილად ფოკუსირებული იყო ადგილობრივი, რეგიონული მოვლენების გაშუქებით და ლიმიტირებული, თუმცა დაბალანსებული სივრცე დაუთმო საარჩევნო კამპანიის აქტივობებს. ეს იყო ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება“ - აღნიშნულია ეუთოს ანგარიშში.

მას შემდეგ რაც აჭარის ტელევიზია სახელმწიფო არხიდან საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბდა, ნათია კაპანაძე მეორე დირექტორია. უნდობლობის გამოცხადება მრჩეველთა საბჭოს რამდენიმე წევრს პირველი დირექტორის, სოსო სტურუასთვისაც უნდოდა. მაშინ  სოსო სტურუას იმპიჩმენტის მომხრე ირაკლი დარცმელიძესთან ერთად ბეჟან გობაძეც იყო, თუმცა საბჭოს სხვა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს . რა პოზიციას დაიკავებენ ახლა ნატა იმედაიშვილი, ბეჟან გობაძე და გიორგი ირემაძე და მოუწევს თუ არა ნათია კაპანაძეს ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 
კატეგორია - საქართველო
„მედიის განვითარების ფონდმა“(MDF) TBC-ის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ მოქმედი სახელისუფლებო ტროლები გამოავლინა. MDF-ის დაკვირვებით, გამოვლენილი საეჭვო პროფილები სოციალურ ქსელებში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, კრიტიკული მედიასაშუალებების და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ცდილობდნენ. პარალელურად, ხელისუფლების, მმართველი პარტიისა და მისი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერ პოსტებს ან კომენტარებს აქვეყნებდენ.

MDF-ის მიერ 8 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა 15 ყალბი ფეისბუკ პროფილი, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს. 15 პროფილიდან 11 რუსული სოციალური ქსელების - „Одноклассники“-ს (3) და "В Контакте"-ს (8) - მომხმრებლების იდენტობას იპარავს, 2 - სერიალის პერსონაჟების, 1 - ფეისბუკ მომხმარებლის და ჟურნალ “ლიბერალის” თანამშრომლის, ხოლო 1 - თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ჟურნალისტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის.

ფონდის ინფორმაციით, ტროლების მობილიზება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიების (რუსთავი 2, ტვ პირველი, ონლაინ გამოცემა “ლიბერალი” და სხვა) და მათი ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდებოდა.

„იდენტიფიცირებული სახელისუფლებო ტროლები მადისკრედიტირებელ კონტენტს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიების წინააღმდეგაც აქვეყნებდნენ. ასეთი ტიპის პოსტები/კომენტარები მიმართული იყო როგორც უშუალოდ მედია საშუალების, ასევე კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგადაც. ამ მხრივ თავდასხმის სამიზნე “რუსთავი 2” და “ტვ პირველი” იყო, ცალკეული პუბლიკაციების შემთხვევაში კი ონლაინ გამოცემა “ლიბერალიც”. ტროლები “რუსთავი 2-ს” კრიმინალის გაშუქების გამო აკრიტიკებდნენ, ასევე ციტირებდნენ სახელისუფლებო ექსპერტ გია აბაშიძეს, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2-ზე” გასული ინფორმაციის უმეტესობა ყალბი ან ინტერპრეტირებული იყო, რასაც ტროლები სხვადასხვა ჯგუფებში აზიარებდნენ“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

MDF-ის ინფორმაციით, ტროლების სამიზნე „ტვ პირველის“ ჟურნალისტები ვახო სანაია და ინგა გრიგოლია 22 მარტს გადაცემაში “პირველები” შს მინისტრ გიორგი გახარიას სტუმრობის შემდეგ გახდნენ. ჟურნალ “ლიბერალის” შემთხვევაში კი ინდივიდუალური კრიტიკა გარდაცვლილი ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გათავისუფლების მიზანშეწონილობის შესახებ მომზადებულ მასალას შეეხებოდა, რომელსაც მედია საშუალების მიმართ ერთ-ერთი ტროლის კრიტიკული კომენტარი “ლიბერალის” ვებ-გვერდის რედაქტორის ლიკა ზაკაშვილის პოსტს მოჰყვა.

ფონდი ფეისბუკის ყალბ ანგარიშებს ერთი თვის განმავლობაში - 4 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდში აკვირდებოდა.
კატეგორია - საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ (TI) 8 აპრილს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე საზოგადოების განწყობებს ასახავს.

რესპონდენტებს კითხვა ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებითაც დაუსვეს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 36% ინფორმირებულია, რომ ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად Facebook-ზე სპეციალური გვერდებია შექმნილი.

 

alt


მათგან 15% ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად სპეციალურად შექმნილი გვერდების უკან მთავრობა/ხელისუფლება დგას, 10%-ის მოსაზრებით კი ოპოზიცია.


alt



კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი ტელეკომპანია “იმედს” და “რუსთავი 2-ს” უყურებს. მათი 55% ფიქრობს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მთავრობის ინტერესებს ატარებს, 18% იმავეს ასახელებს საზოგადოებრივ მაუწყებელის პირველ არხზეც. ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მიმართებით, რესპონდენტების 63% მიიჩნევს, რომ ის ოპოზიციის ინტერესების მატარებელია.

alt
კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 43% საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს” საერთოდ არ უყურებს, 57% არ უყურებს “ობიექტივს”, 55% - ტელეკომპანია “პირველს”, 67% - “აჭარას”, 63% - “კავკასიას”, ხოლო 78% - ონლაინტელევიზია “POSTTV-ს”.

რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს მათი აზრით, „ერევა თუ არა ხელისუფლება მედიის საქმიანობაში?“ - გამოკითხულების 8% მიიჩნევს, რომ არასდროს ერევა, 31% ამბობს, რომ ყოველთვის ერევა, 43%-ის მოსაზრებით კი, ხანდახან ერევა.

alt

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) ჩაატარა. კვლევის ავტორების განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა. ცდობილების საშუალო ზღვარი +/- 2.3 %-ია.

კატეგორია - საქართველო

"ქართული ტელევიზიები ვერ ჩამოყალიბდნენ ფინანსურად მდგრად და დამოუკიდებელ ბიზნეს ორგანიზაციებად. შესაბამისად, მფლობელის კუთვნილ სხვა ბიზნესში წარმოქმნილი პრობლემები, პირდაპირ აისახება ტელევიზიის ფინანსურ სტაბილურობაზეც. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისა და კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შემდეგ, ქვეყანაში ტელევიზიების რაოდენობა გაიზარდა. თუმცა აღნიშნულმა ტენდენციამ პოზიტიური ზეგავლენა ვერ მოახდინა მედია გარემოს დეპოლიტიზირებაზე", - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში "ვის ეკუთვნის ქართული მედია", რომელიც 2 აპრილს გამოქვეყნდა. 

ორგანიზაციამ საქართველოს ტელებაზრის მსხვილი მოთამაშეების ბიზნეს და პოლიტიკური კავშირები გააანალიზა.  როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეისწავლა ჰოლდინგ “რუსთავი 2”-ის (რომელიც “რუსთავი 2-ს”, მესამე და მეოთხე არხებს აერთიანებს), “ტელეიმედის” (რომელიც ასევე აერთიანებს ტელეკომპანია “მაესტრო”-სა და GDS-ს), “იბერია ტვ”-ის, “TV პირველის”, “ობიექტივის”, “პალიტრა TV”-ის, “რ.ბ.ჯ”-ისა და “სტერეო პლუსის” აფილაციები როგორც კონკრეტულ ბიზნეს კომპანიებთან თუ ბიზნესმენებთან, ისე პოლიტიკურ ჯგუფებთან. 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოქმედი მაუწყებლების მფლობელობისა და მფლობელთა ცვლილების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა. თუმცა, ქვეყანაში კვლავაც მწვავედ დგას მაუწყებელთა დამოუკიდებელ, მდგრად მედიაორგანიზაციებად ჩამოყალიბების საკითხი. ისინი კვლავაც მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ მედიამფლობელთა კუთვნილ სხვა ბიზნესებთან, რაც ერთი მხრივ მედიასაშუალებებს მოწყვლადს ხდის მეპატრონეთა ბიზნეს თუ პოლიტიკურ ინტერესებთან მიმართებაში. მეორე მხრივ, მეპატრონეთა სხვა ბიზნესებში წარმოშობილი პრობლემები პირდაპირ აისახება მედიასაშუალებათა მდგრადობაზე.

გარდა ამისა, ანგარიში კომენტარს აკეთებს ტელევიზიების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდგომ განვითარებულ პროცესებზე და აღნიშნავს, რომ „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ტელევიზიების გაზრდილმა რაოდენობამ პოზიტიური ზეგავლენა ვერ მოახდინა ვერც მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე და ვერც მედია გარემოს დეპოლიტიზირებაზე“.

დოკუმენტში დეტალურადა აღწერილი ვინ დგას ზემოთდასახელებული მედიების უკან. რაც შეეხება  ქვეყანაში ყურებადობის მხრივ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებს “რუსთავი 2”და და “იმედს”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევით ჰოლდინგი „რუსთავი 2“ კვლავაც ძირითადად მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების გიორგი და ლევან ყარამანიშვილების მფლობელობაშია. ჰოლდინგში წილი აქვს “რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორის გიორგი გეგეშიძის ცოლს ნინო ნიჟარაძეს, ხოლო „რუსთავი 2-ის“ 50%-იანი წლის მფლობელ ტელეკომპანია „საქართველოში“ ბიზნესწილები აქვს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე, ნიკოლოზ ნაყოფიას.

altინფოგრაფიკა © "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"


რაც შეეხება ტელეიმედს, ჰოლდინგის 100%-ს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი” ფლობს, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის ინა გუდავაძის მფლობელობაშია. როგორც კვლევაშია აღნიშნული, პატარკაციშვილების ოჯახმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 180 000 ლარი შესწირა.

altინფოგრაფიკა © "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"


ანგარიშში ტელევიზიების შემოსავლების შესახებაც არის მონაცემები. დოკუმენტის მიხედვით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ქვეყანაში გაიზარდა მედიასაშუალებების რაოდენობა, თუმცა  ტელევიზიების რაოდენობის ზრდას სარეკლამო ბაზრის ზრდა არ გამოუწვევია. 

alt
ინფოგრაფიკა © "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"



"თუ 2013 წელს 105 ტელევიზია იყოფდა 66 მილიონ ლარიან სარეკლამო ბაზარს, 2018 წელს 130 ტელევიზიას უწევს 63 მილიონიანი ბაზრის განაწილება", - ვკითხულობთ დოკუმენტში.



alt
ინფოგრაფიკა © "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"


ორგანიზაციის რეკომენდაციით, მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, "ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედია კომპანიებისა და მათი მფლობელების წინააღმდეგ სხვადასხვა ბერკეტის გამოყენება მათთვის ე.წ. ბიზნეს თუ ფინანსური ხასიათის პრობლემების შესაქმნელად; პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მედიის მფლობელობა, უნდა შეწყვიტონ სატელევიზიო მედიის საქმიანობაში ჩარევა მათთვის სასურველი სარედაქციო პოლიტიკის გასატარებლად;  ტელევიზიის მფლობელებმა მკაფიოდ უნდა გამიჯნონ სატელევიზიო და სხვა ბიზნეს საქმიანობა, რათა არ მოხდეს მაუწყებლისა და მასში დასაქმებული ჟურნალისტების ინსტრუმენტალიზება ვიწრო პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესების გასატარებლად;  მედია პლურალიზმისა და პროფესიული ჟურნალისტიკის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია მედიის მფლობელებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა აამაღლონ ჟურნალისტების ცოდნა ეთიკური სტანდარტების შესახებ". 

კვლევის სრული ვერსიის ხილვა შეგიძლიათ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვებგვერდზე. ანალოგიური კვლევა ორგანიზაციამ 2014 წელსაც ჩატარა.