ვის სურს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობა და ვინ შეარჩევს მათ
01.10.2019

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობის 23 მსურველს შორის, ერთი ტელევიზიის ყოფილი დირექტორია, ორი კი დირექტორის შესარჩევ კონკურსებში მონაწილე კანდიდატი; უკვე ცნობილია იმ კომისიის შემადგენლობაც, რომელმაც მაუწყებლის ბორდის 4 წევრი უნდა აირჩიოს.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მრჩეველთა საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის შემადგენლობა და ბორდის წევრობის მსურველთა სია, დღეს, პირველ ოქტომბერს გამოაქვეყნა.

მრჩეველთა საბჭოს ხუთკაციანი კომისია შეარჩევს.

კომისიის წევრები არიან:

  1. ერმილე მესხია - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
  2. ლევან გობაძე - ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე;
  3. ლევან ჯაყელი - ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
  4. ასლან ლორთქიფანიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, აჭარის დამოუკიდებელ ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარე;
  5. მანანა შარაშიძე - ხელოვნების, მასმედიის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე.

 

რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოს, სადაც 4 ვაკანტური ადგილია, წევრობის მსურველებს შორის არიან მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსებში მონაწილე ორი კანდიდატი: გიორგი წულაიაა ფირუზ ბოლქვაძე. ორივე მათგანი კონკურსებში ორჯერ მონაწილეობდა, - გიორგი წულაია პირველ და მეორე კონკურსში, ფირუზ ბოლქვაძე კი დირექტორის შერჩევის მეორე და მესამე მცდელობაზე. არცერთ მათგანს, არცერთ კონკურსში ბორდის წევრების ხმა არ მიუღია.

წულაიასა და ბოლქვაძის გარდა, მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა 23-კაციან სიაშია აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი სოსო სტურუა, რომელიც მაუწყებელს ნათია კაპანაძემდე, ხელმძღვანელობდა - 2013- 2016 წლებში. და ასევე,მოქმედი მრჩეველთა საბჭოს წევრი - ბეჟან გობაძე, რომელიც საბჭოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კვოტით არის არჩეული.

ჯამში, მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველები არიან:

  1. ბეჟან გობაძე
  2. თამილა დოლიძე
  3. გელა ღოღობერიძე
  4. რუსლან ბარამიძე
  5. ფირუზ ბოლქვაძე
  6. სოფიო კობალაძე
  7. დიანა ვაშაყმაძე
  8. ევგენი თავდგირიძე
  9. ლევან ქამადაძე
  10. სოსო სტურუა
  11. სტელა ახვლედიანი
  12. ირაკლი ანთიძე
  13. რაულ ბერიძე
  14. ნიკოლოზ მეგრელიშვილი
  15. როინ სურმანიძე
  16. ნათია სირაბიძე
  17. გიორგი გოგიბერიძე
  18. კონსტანტინე აბაშიძე
  19. გია ქარცივაძე
  20. ემზარ დიასამიძე
  21. თამარ წილოსანი
  22. გიორგი წულაია
  23. არჩილ ხახუტაიშვილი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭო ხუთი წევრისგან შედგება. მოქმედი წევრებიდან საბჭოში მხოლოდ ერთი გიგა ჩხარტიშვილი რჩება, დანარჩენ ოთხს - ნატა იმედაიშვილს, ირაკლი დარცმელიძეს, გიორგი ირემაძეს და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურებათ.

საკონკურსო კომისიამ, ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტი კანდიდატურა, 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეარჩიოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს. კანდიდატის წარდგენის შესახებ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონკურსო კომისიის არანაკლებ 3-მა წევრმა. საბოლოოდ, მრჩეველთა საბჭოს 4 წევრი აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა აირჩიოს.

მრჩეველთა საბჭოს ახალ შემადგენლობას 6 წლის ვადით აირჩევენ.

შეგახსენებთ, მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ელის. თანამშრომელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი მრჩეველთა საბჭო, რომელშიც უმრავლესობა „ქართული ოცნების“კვოტით შევა, ხელისუფლების მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი იქნება. მათ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური მისიებს მიმართეს ყურადღება მიაქციოს აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს, “იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ აღმოჩნდეს სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში”.

შეგახსენებთ, რომ ხუთი თვეა , რაც აჭარის ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავს. კონკურსი, რომელზეც მრჩეველთა საბჭოს დირექტორი უნდა შეერჩია, სამჯერ ჩავარდა, მეოთხედ კი, განაცხადების მიღების დასრულებამდე ერთი დღით ადრე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მეოთხე კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის სარჩელის საფუძველზე მიიღო. გიორგი კოხრეიძე მიიჩნევს, რომ ის კონკურსის გამარჯვებულია.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ