მედიის ეთიკური პრობლემები 2017 წელს
03.07.2018

 

მედიაჩეკერი იმ ეთიკური პრობლემების შესახებ მოგითხრობთ, რასაც აწყდებოდა მსოფლიო მედია 2017 წლის განმავლობაში. მათ შორისაა, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება, შეცდომები სხვადასხვა გახმაურებულ დანაშაულში ბრალდებული პირების დასახელებისას, შეურაცხმყოფელი კომენტარები, რაც ქართულ მედიისთვისაც არ არის უცხო და საზოგადოებაშიც ხშირად გამოუწვევია დისკუსია.

Associated Press-ს კავშირი ნაცისტებთან

2017 წლის მაისში the Associated Press-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლითაც დადასტურდა, რომ მეორე მსოფლიო ომამდე გამოცემას ნაცისტებთან ჰქონდა კავშირი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ დაქირავებული ჰყავდა რამდენიმე პრონაცისტი გერმანელი თანამშრომელი.

AP-მა აღიარა, რომ ნაციზმთან აფილირებული ფოტოგრაფები არ უნდა გამოეყნებინათ, თუმცა არ გაიზიარა მოსაზრება, რომ ნაცისტები გამოცემის ფოტოებს პროპაგანდისთვის იყენებდნენ. AP-მა თქვა, რომ გერმანული მედია AP-ს ფოტოებს უცვლიდა მინაწერებს შეცდომაში შემყვანი, შეურაცხმყოფელი ტექსტებით, AP კი არ უწევდა მათ წინააღმდეგობას. მათივე განმარტებით, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტები, მათ გერმანელ თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენდნენ. 1935 წელს AP-მ გაიზიარა ანტისემიტური წესები, რომლებიც ებრაელი თანმშრომლების დაქირავებას კრძალავდა. ეს კი გამოიხატა იმაში, რომ რედაქცია ექვს ებრაელ ადგილობრივ თანამშრომელს გერმანიის დატოვებასა და ახალი სამსახურის მოძიებაში დაეხმარა.

(ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ: როგორ თანამშრომლობდა „ესოშიეითიდ პრესი“ ნაცისტებთან)

შეურაცხმყოფელი მასალები

2017 წელს მედიასაშუალებებმა არაერთი შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და არასწორი მასალა გაავრცელეს. მაგალითად, The Huffington Post-მა ჯერ გამოაქვეყნა, შემდეგ კი წაშალა ბლოგპოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ტრამპის მხარდამჭერები სიკვდილს იმსახურებდნენ. Barstool Sports-მა სიმსუქნის გამო მომღერალ რიჰანას დასცინა. Cleveland რადიოს წამყვანი ამტკიცებდა, რომ Cleveland Browns-ის მოთამაშე ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. A Montreal Gazette-ის სპორტულმა რეპორტიორმა ტვიტერზე დაწერა, რომ შანია ტვეინი მაწანწალას ჰგავდა და ა.შ. საკუთარი მასალის, ჟურნალისტისა, თუ კომენტარის გამო ბოდიში არაერთმა გამოცემამ მოიხადა ან საკუთარი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სასჯელი გამოიყენა. მსგავსმა მაგალითებმა 2018 წელს ერთგვარ კამპანიას დაუდო საფუძველი - “დაფიქრდი, ვიდრე რამეს გააზიარებ ან ტვიტერზე დაწერ”.

ომბუდსმენის როლის ცვლილება

სახალხო დამცველები, ე.წ. საზოგადოებრივი/სახალხო რედაქტორები, როგორც წესი, წარმოადგენენ საზოგადოებას საინფორმაციო გამოშვებებში, პასუხობენ წარმოქმნილ კითხვებს, საჩივრებს და ა.შ. თუმცა, 2017-მა წელმა აჩვენა, რომ მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის ამერიკულ საინფორმაციო გამოშვებებში, ომბუდსმენის როლის ერთგვარი ცვლილება მოხდა და მათ პოზიციები დაკარგეს.

2017 წლის მაისში, the New York Times-მა მოულოდნელად გააუქმა საზოგადოებრივი/სახალხო რედაქტორის თანამდებობა და გამოცემის მეექვსე ასეთი რედაქტორი ლიზ სპეიდი სამსახურიდან გაათავისუფლა. რამდენიმე თვით ადრე იგივე გააკეთა the Kansas City Star-მაც. მიუხედავად ამისა, PBS-მა ამ პოზიციის შენარჩუნება გადაწყვიტა და 2017 წლის სექტემბერში საზოგადოებრიცი რედაქტორის თანამდებობაზე მადჰულიკა სიკა დაიქირავა.

ომბუდსმენის დაქირავება გადაწყვიტა გერმანიის ყველაზე კითხვადმა გაზეთმა Bilt-მა. გამოცემამ ეს გადაწყვეტილება, მიგრანტების გაუპატიურების შესახებ გავრცელებული ყალბი ამბის შემდეგ გადაწყვიტა. უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის ომბუდსმენი დაიქირავა Nigeria’s Premium Times-მაც.

შეცდომები სხვადასხვა დანაშულში ბრალდებული პირების დასახელებისას ახალ ამბებში

ნებისმიერი ახალი ამბის გაშუქებისას ყველა ისწრაფვის, რომ იყოს პირველი, რასაც ხშირად შეცდომები ახლავს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი მაგალითი იყო იმისა, როდესაც საინფორმაციო გამოშვებებში მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე ამბების გაშუქებისას საქმესთან კავშირში მყოფი პირების ვინაობა არასწორად გაჟღერდა, ან სულაც მათ მიმართ არასწორი ბრალდება გაისმა.

მაგალითად, the Daily Beast-მა ქუებექში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ორი პირი არასწორად დაასახელა. ბრიტანულმა მეოთხე არხმა კი უესტმისტერის ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებულის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. იგივე გააკეთა Gateway Pundit-მა, როდესაც ლას-ვეგასში მომხდარი მასშტაბური მკვლელობა შეცდომით სრულიად სხვა პირს დაუკავშირა.

მოსმენების სკანდალი გრძელდება

თითქმის შვიდი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც უკანონო სატელეფონო მოსმენების სკანდალის შემდეგ რუპერტ მერდოკის გამოცემა News of the World დაიხურა, თუმცა მოსმენების სკანდალი მაინც გრძელდება. 50-მა მოქალაქემ News UK-ის მოსმენების გამო უჩივლა. ელისაბეტ ჰარლიმ Trinity Mirror-ს, რომელიც Daily Mirror -ის გამომცემელიცაა, წლების განმავლობაში, მისი სატელეფონო ზარების უკანონო მოსმენის გამო სასამართლო დავა მოუგო.

Online კომენტარების სექცია თანდათან ქრება

გამოცემების მიერ საკუთარი მასალების ქვემოთ Online კომენტარებისთვის განკუთვნილი სივრცე თანდათან ქრება. 2017 წელს ასე არაერთი მედიასაშუალება მოიქცა.

მაგალითად, “შეურაცხმყოფელი და დამამაცირებელი” კომენტარების გამო ეს ფუნქცია საერთოდ გააუქმა MSN-მა. იგივე გააკეთა, the Bozeman Daily Chronicle-მ, the Irish Independent, Crain’s Chicago Business და NPR-მა. მაგალითად Al Jazeera-მ კომენტარების ფუნქციის გაუქმების მიზეზად “რასიზმი, ფანატიზმი და სექტანტიზმი” დაასახელა.

BuzzFeed-მა ტრამპის რუსული დოსიე გამოაქვეყნა

2017 წლის იანვარში BuzzFeed-მა დოსიე გამოაქვეყნა, რომელიც ტრამპის რუსული კავშირების შესახებ სავარაუდოდ არასწორ ინფორმაციას შეიცავდა. მასალამ ჟურნალისტური ეთიკის კუთხით მაშინვე კითხვის ნიშნები გააჩინა და ცილისწამების შესახებ მალევე სასამართლო დავაც დაიწყო. მიუხედავად ამისა, მასალას თავისი გრძელვადიანი უარყოფითი ეფექტი მაინც ექნება.

საჯარო ინტერესი ინფორმაციულად ღირებული ძველი ამბების გაშუქებისას

როდესაც საინფორმაციო ავანსცენაზე ჩნდება შედარებით უცნობი პერსონა, როგორ უნდა მოიქცეს მედიასაშუალება? რა ინფორმაცია უნდა გაჟღერდეს და რა დარჩეს ყურადღების მიღმა? ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაერთიანებული ავიახაზების ფრენისას ექიმი დეივიდ დაო თვითმფრინავიდან გაათრიეს. ინციდენტის ავმსახველი ვიდეო ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. The Courier-Journal-ის მიერ 10 წელზე მეტი ხნის წინ ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გაააქტიურა კითხვა, იყო თუ არა სწორი მისი წარსული შესახებ დეტალების გამჟღავნება.

სამუშაო ადგილზე ქცევის წესები

თუკი გამოქვაბულში არ ცხოვრობთ, ალბათ, გაგიგიათ იმ ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებსაც საკუთარი ქცევის გამო ახსნა-განმარტებების კეთება მოუხდათ. სამუშაო ადგილზე შეუსაბამო ქცევის გამო, 2017 წელს სამსახური არაერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა და რეპორტიორმა დაკარგა. ასე იყო the New Yorker-ის, BuzzFeed-ისა და NPR-ის თანამშრომლების შემთხვევაში. უმეტესობამ სამსახური ყოფილი ან ამჟამინდელი თანამშრომლების სექსუალური შევიწროებისთვის დაკარგა.

მსგავსი ფაქტი უკვე დაფიქსირდა 2018 წელსაც, the Washington Post-მა სამუშაო ადგილზე შეუსაბამო ქცევისთვის, საკუთარ რეპორტიორ ჯოელ აკენბაკს უფლებამოსილება 90 დღით შეუჩერა.

წყარო: imediaethics.org

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ