ჟურნალისტური მასალები, რომლებმაც საქმეების გამოძიებას შეუწყო ხელი
11.07.2018
ჟურნალისტური გამოძიება რუტინული და გრძელვადიანი პროცესია. თუმცა, სულ სხვაა შედეგი, რაც ამ გამოძიებას მოჰყვება ხოლმე. ყოფილა შემთხვევებიც, როცა ჟურნალისტურმა პროდუქტმა გამოუძიებელი საქმის გახსნას შეუწყო ხელი.

"მედიაჩეკერი" რამდენიმე ასეთ საქმეს გაგაცნობთ.

ე.წ. „გრიმ სლიფერის“ საქმე

ჟურნალისტი ქრისტინ პელისეკი

ჟურნალისტის ქრისტინ პელისეკის ჟურნალისტური ნამუშევრების დახმარებით პოლიციამ სერიული მკვლელი დააკავა.

"გრიმ სლიფერი", როგორც თავის თავს ლონი დეივიდ ფრანკლინი უწოდებდა, ათი ქალის მკვლელობისთვის გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. თუმცა, მას უფრო მეტის, 38 ქალის მკვლელობას აბრალებდნენ, ყველა მათგანი შავკანიანი იყო.

რეპორტიორი „გრიმ სლიფერის“ საქმეს ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევდა. შეაგროვა საქმესთან დაკავშირებული მასალები და LA Weekly-ში საქმეს ვრცელი, დეტალური სტატია მიუძღვნა, რომელშიც ასობით ქალის ინტერვიუ გამოიყენა.

პელისეკის ნამუშევარი სამართალდამცველებს სერიული მკვლელის ვინაობის დადგენაში დაეხმარა. ლონი ფრანკლინი დააპატიმრეს და 2016 წელს სიკვდილით დასაჯეს.

წელს პელისეკის ჟურნალისტური ნამუშევრები წიგნად გამოიცა. მასში უფრო ვრცლადაა აღწერილი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები და სერიული მკვლელის მსხვერპლ ქალთა ისტორიები.


მადალინ ო’ჰაირის საქმე

ორგანიზაცია  „ამერიკელი ათეისტების“ დამფუძნებელი მადალინ ო’ჰაირი ვაჟსა და შვილიშვილთან ერთად 1995 წელს გაუჩინარდა. მაშინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს თავად ო’ჰაირის სურვილით მოხდა.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ჟურნალისტმა ჯონ მაკკორმაკმა San Antonio Express-News-თვის ამ თარიღთან დაკავშირებით მასალის მომზადება გადაწყვიტა და საქმის მასალებს გადახედა.

ჟურნალისტი ო’ჰაირის გაუჩინარებამ დააეჭვა და სამწლიან ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩაითრია. მაკკორმაკის გამოძიებით აღმოჩნდა, რომ მადალინ ო’ჰირი თავისი სურვილით არ გამქრალა. კერძო დეტექტივის დახმარებით, ჟურნალისტმა გაუჩინარების შემთხვევა 1995 წელს უთავო და უხელო გვამების პოვნას დაუკავშირა.

პოლიციამ ნაპოვნ სხეულებს ექსპერტიზა ჩაუტარა და 2001 წელს დაადასტურა, რომ ისინი დაკარგულ ო’ჰაირსა და მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნოდათ. მოგვიანებით კი, მაკკორმაკის ჟურნალისტური გამოძიების დახმარებით, პოლიციამ მათი მკვლელობისთვის ორი ადამიანიც დააკავა.

მადალინ ო’ჰაირი

დანაშაულო მსჯავრდებულის საქმე

1957 წელს ციტრუსების ცნობილი მწარმოებლის ცოლი ბლანშე ნოულსი გააუპატიურეს. სამართალდამცველებს დაზარალებულმა თავდამსხმელი აღუწერა და უთხრა, რომ ის შავკანიანი კაცი იყო. ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ ღარიბი, თეთრკანიანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჯესი დენიელსი დააპატიმრა. სათანადო სასამართლო პროცესის გარეშე დენიელსი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს.

ჟურნალისტმა მებელ ნორის რისმა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე სტატიების გამოქვეყნება დაიწყო. ის ეჭვობდა, რომ შერიფი უილის მაკკოლი იყენებდა თავის გავლენას და მომხდარის ჯესი დენილისთვის დაბრალებით, დანაშაულის მიჩქმალვა სურდა. მებელ ნორის რისმა ჯესი დენიელსის დედასთან ერთად გამოძიება დაიწყო, პარალელურად, პერიოდულად წერდა შტატში მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებზე.


საბოლოოდ, ნამდვილი დამნაშავე პოლიციამ ვერ იპოვა, ჯესი დენიელსი კი 14 წლის შემდეგ გამართლდა. დენიელსის ციხიდან დახსნაში დიდი წვლილი სწორედ ჟურნალისტის დაუღალავმა შრომამ შეიტანა.


მებელ ნორის რისი

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ