„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - დღეს, 20:00 საათზე, ფარნების
მარში და ფოტოგამოფენა გაიმართება. შეკრება პირველი
რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება, პარლამენტთან მოწყობილ ფოტოგამოფენაზე
კი ონლაინ მედიის ჟურნალისტების მიერ გაშუქებული მნიშვნელოვანი
მოვლენები იქნება
ასახული.
13 აგვისტოს, 22-მა დამოუკიდებელმა ონლაინ
გამოცემამ, მათ შორის „მედიაჩეკერმა“, ერთობლივი კამპანია -
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ დაიწყო,
რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების
გაერთიანებაა. იმ რეალური საფრთხის საჩვენებლად, რომ დამოუკიდებელ
ონლაინ მედიას გაქრობა ემუქრება, ამ დღეს 22 მედიის ვებგვერდი
დროებით, სიმბოლურად გაითიშა. დამოუკიდებელი მედიის დასაცავად
გაერთიანების მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმაც - sinatle.media, საიდანაც 22
დამოუკიდებელი მედია გამოცემის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით
არის შესაძლებელი.
ამ მედიებს შორის არის „აი, ფაქტი“.მისი რედაქტორი, ნინო ბაქრაძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკას ბევრი სირთულე ახლავს თან, თუმცა ამგვარი საფრთხის, რისკისა და შიშის წინაშე აქამდე არასდროს მდგარან.
„რასაც ახლა გავდივართ, მსგავსი არასდროს არაფერი ყოფილა. ეს ვითარება შექმნა რუსულ ორბიტაზე მოქცეულმა „ქართულმა ოცნებამ. მათ გაიზიარეს ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების გამოცდილება და საქართველოში აამოქმედეს კანონები, რომელიც მხოლოდ დიქტატურის გამყარებას ემსახურება. ამ კანონების მიზანია შეიზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება, მოკვდეს მედია, მოკვდეს თავისუფალი და კრიტიკული სიტყვა. ასე დიქტატურას ეხსნება ხელ-ფეხი სრული მოქმედებისა და საკუთარი თავის გადარჩენისთვის…რუსეთში მოქმედებს მსგავსი კანონები: აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, ბელარუსში და ახლა ჩვენთანაც. ამ ქვეყნებისკენ მიისწრაფვის მმართველი გუნდი და არის კი ეს ქართველი ხალხის ნება?“
როგორც „აი, ფაქტის“ რედაქტორი აღნიშნავს, ქართული დამოუკიდებელი მედია დგას დაბრკოლების წინაშე, რომელიც „ან გაგვაქრობს, ან კიდევ უფრო გაგვაძლიერებს“:
„ეს ყველაფერი ჩვენს მკითხველზე,
ქართველებზეა დამოკიდებული. მათ უნდა გადაწყვიტონ, სჭირდებათ თუ არა
დამოუკიდებელი მედია, რომელიც მათ ემსახურება და მათ სათქმელს
აჟღერებს...ბეწვის ხიდზე გავდივართ ყველა, მთელი ქვეყანა და
ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე ბევრ ქართველს წარმოუდგენია, თუმცა
არავითარ შემთხვევაში - უიმედო. მე მჯერა, რომ ქართული მედია ამ
სიკვდილის საფრთხესაც ღირსეულად გადალახავს და კვლავ გვექნება
შესაძლებლობა, ჩვენ მკითხველს ვემსახუროთ…ხალხს მხოლოდ
კრიტიკულ აზროვნებასა და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაკვირვებას
ვთხოვ. მერე თვითონაც მარტივად დაინახავენ თეთრსა და შავს, რადგან
დამოუკიდებელი მედიები ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ცოცხალია და კრიტიკული
ინფორმაციის მოძიება - შესაძლებელი. ნუ დაუშვებთ, რომ ეს შესაძლებელი
აღარ იყოს“.
Chai Khana-ს დირექტორის, ლიკა ანთაძის თქმით კი, დამოუკიდებელი მედიის გარეშე ნაკლებად ინფორმირებული მოქალაქე გვეყოლება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, ასევე, საკუთარი ხმის გაჟღერება და სხვისთვის გაგონება გაუჭირდება:
„ყველაფერი რაზეც ჟურნალისტები, რედაქტორები და მედეამენეჯერები საუბრობენ რეალობად იქცევა. ადამიანები ვერ გაიგებენ კორუფციის, მმართველი პარტიის დაუდევრობისა თუ ძალოვნების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების შესახებ და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
დამოუკიდებელი მედია, რომელიც ძირითადად მაინც ონლაინ მედიასთან ასოცირდება, აუდიტორიას მიუკერძოებელ, ფაქტებზე დაფუძნებულ, სენსაციონალიზმისა და პარტიული აფილიაციისგან თავისუფალ გაშუქებას სთავაზობს, ამის გარეშე კი საზოგადოება იმ მედიის ამარა რჩება, რომელიც პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგით მუშაობს, ან პირდაპირ ფინანსდება მათგან და საზოგადოებრივი ინტერესის ნაცვლად, მათ ინტერესს ემსახურება. ასეთი მედიაგარემო ინფორმირებულ მოქალაქეს და მითუმეტეს პასუხისმგებლობიან და ეთიკურ ჟურნალისტებს, რედაქტორებსა და მედიამენეჯერებს ვერ შექმნის.
ცხადია, ინფორმაციის გავრცელება დღეს პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს (რუსეთშიც კი შესაძლებელია, სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, VPN-ის საშუალებით არაპროპაგანდისტულ წყაროებზე ჰქონდეთ ადამიანებს წვდომა), რადგან თითქმის ყველას აქვს პლატფორმა და მცირე თუ დიდ აუდიტორიაზე წვდომა, მაგრამ ეს ვერ ჩაანაცვლებს სანდო, მიუკერძოებელ მედიას და პროფესიონალი ჟურნალისტების ძალისხმევას გააანალიზონ, გამოიძიონ და გააშუქონ მიმდინარე მოვლენები“.
დამოუკიდებელი მედია გამოცემების კამპანიაში - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ მონაწილეობენ რეგიონული მედიებიც, მათ შორის Qartli.ge. მისი დამფუძნებელი, საბა წიწიკაშვილი „მედიაჩეკერს“ უყვება, რომ წლების მანძილზე, მედიის მხარდამჭერი ფონდები არა მარტო მათი ორგანიზაციების ტექნიკურ აღჭურვილობაზე ზრუნავდნენ, არამედ ხელს უწყობდნენ მაღალი სტანდარტის ჟურნალისტებად ჩამოყალიბებასა და მასალების ეთიკური სტანდარტების დაცვით შექმნაში, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მედიის შემზღუდავი არაერთი კანონის შემდეგ, „ეს ყველაფერი ჩაკვდა“:
„ჩვენი მედიის წარმატება დამოკიდებული იყო ადგილობრივი თემების გაშუქებაზე, ეთიკური სტანდარტების დაცვაზე. რაც მთავარია, დამოუკიდებლები ვიყავით ხელისუფლების გავლენებისგან. ვმუშაობდით ახალ-ახალ იდეებზე, რომლის განხორციელებაზეც შეგვქონდა განაცხადები ფონდებში, მონაწილეობას ვიღებდით კონკურსებში. კარგად მომზადებული მასალები, შემდეგ მათზე გამოხმაურებები, რეაგირებები ახალი იდეებისთვის სტიმულს გვაძლევდა. ახლა ეს ყველაფერი ჩაკვდა. რა იდეაც არ უნდა მოგივიდეს, ვერ განახორციელებენ: აღარ გეყოლება გუნდი, ვეღარ აღზრდი ახალ კადრებს, ვეღარ იმოძრავებ სოფელ-სოფელ. როცა გასაშუქებლად გიხმობს, ვერ მიდიხარ“.
იმის საჩვენებლად, რამდენი დადებითი ცვლილების მოტანა შეუძლია დამოუკიდებელ მედიას, საბა წიწიკაშვილმა ჩვენთან საუბრისას ერთი ამბავიც გაიხსენა:
„ქარელის მერიის Facebook- გვერდზე მოქალაქის
კომენტარი წავიკითხე, რომ იქნებ, დაზიანებული დაკიდული ხიდი
აღგვიდგინოთო. დავინტერესდი და ამ ხიდის სანახავად წავედი. შუადღე
იყო. ხალხი არ ჩანდა. მოულოდნელად ხიდი ამოძრავდა და დავინახე, რომ
ორი ქალი გადმოდიოდა. ცალი ხელით ჩანთა ეჭირათ, მეორეთი ხიდის ბაგირს
ებღაუჭებოდნენ და ისე მოდიოდნენ, რიყეზე ან მდინარეში რომ არ
ჩაცვენილიყვნენ. როგორც კი მასალა მოვამზადეთ და ეს კადრები დავდეთ,
მეორე დღესვე ხიდი დაკეტეს და რამდენიმე დღეში აღადგინეს“.
გულო კოხოძე, „სამხრეთის კარიბჭის“ დირექტორი კი „მედიაჩეკერს“ უყვება:
„მაღალმთიან სოფლებში იმ დროს დავდიოდით როცა გზა - სოფლებში კი არა, მუნიციპალურ ცენტრამდეც არ იყო. ახლაც მახსოვს ხალხის გაოცებული სახეები. როცა სოფლებში, ეზოებში მივადგებოდით ხოლმე და ვუხსნიდით, რომ ჟურნალისტები ვიყავით… სოფლებში 3-4 ჯერ გვიწევდა ასვლა, ადგილობრივები რომ გაგვეცნო და ჩვენთან გულღიად ესაუბრათ. ვისხედით ხოლმე ხან ქვის ყორეზე, ხან ძაღლებით გარშემორტყმულები და მუხლებაკანკალებულები ვიწერდით ადგილობრივებს. მერე უკვე გვცნობდნენ, „ბარევძეს!“- ვიტყოდი და მპასუხობდნენ: „ბარევძეს ჰარავაინ დარპას“ (გამარჯობა „სამხრეთის კარიბჭე“) და იცინოდნენ. ასე ნელ-ნელა დავმეგობრდით“.
კოხოძე აღნიშნავს, რომ მათი წყალობით მოსახლეობამ ტაბუდადებულ თემებზე ხმამაღლა დაიწყო საუბარი:
„წლების წინ, როცა უტყისუბანში (ადიგენის სოფელი)
პირველად ავედი მასალის გასაკეთებლად, გავიგე, რომ სოფელს წლებია,
სინათლე არ ჰქონია. იქ მოვისმინე ამბავი, როგორ აიფარა ნათურის შუქზე
პატარა უტყისუბნელმა ბიჭმა თვალებზე ხელი, ბათუმში, ნათესავთან
სტუმრობისას. არ იცოდა სინათლე. ამ უშუქობაზე დავწერე მაშინ და დიდი
გამოხმაურება მოჰყვა. სოფელს ჯერ გენერატორები აუტანეს, მერე, დიდი
ბრძოლების შემდეგ სოფელში სინათლეც აინთო. ასეთი ისტორიები
ყველა ჩემს კოლეგას აქვს. მათ კიდევ უნდა გააგრძელონ წერა და ამბები
თქვენამდე მოიტანონ. „სამხრეთის კარიბჭე“ არის და მუდმივად იქნება
ყველა ადამიანის ხმა!“
საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 7 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია.
„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას.
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები.