კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში ტელევიზიებმა 29.5 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.
სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 14.4 მილიონი ლარი ამ პერიოდშიც ისევ „ტელეიმედს“ ჰქონდა.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში 6.7 მილიონი ლარის კომერციული შემოსავალი მიიღო „რუსთავი 2“-მა. „ჯი-დი-ეს თი-ვის“ სარეკლამო შემოსავალი 2.1 მილიონ ლარს გაუტოლდა, „პოსტვ“-ის კი - 1.9 მილიონს.
მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში 1.4 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, 0.8 მილიონი ლარი კი - „ფორმულამ“.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში 0.2 მილიონი ლარის კომერციული შემოსავალი ჰქონდა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.
როგორც ComCom-ი წერს, 2025 წლის III კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 73.6%-ით გაიზარდა და 31.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების მიერ მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავლები კი 85%-ით გაიზარდა და 29.5 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას
მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის
მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო
ცვლილებები.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების საფუძველზე,
კომუნიკაციების კომისიამ „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების
შეწყვეტა
დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა
მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული),
„რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“.
„ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე ComCom-მა „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ სამართალდამრღვევებად ცნო კრიტიკული ტელევიზიები. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა.

