ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
4 მაისს “შაბათის კურიერის” ერთ-ერთი თემა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხილიანაში მომხდარ სავარადო ძალადობის ფაქტს ეხებოდა. სიუჟეტში, 67 წლის ქალი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი 34 წლის მეზობლის მხრიდან მის მიმართ სექსუალური ძალადობის მცდელობაზე საუბრობდა.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ყვება, რომ სავარაუდო მოძალადეს ხმაურის შეეშინდა და მხოლოდ ამიტომ გაიქცა, წასვლის წინ კი მას დაემუქრა, რომ თუკი ამბავს გაახმაურებდა, ისევ იძალადებდა. თუმცა, მან მაინც იჩივლა. პოლიციამ სავარაუდო მოძალადე დააკავა, მაგრამ მეორე დღეს გაათავისუფლა.

მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო მოძალადეს ბრალი ჯერ ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს და გამოძიება დნმ-ის ექსპერტიზის პასუხებს ელოდება, სიუჟეტში მისი იდენტიფიცირება მაინც მოხდა. დასახელდა მისი სახელი და გვარი, ასევე გვაჩვენეს სავარაუდო მოძალადის მშობლები.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე პირის მიმართ კონკრეტული ბრალეულობა ჯერ გამოკვეთილი არ არის, მიზანშეწონილია, რომ ამბის გაშუქებისას სავარაუდო მოძალადის იდენტიფიცირება არ მოხდეს. მისი ვინაობის დასახელებამ, შესაძლოა, სავარაუდო მოძალადის მიმართ საზოგადოებაში წინასწარი არასწორი წარმოდგენები შექმნას, რაც შემდგომში მის გარიყვას და სტიგმატიზებას გამოიწვევს. აღნიშნულმა კი, შესაძლოა, ფატალური შედეგიც კი გამოიღოს.

სიუჟეტში, ქალის მონათხრობიდან, მომხდარის შესახებ ისეთ ინტიმურ დეტალებსაც ვისმენთ, რაც ამბავს ინფორმაციულობის თვალსაზრისით, დამატებით ღრებულებას არ სძენს, მთხრობელს კი დისკომფორტსა და უხერხულობას უქმნის. ეს საუბრიდანაც ნათლად ჩანს, - მას დეტალების გამხელა უჭირს. მსგავსმა არასაჭირო ინფორმაციამ, შესაძლოა, სავარაუდო მსხვერპლი დაცინვისა და ქილიკის ობიექტად აქციოს და რეალური პრობლემა (ასეთი არსებობის შემთხვევაში) უკანა პლანზე გადაწიოს.
კატეგორია - ეთიკა
3 მაისს, თბილისში, მეტროსადგურ სარაჯიშვილში ახალგაზრდა კაცი მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ამბავი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა. სიუჟეტში შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ფოტო აჩვენეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფოტოზე იმავე სახელისა და გვარის სრულიად სხვა ადამიანი იყო.

იგივე შეცდომა დაუშვა გაზეთ “ახალი თაობის” ონლაინ ვერსიამაც. ამბის გამოქვეყნების დროის მიხედვით თუ ვისჯელებთ, დიდი ალბათბით, გამოცემა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეწყრდნო, ამბავი არ გადაამოწმა და ტექსტს გარდაცვლილის არასწორი ფოტო დაურთო. გარდაცვლილის ფოტო არასწორად დაბეჭდეს გამოცემებმა - newposts.cc, resonancedaily.com და siaxleebi.club-მა.

სიუჟეტის გასვლიდან მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც “რუსთავი 2-ის” მიერ გარდაცვლილად წარმოჩენილი ახალგაზრდა კაცი, ტელევიზორის გვერდით, ზუსტად იმ კადრის ფონზე დგას, სადაც მის გარდაცვალებაზეა საუბარი და ამბავს საილუსტრაციოდ მისივე ფოტო ახლავს. Prime Time-ის ინფორმაციით, ფოტო სოციალურ ქსელში თავად შეცდომით გარდაცვლილად გამოცხადებულმა ახალგაზრდამ გამოაქვეყნა წარწერით - “როდესაც ტელევიზიით იგებ, რომ მოკვდი”.

ამ დროისთვის ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის-” ვებგვერდზე აღნიშნული სიუჟეტი აღარ იძებნება. ამბავი მხოლოდ ე.წ. “ნიუსის” ფორმატში, ვიდეოს გარეშე დევს.

რაც შეეხება სხვა გამოცემებს (newposts.cc, resonancedaily და siaxleebiclub), მათ ვებგვერდებზე ამბავი ძველი ფოტოებით კვლავ იძებნება. დამატებულია ახალი მასალები, გარდაცვლილი უკვე რეალური ფოტოებით. ამასთან, resonancedaily მხოლოდ “რუსთავი 2-ის” შეცდომაზე მიუთითებს და არაფერს ამბობს, წინა დღით, იმავე თემაზე მათ მიერვე გაპარულ ხარვეზზე. batumelebi.cc-ის გვერდიდან ძველი მასალა საერთოდ წაშლილია და საიტზე ამბის მხოლოდ განახლებული ვერსია იძებნება. ახალი თაობის ვებგვერდზე კი, ამბის მხოლოდ ძველი ვერსიაა განთავსებული.
კატეგორია - ეთიკა
21 აპრილს, პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანთან მცირე ზომის ჰესის - ხადორი სამის მშენებლობის განახლების მცდელობას ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა სამართალდამცველების მისამართით ქვები და ხელკეტები ისროლეს, თავის მხრივ, სპეცდანიშნულების რაზმმა და პოლიციამ ადგილობრივების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პანკისში მომხდარი დაპირისპირება რამდენიმე დღის განმავლობაში მაუწყებლების დღის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა იყო. თითოეული მედიის დღის წესრიგის გათვალისწინებით, განსხვავებული იყო თემის გაშუქების ფოკუსი და მასალებში დასმული აქცენტები. მაგალითად, ტელეკომპანია იმედზე მომხდარის კვალი არასამთავრობო სექტორისა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთობლივ ინტერესებამდე მივიდა. იდენტური ხაზი, შედარებით ნაკლები სიმძაფრით გამოიკვეთა საზოგადოებრივ მაუწყებელზეც.

რა თქვა ტელეკომპანია “იმედმა”?
 
⇒   22 აპრილი

პანკისის მოვლენების მეორე დღეს ტელეკომპანია “იმედმა” თემას რამდენიმე სიუჟეტი მიუძღვნა. ერთ-ერთი ქვეყნისთვის მცირე და საშუალო ზომის ჰესების მნიშვნელობას ეხებოდა. მასალაში ჟურნალისტი გვიყვება, რომ ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი ლაშა იორდანიშვილი შექმნილ აჟიოტაჟსა და მოსახლეობის მათ წინააღმდეგ განწყობაში ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს. აღნიშნულს უკვე თავად იორდანიშვილის განმარტება მოსდევს, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობამდე კომპანიამ წელიწადნახევრის განმავლობაში მოსახლებასთან საჯარო განხილვები ჩაატარა.

“თვეები გრძელდებოდა მილსადენის შეტანა და არავის პროტესტი არ გამოუთქვამს, ამის შემდეგ ჩაერთვნენ უკვე რაღაც ძალები, ჩვენი ცნობილი არასამთავრობო კომპანიები. იმაზე კი არ არის მიმართული, რომ მოსახლეობას რამე პრობლემა ექმნება, არა, უბრალოდ ჩვენი გადასახლება, ჩვენი ამოწყვეტა, ჩვენ რაღაც უმცირესობა… ეს არის ყველაზე მეტად ყურადსაღები”, - ამბობს ის.

აღნიშნულს მომდევნო სიუჟეტი მოსდევს, სადაც წამყვანი ხაზგასმით ამბობს, რომ “ვიდრე გამოძიება დასრულდება ანალიტიკოსებს გაუჩნდათ ვერსია, რომ შესაძლოა პროცესი გარკვეული ძალების მხრიდან მართულიც კი იყოს”. წამყვანის ამ ტექსტს უკვე ჟურნალისტის განმარტება მოსდევს, რომ ანალიტიკოსები ადგილზე ვითარების ესკალაციის ორ ძირითად ვერსიას განიხილავენ - ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობის პარალელურად, ისინი საუბრობენ მიზანმიმართულ პროვოკაციაზე. ჟურალისტი ამბობს, რომ ანალიტიკოსებს ამის თქმის საფუძველს თელავში შს მინისტრთან მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, ხეობაში ვითარების უკიდურესად დაძაბვა აძლევთ და ისინი ვარაუდობენ, რომ ვიღაცას ამ მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგის დასრულება არ სურდა. სიუჟეტში კონკრეტული ძალა არ დასახელებულა, მინიშნება ზოგადად, გარეშე და შიდა ფაქტორებზე გაკეთდა.

⇒  23 აპრილი

პანკისის მოვლენებში “ნაციონალური მოძრაობის” და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების კვალზე უკვე მკაფიო განცხადებები “იმედზე” 23 აპრილის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გაკეთდა. თემაზე მომზადებული ერთ-ერთი სიუჟტის წარდგენისას, წამყვანი ამბობს, რომ “ექსპერტები არასამათავრობო ორგანიზაციების ერთ ნაწილს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებასა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში ადანაშაულებენ. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ ამის გამო დაიძაბა ხელოვნურად სიტუაცია ხეობაში, რასაც დაპირისპირებაც მოჰყვა”.

იმავე პათოსს იმერობს ჟურნალისტიც, რომელიც განმარტავს, რომ “ანალიტიკოსების დაკვირვებით, კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პანკისელები შეცდომაში შეიყვანეს და მიზანმიმართულად დააჯერეს, რომ ჰესების მშენებლობა მათი ჯანმრთელობისთვისა და ხეობისთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ არასამთვრობო ორგანიზაციების ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკით გამოირჩევა და სენსიტიური საკითხებით სპეკულირება, შესაძლოა, ეთნიკურ-რელიგიური შუღლის გაღვივებას ემსახურება”.

ამის შემდეგ მასალაში ვისმენთ ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი ანალიტიკოსის გია აბაშიძის შეფასებას, რომელიც ამბობს: “იქაური ადგილობრივი მედია თუ არასამთავრობო აქტივისტები, თამთა მიქელაძე, სულხან ბორძიკაშვილი და სხვები მიზანმიმართულად, ერთი წლით ადრე, როდესაც დაიწყო ამ მცირე ჰესის პროექტზე საუბარი, ავრცლებდნენ ისეთ ტყუილებს ადგილობრივ მოსახლეობაში, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. იყო ცრუ აღქმები და ცრუ მოლოდინები შექნილი, რაც ახასიათებს სამწუხაროდ არასამთავრობოთა ერთ ნაწილს, რომლებიც ქმნიან იმის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ქვეყანა ინგრევა, აპოკალიფტური მოვლენები ვითარდება, რაც როგორც წესი, ერთი-ერთში ემთხვევა ხოლმე პოლიტიკურ ნარატივებს, რომელიც ახასიათებს ნაც მოძრაობას… ერთი-ერთში ემთხვევა ზუსტად წინადადებებიც კი და რა არის “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დღის წესრიგი? ის, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია”.

აბაშიძის შეფასებას, კიდევ ერთი ანალიტიკოსის - ნიკოლოზ მეტრეველის კომენტარი მოსდევს, რომელიც პანკისში განვითარებულ მოვლენებში ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და “ნაციონალური მოძრაობის” კვალს ხედავს.

“რეალურად ისინი [არასამთავრობოები] უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან განსხვავებით, დღეს არიან დაკავებულნი პოლიტიკური საქმიანობით, ისინი არიან “ნაციონალური მოძრაობის” დანამატი და არასამთავრობო სექტორის საფარქვეშ ეწევიან ძალიან მავნებლურ საქმიანობას და მათი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ნებისმიერი გზით ქვეყანაში მოახდინონ დესტაბილიზაცია”, - ამბობს ის.

⇒  24 აპრილი

“ნაციონალური მოძრაობისა” და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებზე გაკეთდა აქცენტი 24 აპრილს “იმედის” მიერ პანკისის მოვლენების შესახებ მომზადებულ კიდევ ერთ სიუჟეტში. წამყვანმა აღნიშნა, რომ “ჰესის მშენებელ კომპანიაში პანკისში მომხდარი არეულობის უკან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ხედავენ…. ენერგეტიკული პროექტებისა და ინვესტორების მიმართ მიზანმიმართულ შეტევაზე აკეთებენ აქცენტს სფეროს ექსპერტებიც”. მასალიდან ასევე შევიტყვეთ, რომ ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის ლაშა იორდანიშვილის თქმით, “მოსახლეობასთან შეთანხმების შემდეგ სოფელში დეზინფორმაციის ტირაჟირება დაიწყო, რამაც მისივე განმარტებით 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებში დიდი წვლილი შეიტანა”. სიუჟეტში თავად იორდანიშვილი განმარტავს, რომ “ყველა ეტაპზე, როდესაც შეთანხმება იყო მიღწეული ჩნდებოდნენ ეს ცნობილი ტიპები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ მოსახლეობა გადაერწმუნებინათ და ეთქვათ, რომ ეს არის მცდარი, ტყული და ა.შ. ეს არის მაგალთად მწვანე ალტერნატივა, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, გადამცემ ხაზებს, ჰიდროელექტროსადგურებს და ჩვენი საკუთარი რესურსების ათვისებას, მათ ყოველთვის აქვთ პრობლემა და მთავარია, რომ ეს არ უნდა გაკეთდეს”.

მასალაში ცალკეული დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობს კიდევ ერთი ექსპერტი შოთა გულბანიც. ამის შემდეგ, უკვე ვისმენთ, რომ “მმართველი გუნდი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის შეფერხებაში არასათავრობო სექტორთან ერთად ოპოზიციასაც ადანაშაულებს. ოცნების დეპუტატები ოპონენტებს ახენებენ, რომ ხადორი 1 და ხადორი 2 სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს აშენდა შესაბამისად დღეს საკითხის არაკეთილსინდისიერი შეფასებები მიუღებელია”.

რა თქვა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა?
⇒ 22 აპრილი

პანკისის განვითარებულ მოვლენებში არასამთავრობო სექტორის ბრალეულობის შესახებ პირველი მინიშნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ინციდენტის შესახებ მეორე დღეს მომზადებული სიუჟეტშივე გაკეთდა. კერძოდ, ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტში ხაზი გაუსვა, რომ “პანკისელებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებაში ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა იორდანიშვილი მესამე სექტორს, კერძოდ კი “მწვანე ალტერნატივას” ადანაშაულებს”, რასაც უკვე თავად იორდანიშვილის კომენტარი მოსდევს, რომელიც ამბობს: “ეს იყო ის მესიჯები, რომლითაც კვებეს (უნდაჩ ჩვენი განადგურება, მოსპობა) ამ ადამიანებმა ეს მოსახლეობა, პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, არასამთავრობოებს ვაკისრებ - მწვანე ალტერნატივას”.

ამავე სიუჟეტში პანკისის პროცესის მესამე ძალის მიერ პროვოცირებაზე აკეთებს აქცენტს, გარმოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილიც, რომელიც ამბობს: “მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ძალები არიან არასწორად ჩართულები ამ პროცესში და ცდილობენ გარკვეული საკითხების პროვოცირებას”.

იმავე პათოსს ავითარებს, “განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილიც. მისი განმარტებით, ვერანაირი არგუმენტის გარემოს დამცველებისგან ვერ მოვისმინეთ თუ რა საფრთხეს ქმნის ეს პატარა ჰესი, აქედან გამომდინარე, ჩვენ დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ ეს პროცესები არის მართული”.

⇒  23 აპრილი

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 23 აპრილის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პანკისის საკითხთან დაკავშირებით, ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასება ე.წ. კადრ-სინქრონის სახით შემოგვთავაზა. ჟურნალისტმა განმარტა: “ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, პანკისის მოსახლეობას ჰესის მშენებლობაზე არასწორ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციები აქვდიან. მისი შეფასებით, არასამთავრობო სექტორის ნაწილის განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციას ემთხვევა. პანკისში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, აბაშიძე ხელისუფლების ბრალეულობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ შესაბამისი სტრუქტურები მათზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ”.

ამის შემდეგ გადაცემაში უკვე უშუალოდ გია აბაშიძის კომენტარს ვისმენთ, რომელიც 21 აპრილის პანკისის მოვლენებში არასამთავრობო სექტორსა და “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებს.

გია აბაშიძე: “პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობაში და საზოგადოებაში შეიქმნა ცრუ მოლოდინები და აღქმები გარკვეული არასაამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომ ეს ჰესები მავნეა ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის საშიშია, თუ სხვა მანიპულირებელი და ფეიკნიუსების გავრცელება. სამწუხაროდ ამაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა. კვირასაც და მას შემდეგაც მიმდინარეობდა არასამთავრობოების მიერ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის მცდელობა, თითქოს აქ ეთნიკურ-რელიგიურ ჭრილში უნდოდათ ამის გადატანა, მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირება და ათასი სხვა პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაციები, რომლებიც ერთი-ერთში ჩაჯდა “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგში და მათ პოლიტიკურ ნარატივებში, რომ ქვეყანა არის ჩამოშილი, არაფერი მუშაობს, აპოკალიფტური სურათია დახატული”.

⇒ 24 აპრილი

პანკსში განვითარებულ მოვლენების პოლიტიზებაზე მცირეოდენი აქცენტი გაკეთდა 24 აპრილს მაუწყებლის მიერ მომზადებულ ერთ-ერთ სიუჟეტშიც. ჟურნალისტმა განმარტა, რომ ექსპერტების შეფასებით, “ბოლო მოვლენებში პოლიტიკური ინტერესებიც იკვეთება”. აღშნისულს ეკონომისტ ვახტანფ ჭარაიას კომენტარი მოსდევს, რომელიც ამბობს, რომ “ხდება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რაც არ არის სწორი და აზიანებს ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას”.

შეჯამება
 
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მაუწყებლის მომზადებულ მასალებში ბრალდების ობიექტების საპასუხო პოზიციები წარმოაჩენილი იყო და ბრალდებების ცალხმრივად გაჟღერებას ადგილი არ ჰქონია, 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებში არასამთავრობო სექტორისა და ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებსა და დღის წესრიგზე ხაზგასმა, პრობლემის მათზე გადაბრალების მცდელობაზე მიანიშნებს. ამასთან, მსგავსი მიდგომა არ იძლევა მომხდარის სიღრმისეულად გაანალიზების, კვალიფიციური შეფასებებისა და პრობლემიდან რეალური გამოსავლის გზების ძიებისა და კრიზისის დარეგულირების პერსპექტივებს ამცირებს.

ვინ არის გია აბაშიძე?
 
ანალიტიკოსი გია აბაშიძე დამოუკიდებელი მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი გამოსვლებითა და განცხადებებით გამოირჩევა. ამასთან, ის აქტიურად აქტიურად აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორის ერთ ნაწილს და მათ “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგის გატარებაში ადანაშაულებს. რაც თავის მხრივ, მისი მხრიდან, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის შთაბეჭდილებას ქმნის.

აბაშიძემ, აპრილის დასაწყისში, მის მიერვე ჩატარებული კვლევის შედეგებიც გამოაქვეყნა, რომელშიც იგი 20 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” სიტუაციურ მოკავშირედ მოიხსენიებს.
კატეგორია - ეთიკა
21 აპრილს, პანკისში, სოფელ ბირკიანთან სადაც ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს, ადგილობრივებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - პანკისის მცხოვრებლებმა სპეცრაზმს ქვები და ხელკეტები დაუშინეს, სპეცრაზმმა კი მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პანკისში მომხდარი დაპირისპირება მაუწყებლების კვირის შემაჯამებელი გადაცემების მთავარი თემა იყო. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ თემაზე რამდენიმე სიუჟეტი მოამზადეს, შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ მათი გადამღები ჯგუფები.

მიუხედავად იმისა, რომ ამბავი ერთი იყო, მაუწყებლების მიერ მომზადებული მასალების აქცენტები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა. ამას სიუჟეტებსა და ჟურნალისტების ჩართვებში გამოყენებულ კადრებსა და თემის კომენტირებისთვის შერჩეულ რესპონდენტებზე დაკვირვება ცხადყოფს.  რაც ყველას აერთიანებდა, ეს იყო ჩართვა საავადმყოფოდან დაშავებულების მდგომარეობის შესახებ და სამედიცინო პერსონალის კომენტარები. 

⇒  დრო

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კვირის შემაჯამებელ გადაცემაში  პანკისში მომხდარი ამბების გაშუქებას დაახლოებით 36 წუთი დაუთმო, "იმედმა" -25 , "რუსთავი 2-მა" კი ერთი საათი (აქედან პირველი 50 წუთი იყო სხვადასხვა სიუჟეტები პანკისის თემაზე და ამ თემას წამყვანი დაუბრუნდა გადაცემის ბოლოსაც, მაშინ როდესაც მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჩართო პირდაპირ ეთერში.  ჩართვის პირველი 10 წუთი მიხეილ სააკაშვილი პანკისში მომხდარის შესახებ საუბრობდა).

  კადრები

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამბის თხრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებით დაიწყო. პირველივე კადრები, რაც თემის წარდგენისას წამყვანის შესავლის პარალელურად გადიოდა ეთერში, აჩვენებდა როგორ დაუშინეს ქვები ადგილობრივებმა სპეცრაზმს. ეს კადრები განმეორდა გადაცემაში მაშინაც, როდესაც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტი ყვებოდა, რა მოხდა ამ დღეს პანკისში, უფრო კონკრეტულად, საუბრობდა ადგილობრივებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე. მართალია წამყვანმა თქვა, რომ სპეცრაზმმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, თუმცა, ამის ამსახველი ვიდეომასალა სიუჟეტში არ გვინახავს. 

alt


ყველა ის ვიდეომასალა, რაც „ახალმა კვირამ“ ამბის თხრობისთვის გამოიყენა, გვაჩვენებდა ადგილობრივების თავდასხმას სპეცრაზმზე და შსს-სა და სამშენებლო კომპანიის ცეცხლმოკიდებულ ტექნიკას. არც რეზინის ტყვიები, არც სპეცრაზმის მხრიდან სროლის ამსახველი კადრები, რისი გადაღების საშუალებაც ჰქონდათ ჟურნალისტებს, რადგან ჩანდა ამავე თემაზე სხვა მედიასაშუალებების პირდაპირ ეთერებში, „ახალი კვირის“ მაყურებლისთვის არ უჩვენებიათ.

ასევე ადგილობრივების მიერ სპეცრაზმისთვის ქვებისა და ჯოხების დაშენის კადრებით დაიწყო თემაზე საუბარი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში განსხვავებით საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, „იმედმა“ სპეცრაზმის მხრიდან ადგილობრივების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე გაცილებით მკვეთრი აქცენტი გააკეთა, კადრში ჩანდა ტელეკომპანიის ჟურნალისტიც, რომელსაც ცრელმსადენი გაზის გამო საუბარი უჭირდა. თუმცა, „ახალი კვირის“ [საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა] მსგავსად, როგორ უშენდა სპეცრაზმი ადგილობრივებს რეზინის ტყვიებს, ეს კადრები არც „იმედის კვირაში“ ["იმედის" გადაცემა] გვინახავს.


alt

„რუსთავი 2-მა“ ამბის წარდგენისას დაპირისპირების ის კადრები გამოიყენა, სადაც ორივე მხარის მიერ გამოყენებული ძალის შესახებ ჩანდა - როგორ უშენდნენ ადგილობრივები სპეცრაზმს ქვებსა და ურტყამდნენ ხელკეტებს და როგორ ისროდა სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს. ჟურნალისტის ჩართვა კი იმ მასალის ჩვენებით დაიწყო, რაც ამ დაპირისპირებას ასახავდა - ცრემლსადენი გაზის ყუმბარები, გილზები, ქვები, ხელკეტები, რეზინის ტყვიები.


alt


  რესპონდენტები

იმ 36 წუთის განმავლობაში, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პანკისში მომხდარი ამბების გაშუქებას დაუთმო, ეთერში 15 რესპონდენტის კომენტარი მოვისმინეთ. მათგან, 5 იყო მთავრობის წარმომადგენელი, 6 ადგილობრივი და 2 არასამთავრობო სექტორიდან (სახალხო დამცველი, EMC). სიუჟეტის დასაწყისში 2 რესპონდენტს მოვუსმინეთ დაშავებულების მდგომარეობის შესახებ (საგანგებო სიტუაციების სამსახური და საავადმყოფოს დირექტორი).

  • გიორგი გახარია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • მაია ცქიტიშვილი - ვიცე პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი;
  • ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • ქეთევან ციხელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
  • სოზარ სუბარი - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი.
სოზარ სუბარი სიუჟეტებში რამდენჯერმე გამოჩნდა. გადაცემის ბოლოს კი იგი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში პასუხობდა წამყვანის კითხვებს. საუბარი ძირითადად ეხებოდა ადგილობრივებთან შეხვედრების დეტალებსა და ჰესების საჭიროებას.

პანკისის თემაზე „ახალ კვირაში“ საუბარი ისე დასრულდა, რომ არ მოგვისმენია არცერთი ექსპერტის მოსაზრება პანკისში ჰესის მშენებლობის შესახებ, ვერც ის გავიგეთ, რა ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს და არ მოგვისმენია რა წერია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში.

საქართველოს მთავრობიდან ზუსტად იგივე ჩინოვნიკების კომენტარები მოვისმინეთ „იმედის“ გადაცემაშიც, თითქმის იგივე თანამიმდევრობით.

  • გიორგი გახარია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • სოზარ სუბარი - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი;
  • ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • ქეთევან ციხელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
  • მაია ცქიტიშვილი - ვიცე პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი.
„იმედის“ სიუჟეტიდან მოვისმინეთ შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის კომენტარიც, რომელიც პანკისში იმყოფებოდა. მასალაში ადგილობრივების კომენტარები არ ყოფილა.

პირველი სიუჟეტის შემდეგ, „იმედზე“ მეორე რეპორტაჟი დაიწყო თემაზე უსაფრთხოა თუ არა „ხადორი 3“, - ჰესი, რომლის მშენებლობის გამოც პანკისში დაპირისპირება მოხდა. ამ თემაზე ჰესის მშენებელი კომპანიის შპს „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი, გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი, ჰიდროლოგი - ლევან ვეფხვაძე და ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობდნენ. ყველა მათგანი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რამდენად უსაფრთხო და საჭიროა ქვეყნისთვის პატარა ჰესების მშენებლობა.

ჯამში იმედმა 12 რესპონდენტის კომენტარი შემოგვთავაზა, მათგან, 6 -მთავრობის წარმომადგენელი იყო, 1- მშენებელი კომპანიის, 3 - სპეციალისტი (გეოლოგი, ჰიდროლოგი, ენერგეტიკოსი) და დირექტორი თელავის საავადმყოფოდან.

„რუსთავი 2-მა“ თემის განხილვა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კომენტარებით დაიწყო. განსხვავებით „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, „რუსთავი 2-ზე“ ნაკლებად ჩანდნენ მთავრობის წარმომადგენლები, თუმცა, მოვისმინეთ 6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის შეფასება.

მთავრობიდან „რუსთავი 2-მა“ მაყურებელს გიორგი გახარიას, მისი მოადგილის (ეს იყო ფრაგმენტი ადგილობრივებთან საუბრიდან) და ენერგეტიკული ფონდის განვითარების ხელმძღვანელის გიორგი ჩიქოვანის მოსაზრება შესთავაზა.

„რუსთავი 2-დან“ ყველაზე ხშირად ადგილობრივების კომენტარები ისმოდა. პირველი 50 წუთის განმავლობაში, ვიდრე თემაზე მომზადებული სხვადასხვა სიუჟეტები გადიოდა, ეთერში 16-მდე ადგილობრივისა და აქტივისტის (ლუიზა მუთოშვილი, სულხან ბორძიკაშვილი, შენგელ ტოხოსაშვილი) პოზიცია მოვისმინეთ, რომლებიც ყვებოდნენ, რატომ დაუპირისპირდნენ სამართალდამცველებს და რატომ ეწინააღმდეგებიან ჰესის მშენებლობას.

მხოლოდ „რუსთავი 2-მა“ შესთავაზა მაყურებელს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები, რომლებიც გარემოს თემებზე მუშაობენ: მწვანე ალტერნატივა და მწვანეთა მოძრაობა.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა წარმომადგენლები ამ დღეს ბრიფინგებს მართავდნენ, „რუსთავი 2-ზე“ მოვუსმინეთ შემდეგ პოლიტიკოსებს:

  • გრიგოლ ვაშაძე - ენმ;
  • გიგი უგულავა - ევროპული საქართველო;
  • ნინო გოგუაძე - თავისუფალი დემოკრატები;
  • თაკო ჩარკვიანი -კანონი და სამართალი;
  • ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა;
  • შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია.

     alt
კატეგორია - ეთიკა

15 აპრილს, საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, იგივე ნოტრ-დამში, გაჩენილი ხანძარი მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. არაერთი მასალა მომზადდა ქართულ მედიაშიც. ამბავს დეზინფორმაციის ნაკადიც მოჰყვა და ამას გვერდი ვერც ქართული საიტების ნაწილმა აუარა.

ნოტრ-დამის ტაძარის ხანძარზე გავრცელებულ დეზინფორმაციებს შორის, ყველაზე სახიფათო ქსენოფობიური შინაარსის მასალები იყო.

altსაიტებზე: timenews.ge, batumelebi.cc, siaxleebi.club, www.newposts.cc, www.itar.ge, otime.ge გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოტრ-დამის დაწვას მუსლიმები ზეიმობდნენ და ამას, სოციალურ ქსელში ალმოდებული ტაძრის ვიდეოებზე სიცილის ემოციის დართვით გამოხატავდნენ. ტექსტებს საიტებმა სოციალური ქსელიდან აღებული ფოტოასლები (სქრინშოთები) დაურთეს.

საუბარია ფრანგულ მედია BRUT-ის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე, რომელსაც 10 000-მდე რეაქცია აქვს, მათგან 7 000-ზე მეტი დამწუხრებული, 54 კი სიცილის ემოციაა. “მედიაჩეკერმა” სიცილის ემოციის გამომხატველი პირების პროფილები გადაამოწმა, მათი ნაწილი, გაზიარებული ინფორმაციის ანალიზით, ყალბი გვერდის შთაბეჭდილებას ტოვებს (არის ახლად შექმნილი, ან საერთოდ არ აქვს სახელი და გვარი). იმ პროფილებზე კი, რომლებიც ნაკლებად გავს ყალბს, ერთი შეხვით რელიგიური აღმსარებლობა რთულად დასადგენია. ამავე დროს, 10 000-იან აქტივობაში (მოწონების, სევდის და ა.შ. მანიშნებელი), მხოლოდ 54 ღიმილის ემოცია არ იძლევა ცალსახად იმის მტკიცების საფუძველს, რომ მუსლიმებმა ნოტრ-დამის დაწვა იზეიმეს.

 

alt



“მუსლიმებისა და “თანამედროვე ბარბაროსების” სიხარული პარიზის ტაძრის გამო” - ამ სათაურით გამოაქვეყნა kvira.ge-მ ფოტო, რომელშიც ალმოდებული ტაძრის ფონზე ორი უცნობი ადამიანი ჩანს. იგივე ფოტოს Alia.ge-ც აქყვეყნებს და წერს, რომ ასეთი რეაქცია აქვთ მუსლიმ მიგრანტებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარზე.

altგამოცემები იუწყებიან, რომ ამის შესახებ უცხოური მედია წერს. თუმცა, სტატიებში არ ჩანს, კონკრეტულად რომელ გამოცემებს ეყრდნობიან. მხოლოდ ამ ფოტოზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ისინი მუსლიმები არიან, ასევე, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ უცნობი პირების ემოციის მიზეზი ნოტრ-დამში გაჩენილი ხანძარია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრიდან მეორე დღეს გავრცელდა მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს, დამწვარ ტაძარში ახალგაზრდები ცეკვავდნენ.

16-17 აპრილს ნახანძრალ ნოტრ-დამში მოცეკვავე ახალგაზრდების შესახებ მცდარი ინფორმაცია და ვიდეო გამოაქვეყნეს გვერდებმა: timenews.ge, newposts.cc, progressnews.ge და gsport24.com . ვიდეო ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. სინამდვილეში, ვიდეო, რომელიც ამ ამბავს ერთვის, 2016 წელს არის გადაღებული და მასში ასახულია არა ნოტრ-დამში, არამედ ასევე  საფრანგეთში მდებარე სენტ-ვინსენტის ტაძარში ახალგაზრდების ცეკვის კადრები.

 

alt


ქსეონოფობიურ შინაარსთან საერთო არაფერი ჰქონდა, მაგრამ, არაზუსტი იყო ერთ-ერთი ფოტოც, რომელიც ასევე ნოტრ-დამის ხანძრის შესახებ გავრცელდა რამდენიმე გვერდსა და საიტზე და აქტიურად გვხვდებოდა სოციალურ ქსელში სხვადასხვა პიროვნებების კედლებზეც. ეს არის ფოტო, რომელზაც ჩანან მეხანძრე-მაშველები ერთ-ერთი რელიკვიით ხელში.

აღნიშნული ფოტო 16 აპრილს ონლაინ გამოცემა ipress.ge-მაც გამოაქვეყნა. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ფოტო, რომელიც სტატიას ახლავს, სოციალურ ქსელებში ფრანგმა მომხმარებლებმა გაავრცელეს, დიდი ინფორმაციული ნაკადის გამო კი, მათ ფოტომასალის გადამოწმების საშუალება არ მიეცათ და ის პარიზის ტრაგედიის ამსახველ კადრად მიიჩნიეს. ამავე მასალაში ისიც არის განმარტებული, რომ ფოტო, შესაძლოა, იტალიაში მომხდარ მიწისძვრას ასახავდეს.

alt


სინამდვილეში ეს ფოტო 2009 წელს იტალიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს არის გადაღებული. 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ მაშინ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უამრავი შენობა დაანგრია.


alt

------

პარიზის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს, გოთიკური არქიტექტურის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშს - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, იგივე ნოტრ -დამს, რომელსაც 9 საუკუნოვანი ისტორია აქვს, ცეცხლი 15 აპრილს, საღამოს გაუჩნდა. ხანძარი სწრაფად გავრცელდა, შედეგად ისტორიული ტაძრის ცნობილი სამრეკლო სრულად განადგურდა.

ხანძარს ასობით მეხანძრე-მაშველი რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა. ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი და საგანძური განადგურებას გადაურჩა. საფრანგეთის მთავრობამ ტაძრის რეკონსტრუქციისა და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების პირობა დადო. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ტაძრის განახლებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

კატეგორია - ეთიკა


13 აპრილის შაბათის კურერის ერთ-ერთი სიუჟეტი აჭარის რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გაფლანგვას ეხებოდა. წამყვანის შესავალის სიტყვის მიხედვით, მასალიდან უნდა გაგვეგო, როგორ ფლანგავს ხელისუფლება ჩვენს ფულს და როგორ გადაყარეს მილიონობით ლარი წყალში.  მასალაში მძიმე ბრალდებები იყო, თუმცა, ადგილობრივი ოპოზიციისა და რამდენიმე მკვიდრის კომენტარის გარდა, სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები არ გვინახავს. 

წამყვანის ტექსტი: “პროექტების სია გრძელია, მაგალითად, დიდი ფული ხელისუფლებამ დანიური ძროხების შესაძენად დახარჯა, ხალხი ხულოში დაარწმუნა, რომ მათი ხსნა იყო, რომ ერთ დღეშ 20 ლიტრ რძეს მიიღებდნენ, გაყიდდნენ და სიღარიბეს დაძლევდნენ, მაგრამ ხალხი უფრო დაზარალდა. ჩამოყვანისთანავე პირუტყვი ავად გახდა, ზამთარში მწვანე ბალახს ითხოვდნენ და გადასხმებიც კი დასჭირდათ, ამისთვის დიდი ფული დახარჯეს, მაგრამ ძროხები მაინც ვერ გადაარჩინეს. ძროხები დაიხოცა, ფული წყალში ჩაიყარა, ეს კიდევ ზღვაში წვეთია, იმ დაუდევრობებთან და უნიათობასთან შედარებით, რომელიც ოპოზიციამ გამოიძია, შემდეგ კი ეკა გაგუამ კარდაკარ ჩამოიარა და ყველაფერი სპეციალურად შაბათის კურიერისთვის გადაიღო”.

ჟურნალისტი მასალაში რამდენიმე პროექტზე ამახვილებს ყურადღებას, რომლისთვისაც, როგორც თავადვე განმარტავს, ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, სამუშაოები არ შესრულდა და ფული გაურკვეველი მიმართლებით გაქრა.

მოდით, თითოეული ცალ-ცალკე განვიხილოთ:

შენობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

ჟურნალისტი ამბის თხრობას, ჩაქვში, 10 სოციალურად დაუცველისთვის შენობის გასარემონტებლად გამოყოფილი თანხის გაფლანგვით იწყებს და განმარტავს, რომ ძველი ნაგებობის რეაბილიტაციისათვის, სადაც დევნილები უნდა შეესახლებინათ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარი გამოიყო, თუმცა “ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო. გამოყოფილი თანხა კარ-ფანჯრების შეცვლაში დაიხარჯა, რომელიც დღეს უკვე გადასაყრელია, შენობა კი არა მარტო საცხოვრებლად არის უვარგისი, არამედ აქ შესვლაც კი სახიფათოა. სახურავი არ არსებობს, კედლები კი ინგრევა”.

აღნიშნულს სიუჟეტში არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრი - ანრი გუბაევი ადასტურებს, თუმცა ყოველგვარი თვალსაჩინო მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ სიტყვიერად:. “ტყუილად არის გადაყრილი 100 000, ის ხალხი ისევ დაუკმაყოფილებელია. მეტსაც გეტყვით, ის პიროვნება, რომელიც ამ პროექტს ხელმძღვანელობდა, დააწინაურეს და ბათუმში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს”.

მასალიდან ისიც გავიგეთ, რომ შენობა, სადაც 10 სოციალურად დაუცველს უნდა ეცხოვრა, ადგილობრივების ინფორმაციით, ნარკომომხმარებლების თავშესაფრად არის ქცეული: “აქ კრიმინალურ სამყაროსთან კავშრში მყოფი პირების თავყრილობები იმართება და კონფლიქტის მიზეზიც არაერთხელ გამხდარა”.


დანიური ძროხების გამრავლების პროექტი

მეორე საკითხი, სადაც ჟურნალისტი, სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლნაგვის კონტექსტში საუბრობს, მაღალმთიან აჭარაში ე.წ. დანიური ძროხების ჩამოყვანის პროექტია, რომლისთვისაც გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი, როგორც ჟურნალისტი ამბობს, “წყალში გადაიყარა”, ხალხი კი დაზარალდა.

ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ წარმომადგენლის მტკიცებით, “ხელისუფლებამ დანიურ ძროხებზე დიდი ფული გააკეთა, კომპანია, რომელმაც ხულოში დანიური ძროხები ჩამოიყვანა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან დაახლოებულ პირს ეკუთვნის”.

ამის შემდეგ, უკვე თავად ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი ჯორბენაძის კომენტარს ვისმენთ, რომელიც ამბობს, რომ აჭარელი ხალხის მიერ შექმნილი დოვლათი, “მინისტრის ან მისი ოჯახის წევრისა და ახლობლის ჯიბეში” მიედინებოდა.

ან ნაწილში, გარდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი მსჯელობისა, მის მიერ გაჟღერებული ბრალდებების დამდასტურებელი ვერანაირი მყარი არგუმენტი და დოკუმენტი ვნახეთ.

შეუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები სარფში

კიდევ ერთი საკითხი სარფში დაუსრულებელ ინფრასტრუქტურილ პროექტს ეხება, რომლის მოსაგვარებლადაც, როგორც სიუჟეტიდან გავიგეთ, 58 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან გამოიყო.

“ამ ფულით აქ კილომეტრნახევარზე სანაპირო უნდა მოეწყოთ, გზა გაეფართოვებინათ და სარფი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გაეხადათ. დაწყებული მშენებლობა მალავე შეჩერდა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ფული შეიჭამა, ფართო გზის ნაცვლად კი ახლა ის გზაც წყალს მიაქვს, რომლითაც წლებია სარგებლობენ”, - ამბობს ჟურნალისტი.

მისი ამ მსჯელობის გასამყარებლად, სიუჟეტში მხოლოდ ერთი ადგილობრივი მკვიდრის და კვლავ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ქენან კახიძის კომენტარია შემოთავაზებული, რომელიც ამბობს, რომ ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, სარფში გზის პრობლემის მოსაგვარებლად 60 მლნ ლარამდე გამოიყო, რომელიც არამიზნობრივად დაიხარჯა, “შეჭამეს რა, გააქრეს”.

სპორტული ბაზის მშენებლობა ქობულეთში

მასალიდან ასევე ვიგებთ, რომ პასუხი არ არსებობს კიდევ ერთ პროექტზე - ქობულეთის სპორტკომპლექსზეც, რომლის მშენებლობისთვისაც, როგორც ჟურნალისტი ამბობს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო, ფული დაიხარჯა, მერიამ სამუშაო ჩაიბარა, თუმცა მას შემდეგ სპორტკომპლექსი დახურულია და რაც გაკეთდა, ისიც ფუჭდება.

ჟურნალისტი ამ შემთხვევაშიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრს რევაზ ხარაზს იმოწმებს, რომელიც ამბობს, რომ სპორტკომპლექსის მშენებლობაზე ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ნახევარი მილიონი ლარი მოიპარა.

ახალი ბულვარის მშენებლობა

ბოლო მაგალითი, რომელიც სიუჟეტში ბიუჯეტიდან გაფლანგული თანხების საილუსტრაციოდ არის მოყვანილი ახალი ბულვარის მშენებლობის პროექტია. ამ ამბავსაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ.

ჟურნალისტი განმარტავს, რომ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კორუფციულ სკანდალზე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე საუბრობს. იგი ამბობს, რომ ბათუმის ბულვარის გაფართოებისთვის 2012 წლამდე დიდი თანხები უკვე გამოყოფილი იყო, რომლის ფარგლებშიც, ბათუმის ბულვარი გონიოს ციხემდე უნდა გაგრძელებულიყო, ხიდი აშენებულიყო და ახალი ტურისტული მარშრუტი გაჭრილიყო.

“ფული გაქრა ბულვარი კი ისევ იქ მთავრდება, სადაც მანამდე”, - ამბობს ჟურნალისტი.

აღნიშნულს უკვე თავად ლევან ვარშალომიძის ასევე მხოლოდ სიტყვიერი მსჯელობა მოსდევს. იგი ყოველგვარი დოკუმენტებისა და სხვა სარწმუნო ფაქტების გარეშე ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ახალი ბათუმის მშენებლობაზე უარის თქმა გადაწყვიტა. “ბოლო 7 წლის განმავლობაში აჭარაში უნდა შემოსულიყო 3 მილიარდი ინვესტიცია, რომელიც კონკრეტულად აისახებოდა აჭარის მოსახლეობაზე”,-. ამბობს ვარშალომიძე და იქვე განმარტავს, რომ აჭარა კორუფციის თვალსაზრისით რეგიონებში პირველ ადგილზეა.

ჟურნალისტი კი არც იმის დაზუსტებას ცდილობს, კონკრეტულად რა დოკუმენტებზე ან ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს ვარშალომიძე კორუფციულ მაჩვენებლებზე და არც იმის განმარტებას ითხოვს, რა სტატისტიკის ან მონაცემის გათვალისწინებით დათვალა მან პოტენციურად დაკარგული 3 მილიარდის მოცულობა. უფრო მეტიც, ჟურნალისტი თავის სიტყვაში კვლავ ვარშალომიძეს იმოწმებს და განმარტავს, რომ მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” უარი ამ პროექტზე მხოლოდ კორუფციის გამო თქვა” და რომ რეგიონში ქრთამს არა მხოლოდ გავლენიანი საჯარო მოხელეები, რიგითი ჩინოვნიკებიც იღებენ.

ჟურნალისტი უფრო შორსაც მიდის და ხაზგასმით აღნიშნავს: “ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლისთვისაც ხალხის ფული გამოიყო და არ შესრულდა, თანხები გაუგებარი მიმიართულებით გაქრა. ოპოზიციაც და მოსახლეობაც დარწმუნებულია, რომ ეს მიმართულება ხელისუფლების წარმომადგენლების ჯიბეებისკენ მიდის, შედეგი კი ნულოვანია”.

შეჯამება
 
სიუჟტში ხელისუფლების მისამართით ხუთი გაჟღერებული ბრალდებიდან ფაქტობრივი დასაბუთება ვერცერთ მათგანზე ვნახეთ. ინფორმაციის მთავარი წყარო ყველა შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ცხადია, საკუთარი გაცხადებული პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და მმართველი გუნდის კრიტიკისთვის არც მყარი, დოკუმენტურად დასაბუთებული არგუმენტებისა თუ მტკიცებულებების წარმოჩენა ევალებათ.

განსხვავებული ვალდებულება და პასუხისმგებლობა აკისირია მედიას. მისი მთავარი დანიშნულებისა და ფუნქციის გათვალისწინებით, ის ვალდებულია, რომ საზოგადოებას, ზუსტი, ფაქტებითა და დამაჯერებელი არგუმენტებით გამყარებული ინფორმაცია მიაწოდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მის რეალურ დანიშნულებას სცდება და მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებისა გამტარებლად და რუპორად იქცევა. ეს კი კეთილსინდისიერი, ეთიკური, სტანდარტებზე და ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის ჩარჩეობის მიღმაა.
კატეგორია - ეთიკა
„MAN-ის ავტობუსების საჭეს ქალებსაც ანდობენ“ - ამ სექსისტური სათაურით გამოქვეყნდა სტატია 10 აპრილს „საქართველოს მედია ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შემავალ საინფორმაციო სააგენტოს „ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის“(GBC) გვერდზე. მასალის სათაურში აქცენტი იმაზე, რომ ავტობუსების საჭეს „ქალებსაც ანდობენ“, ამყარებს გენდერულ სტერეოტიპს, თითქოს ქალი ცუდი მძღოლია და მითუმეტეს, ის არ შეიძლება იყოს ავტობუსის მძღოლი.

გამოცემა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ მძღოლის პოზიციაზე ქალთა დასაქმების შესახებ წერს და მკითხველს ამცნობს, რომ იზრდება ავტობუსების ქალი მძღოლების რაოდენობა, შესაბამისი სასწავლო კურსი 25-მა ქალმა გაიარა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ცალსახად აღნიშნავს, რომ მედია უნდა მოერიდოს ამბის მონაწილე პირთა სქესის აღნიშვნას, როდესაც ის რაიმე დამატებით ინფორმაციას არ აძლევს აუდიტორიას. ასევე, ქარტია მოუწოდებს მედიებს, არ მიანიჭონ „ქალურისა“ და „კაცურის“ იარლიყი რომელიმე პროფესიას თუ ქმედებას და არ გააშუქონ ამბავი ისე, რომ გენდერული როლების შესახებ საზოგადოებაში არსებული არასწორი წარმოდგენები გაძლიერდეს.

“მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას. ყურადღებით იყავით, რომ თქვენი მასალა არ აძლიერებდეს სოციუმში გავრცელებულ მოსაზრებას ქალის და კაცის როლის შესახებ”,- ვკითხულობთ დოკუმენტში.
კატეგორია - ეთიკა
9 აპრილს ტელეკომპანია იმედის გადაცემას „პირისპირ“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სტუმრობდა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტელეეთერით ეს მისი პირველი ინტერვიუ იყო. ბიძინა ივანიშვილის სხვა ინტერვიუებისგან, (მაგ.: მისი ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაკა ცინცაძესთან) განსხვავებით ამ გადაცემაში წამყვანი ცდილობდა, სტუმარი არ ყოფილიყო მონოლოგის რეჟიმში და საკუთარი სურვილისამებრ არ წარემართა ინტერვიუს პროცესი, თუმცა, ზოგ შემთხვევაში მას უჭირდა ოპონირება და გარკვეული ფაქტების დაზუსტება, იმისათვის, რომ მაყურებელი შეცდომაში არ შესულიყო და სტუმარს მანიპულაციის საშუალება არ ჰქონოდა.

ასეთი შთაბეჭდილება განსაკუთრებით სასამართლოს თემაზე საუბრის დროს შეიქმნა. მართალია, მოსამართლე მურუსიძეზე საუბრისას გადაცემის წამყვანმა არ მისცა სტუმარს საშუალება, რომ ეს გვარი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწეულად წარმოეჩინა და შეახსენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მურუსიძის გვარი სანდრო გირგვლიანის საქმესთან ასოცირდება, მაგრამ გაუჭირდა არგუმენტირებული ოპონირება შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით. ამან კი სტუმარს მანიპულაციის საშუალება მისცა.

უფრო კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილმა გირგვლიანის საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე ამ საქმეში მთავარ დამნაშავედ წარმოაჩინა და განაცხადა, რომ საზოგადოებაში შავგულიძის გმირად წარმოჩენა არასწორია. მისი თქმით, „ეს მან [შალვა შავგულიძემ] არ გაასაჩივრა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში და პირდაპირ უზენაეს სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რითაც მურუსიძეს აღარ ჰქონდა საშუალება საქმე განსახილველად პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა“. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა შალვა შავგულიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში დაადანაშაულა.

altწამყვანს არც სტუმრისა და არც მაყუებლისთვის არ შეუხსენებია, რომ რეალურად, 2006 წელს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო, მოეთხოვა მსჯავრდებულის ქმედებისთვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც საქმის გამოძიებაში დაბრუნება დანაშაულში სხვა პირთა სამხილებლად. ეს ფაქტი ინტერვიუს შემდეგ თავად შალვა შავგულიძემ განმარტა. შესაძლოა ამგვარი სამართლებრივი დეტალი უცნობი ყოფილიყო გადაცემის წამყვანისთვის, თუმცა, ვინაიდან გირგვლიანის მკვლელობა ერთ-ერთი გახმაურებული საქმეა, წამყვანი ამ თემაზე გაცილებით მომზდებული უნდა ყოფილიყო.

სასამართლოს თემაზე საუბრისას წამყვანმა სტუმარს ასევე მისცა საშუალება ეჭვქვეშ დაეყენებინა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სანდოობა და მისი ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის დისკრედიტაცია მოეხდინა.

საუბარია ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე სასამართლო სისტემის შესახებ. ბიძინა ივანიშვილი ამ კვლევის შედეგებს საერთაშორისო კვლევების შედეგებს ადარებდა და ამბობდა, რომ ამ კვლევების მიხედვით ძალიან მაღალია საზოგადოების ნდობა სასამართლოსადმი, რასაც სრულიად ეწინააღმდეგება „კაპიტანი გიგაურის მიერ გამომცხვარი კვლევა“. წამყვანი არ შეკამათებია და არ მოუყვანია ასევე არაერთი საეთაშორისო ანგარიში, სადაც ქვეყანაში მართლმსაჯულების მძიმე მდგომარეობასა და სასამართლოსადმი დაბალ ნდობაზეა ლაპარაკი.

altგარდა ამისა, „კაპიტანი გიგაური“ - სწორედ ასე ახსენებდა ორგანიზაციის დირექტორს ეკა გიგაურს ბიძინა ივანიშვილი მთელი ინტერვიუს განმავლობაში. იქამდეც, ვიდრე ამ კვლევებს ახსენებდა, ეკა გიგაური გადაცემის სტუმარმა მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან კავშირში ახსენა და მის შესახებ თქვა: „საერთაშორისო გამჭვირვალობა, მე მგონი, სადაც გიგაურია, ის კაპიტანი გიგაური, რომელმაც 26 მაისის დარბეული (გულისხმობდა აქციის დამრბევებს. რედ) ხალხი დააჯილდოვა და დღეს ჩვენ ენჯეოდ წარმოგვიდგება“.

წამყვანს კი მის ამგვარ მოხსენებაზე რაიმე კომენტარი არცერთხელ არ გაუკეთებია. მას არც ის ფაქტი დაუზუსტებია სტუმრისა და მაყურებლისთვის, რომ ეკა გიგაურის სახელს 7 ნოემბრის აქციასთან კავშირში ახსენებდნენ და არა 26 მაისის, ვინაიდან ამ დროს იგი უკვე აღარ მუშაობდა სასაზღვრო უწყებაში და საერთაშორისო გამჭვირვალობის დირექტორი იყო. გარდა ამისა, მისი ბრალეულობა სასამართლომ არც 7 ნოემბრის აქციის დარბევაში დაადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერიდან ისმის მსგავსი ბრალდებები და დისკრედიტაციის მცდელობა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მისამართით. ამგვარი პათოსის სიუჟეტი გავიდა არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 5 აპრილსაც, იმ დღეს, როდესაც ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. მასალის მთავარი ფოკუსი მაშინაც იყო არა ის, რა აჩვენა კვლევამ, არამედ რამდენად სანდოა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ჩატარებული კვლევები და რამდენად სწორად იყო დასმული კითხვები.

ბიძინა ივანიშვილს მანიპულაციის საშუალება ჰქონდა ყოფილი თანაგუნდელების გუნდიდან წასვლის თემაზე საუბრის დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ცდილობდა მისგან მოესმინა კონკრეტული პასუხი კითხვაზე, რა მიზეზით გადაწყვიტეს გუნდის ყოფილმა წევრებმა წასვლა, ბიძინა ივანიშვილი მთელი ინტერვიუს განმავლობაში ამბობდა, რომ ისინი „ღია კარების მტვრევით წავიდნენ, პოლიტიკოსებს არ ჰქონდათ წასვლის მიზეზი“, ასევე, მათაც ადანაშაულებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებაში.

ფაქტების დაზუსტებას ითხოვდა ინტერვიუს ის ნაწილი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაზე დაყრდნობით, მოსახლეობის გაღარიბებასა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შესახებ საუბრობდა. სიღარიბის ზრდა პარტიის თავმჯდომარემ საფინანსო სექტორში რეგულაციების არარსებობას დაუკავშირა. გარდა ამისა, მან თქვა, რომ მისთვის ტრაგიკული იყო, როდესაც გაიგო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყოფა გაუარესდა“, მაგრამ, 600 000 ადამიანისთვის სესხის განულებით „მათ მოახერხეს და 600 000 ადამიანი დაუბრუნეს ზომიერ ცხოვრებას“.

არც რეგულაციების არარსებობისა და სიღარიბის კავშირზე, არც სესხების განულებით ხალხის მდგომარეობის გაჯანსაღებაზე წამყვანს ოპონირება არ გაუწევია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე ახსენა. მსჯელობა, რეალურად რა შეცვალა რეგულაციებმა, გადაცემაში აღარ ყოფილა და შესაბამისად, მაყურებელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ სიღარიბის მთავარი გამომწვევი იყო სესხები და ჭარბვალიანობა, რასაც სხვა დროსაც ხშირად ახსენებს ხელისუფლება.

წამყვანის კითხვები არც სტუმრის შემდეგ ფრაზებს მოჰყოლია: „მედია თავისუფალია, განსხვავებით „ნაცებისგან“, ოპონირებაც შეიძლება, ბიზნესი თავისუფალია“...

კითხვა-პასუხი კიდევ ერთ საკითხზე, თიბისი ბანკის საქმეზე გადაცემის წამყვანსა და სტუმარს შორის ისე წარიმართა, რომ მაყურებელს დარჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ამ საქმეში მთავარი კითხვაა თუ რატომ დაიწყო ერთი კონკრეტული ტრანზაქციის შესახებ საქმის ძიება ამდენი წლის შემდეგ ეს მაშინ, როდესაც ამ საქმეზე ბევრი კითხვა და ეჭვი არსებობს, თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა ამ კითხვის ლეგიტიმაციაც ეჭვქვეშა დააყენა და თქვა, რომ დროის ათვლა უნდა დავიწყოთ არა ტრანზაქციის განხორციელებიდან, არამედ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლიდან.

ინტერვიუს ბოლოს ბიძინა ივანიშვილი შეეხო მედიის თემას, რომელიც მანამდე მხოლოდ გაკვრით ახსენა, თავისუფლების კონტექსტში. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ მედიაში გახშირდა ბილწსიტყვაობა, გინება (რაზეც ბოლო პერიოდში ასევე ისმის გარკვეული გზავნილები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერიდან. რედ), მდარე სერიალები, რამაც შეიძლება „საზოგადოების გამოთაყვანება“ გამოიწვიოს, ამიტომ მან კინოინდუსტრიის წარმოებას უნდა შეუწყოს ხელი და სერიალები დააფინანსოს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 1.40 საათიანი ინტერვიუს განმავლობაში წამყვანმა მეტ-ნაკლებად მოახერხა პარტიის თავმჯდომარისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის (როგორადაც ბიძინა ივანიშვილს ხშირად მოიხსენიებს ოპოზიცია და არამხოლოდ ოპოზიცია), თითქმის ყველა იმ საკითხზე დაესვა კითხვა, რაც ბოლო არჩევნებიდან (ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან) დღემდე საზოგადოებაში დაგროვდა. ცხადია, თემა ბევრი იყო და ჟურნალისტს შესაძლოა არ სცოდნოდა ყველა საქმის ყველა დეტალი. თუმცა, როდესაც წამყვანი გადაცემაში ასეთ სტუმარს იწვევს, მაყურებელში განსაკუთრებული მოლოდინი იქმნება და მან უნდა შეძლო აუდიტორიისთვის ამომწურავი, და რაც ყველაზე მთავარია, დაზუსტებული ინფორმაციისა და ფაქტების მიწოდება სტუმართან ოპონირების რეჟიმით. ამგვარი დისკუსიის ნაკლებობამ კი გადაცემის სტუმარს გარკვეულ თემებზე სპეკულაციის საშუალება მისცა, რამაც მაყურებელში არასწორი წარმოდგენების ჩამოყალიბების საფრთხე გააჩინა.
კატეგორია - ეთიკა
ონლაინ გამოცემა „კახეთის ხმამ“ (knews.ge) 31 მარტს გამოაქვეყნა სტატია სოციალურად დაუცველი ოჯახის არასრულწლოვნებზე. მასალას მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები არასრულწლოვნების არაერთი ფოტო ერთვის, გასაჯაროებულია მათი სახელები და საცხოვრებელი ადგილი. მასალაში არ ჩანს არასრულწლოვნების მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი, პასუხისმგებელი უწყებების დამოკიდებულება, ის საფრთხეები, რაც ბავშვებს ემუქრებათ, მსჯელობა, ვინ და რა ფორმით უნდა ჩაერთოს მსგავს შემთხვევებში იმისათვის, რომ დაცული იყოს მათი უფლებები და ზოგადად, რა არის საჭირო იმისათვის, რომ არასრულწლოვნებს ჰქონდეთ ნორმალურ გარემოში ცხოვრების საშუალება. ამ პრობლემებზე მსჯელობის ნაცვლად, სტატიით, რომლის გამოქვეყნების მიზანიც სავარაუდოდ ბავშვების დახმარება იყო, არასრუწლოვნები სიბრალულის ობიექტებად არიან წარმოჩენილი და მათი სტიგმატიზება ხდება.

სტატიის დასაწყისში ავტორი მკითხველს 5 წლის ბავშვს აცნობს, რომელიც, მისი თქმით, მიტოვებულია და თავის 4 მცირეწლოვან და-ძმასთან ერთად დახმარებას ითხოვს. შემდეგ კი ბავშვების ყოფა და მათი მძიმე საცხოვრებელი პირობებია აღწერილი. გასაჯაროებულია ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

მასალიდან ვიგებთ, რომ არასრულწლოვნები სკოლაში არ დადიან და ბავშვების დედა მათთან ერთად არ ცხოვრობს. თუმცა,სტატიაში არ ჩანს არასრულწლოვნებზე პასუხისმგებელი არცერთი პირი და, შესაბამისად, გაურკვეველია მეურვე ჰყავთ თუ სრულიად მარტო ცხოვრობენ ბავშვები. მასალაში არც იმის შესახებ არის ინფორმაცია, იცის თუ არა სოციალურმა სამსახურმა ან ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ ოჯახის შესახებ, რა სერვისებს სთავაზობს მათ სახელმწიფო, ვისი პასუხისმგებლობაა ბავშვების ამ მდგომარეობაში ყოფნა. მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, დაუკავშირდა თუ არა რომელიმე უწყებას, ან ბავშვების დედისგან თუ ეცადა ინფორმაციის მიღებას, მითუმეტეს, რომ ის ფაქტობრივად დადანაშაულებულია შვილების მიტოვებაში ( “შვილის დედა, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს, ბავშვებთან არ ცხოვრობს” - ტექსტი სტატიიდან. რედ.) და მათ სკოლიდან გამოყვანაში („ ძალიან მინდა სკოლაში სიარული, მაგრამ ტანსაცმელი არ გვაქვს. დედამ დირექტორს ელაპარაკა და ჩვენ სკოლიდან გამოგვიყვანა -  ტექსტი სტატიიდან. რედ.). 

გარდა ამისა, სტატიაში არსად არის ნახსენები, რომ ავტორმა მშობლისგან ან მეურვისგან არასრულწლოვნების გადაღებასა და ჩაწერაზე ნებართვა აიღო. თუმცა, ქარტიის „ბავშვთა საკითხების გაშუქების“ სახელმძღვანელო წესებში ცალსახად არის მითითებული, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა მშობლის ნებართვა არსებობს, მედიამ უნდა იმსჯელოს იმ შესაძლო რისკებზე, რაც ინფორმაციის გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს და დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესი.

„მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხიმგებლობისგან თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება. მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს. ზოგჯერ მშობლები ნაკლები ინფორმაციის, განათლების თუ უბრალოდ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ვერ იაზრებენ, რა საფრთხეების მომტანია მასალაში ბავშვის იდენტიფიცირება”.

გარდა ამისა, ქარტია მოუწოდებს მედიებს, რომ უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭონ ბავშვის ინტერესებს და მათ ქველმოქმედების ან მოწყალების მიმღებ ობიექტად წარმოჩენას მოერიდონ.

პირველ აპრილს, სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, „კახეთის ხმამ“ იმავე ამბავს მეორე მასალაც მიუძღვნა. გამოცემა იუწყებოდა, რომ სტატიას სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან “სწრაფი რეაგირება მოჰყვა და მცირეწლოვანი ბავშვების დედას მდგომარეობის გამოსასწორებლად 6 თვიანი ვადა მიეცა. თუ ამ პერიოდში ოჯახი ბავშვების განათლების, ჰიგიენისა და საკებზე წვდომის შესაძლებლობებს არ გააუმჯობესებს, 5 მცირეწლოვანი მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩაერთვება”.

„აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ბავშვების დედა სახელმწიფოსგან ყოველთვიურად სხვადასხვა სახის დახმარებას იღებს, რომელიც დაახლოვებით 1200 ლარია, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებისათვის გამოყოფილი თანხა ბავშვებს არ ხმარდება“, - წერს ავტორი.

ამავე სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ დედა უარს აცხადებს ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემაზე. თუმცა დედის პოზიცია არც ამ მასალაში ჩანს და ვერც ამ შემთხვევაში ვიგებთ, ჰქონდა თუ არა მცდელობა ჟურნალისტს ეს ბრალდება ბავშვების დედასთან გადაემოწმებინა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველ, სიზუსტის პრინციპში კი ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
კატეგორია - ეთიკა

ყალბი ამბების გარეშე არც მარტს ჩაუვლია. განსხვავებით მიმდინარე წლის წინა თვეების, იანვრისა და თებერვლისგან, ამჯერად უკვე ამბის წყაროებად დამონტაჟებული ფოტო/ვიდეო მასალები გამოჩნდა.  შეიცვალა თემატიკაც და საფრთხეც, რასაც ეს ამბები შეიცავდა - მარტში გავრცელებული ყველაზე პოპულარული ხუთი ყალბი ამბიდან სამი იმგვარი შინაარსის იყო, რომ ქსეონოფობიურ დისკუსიას ახალისებდა, მათგან ერთს მოჰყვა კიდეც საპროტესტო აქცია. 

„შალახოს“ მოცეკვავე ბრალდებული, უცხოპლანეტელის მუმია, სომხების ეროვნულ-კულტურული ავტონომია აფხაზეთში, ქართველების შეურაცხმყოფელი ირანელი რეპერი და გერმანელი ენათმეცნიერი - მედიაჩეკერი 5 ყალბი ამბავს გთავაზობთ, რომლებიც მარტის თვეში ონლაინ გამოცემებსა და სოციალურ ქსელში გადამოწმების გარეშე, ნამდვილ ამბად გავრცელდა.   
„სომხებმა აფხაზეთში ეროვნულ-კულტურული ავტონომია შექმნეს“, - ამ სათაურით იდენტური შინაარსის სტატიები „რეზონანსმა“ და „ინფო9-მ 10 მარტს გამოაქვეყნეს. ორივე გამოცემა მკითხველს ამცნობდა, რომ აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობის განდევნის შემდეგ სომხები უმრავლესობას წარმოადგენენ და ეროვნულ-კულტურული ავტონომიიისთვის გულრიფშის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებს ითხოვენ. გამოცემები ინფორმაციის წყაროდ ულტრანაციონალისტურ ფეისბუკ გვერდ „იბერიულ ერთობას“ უთითებდნენ. (აღნიშნული გვერდი ამ დროისთვის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.) ინფორმაცია "ნეტგაზეთმა" გადაამოწმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტი არ დასტურდება.

სომხების მიერ აფხაზეთში ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნის შესახებ ყალბი ინფორმაცია გასულ წლებშიც აქტიურად ვრცელდებოდა. მაგალითად, ინტერნეტ სივრცეში დღემდე იძებნება სხვადასხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიები 2016 და 2017 წელს.

მარტში ყველაზე დიდი პოპულარობით მაინც „შალახოს“ მოცეკვავე ბრალდებულის ვიდეო სარგებლობდა, რომელიც ლოს ანჯელესში ჩატარებული ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებს ასახავდა. ვიდეომასალა, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელმა დაამონტაჟა და ბრალდებულის მოძრაობებს ქართული ნაციონალური ცეკვის “შალახოს” მელოდია დაადო, მალევე გავრცელდა ონლაინ მედიაში. გამოცემების ნაწილი მკითხველს ამცნობდა, რომ ვიდეო დამონტაჟებული იყო და საქართველოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, ნაწილი კი ნამდვილ ამბად სთავაზობდა მკითხველს და ამტკიცებდა, რომ ბრალდებული ქართველი იყო.

„ლოს ანჯელესში ქართველმა დაკავებისას “შალახო” იცეკვა“ - ამ სათაურით დამონტაჟებული ვიდეო გაავრცელეს საიტებმა iTV.ge, droni.ge, geomediapress.ge, akhalitaoba.ge, newweb.ge .

კიდევ ერთი დამონტაჟებული ვიდეო, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოების ნაწილი, 28 მარტს გავრცელდა. ირანელი რეპერის ამირ თათალუს თბილისის საკონცერტო დარბაზში გამოსვლის არასწორი თარგმანით გატიტრული ვიდეო ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების საპროტესტო აქციის მიზეზიც გახდა.

დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში თავდაპირველად გვერდმა „აინიუსმა“ გაავრცელა. შემდეგ კი გადამოწმების გარეშე გამოქვეყნდა საიტებზე: mediamall.ge, intermedia.ge, geotimes.ge, marshalpress.ge, infopostalioni.com, reitingi.ambebi.ge, alia.ge, artinfo.ge. გამოცემები იუწყებოდნენ, რომ ირანელმა რეპერმა ამირ თათალუმ ქართველებს „უდიდესი შეურაცხყოფა“ მიაყენა და უცენზუროდ მოიხსენია. გამოქვეყნებულ მასალებს ქსეონოფობიური შინაარსის, სიძულვილის ენის შემცველი დისკუსია მოჰყვა.

სხვადასხვა ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელსში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე. მან ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ირანელი მომღერლის მიმართვა არასწორად იყო თარგმნილი.

გერმანელ ენათმეცნიერ იოსტ გიპერტსაც ის დააბრალეს, რაც მას არ უთქვამს. „ქართველები კულტურულად შეუმდგარი ერია. მათ ბუნებრივად აქვთ მოთხოვნილება უფრო დიდი ერების მონობისკენ. ეს ვლინდება ყველაფერში. მაგალითად, ერი, რომელსაც საკუთარი ენა და სამი ანბანი აქვს, დამოუკიდებლობის შემდეგაც გზებსაც კი უცხო ენაზე ნიშნავს. მე ასეთ ფენომენს კოლონიურ ქვეყნებში ვხვდები - ინდოეთში, აფრიკაში" , - Presa.ge, Progressnews.ge, Geotimes.ge და For.ge წერდნენ, თითქოს ეს სიტყვები გერმანელმა ენათმეცნიერს, კავკასიოლოგსა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ იოსტ გიპერტს ეკუთვნოდა.

აღმოჩნდა, რომ მსგავსი რამ იოსტ გიპერტს საერთოდ არ უთქვამს. "მედიაჩეკერთან" საუბრისას, გერმანელმა პროფესორმა მისი სახელით გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. იოსტ გიპერტმა მის შესახებ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილიც გადაწყვიტა.

18 მარტს გამოცემა pia.ge-ის გვერდზე გავრცელდა დეზინფორმაცია ეგვიპტეში უცხოპლანეტელის მუმიის აღმოჩენის შესახებ. ამბავს ყალბი ფოტო ერთვოდა.

Pia.ge გამოცემა Newsinstact-ზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ უცხოპლანეტელის მუმია 2300 წლის არის. არქეოლოგებმა ასევე ათობით მუმიფიცირებული არსება აღმოაჩინეს და მუმიების დიდ ნაწილს მოგრძო ტიპის ქალა აქვს.

ინფორმაცია "მითების დეტექტორმა" გადაამოწმა.

„Pia-ს მიერ მითითებული წყარო Newsinstact.com არის ვებ-გვერდი, რომელიც უცხოპლანეტელებისა და მფრინავი თეფშების შესახებ სხვადასხვა გამოგონილ ამბებზე წერს. ფოტო, რომელიც ინფორმაციას ერთვის, დამუშავებულია. რეალურად, მუმია ეგვიპტის უძველესი ქალაქის მემფისის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და ძვ. წ მე-7-4 საუკუნეში ამ ქალაქის მმართველ ფენის წარმომადგენელს ეკუთვნის“, - ნათქვამია "მითების დეტექტორის" სტატიაში.

Pia.ge-ზე დაყრდნობით, იდენტური ყალბი მასალა brandnews.ge-მაც გამოაქვეყნა.

 

კატეგორია - ეთიკა
24 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში ირანელი მომღერლის, ამირ თათალუს კონცერტი გაიმართა. რამდენიმე დღის შემდეგ, 28 მარტს, სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა საიტებზე გავრცელდა 46-წამიანი ვიდეო კონცერტიდან, რომელშიც მომღერალი მშობლიურ ენაზე მიმართავს აუდიტორიას. ვიდეოს ადევს ქართული ტიტრები, არასწორი თარგმანით, - თითქოს მომღერალი ქართველებს შეურაცხყოფას აყენებს. მასალებს ქსეონოფობიური შინაარსის, სიძულვილის ენის შემცველი დისკუსია მოჰყვა.

დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში თავდაპირველად გვერდმა „აინიუსმა“ გაავრცელა. აღნიშნული გვერდი ფეისბუკში 2015 წელს შეიქმნა და ძირითადად, ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის კონტენტს ავრცელებს. ამ დროისთვის „აინიუსს“ 37 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

აღნიშნული ვიდეო გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნდა საიტებზეც: mediamall.ge, intermedia.ge, geotimes.ge, marshalpress.ge, infopostalioni.com, reitingi.ambebi.ge, alia.ge, artinfo.ge. გამოცემები წერენ, რომ ირანელმა მომღერალმა ქართველებს „უდიდესი შეურაცხყოფა“ მიაყენა და უცენზუროდ მოიხსენია. გარდა ამისა, გამოცემების ნაწილი საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე ზვიად ტომარაძეზე დაყრდნობით იუწყება, რომ მომღერალი ამირ თათალუ ირანის ხელისუფლებისგან დევნილია.

altაღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე  ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ გარკვეული მიზეზის გამო მომღერლის დაცვას არ აპირებს, თუმცა მისი გამოსვლა არასწორად არის თარგმნილი: “ვინ არის საქართველოში ირანული ჟარგონისა და არგოს ისეთი მცოდნე, რომ იქ, სადაც ადამიანი ამბობს, მე რომ მოვწიო, რა მოხდებაო, ვიღაც თარგმნის: მე რომ მოვწიო, ამათ რა ჩემი ის იმასუნდამიქნანო“.

ვიდეოს გავრცელებას ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მოჰყვა. 29 მარტს მათ ირანის საელჩოსთან აქცია გამართეს როგორც რადიო თავისუფლება წერს, აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ “საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ დაუშვა, ხოლო შემდეგ - არ დაგმო ირანელი რეპერის, ამირ თათალუს შეურაცხმყოფელი ქმედებები და გამონათქვამები”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანის საელჩოსა და ირანის ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ აქვს ემირ თათალოს თბილისში გამართულ კონცერტთან, არც მისი ვიზიტისა და კონცერტის ორგანიზატორების შესახებ აქვს ინფორმაცია.
კატეგორია - ეთიკა

განახლება:  მასალის თავდაპირველ ვერსიაში, რომლის სათაური იყო: ISFED-ის ანგარიში ია კერზაიას საქმეზე იმედისა და პირველი არხის მთავარ გამოშვებებში არ მოხვდა - საუბარი იყო იმაზე, რომ ანგარიშის შესახებ ინფორმაცია არც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა. თუმცა, განმეორებითი გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საინფორმაციო გამოშვების ბოლოს, 47-ე წუთზე, ია კერზაიას საქმის შესახებ ამბავი კადრ-სინქრონად გავიდა. 

ამბის მთავარი აქცენტი იყო ის, რომ ფრაქცია "ევროპული საქართველო" ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში გენერალურ პროკურორს და განათლების მინისტრს იბარებს. აქვე თქვეს, რომ ორგანიზაციაში "სამართლიანი არჩევნები"  მიიჩნევენ, რომ  სკოლის ინსპექტრიება ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. პარლამენტის თავმჯდომარე კი ორგანიზაციის დასკვნას უპასუხისმგებლოს უწოდებს". 

მედიაჩეკერი ბოდიშს იხდის უზუსტობისთვის. 

-------

26 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED) ანგარიში წარადგნია, რომელიც გასულ წელს განათლების სამინსიტროს მიერ საჯარო სკოლებში ჩატარებულ ინსპექტირებებს ეხებოდა.

ანგარიშში სახელწოდებით - “ინსპექტირება, როგორც სადამსჯელო ღონისძიება ზუგდიდის მე6-ე საჯარო სკოლაში”, ვკითხულობთ, რომ განათლების სამინისტრომ 2018 წელს სკოლებში სულ შვიდი ინსპექტირება ჩაატარა, მათგან ექვსი ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში. მათ შორის იყო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაც, რომლის დირექტორზეც, ია კერზაიზე, სავარაუდოდ ზეწოლა განხორციელდა. მას საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას სთხოვდნენ. კერზაიას ოჯახის განცხადებით, მან ზეწოლას ვერ გაუძლო და ინსულტის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ISFED-ის განმარტებით, 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირება ეჭვებს აღძრავს იმის თაობაზე, რომ ინსპექტირების მექანიზმი საპრეზიდენტო არჩევნების წინ პოლიტიკური მიზნით იყო გამოყენებული. ამასთან, ორგანიზაციისავე განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას და მუქარას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

ეს ამბავი გაშუქდა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის”, tv პირველისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის 26 მარტის მთავარ გამოშვებებში, იმედმა კი  მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქა.