ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
იწვევს თუ არა 5G ინტერნეტი კორონავირუსის გავრცელებას? - კონსპირაციული თეორია უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ინფორმაცია ამის თაობაზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის - საქართველოშიც.

რა არის 5G?

ეს არის 4G-ზე 10-20-ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტი. “5G განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიაში”, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გასულ წელს გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ 5G-ს გამოყენება უზრუნველყოფს უამრავი პრობლემური საკითხის გადაჭრას, როგორიცაა:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვა/დაგეგმარება;
  • ავტოსატრანსპორტო რეგულირების ინფრასტრუქტურის მართვა;
  • სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემების დახვეწა/მუშაობა;
  • სამაშველო ოპერაციების ეფექტიანი მართვა დრონებისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით;
  • მიუდგომელ ადგილებსა და სტიქიური უბედურებების ზონებში მძიმე ტექნიკის დისტანციური მართვა;
  • ენერგორესურსების დისტანციური მართვა;
  • ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის დანერგვა და მართვა…

5G ქსელი უკვე მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში. 2018 წლიდან კომპანია Verizon-მა 5G აშშ-ში ჩაუშვა. ამის შემდეგ, 5G-ს კომერციული გამოყენება დაიწყეს ჯერ სამხრეთ კორეაში, შემდეგ კი შვეიცარიაში. 2019 წელს კი ჩინეთში ჩაუშვეს 5G-ის უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში.

ევროპაში 5G ლიცენზიები უკვე გაცემულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა - ფინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია.

საქართველოში 5G ქსელის დანერგვისა და განვითარების თვალსაზრისით მკაფიო ვადები განსაზღვრული არ არის.

რას აპროტესტებენ 5G-ის მოწინააღმდეგეები


5G-ის საწინააღმდეგოდ, სოციალურ ქსელებში, მსოფლიოს სხვადასხბა ქვეყანაში შექმნილი არაერთი ჯგუფი იძებნება. ჯგუფებში ავრცელებენ ვიდეოებს, რომლებზეც ასახულია ხანძრის ალში გახვეული ანძები სხვადასხვა ქვეყანაში. ვიდეოებზე თანდართული ტექსტის მიხედვით, ანძებს წვავენ და ანგრევენ მსოფლიოს ქალაქებში, რადგან ისინი იწვევენ ახალი კორონავირუსის გავრცელებას.

ბოლო პერიოდში საქართველოში ვირუსულად გავრცელდა რამდენიმე რუსულენოვანი ვიდეო,  რომლებიც მოსახლეობას 5G-სა და COVID-19-ის ურთიერთკავშირზე აფრთხილებს. ვიდეოს თან ახლავს მიმართვის ტექსტი, რომელიც 5G-ის პროექტის გაჩერებას მოითხოვს მსოფლიოში.

“ჩვენ გვექნება “ჭკვიანი” სახლები, “ჭკვიანი” ბიზნესი, “ჭკვიანი” გზები, “ჭკვიანი” ქალაქები და თვითმართვადი ავტომობილები. პრაქტიკულად ყველაფერი, რაც გვაქვს - იქნება ეს მაცივარი, თუ სარეცხი მანქანა, რძის ბოთლი თუ სავარცხალი, ანტენებითა და მიკროჩიპებით იქნება აღჭურვილი უკაბელო ინტერნეტთან დასაკავშირებლად… დათვლილია, რომ 5G-ის მილიონობით ახალი სადგური და 20 ათასი თანამგზავრი, 200 მილიარდი გადამცემი მოწყობილობა იქნება საჭირო 2020 წელს, შემდეგ ეს მონაცემები გაიზრდება… ასეთი გეგმები საფრთხეს წარმოადგენს და შეიძლება შეუქცევადი შედეგები მოიტანოს კაცობრიობისთვის და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს დედამიწის ეკოსისტემას. აუცილებელია დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ზომები კაცობრიობისა და გარემოს დასაცავად”, - ნათქვამია მიმართვის ტექსტში, რომლის ადრესატია გაერო, ევროკავში, ევროსაბჭო და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები.

საქართველოში სოციალური ქსელების მომხარებლებს შორისაც გამოჩნდნენ ამ კონსპირაციული თეორიის მხარდამჭერები, რომლებიც წერენ:

“უკვე დადასტურდა, რომ 5G პირდაპირ კავშირშია კორონავირუსთან, რომელმაც ზემაღალი გამოსხივების გამო მუტაცია განიცადა. შეიძლება ტექნოლოგიების მესვეურნი თვითონაც არ მოელოდნენ ასეთ შედეგებს და ახლა ვეღარ აკონტროლებენ ამ საშიშროებას, ანდა პირიქით, სწორედ, ეს იყო მათი ჩანაფიქრი. სხვადასხვა ქვეყნებში, ვირუსი სწორედ ყველგან იმ ადგილებში გაააქტიურდა, სადაც 5G ანძები იდგა. ამიტომ დაიწყეს ირანში, ალჟირსა და უკვე, ევროპის ზოგ ქვეყნებშიც, ხალხმა მათი განადგურება. თავისთავად, მავნებლობით 3G-იც მავნებელი იყო და 4G-ც. ამიტომ იმატა ონკოლოგიურმა დაავადებებმა. 5G, როგორც წერენ ექსპერტები, საგრძნობლად ანგრევს იმუნურ სისტემას. როგორც ჩანს, ჩვენთანაც დაიწყეს ამ ანძების დამონტაჟება, რადგან დაიწყეს მაღალი ხეების გაჩეხვა, რადგან მათი ტოტები ხელს უშლიან სიხშირის გავრცელებას”.

"COVID19-სა და 5G-ზე კონსპირაციული თეორია საშიში ყალბი სისულელეა"


ასე გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი მაიკლ გოუვი ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას.

“ვხედავთ, რომ აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტში 5G-სთან დაკავშირებით. არ არსებობს არანაირი სარწმუნო მტკიცებულება 5G-სა და კორონავირუსს შორის შესაძლო რაიმე კავშირზე,” - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კულტურის, მედიის, სპორტისა და ციფრულმა განყოფილებამ.

ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის (NHS) დირექტორის თქმით, 5G-ის ინფრასტრუქტურა კრიტიკულად აუცილებელია როგორც ზოგადად მოსახლეობისთვის, რომელიც უნდა დარჩეს სახლში, ასევე ჯანდაცვის კუთხით ვირუსთან საბრძოლველად.

“აღშფოთებული ვარ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რომ ხალხმა რაიმე ისეთი ქმედებები განახორციელოს, რაც დააზიანებს ამ ინფრასტრუქტურას, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება ასეთი საგანგებო სიტუაციის დროს”, - განაცხადა სტივენ პაუისმა.

BBC-ის ცნობით, ბრიტანეთში დაფიქსირდა ანძაზე ხანძრის შემთხვევები, თუმცა ჯერ გამოძიებით არ არის დადასტურებული, რომ ისინი უკავშირდება 5G-ის შესახებ გავრცელებულ ყალბ ამბებს.

იწვევს თუ არა რაიმე დაავადებას 5G?

კონსპირაციული თეორია, რომელიც კორონავირუსის პანდემიას 5G-ისთან აკავშირებს, ვრცელდება იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მობილური ტელეფონის სიგნალი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე ორგანიზაცია Full Fact-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ კონსპიროლოგები 2 მცდარ თეორიას ავითარებენ: ერთი თეორიის მიხედვით, 5G იმუნურ სისტემას აქვეითებს, მეორე კი ეფუძნება იმას, რომ თითქოს ვირუსი როგორღაც იყენებს ქსელის რადიოტალღებს მსხვერპლების შესარჩევად და გავრცელების დასაჩქარებლად.

“მართალია, 5G წინამორბედებისგან განსხვავებულ რადიო სიხშირეებს იყენებს, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოყენებული რადიოტალღები არამაიონებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ აქვს საკმარისი ენერგია იმისთვის, რომ დაარღვიოს დნმ-ის ქიმიური კავშირი ჩვენს უჯრედებში, რათა გამოიწვიოს დაზიანება. მეორე თეორია ეფუძნება ნობელიანტი ბიოლოგის მოსაზრებას, რომლის ვარაუდით ბაქტერიას შეუძლია რადიოტალღების გამოწვევა, თუმცა ეს კვლავაც რჩება საკამათო იდეად და მეცნიერულ საფუძვლებს მიღმაა", - იუწყება BBC.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ორივე ამ თეორიას სერიოზული ნაკლი აქვს ის, რომ კორონავირუსი ვრცელდება გაერთიანებული სამეფოს ისეთ ქალაქებში, სადაც ჯერ არ არის დანერგილი 5G, ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია და ირანი, სადაც ეს ტექნოლოგია ჯერ საერთოდ არ გამოიყენება.

ევრონიუსიც იგივე ვერსიას ავითარებს და წერს, რომ ელექტრომაგნიტური ტალღები გამოყოფენ ელექტრომაგნიტურ რადიაციას, რომლის მაღალი სიხშირით გამოყენება შესაძლოა იწვევდეს კიბოს. თუმცა დაბალი სიხშირეები, როგორიცაა 5G-ის სიხშირეები, წარმოშობს არამაიონებელ რადიაციას, რომელსაც არ შეუძლია უჯერედებში შეღწევა და მათი დაზიანება. გამოცემის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მობილურ ქსელებზე დეტალური სახელმძღვანელო აქვს, რომლის მიხედვით, ჯანმრთელობის დაზიანების საკითხები მობილური ტექნოლოგიებთან კავშირში არ არის.


5G-COVID19-ის გაშუქება და სანქციები მაუწყებლებისთვის
 

მას შემდეგ რაც ერთერთი რადიოსადგური რამდენჯერმე გააფრთხილეს იმის გამო, რომ 5G-სა და კორონავირუსის პანდემიას შორის კონსპირაციულ თეორიაზე ავრცელებდა ცნობებს, მაუწყებლების მარეგულირებელმა ორგანომ (Ofcom) ბრიტანეთში მედიები გააფრთხილა, რომ სანქციები შეეხებათ, თუკი საეთერო დროს დაუთმობენ კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის კუთხით რჩევებზე ყალბ ამბებს.

გარდიანის ცნობით, რადიოსადგურის გაფრთხილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათ ეთერი დაუთმეს ქალს, რომელიც აუდიტორიას გაეცნო, როგორც მედდა და რომელმაც ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე განაცხადა, რომ 5G ტექნოლოგიას უკავშირდებოდა ვუჰანში ვირუსის გავრცელება, ხოლო ვირუსი შექმნილი იყო ლაბორატორიაში.

Ofcom-ის განმარტებით, Covid19-ის წარმომავლობასა და გამომწვევ მიზეზებზე ამგვარი, საზიანო მასალების გამოქვეყნება მაუწყებლების მიერ, კრიზისულ პერიოდში არყევს საზოგადოების ნდობას ინფორმაციის მეინსტრიმული წყაროების მიმართ.

COVID19-ის გაშუქების საკითხებზე ზოგიერთ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებიც დაუწესდათ მედიებს, რადგან ამ თემაზე დღემდე არაერთი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 5 აპრილის კვირის შემაჯამებელი გადაცემის „Post Factum-ის“ ერთ-ერთი სიუჟეტი  - “გენები კორონას წინააღმდეგ” კორონავირუსის მიმართ ერების გენების რეზისტენტულობას ეხებოდა. მასალა სრულად ეფუძნებოდა მეცნიერების ვარაუდებს და არა დადასტურებულ ფაქტებს, პარალელურად კი გადაცემის წამყვანის არმენოფობიური შეფასებები გასდევდა.

კერძოდ, თემის წარდგენისას წამყვანმა თქვა, რომ “მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ ახსნეს, რა პრინციპით არჩევს კორონავირუსი თავის მსხვერპლს, ამიტომ გაუჩნდათ ეჭვი, რომ შეიძლება ამა თუ იმ პირის ორგანიზმის მდგრადობა ვირუსის წინააღმდეგ მის გენეტიკურ კოდზეა დამოკიდებული… ქართველ მეცნიერთა ერთი ჯგუფი ვარაუდობს, რომ სწორედ ჩვენ ქართველები ვართ ისეთი დნმ-ის მატარებლები, ვისაც სხვებზე ბევრად უფრო მარტივად შეუძლია Covid -19-თან გამკლავება”.

სრულად ვარაუდებზე დაფუძნებული სიუჟეტის ბოლოს კი წამყვანმა ჩვეული ირონიის გამოყენებით დაამატა, რომ საკითხზე უცხოელი და ქართველი მეცნიერების მოსაზრებების შემდეგ, იგი უკვე სომეხი მეცნიერების დასკვნას ელოდება.

alt„ძალიან მაინტერესებს ჩვენი მეზობლები რომელ გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. დარწმუნებული ვარ, აღმოჩნდება, რომ მათი დნმ-ი ქართველებისაზე ძლიერია და კორონავირუსს პირდაპირ ანადგურებს, ვაქცინა და მედიკამენტიც კი არ სჭირდება“, - თქვა წამყვანმა ღიმილნარევი სახით.

ეს კი იმ ფონზე, როდესაც სიუჟეტის წარდგენისას თავადვე თქვა, რომ ასეთი მეცნიერები უკვე მოიძებნენ საქართველოში, რომლებიც სწორედ ქართული გენის უპირატესობაზე ალაპარაკდნენ და ამის შემდეგ, წამყვანის მხრიდან სხვა ეროვნების მეცნიერების მიმართ სარკაზმი სრულიად უადგილო იყო.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, “მედიაჩეკერთან საუბარში” ტელეკომპანია “მათავარი არხის” მიერ მომზადებულ მასალაში სამ ძირითად პრობლემას გამოყოფს. მისი განმარტებით, თეორია, რომელიც სიუჟეტში განვითარდა, არანაირ მეცნიერულ დასაბუთებას არ ეყრდნობა და არის „საკმაოდ არაჯანსაღი ვარაუდები ქართველი ერის გენეტიკური უპირატესობის შესახებ”. “ასეთი რასისტული ხედვები აყალიბებს ფაშისტურ მიდგომებს საზოგადოებაში და ძალიან ახალისებს მას”, - უთხრა მან “მედიაჩეკერს”.

მისივე შეფასებით, მსგავს რიტორიკას, შესაძლოა, საზოგადოებისთვის დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს და ერთმა ნაწილმა” საერთოდაც ხელი ჩაიქნიოს იმ წესებისა და რეგლამენტების დაცვისგან, რასაც მისგან საზოგადოების ჯანდაცვის სისტემა” ითხოვს.

“მედიაჩეკერთან” საუბარში ზვიად ქორიძე წამყვანის არმენოფობიურ შეფასებასაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ამან “არმენოფონბიური განწყობები, რომლითაც მდიდარია ქართული საზოგადოება, სამწუხაროდ კიდევ უფრო მეტად გააღვივა”.

“ამ ტექსტით, რისი მინიშნება უნდოდა მას, მართალი გითხრათ, ვერ მივხვდი. ძალიან გული დამწყდა, რომ ასეთი რასისტული, ქსენოფობიური და თავისი შინაარსით არაკვალიფიციური სიუჟეტის მომზადება იკისრა „Post Factum-მა“, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა სიღრმისეული და კარგი რეპორტაჟებით. ძალიან ცუდია, თუ ტელეკომპანია “მთავარი არხიც” ასეთ იფფასიან ტრიუკებს მიმართავს. ეს ძალიან ცუდია”, - უთხრა ზვიად ქორიძემ “მედიაჩეკერს”.

“მთავარი არხის” სიუჟეტს დღეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” და განმარტა, რომ “მასალა არის რასისტული ხასიათის, ქსენოფობიური და ახალისებს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას”.

“გაუგებარია, რას ემსახურება Post Factum-ში მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით დაუსაბუთებელი თეორიების გავრცელება, რომელიც ქართული გენის უპირატესობას წარმოაჩენს, რაც დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს მოქალქეებისთვის და ატარებს ქსენოფობიურ ნიშნებს”, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

ქარტია იქვე განმარტავს, რომ “მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, მედიასაშუალებებმა კი - არ შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას”. ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, “განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ მიღებული ინფორმაცია და ყველა ზომა მიიღონ რასობრივი და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად”.

გარდა ამისა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა „ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

ამასთან, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, „მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე“.
კატეგორია - ეთიკა
“ახალი ვაქცინა ხალხს კლავს - საშინელი კადრები მოსკოვის ქუჩებიდან” - ამ სენსაციური სათაურით პირველ აპრილს რეზონანსის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ქუჩაში, ტროტუარზე უგონოდ მყოფი კაცი ჩანს. ვიდეოში ისმის კაცის ხმა, რომელიც რუსულ ენაზე საუბრობს და ამბობს, რომ “აი, ადამიანი კორონავირუსმა უბრალოდ დააგდო”. “რეზონანსმა” ეს ვიდეო, რომელშიც, დიდი ალბათობით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი კაცი ჩანს და გადამღები ხუმრობს, ნამდვილ ამბად გაავრცელა. მასალას არ ერთვის დამატებითი ტექსტი, ან ახსნა-განმარტება და გამოქვეყნებულია სენსაციური, მტკიცებითი სათაურით, რომელიც გარდა იმისა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება, ანტივაქსერულ განწყობებს აძლიერებს.

ვიდეოს “რეზონანსის” ლოგო ადევს, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კადრები გამოცემის მიერ არის მოპოვებული. თუმცა, ამას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ გარდა მყვირალა სათაურისა, ვიდეოს არანაირი დამატებითი აღწერა არ ერთვის თან. უცნობია მისი პირველწყარო, ასევე უცნობია როდის და სად არის გადაღებული. მხოლოდ ქუჩის კადრებით მდებარეობის დადგენა შეუძლებელია, შესაბამისად, გაუგებარია, რაზე დაყრდნობით წერს “რეზონანსი”, რომ ვიდეო მოსკოვშია გადაღებული. ასევე, გაუგებარია რა “მკვლელ” ვაქცინაზე საუბრობს ავტორი.

იდენტური ვიდეო რუსულმა, უკრაინულმა და მაკედონიურმა ე.წ. კლიქბაიტ და ყვითელმა საიტებმაც გამოაქვეყნეს. მაგალითად, ერთ-ერთ მსგავს საიტზე ვიდეოს დართული აქვს ირონიული შინაარსის აღწერა - “სანამ მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, რუსებს არყის ვირუსი ტანჯავს”. მეორე საიტი კი წერს, რომ “კიევში უსახლკარო კაცმა ადგილობრივები შეაშინა”. ამ საიტზე ვიდეოს თან ახლავს ვრცელი აღწერა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სავარაუდოდ, კიევში მცხოვრებმა პირმა, სოლომენსკის რაიონში, ქუჩაში გადაიღო ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობაში მყოფი უსახლკარო კაცი, რომელსაც ტროტუარზე ეძინა. და იქვე დაკონკრეტებულია, რომ გადამღებმა ირონიულად აღნიშნა, რომ “აი, კორონავირუსმა კაცი უბრალოდ დააგდო”.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა გავრცელებული და ყველა ელოდება ვაქცინის გამოსვლა, მსგავსი შეცდომაში შემყვანი, გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაციის გამოქვეყნება, განსაკუთრებით სახიფათოა. ამავდროულად, ამგვარი სათაურები აძლიერებს ანტივაქსერულ განწყობებს.

ყველა რჩევა და რეკომენდაცია, რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდება და Covid-19-ის თემის გაშუქებას ეხება, ხაზგასმით ამბობს, რომ პანდემიების დროს ინფორმაციის სიზუსტე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და მედია უნდა მოერიდოს ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნებას, რომლის წყარო არ არის ცნობილი, რომელიც არ არის გადამოწმებული და დადასტურებული, არის პანიკის შემცველი. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ მედიას ფოტო/ვიდეო მასალების გამოქვეყნების დროსაც.

იხილეთ:

კატეგორია - ეთიკა
“ეკლესია იზიარებს რეკომენდაციებს და ცდილობს ღვთისმსახურება ყველა წესის დაცვით ჩატარდეს”, - ამ სათაურით, 29 მარტს ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემაში “იმედის კვირა” მანიპულაციური სიუჟეტი გავიდა. მასალა იმგვარად იყო მომზადებული, რომ ბოლო პერიოდში, კორონავირუსის გამო ეკლესიის მისამართით გაჩენილი კრიტიკული კითხვების განეიტრალებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგის გაუმჯობესების შთაბეჭდილებას ტოვებდა.

“იმედის კვირის” მაყურებელი 15 წუთის განმავლობაში წამყვანისგან, ჟურნალისტისა და შერჩეული რესპონდენტებისგან საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ქება-დიდებასა და მისი გადაწყვეტილებების გამართლებას ისმენდა.

რეპორტაჟის პათოსი სათაურიდანვე გაცხადებული იყო - “ეკლესია იზიარებს რეკომენდაციებს და ცდილობს ღვთისმსახურება ყველა წესის დაცვით ჩატარდეს”. საინტერესო იყო მასალის შეფუთვაც - მრავალფეროვანი ვიზუალიზაცია, ემოციური, ახლო კადრები და ეფექტები, ემპათიური ჩანართები, ბუნებრივი ხმები და საგალობლები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მასალის ავტორი მაყურებელზე მანიპულაციას და მის ემოციებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა.

გადაცემის წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ სიუჟეტი შემდეგი შესავლით წარუდგინა მაყურებელს:

“ვისაც როგორ შეუძლია, ისე იბრძვის და ცდილობს წვლილის შეტანას უხილავ მტერთან ბრძოლაში. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია ეკლესიას, ადამიანები რომ სულერად და მორალურად არ გატყდნენ. გაძლიერებულია ლოცვა, უწმინდესი ერს ამხნევებს. უფალს დახმარებას მსოფლიოს ყველა ეკლესია სთხოვს. რომის პაპი წმინდა პეტრეს ტაძარში მსოფლიოსთვის მარტო ლოცულობს. შეერთებულ შტატებში კი წმინდა ლუისის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა ნიუ-იორკს გადაუფრინა, ქალაქი დალოცა და ნაკურთხი წყალი აპკურა. ვერტმფრენით თბილისს მეუფე იაკობმაც შემოუფრინა და ქალაქი იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით დალოცა. დალოცვის ამსახველ ფოტომასალას, სამწუხაროდ, საზოგადოების მცირე ნაწილის ქილიკი მოჰყვა. არადა, დღეს ერი და ბერი, როგორც არასდროს, ერთიანია უხილავ მტერთან ბრძოლაში”.

ამ შესავალის შემდეგ, სტუდიაში მყოფი სიუჟეტის ავტორისგან მოვისმინეთ საქართველოს პატრიარქის ბოდბის მონასტერში ვიზიტსა და მისი ქადაგებების შესახებ. მასალის ავტორი ვარლამ წიკლაური რეპორტაჟის წარდგენისას ამტკიცებდა, რომ ყველა ტაძარში ცდილობენ წესები ზედმიწევნით დაიცვან, ეკლესიას და მრევლს ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა და ყველა ცდილობს დაემორჩილოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

რეპორტაჟში მაყურებელმა კონკრეტული ფაქტების, არგუმენტებისა და სპეციალისტების კომენტარების ნაცვლად, მოისმინა დაინტერესებული პირების სუბიექტური მოსაზრებები და შეფასებები. 11 წუთიან სიუჟეტში ჟურნალისტი და ყველა რესპონდენტი, საგალობლების ფონზე, ერთხმად ამტკიცებდა, რამდენად დიდ როლს თამაშობს ეკლესია ეპიდემიასთან ბრძოლაში და როგორ ზედმიწევნით ასრულებს შესაბამის რეკომენდაციებს საქართველოში მოქმედი ყველა ეკლესია.

“წესს ყველა მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი ზედმიწევნით იცავს, ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, მორწმუნეთა ნაწილი წირვას დისტანციურად, ეზოდან ისმენს, გახმოვანების სისტემები უკვე დამონტაჟდა, ეს კადრები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია გადაღებული. მართლმადიდებელი ეკლესია ახლა სახელმწიფოსთან ერთად ცდილობს ვირუსს გაუმკლავდეს”, - უყვება მაყურებელს ჟურნალისტი და პარალელურად ეთერში გადის ფოტოები, რომლებზეც ჩანს ეკლესიაში ან ეკლესიის ეზოში დისტანციურად მდგომი მრევლი, თუმცა უცნობია, სად არის გადაღებული ფოტოები, რადგან კადრებს ადგილის აღმნიშვნელი მითითება არ ერთვის.

რეპორტაჟის ავტორი საუბრობს რამდენიმე ეკლესიის მაგალითზე და, მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ ყველა ეკლესიაში წესების დაცვით მიმდინარეობს წირვა-ლოცვა, მაყურებელი ვერ ისმენს და ვერ ხედავს ამის დამადასტურებელ არგუმენტებს და შესაბამის ფაქტებს. ასევე, ჟურნალისტის მტკიცების მიუხედავად, სიუჟეტში მაყურებელი ვერც იმის მტკიცებულებებს ხედავს, რომ კორონავირუსის გამო საქართველოს ეკლესიებში გარე გახმოვანების სისტემები დამონტაჟდა.

ჟურნალისტის მტკიცებას ეჭქვეშ აყენებს ისიც, რომ საქარველოს მასშტაბით ასობით მოქმედი ეკლესიაა და ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური მონაცემები რამდენ ტაძარშია დამონტაჟებული ხმოვანი სისტემები, ასევე, არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ყველა ეკლესიაში დაცულია სოციალური დისტანციის დაცვის რეკომენდაცია, რადგან ყველა ეკლესიაში პოლიცია არ პატრულირებს და ამ ეტაპზე არ არსებობს ეკლესიებში ვითარების კონტროლის მექანიზმი. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ყველა მოქმედ ეკლესიაში ერთნაირი მდგომარეობაა.

ჟურნალისტის მიერ შერჩეული რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა ეკლესიას წარმოადგენს და დაინტერესებული პირია. 11 წუთიან სიუჟეტში მაყურებელი სულ 5 რესპონდენტის კომენტარს ისმენს - მათგან 4 სასულიერო პირი (მამა იოანე მჭედლიშვილი, დეკანოზი გიორგი სამანაშვილი, მამა ალექსანდრე გალდავა, მამა ანდრია ჯაღმაიძე) და ერთი ისტორიკოსია - სიმონ მასხარაშვილი.

სიუჟეტში ერთ-ერთი სასულიერო პირი საუბრობს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მართული და აგორებული კამპანია მიმდინარეობს. რის შემდეგაც, სასულიერო პირის მოსაზრებას ჟურნალისტი თავისი შეფასებებით ამყარებს:

“საზოგადოების გარკვეული ჯგუფები მორწმუნეებს ტაძრებში მისვლასა და ზიარებაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებდნენ. ადამიანთა ნაწილი სწორედ ამ რთულ პერიოდში შეეცადა ეკლესიის დისკრედიტაციას, მაშინ, როდესაც მორწმუნე ადამიანი შვებას სწორედ ტაძარში პოულობს. სოციალურ ქსელებში დაიწყო კამპანია, რომ ეკლესიას შეეცვალა წესი, რომელიც 2000 წელზე მეტს ითვლის და მაცხოვრის სისხლისა და ხორცის მისაღებად ერთჯერადი კოვზები გამოეყენებინა”.

ჟურნალისტს არ ჰყავს ჩაწერილი არც ერთი რესპონდენტი, რომელიც მეორე მხარის პოზიციას გააჟღერებდა. სასულიერო პირების გარდა, ერთადერთი რესპონდენტი, რომელიც ჟურნალისტს ისტორიკოსის სტაუსით ჰყავს ჩაწერილი, სიმონ მასხარაშვილია. იგი მაყურებელს არწმუნებს: რომ “მღვდლების წინ ზიარებულან კეთროვანი, ჭლექიანი, შავჭირიანი და არ არსებობს და არ შემოუნახავს მსოფლიო ისტორიას არც ერთი პრეცენდენტი, რომ ბოლო ზიარების შედეგად რომელიმე მღვდელი ან კეთრით დაავადებულიყოს ან შავი ჭირით დაავადებულიყოს ან რაიმე სენი შეყროდეს, იმიტომ რომ იქ ქრისტეა, ქრისტე შემოდის, ქრისტე მეფობს და უფალმა იცის რა როგორ უნდა გადაწყვიტოს. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ვისაც ეს არ ჯერა, ერთჯერადი კოვზები უნდა, მოდით რა, იმან მურაბა და კამპოტი ჭამოს და ზიარებას თავი დაანებოს... სხვათაშორის, კაცობრიობა, ყველა ესეთი პანდემიისგან უფალს უხსნია, უფლის ნებაა, უფლის დაშვებაა ეს ყველაფერი”.

“იმედის” მაყურებელს არ მოუსმენია ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების შეფასებები, მოსაზრებები და რჩევები. არც ჟურნალისტს უსაუბრია იმის შესახებ, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეკლესიებში დიდი რაოდენობით ხალხის თავშეყრა, ჯვრებისა და ხატების კოცნა ან ზიარების რიტუალი.

სიუჟეტში მაყურებელმა ვერ გაიგო რა მდგომარეობაა ამ მხრივ მსოფლიო მასშტაბით სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში. ჟურნალისტს არ უცნობებია, რომ ვატიკანმა დროებით გააუქმა საეკლესიო ღონისძიებები კათოლიკური აღდგომისთვის; იტალიაში, სადაც კორონავირუსის პანდემიის გავცელების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარებაა, აკრძალულია მასობრივი შეკრებები და ეკლესიების ნაწილში წირვა-ლოცვა დროებით შეწყვეილია; ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია საგანგებო მდგომარეობის წესებს დაემორჩილა და მორწმუნეებს მოუწოდა, რომ ეკლესიების ნაცვლად, სახლში ილოცონ; რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა - ამ ფაქტების შესახებ “იმედის კვირის” მაყურბელს ინფორმაცია არ მიუღია.
კატეგორია - ეთიკა
არღვევს თუ არა ჟურნალისტი პროფესიულ ეთიკას, როდესაც COVID 19-ით ინფიცირებულის ვინაობას ასაჯაროებს? - ამ კითხვაზე სწორი პასუხის გასაღები იმის გარკვევაშია, რამდენად ემსახურება ეს საზოგადოებრივ თუ საჯარო ინტერესს.

ბოლო დროს საქართველოში თითქოს ისე შემართებით აღარ დასდევს მედია საცხოვრებელ სახლებში ან მიკროავტობუსებში COVID 19-ით ინფიცირებულ ან ამ ვირუსის გამო კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, როგორც ეს პირველ დღეებში ხდებოდა. თუმცა მაინც მოვახერხეთ არაერთი პაციენტის გაცნობა და შემდეგ მათი საჯაროდ გაკიცხვა და დაგმობა. ვიცით, ვინ არის პაციენტი #5, რომელმაც კიდევ რამდენიმე ადამიანი დააინფიცირა. მის საჯარო ლანძღვა-გინებას მოჰყვა ე.წ. “სინანულის წერილი”, რომელიც თავად პაციენტმა დაწერა მოსაბოდიშებლად. მედიამ გაგვაცნო ერთ-ერთი კერძო სასტუმროს მფლობელის დაინფიცირების ამბავი, გვითხრა, რომ მისი ცოლიც დადებითი აღმოჩნდა COVID 19-ზე, რომელიც ერთ-ერთი კერძო ფონდის ხელმძღვანელი რგოლის წევრია და ა.შ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამ საკითხზე კონკრეტული დაზარალებულების ან სხვა პირების განცხადებები ჟურნალისტების წინააღმდეგ ჯერ არ შესულა. შესაბამისად, არ ვიცით, როგორი იქნებოდა ქარტიის საბჭოს ვერდიქტი.

ქარტიის მე-10 პრინციპის მიხედვით, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

სამედიცინო დიაგნოზი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილია. შესაბამისად, ქარტიის ეს პრინციპი ცალსახად ავალდებულებს ჟურნალისტს, არ გაამჟღავნოს პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, თუკი არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული საზოგადოებრივი ინტერესით პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება? - ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მთელ მსოფლიოში, რომელიც უკვე ორი თვეა ჩართულია პანდემიასთან ომში, რომელიც COVID 19-ის სახით დაატყდა თავს.

ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსში ბოლო დღეებში აქტიური განხილვის საგანი გახდა სწორედ ეს საკითხი, შეიძლება თუ არა მედიაში COVID 19-ით ინფიცირებული პირების ვინაობის გასაჯაროება?

როგორც გაირკვა, გერმანიის პრესის საბჭომ ამ კუთხით მიიღო უკვე პირველი საჩივარი ინფიცირებული წყვილისგან, რომლებიც ადვილად იდენტიფიცირებადი აღმოჩნდნენ სტატიაში, რომელიც ერთმა რეგიონულმა გაზეთმა გამოაქვეყნა. პრესის საბჭოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, გერმანიაში პრესისთვის მოქმედი ეთიკის კოდექსის მიხედვით, “ფიზიკური ან მენტალური დაავადება ან მიღებული ტრავმები პირის პირადი ცხოვრების სფეროა. როგორც წესი, პრესამ თავი უნდა აარიდოს დაავადებებისა და ტრავმების შესახებ რეპორტინგს, თუკი არ აქვს იმ პირთა თანხმობა, ვისაც ეს მასალა ეხება”.

ავსტრიაში შესაძლოა პრესის საბჭომ თვითინიცირებით განიხილოს საჩივარი ერთ-ერთ საქმეზე, როცა პაციენტის ვინაობა (ფოტო და სახელი) გასაჯაროვდა მედიაში. ის იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ავსტრიაში ამ ინფექციაზე შემოწმების შედეგად დადებითი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღე იმყოფებოდა საავადმყოფოში და მკურნალობდა გრიპზე.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში პრესის საბჭომ რამდენიმე საჩივარი მიიღო ისეთ სტატიებზე, რომლებიც ავრცელებდნენ ყალბ ან დაუდასტურებელ ცნობებს COVID 19-ზე როგორც ონლაინ, ისე ბეჭდურ მედიაში, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა პაციენტის იდენტიფიცირება მოხდა. ბოსნია-ჰერცეგოვინის პრესის საბჭოში მიაჩნია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის პირის პირადი ცხოვრების საკითხი და არ არსებობს მიზეზი, ასეთ სიტუაციაშიც კი, როგორშიც დღეს არის მსოფლიო, რომ გასაჯაროვდეს დაავადებული ადამიანის ვინაობა: გამონაკლისია საჯარო პირები და ესეც უნდა მოხდეს მათი ნებართვით.

საფრანგეთის მედიასაბჭოში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი არის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ფრანგული მედია ამას ცალსახად იცავს. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე პერსონა იყო დასახელებული მედიაში, ვისაც შეეხო კორონავირუსი. ესენია, მთავრობის 2 წევრი და 18 პარლამენტარი, რომლებიც აღმოჩნდნენ ინფიცირებულები. მათი უმრავლესობა კარანტინშია ან თვითიზოლაციაში. მათი ვინაობა მათივე ოფისების მიერ გასაჯაროვდა. საფრანგეთის პრესის საბჭოს ცნობით, ორივე შემთხვევაში გასაჯაროებით აიხსნა ის, თუ რატომ აღარ ჩანდნენ ეს პოლიტიკოსები საჯაროდ და მეორეს მხრივ, ეს იყო ერთგვარი დამხმარე მესიჯი იმისა, რომ არავინაა დაცული ამ ვირუსისგან. “ეს მიზეზები კი ნამდვილად არის საჯარო ინტერესის საგანი და შესაბამისად, პრესამ მათი სახელები გაასაჯაროვა”, - მიაჩნიათ საფრანგეთის პრესის საბჭოში.

კანადის პრესის საბჭოს შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური ინფორმაცია, ხოლო დაავადებული ინდივიდების იდენტიფიცირება ემსახურება საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და არა საჯარო ინტერესს. მათი შეფასებით, ინფორმაცია ასაკზე, სქესზე, რეგიონზე ან საცხოვრებელ მუნიციპალიტეტზე ემსახურება საჯარო ინტერესს, რომელიც ეხმარება პანდემიის გავრცელების ბუნების გაგებას და შესაბამისად, ეს ინფორმაცია შუქდება მედიაში. ერთი გამონაკლისი შეეხებოდა კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლს, რომელმაც თავად მოახდინა თვითიდენტიფიცირება და განაცხადა, რომ თვითიზოლაციაშია. ამ ინფორმაციის მიწოდებით აიხსნებოდა ის, თუ რატომ გაქრა ის საჯარო სივრციდან.

ევროპის ქვეყნებში მოქმედი ქცევის კოდექსები მედიას უზღუდავს პირადი ცხოვრების გაშუქებას, დაავადების შესახებ ინფორმაცია კი არის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

ბელგიის პრესის საბჭოში მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია გაამართლო საჯარო ინტერესით ინფიცირებულის იდენტიფიცირება. მათი შეფასებით, ჟურნალისტებს შეუძლიათ თქვან, რომ ეს საჯარო ინტერესი არის ინფექციის გავრცელების რისკი. მაგრამ როცა უკვე დადასტურებულია კონკრეტული პირის დიაგნოზი ან მიღებულია ზომები და კარანტინში და იზოლაციაშია გადაყვანილი პირი, უკვე აღარ შეიძლება არგუმენტი იყოს ის, რომ ინფექცია გადამდებია.

“სხვა დაავადებებიც არის გადამდები, მაგრამ ჩვენ არ ვასაჯაროებთ კონკრეტული დაავადების მქონე ადამიანების ვინაობას, გავიხსენოთ თუნდაც აივ/ინფექცია”, - აცხადებენ ბელგიის პრესის საბჭოში.

შვეიცარიის პრესის საბჭოს განცხადებით, გამონაკლისი შემთხვევები, როცა შეიძლება COVID 19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების გასაჯაროება, უკავშირდება საჯარო პირებს - პოლიტიკოსებს და მაღალი თანამდებობის პირებს. ანალოგიური მიდგომა აქვს შვედეთის პრესის საბჭოსაც. მათი შეფასებით, დაცული უნდა იყვნენ კერძო პირები, მაგრამ შესაძლოა იყოს საჯარო ინტერესი მაშინ, როცა ისეთი პირი ხდება ავად, რომელსაც საზოგადოების წინაშე აკისრია გარკვეული ვალდებულებები.

განსხვავებული პრობლემის წინაშე დგანან უნგრეთში ჟურნალისტები, სადაც სახელმწიფო უწყებები მალავენ ინფორმაციას ისეთ საკითხზეც კი, როგორიცაა ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიული არეალი იმ მოტივით, რომ ამით დაირღვევა პერსონალური ინფორმაციის საიდუმლოება. ჟურნალისტები კი ითხოვენ ამ ინფორმაციას იმ მოტივით, რომ ეს საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, რომ ხალხმა იცოდეს, რომელ ქალაქებში ან ქვეყნის რა ნაწილშია ინფექცია გავრცელებული.

COVID 19-თან დაკავშირებით ზოგიერთმა ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მედიას ამ თემების გაშუქებაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაუწესა. თურქეთში რამდენიმე ჟურნალისტი დააპატიმრეს კიდეც. სომხეთში ნებადართული მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებააა. საქართველოში ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდათ. ამასთან, დაავადებულთა შესახებ გარკვეულ ცნობებს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონზე აპელირებით აღარ გასცემენ შესაბამისი უწყებები.
კატეგორია - ეთიკა
Presa.ge-ის მიერ დღეს, 24 მარტს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა მეგი დე ბლოკმა სამ და მეტ პირს შორის დახურულ სივრცეში სექსუალური ურთიერთობები აკრძალა, ყალბია.

presa.ge სატირულ გამოცემა worldnewsdailyreport-ს ეყრდნობა და წერს, თითქოს, მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ “ორგიები იკრძალება, სანამ ვირუსის აფეთქება არ გადაივლის".

“დე ბლოკის თქმით, ამ აკრძალვის შემოღება აუცილებელი იყო, ბელგიის რეპუტაციის გამო, რომელიც ლუდის მსმელების და ევროპის ჯგუფური სექსის დედაქალაქადაა ცნობილი. "ბელგია ევროპაში, თუ არა მსოფლიოში, ჯგუფური სექსის კუთხით პირველია. ჩვენ ვალდებული ვიყავით ეს გადაგვეწყვიტა ამ სიტუაციაში," - განაცხადა მინისტრმა”, - წერს presa.ge

World News Daily Report გვერდის აღწერაში ნათქვამია, რომ გამოცემა ქმნის სატირული კონტენტს, არც გამოქვეყნებული ამბები შეესაბამება სინამდვილეს და არც გმირები არიან ნამდვილი. ასევე უთითებს, რომ მათ მიერ გამოგონილი პერსონაჟებსა და რეალურ ადამიანებს შორის ნებისმიერი სახის მსგავსება უბრალოდ „სასწაულად“ შეიძლება ჩაითვალოს.




კატეგორია - ეთიკა
ყელში სამი-ოთხი დღით კორონავირუსის ჩაბუდება, ყოველ 20 წუთში ერთხელ თბილი წყლის დალევა და თბილ წყალში გახსნილი ბუნებრივი ანტისეპტიკების პირში გამოივლება ვირუსის პრევენციისთვის - მითია. 22 მარტს “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ აქცენტებში” მაყურებელმა მოისმინა კორონავირუსის “დასაძლევი” რჩევები, რომელთა ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.

“როგორ უზრუნველვყოთ, რომ კორონა არ დაგვემართოს. არ მოგესმათ, ეს სავსებით შესაძლებელია. პრევენციის სწორი მექანიზმების დაცვით, კორონავირუსის დაძლევა სავსებით შესაძლებელია. ჩემს ამერიკელ მეგობრებს ვთხოვე, გამოეგზავნათ რას ურჩევენ მათ მათი ცენტრალური ჰოსპიტალები”, - ამ შესავლით დაიწყო “მთავარი აქცენტების” წამყვანმა ნიკა გვარამიამ მაყურებლისთვის რჩევების მიცემა.

მისი მტკიცებით, აღნიშნული რჩევები ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ არის შემუშავებული და ამერიკის ყველა რეგიონის მცხოვრებს ეგზავნება გაიდლაინები კორონავირუსისგან თავის დასაცავად.

“მათი ცენტრალური ჰოსპიტალები აგზავნიან CDC-ის, ანუ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, სხვანაირად მათ უფლება არ აქვთ ეს ქნან… CDC-ის რეკომენდაციები და მის საფუძველზე გამოცემული კლინიკური რჩევები მინდა გაგაცნოთ, იმიტომ, რომ იცოდეთ როგორ დაამარცხოთ კორონავირუსი, როგორც ამერიკელებმა იციან, ზუსტად იმ დონეზე,” - ამ შესავლის შემდეგ გადაცემის წამყვანი მაყურებლისთვის კონკრეტული რჩევების მიცემაზე გადავიდა.

რეკომენდაციები, რომლებიც ნიკა გვარამიამ ეთერში გააჟღერა, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება. შესაბამისად, “მედიაჩეკერმა” ინფექციონისტ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ მაია ბუწაშვილთან გადაამოწმა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს CDC-ის სახელით გაცემული რეკომენდაციები.

მითი #1 - “დალიეთ ბევრი ცხელი სითხე 20 წუთში ერთხელ”

“დალიეთ ბევრი სითხე და დალიეთ 20 წუთში ერთხელ. მოდით, მოგიყვებით ეს რას ნიშნავს. სითხის დალევა ზოგადად ებრძვის ვირუსულ ინფექციებს - ეს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირში თბილი სითხის გამოვლების შედეგად, კორონავირუსი რომც გქონდეთ, ზედა სასუნთქ გზებში, ანუ ხახაში და ყელში, ეს ვირუსი ჩადის კუჭში თბილ წყალთან ერთად და კუჭის წვენი მას ანადგურებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, დალიოთ ძალიან დიდი რაოდენობით, რაც შეგიძლიათ, თბილი სითხე და სასურველია 20 წუთში ერთხელ. ეს იქნება სუპი, ჩაი თუ უბრალოდ თბილი წყალი. ისე, რომ იცოდეთ, თბილი წყალი ყველაფერს ჯობია”.

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ დიდი რაოდენობით თბილი წყლის დალევა ვირუსით ინფიცირებით რისკს ამცირებს. მისივე თქმით, თითქოს კუჭში ვირუსი კვდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ზოგადად, სითხით შევსება ორგანიზმისთვის აუცილებელია, უბრალოდ 20 წუთში ერთხელ სმა არავის დაუწესებია ჯერ. ზოგადად, სითხეების სმა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასარგებლოა. თბილ წყალს რაც შეეხება, არავითარი მტკიცებულება არ არის, რომ ეს რამენაირად ამცირებს ვირუსით ინფიცირებას, ამის სამეცნიერო საფუძველი არ არსებობს.

საერთოდ, უფრო ხშირად სასუნთქ გზებში ხვდება ვირუსი პირდაპირ ან შეიძლება მოხვდეს ცხვირის ლორწოვანზე, თვალის ლორწოვანზე. შესაბამისად, ასე უნივერსალურად, რომ მაინც და მაინც პირის ღრუდან ხვდება, ასე არ არის. კუჭში როდესაც მოხვდება ვირუსი, არის ლოგიკა, რომ კუჭის ლორწოვანმა ნაწილობრივ გაანადგუროს. თუმცა, როგორც კვლევებით დამტკიცდა, კორონავირუსი ეფექტურად ვრცელდება განავლის გზით, ამიტომ, როგორც აღმოჩნდა, კუჭის წვენი მას მთლიანად არ ანადგურებს და განავალი მასებითაც გარემოში გამოიყოფა ცოცხალი ვირუსები”.

მითი #2 - “გამოივლეთ ბუნებრივი ანტისეპტიკები”

“დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ პირში გამოივლეთ თბილ წყალში გახსნილი ბუნებრივი ანტისეპტიკები. არ გჭირდებათ აფთიაქი, არ გჭირდებათ ქიმიური ხსნარები. მარილი, ლიმონი ან ძმარი. ის, რაც არის ბუნებრივი ანტისეპტიკი. რატომ? იმიტომ, რომ ის ასუფთავებს პირის ღრუს. კლავს, თქვენ წარმოიდგინეთ, კორონავირუსს, რომელიც შემთხვევით იქ შეიძლება იყოს. რას ვასკვნით აქედან - პირის ღრუში კორონავირუსი, ანუ თუ ის გადმოგეცათ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თქვენ დაავადდით. თქვენ გაქვთ შანსი, რომ კორონავირუსმა არ განავითაროს მისი მძიმე, ასე ვთქვათ, შედეგები. ეს შანსი არსებობს რამდენიმე საათის და დღის განმავლობაშიც კი. ამისთვის მნიშვნელოვანია გამოივლოთ ბუნებრივი ანტისეპტიკები, როგორც უკვე გითხარით.”

მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ თითქოს ძმრის, მარილის და ლიმონის გამოვლება ვირუსს მოკლავს - ამის სამეცნიერო მტკიცებულებებიც არ არსებობს.

მითი #3 - “პირველი საგანგაშო სიმპტომია დისკომფორტი ყელის არეში”

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და აუცილებლად უნდა იცოდეთ. პირველი და უმნიშვნელოვანესი საგანგაშო სიმპტომი არის დისკომფორტი ყელის არეში. ტკივილი, ხვრა ე.წ., ზუსტად რომ ვთარგმნოთ, როცა გხრავთ ყელში, ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია. შეიძლება სიცხე არ გქონდეთ, შეიძლება არანაირი სხვა სიმპტპმი არ გქონდეთ და ეს ოდნავ დისკომფორტს გიქმნიდეთ, მაგრამ ეს ოდნავ დისკომფორტი არის სიგნალი, რომ თქვენ ძალიან მაღალი ალბათობით კორონავირუსი გაქვთ ჩაბუდებული ყელში. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამას ყურადღება მივაქციოთ? სამი-ოთხი დღე კორონავირუსი ცხოვრობს მხოლოდ თქვენს ყელში. ის არ შლის თავის მომაკვდინებელ საცეცებს, იმიტომ, რომ არ მიუღწევია ჯერ ბრონხებამდე და ფილტვებამდე. ის ცხოვრობს ჯერ ყელში, სადაც არ არის ისე საშიში, კი არა და, მცირე დისკომფორტის შემქმნელია მხოლოდ. გვახსოვდეს, რომ კორონავირუსი ყველაზე საშიში არის, როცა ხვდება ფილტვებში. აი, ყელში როცა ის არის, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ექიმს უნდა დაუკავშირდეთ და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ანტისეპტიკური საშუალებები, რომელიც, დიდი ალბათობით, მას მოკლავს იქ, სადაც არის, ანუ ყელის არეში და ის ვეღარ გააგრძელებს ცხოვრებას, ვეღარ ჩავა ფილტვებამდე და ბრონხებამდე და ვეღარ იმოქმედებს თქვენზე ისე მძიმედ, როგორც ის მოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც დაავადებულნი არიან კორონავირუსით”.


მაია ბუწაშვილის თქმით, არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ ყელის ტკივილი კორონავირუსის პირველი საგანგაშო სიმპტომია.

“3-4 დღე კორონავირუსი ყელში არ ცხოვობს. ზოგადად, ყელის ტკივილი ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირ სიმპტომებში რაც შედის, არის ტემპერატურის მომატება და სუნთქვის გაძნელება. ყელის ტკივილი, სურდო და ა.შ., რა თქმა უნდა, ესენიც შესაძლო სიმპტომებია. ყელის ტკივილი, თეორიულად, შეიძლება პირველი სიმპტომიც იყოს, თუმცა ის, რომ ეს ყველაზე საგანგაშო სიმპტომია, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. კორონავირუსის სიმპტომებს შორის ყველაზე საგანგაშო არის სუნთქვის გაძნელება”.

რაც შეეხება “მთავარი აქცენტების” წამყვანის მიერ გაჟღერებულ სხვა რეკომენდაციებს - ხელების დაბანას, ყოველდღიურად შხაპის მიღებას, ლითონის ზედაპირიანი ნივთების დასუფთავებას, სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავებას და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებას, მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ თითოეული რეკომენდაცია ისედაც ზოგადი ჰიგიენის და სწორი კვების ნაწილია და ჯანსაღი ცხოვრების წესი კორონავირუსის ბრძოლისთვისაც სასარგებლოა:

“შეიძლება, პირდაპირი ანტიკორონავირუსული ეფექტი არ ჰქონდეს, მაგრამ ზოგადად ჯანსაღი კვებაც და ჯანსაღი ცხოვრებაც, რა თქმა უნდა, ავსებს ჩვენს ძალებს ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლა. ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, სწორი რეკომენდაციაა, ხელების დაბანა ამცირებს სერიოზულად რისკს, რამდენადაც ხელი ყოველ წუთში ეხება ზედაპირებს, სადაც შეიძლება იყოს ინფიცირებული ადამიანის წვეთები და ამ ხელით შემდეგ შეიძლება გადავიტანოთ ლორწოვან გარსზე. ეგ ისედაც ზოგადი ჰიგიენის ნაწილია და კორონავირუსის ბრძოლისთვისაც სასარგებლოა”.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების კვალიფიციური გაშუქება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამომწურავი და ზუსტი იყოს.

“ვირუსთან დაკავშირებით თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გადაამოწმეთ ყველა შესაძლო წყაროსთან, რადგან თქვენს მიერ გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს”,- წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მედიაჩეკერს” არაერთი მასალა აქვს მომზადებული იმ რეკომენდაციებზე, რომლების გათვალისწინებაც კორონავირუსის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს მართებთ.
კატეგორია - ეთიკა
"ეთნიკურ აზერბაიჯანელებს არ სჯეროდათ კორონავირუსის არსებობა და რეკომენდაციებსაც არ იცავდნენ", - მსგავსი ტექსტით ჩაერთო 23 მარტს, გვიან ღამით, მარნეულის ტელევიზიის ჟურნალისტი „მაესტროს“ სპეციალურ გამოშვებაში. მან ვრცელი საუბარი, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ახალისებდა, ისე დაასრულა, რომ გამოშვების წამყვანს რეაქცია არ ჰქონია, პირიქით, ის დაეთანხმა სტუმარს და ადგილობრივების გაუფრთხილებლობას "ერთგვარი უპასუხისმგებლობა" უწოდა.

„მაესტროს“ სპეციალური გამოშვება მარნეულში 62 წლის ქალისთვის კორონავირუსის დადგენის ამბავსა და მუნიციპალიტეტში ზომების გამკაცრებას დაეთმო. ვინაიდან ამ დაინფიცირების წყარო უცნობია, დაავადებულს კი ასობით მოქალაქესთან ჰქონდა შეხება, საქართველოს მთავრობის განმარტებით, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა და დაიკეტა. გვიან ღამით მიმდინარე სპეციალურ გამოშვებაში, წამყვანმა „მარნეული TV-ს“ ჟურნალისტი ჩართო, რომელთანაც მარნეულში ამ დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავდა. წამყვანის ერთ-ერთი კითხვა ადგილობრივების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების თემას შეეხო.

გთავაზობთ ნაწყვეტს წამყვანისა და ჟურნალისტის დიალოგიდან:

წამყვანი: რეკომენდაციების შესრულებაზე რას გვეტყვით, სანამ მარნეული და ბოლნისი გადავიდოდა მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, ის რეკომენდაცები, რომლებიც დაწესებული იყო მთელი საქართველოსთვის, რამდენად სიზუსტით სრულდებოდა ეს მანდ?

სტუმარი: როგორ იყო იცი, ჩვენი ტელევიზიაც ორენოვანია, ყოველდღიურად ვაწვდიდით ინფორმაციას, მაგრამ იყო ასეთი მიდგომა, რომ იცი რა ეს ვირუსი არ არის, სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური და თვითონ მოსახლეობას, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, რატომღაც არ ჯეროდათ ამ ვირუსის.
წამყვანი: დიახ და შესაბამისად ისინი არ იცავდნენ ზედმიწევნით, ასე ვთქვათ, რეკომენდაციებს?
სტუმარი: არა, არა, არანაირად არ იცავდნენ, ქუჩებიც სავსე იყო, ჩაიხანები ძლივს დაკეტეს, ზოგ ადგილას პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.
წამყვანი: ფიქრობთ, რომ ამას შეიძლებოდა გამოეწვია ის სურათი, რაც დღეს მივიღეთ? მოქალაქეთა დაუდევრობამ, ასე ვთქვათ, გაუფრთხილებლობამ? უპასუხისმგებლობამ, შეიძლება ასეც ვუწოდოთ...
სტუმარი: ზუსტად ეგ არის ის, რაც მივიღეთ, მოქალაქეების დაუდევრობა, გაუფრთხილებლობა, არ ჯეროდათ ამ ვირუსის, თან დაემთხვა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული და ამ დღესასწაულზე ერთმანეთთან ალბათ ხშირად მიდიოდნენ - მოდიოდნენ სტუმრად. და ამ დაუდევრობამ გამოიწვია, რომ არ ჯეროდათ ამ ვირუსის, ეს ყველაფერი.

ამის შემდეგ, წამყვანმა მას ჰკითხა, რა ხდებოდა იმ წუთებში მარნეულში და დაემშვიდობა ისე, რომ არ გამიჯვნია მის ნათქვამს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციას ახალისებდა.




აღსანიშნავია, რომ ვიდეოს იმ მოკლე მონაკვეთს, რომელშიც ეს დიალოგია, სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარი ახლავს და მათი უმეტესობა რასიზმსა და ქსეონოფობიას ახალისებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიაში გავრცელებული მასალები, სახიფათო შინაარსის გამო, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფრთხეებს აჩენს. კორონავირუსის გავრცელებისთანავე მსოფლიო მედიაში გაჩნდა მასალები, რომლებშიც ხაზგასმული იყო, რომ გარკვეული ჯგუფების მიმართ უარყოფითი, რასისტული განწყობები იკვეთებოდა. საქართველოში ასეთი ჯგუფი თავდაპირველად ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ.

დღეს დილით, მას შემდეგ, რაც გუშინ მარნეულში ვირუსი დაუდასტურდა ადგლობრივ მცხოვრებს და ეს თემა მედიისთვის მთავარ თემად იქცა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც რამდენიმე დეტალია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

„ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ მიღებული ინფორმაცია და ყველა ზომა მიიღონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ეს არ არის ქარტიის საბჭოს მხრიდან კორონავირუსის თემაზე გავრცელებული პირველი განცხადება. თემის სიფრთხილით გაშუქების აუცილებლობაზე ქარტია ზუსტად ერთი თვის წინ ალაპარაკდა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

„კონკრეტული შემთხვევების გაშუქებისას, არ გაამჟღავნოთ პაციენტის პირადი ინფორმაცია (ვინაობა, სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილი და ა.შ.), ასევე არ გააკეთოთ აქცენტი პაციენტის ეროვნებაზე, რამაც, შესაძლოა, წაახალისოს ქსენოფობია“, - ვკითხულობთ ერთი თვის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც ამავე დროს ქარტის საბჭოს წევრია და აქტიურად მონაწილეობს ამ განცხადებების გავრცელებაში, ამბობს, რომ ახლა მედიის პასუხისმგებლობა სიფრთხილით გააშუქოს თემა, გაათმაგებულია. მასალაში, რომელიც ამავე თემის გაშუქებისას „TV პირველის“ ეთერით გაჟღერებულ ასევე დისკრიმინაციულ განცხადებებს შეეხებოდა, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მედია ასეთ დროს არ უნდა იყოს ინფორმაციის მხოლოდ გამტარი და მას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, ისევე როგორც რესპონდენტების შერჩევისას, ასევე მათი განცხადებების მოსმენისას.

„როდესაც არის კრიტიკული ვითარება, სულერთია, ეს არის ეპიდემია, პანდემია, საომარი ვითარება თუ სხვა ტიპის საგანგებო ვითარებები, არ შეიძლება მედია მოქმედებდეს არარაციონალურად”, - უთხრა „მედიაჩეკერს“ ზვიად ქორიძემ.

„ვირუსს, დაავადებას არ აქვს არც მოქალაქეობრივი კუთვნილება არც ეთნიკური ნიშანი, ის ვრცელდება კონკრეტულ ქვეყანაში და ყველანაირი მიმართება, რომელიც ეხება ეთნიკურ ნიშანს, იქნება რასისტული და ქსენოფობიური“, - ამბობს ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბარში “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ეკა ჭითანავა.

გამოცემა ეკა ჭითანავას დაახლოებით ერთი თვის წინ ესაუბრა, მაშინ როდესაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტირდა და მედიაში ამ თემაზე წერა გააქტიურდა.

„ ცალკე უსაფრთხოების საკითხის იგნორირება არ შეიძლება და აქაც სახელმწიფოები იღებენ სპეციალურ ზომებს, მაგრამ ასე კონკრეტულად ეთნიკური ჯგუფისგან მტრის ხატის შექმნა ან ქსენოფობიური დამოკიდებულება არ არის გამართლებული”, - განაცხადა ეკა ჭითანავამ „ნეტგაზეთთან“ საუბარში.
კატეგორია - ეთიკა
19 მარტს “TV პირველის” 16:00 სათიან საინფორმაციო გამოშვებაში კორონავირუსსზე სასაუბროდ ეთერში სტუმრად დიზაინერი ზალიკო ბერგერი მიიწვიეს. წამყვანის განმარტებით, რესპონდენტის ჩართვის მიზანი “ცოტა პოზიტივის შემოტანა” იყო. თუმცა, საბოლოოდ, მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ არარელევანტური რესპონდენტის ჩართვამ და წამყვანის ინერტულობამ, “პოზიტივის შემოტანის” ნაცვლად, გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის ადამიანების დისკრიმინაციას და კორონავირუსზე საშიში დეზინფორმაციისა და მითების გავრცელებას შეუწყო ხელი.

წამყვანმა კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე საუბარი რესპონდეტთან შემდეგი კითხვით დაიწყო:

“ზალიკო, ეხლა რომ გვითხრა იმ თემაზე, რომელიც არის ჩვენი დღვანდელი, ასე ვთქვათ, ტელეეთერში შეხვედრის მთავარი მიზეზი, ეს არის ძალიან საშიში ვირუსი - კორონავირუსი. აი, რომ გვითხრა, ჩვენ გვინდა, რომ ცოტა პოზიტივი შემოვიტანოთ, არ იყო დღეს მარტივი დღე, როგორც ვიცით, გარდაიცვალა საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ესპანეთში, მაგრამ მაინც გვინდა, რომ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს გარკვეული შიშის დაძლევა ამ მიმართულებით. პირადად შენ როგორ ცდილობ, რომ გაუმკლავდე ამ შიშს, რომ არ აგიტანოს ამ შიშმა, ვგულისხმობ, ცუდ ფორმებს. აი, რას აკეთებ ამისთვის?”

რაზეც რესპონდენტმა უპასუხა:

“რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი მოხდა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ღმერთმა ოღონდ ყველა ქართველი 74 წლამდე აცოცხლოს და მერე მე რა ვიცი, ღმერთო მაპატიე, მაგრამ(იცინის) ისეთი თემაა, კორონა მოკლავდა თუ ისა, მე რა ვიცი, ღმერთმა იცის, ღმერთო მაპატიე. ცოტა პოზიტიურად უნდა შევხედოთ ამ ვირუსსაც და ამ თემასაც…”

პირდაპირ ეთერში რესპონდენტის ამგვარმა განცხადებამ ხელი შეუწყო გარკვეული ასაკის ადამიანების ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციას. წამყვანს კი არანაირი რეაგირება არ ჰქონია რესპონდენტის არასერიოზულ და დისკრიმინაციული შინაარსის კომენტარზე.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა არა კონკრეტული ადამიანის მსგავსი მოსაზრებები, არამედ მედიის დამოკიდებულებაა:

“ცალკეულ ადამიანს შეიძლება უფრო ექსტრავაგანტული აზრებიც ჰქონდეს , მაგრამ არ არის საჭირო გამოიტანო საეთერო განხილვაზე. მითუმეტეს, ეს შესთავაზო ადამიანს, რომელიც ისედაც დასტრესილია შექმნილი ვითარებით და მოჩერებულია შენს ეთერს. 74 წელზე უფრო ასაკოვანი ადამიანებიც უყურებენ ამ ეთერს, ჩამოვწეროთ ის ადამიანები?! აი, აქ, ამ შემთხვევაში, პრობლემა არის არა ის, რესპოდენტი რას ფიქრობს და როგორ აზროვნებს, არამედ რა ტიპის პასუხისმგებლობას იღებს მედია, როდესაც ესა თუ ის ადამიანი მოჰყავს სტუდიაში და ესაუბრება. არ აქვს მნიშვნელობა იმას, შენ ამ ადამიანთან გექნება თუ არა კრიტიკული დიალოგი. უკვე ის, რომ ის თავისი მოსაზრებებით შენს ეთერშია, გარკვეულწილად ეს არის პოზიცია იმისა, რომ ეს არის ნორმალური და შენ მიგაჩნია რომ ასეთი დამოკიდებულება ნორმალურია.”

ზვიად ქორიძე მსგავს კრიზისულ ვითარებაში რელევანტური რესპონდენტების შერჩევის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელმა ინფორმაცია კვალიფიციური წყაროსგან მიიღოს:

“როდესაც წამყვანს ეთერში მოჰყავს ნებისმიერი რესპოდენტი, ის, პრაქტიკულად, იმ რესპოდენტის პირადი განწყობების გენერალიზებას ახდენს, ამიტომაც ყოველთვის მნიშნელოვანია ასეთ კრიზისულ ვითარებაში, არა ზოგადად საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების მოსაზრებები და განწყობები გავიგოთ ჩვენ, არამედ კვალიფიციური სპეციალისტების მოსაზრებები და კომენტარები ამა თუ იმ საკითხზე. ეს არის მნიშვნელოვანი”.

წამყვანს რეაგირება არც მაშინ ჰქონია, როდესაც რესპონდენტი “TV პირველის” ეთერით საკუთარ უარგუმენტო და საშიშ მოსაზრებებს აჟღერებდა კორონავირუსზე. დისკრიმინაციული განცხადების შემდეგ, მაყურებელს ზალიკო ბერგერის ვარაუდების მოსმენა მოუწია და ამ ვარაუდების გაჟღერების დროსაც, იგი კვლავ შეეხო უფროსი ასაკის ადამიანების თემას.

ე.ი. კორონავირუსი დამთავრდება მალე, როგორც მე ჩემი კოსმიური ენერგია მომივიდა და მივხვდი რაც არის ეგ ვირუსი, როგორც ყველა ვირუსი მოდის ხოლმე ამ ყოველი წლის განმავლობაში...

- საიდან იღებ ზალიკო ამ კოსმიურ ენერგიას, ამას გეკითხები

- იცი რა, ძაან ვინერვიულე თქო მეც, რომ ესეთი მსგავსი რამე, ჰაერის ჩაკეტვა და რაღაცა მსოფლიოში არ მომხდარა აქამდე და რა ასაკობრივ ჯგუფზეც არის, მე სოციოლოგია მაქვს დამთავრებული და რაც ე.ი. დედამიწის გახშირვა, ალბათ, სჭირდება, რა ჰქვია, მსოფლიოს მამებს, როჩილდია თუ ვინ არიან კიდე, რამდენიმე ე.ი., ვინც ტრამპებს ნიშნავს და ა.შ. ეს ვირუსი დაამთავრონ ბოლო-ბოლო, როგორც დაიწყეს. მე ვფიქრობ, რომ 14-დან 20 აპრილამდე ვაქცინა იქნება და მანამდე ის, სამწუხაროდ, რა ასაკობრივ მოსახლეობაზე არის გათვლილი, რომელიც ევროკავშირს ძვირი უჯდება, იმ ასაკობრივ ადამიანებზე არის, ასე რომ, გავუფრთხილდეთ მოხუცებს.

ჩართვის დასასრულს რესპონდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ვარაუდი, რაზეც წამყვანმა უპასუხა:

“საინტერესოა, აუცილებლად დავიმახსოვრებთ ამ რიცხვებს, თუ გამართლდება შენი პროგნოზი.”

ზვიად ქორიძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ვარაუდების და დაუდასტურებელი ინფორმაციების ტირაჟირებამ შეიძლება გამოიწვიოს. იგი მიიჩნევს, რომ რთულ სიტუაციებში მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია და ის მხოლოდ ინფორმაციის გამტარი არ უნდა იყოს.

“შეიძლება, მაგალითად, ასეთმა მოსაზრებებმა გამოიწვიოს ინერტული დამოკიდებულებები იმ დათქმების მიმართ, რომელსაც მთავრობა სთავაზობს საზოგადოებას. ან დავუშვათ, გააჩინოს უფრო მეტი ნიჰილიზმი საზოგადოებაში, რაც ასევე მძიმეა კრიტიკულ ვითარებაში. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელზეც, რა თქმა უნდა, მედია უნდა ფიქრობდეს და მედია არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში გამტარი. როდესაც არის კრიტიკული ვითარება, სულერთია, ეს არის ეპიდემია, პანდემია, საომარი ვითარება თუ სხვა ტიპის საგანგებო ვითარებები, არ შეიძლება მედია მოქმედებდეს არარაციონალურად”, - ამბობს ზვიად ქორიძე “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

ჟურნალისტის მოვალეობა, მიაწოდოს საზოგადოებას გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მსგავს კრიზისულ სიტუაციებშია. კორონავირუსის პანდემია მსოფლიო მედიისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. “მედიაჩეკერს” არაერთი მასალა აქვს მომზადებული იმ რეკომენდაციებზე, რომლების გათვალისწინებაც კორონავირუსის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს მართებთ. რეკომენდაციებში ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და საკითხის კვალიფიციურ გაშუქების მნიშვნელობაზეა ყურადღება გამახვილებული. კვალიფიციური გაშუქებისთვის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რჩევაა, რომ ჟურნალისტებმა სიფრთხილით შეარჩიონ რესპონდენტები და წინასწარ გაითვალისწინონ მათი შეხედულებები.

გარდა ამისა, როგორც კი მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა და ეს თემა მედიის დღის წესრიგშ ერთ-ერთი წამყვანი გახდა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ ეს თემა მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს.
კატეგორია - ეთიკა

ვითარება ავტობუსის გაჩერებასთან - ამ წარწერით დღეს, 18 მარტს, "ტელეკომპანია პირველის" ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი ბევრი ხალხი ჩანს. "პოსტს" არ ახლდა არანაირი დამატებითი აღწერა, ასევე, არ იყო დაკონკრეტებული სად იყო ფოტო გადაღებული, ამიტომ მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის იგი შეცდომაში შემყვანი და პანიკის შემცველი აღმოჩნდა, - ფოტო, რომელიც სინამდვილეში არ არის საქართველოში გადაღებული, აუდიტორიის დიდმა ნაწილმა თბილისში გადაღებულად მიიჩნია.

აქვე, მნიშვნელოვანია, რომ ამ ფოტოს გამოქვეყნება დაემთხვა პირველ დღეს, როდესაც თბილისში მიკროავტობუსების მოძრაობა აიკრძალა და სოციალურ ქსელში დილიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია გადატვირთული ავტობუსებისა და მეტროს შესახებ. 

მოგვიანებით, ტელეკომპანიის დირექტორმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აუდიტორიამ ფოტო არასწორად აღიქვა და შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა.

"ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს იყო საქართველო, არადა, როგორც ვიცი, ეს იყო უკრაინაში გადაღებული ფოტო, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ატვირთა. მე, როგორც კომპანიის დირექტორი, პირადად ვუხდი ბოდიშს ყველა ადამიანს, ვინც შეცდომაში შევიყვანეთ ამ ფოტოს გავრცელებით. ძალიან ვწუხვარ და ვიღებ პასუხისმგებლობას. რაც კორონავირუსის ამბავს ვაშუქებთ, მაქსიმალური სიფრთხილით ვეკიდებით ყველა ინფორმაციას, მაგრამ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა. ძალიან დიდი ბოდიში", - წერს გრიგოლია.



იგივე შინაარსის ტექსტი, ოდნავ მოგვიანებით, TV პირველის ფეისბუკის გვერდზეც გამოქვეყნდა. აუიტორიას ბოდიში ტელეკომპანიამაც მოუხადა.




ამ დროისათვის TV პირველის ფეისბუკის გვერდზე ეს ფოტო პირველადი სახით აღარ იძებნება, მას აღარც საძიებო სისტემა ეძებს. ტექსტს, რომელსაც თან ერთვის თავდაპირველად გამოქვეყნებული ინფორმაციის ე.წ. სქრინშოთი, გამოქვეყნებიდან ერთ საათში 36-ზე მეტი გაზიარება და 200-ზე მეტი კომენტარი აქვს. მომხმარებელთა დიდი ნაწილი განმარტებას - რომ ფოტო ხალხმა აღიქვა არასწორად, არ ენდობა და წერს, რომ ტელევიზიამ ეს შეგნებულად გააკეთა პანიკის დათესვის მიზნით.

განმარტებისთვის რა მოხდა სინამდვილეში - მთავარი პრობლემა ფოტოზე არასრულად დართული ტექსტი იყო თუ ფოტოს გამავრცელებელმაც არასწორად აღიქვა იგი, "მედიაჩეკერი" ინგა გრიგოლიას დაუკავშირდა. 

ტელეკომპანიის დირექტორი ამბობს, რომ რა მოხდა სინამდვილეში ახლა ეს აღარ არის მნიშვნელოვანი, ფაქტი არის ერთი - რომ მათ შეეშალათ და ის სრულიად იღებს ამაზე პასუხისმგებლობას. 

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ, იმიტომ რომ მთელი ამ დროის განმავლობაში რაც ჩვენ გვიწევს კორონავირუსის საფრთხეზე საუბარი, ვართ ძალიან მოზომილი, ყველა ინფორმაციას და ყველა სიტყვას ვწონით და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ძალიან ვინერვიულე. ახლა ჩემი მხრიდან იმაზე პასუხს ვისი მიზეზით მოხდა ეს ძალიან ცუდი შეცდომა, არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე ვარ ამ კომპანიის დირექტორი და მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე. მე კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ ბოდიშს ყველას, ვინც შეცდომაში შევიყვანეთ", - ამბობს იგი.

ინგა გრიგოლია ვარაუდობს, რომ ეს იყო მექანიკური შეცდომა, როდესაც არ მიუთითეს ფოტოს გადაღების ადგილი.

"იქ არ ყოფილა, რომ ეს თბილისია, მაგრამ ზუსტად რადგანაც არ იყო მითითებული, რომ ეს თბილისი არ არის, ეს იყო სწორედ ყველაზე დიდი შეცდომა. მე გვიან ვნახე ეს ფოტო, როცა უკვე აღებული იყო გვერდიდან. ბუნებრივია, მესმის ყველა იმ ადამიანის, რომელსაც გაუჩნდა კითხვა, ამიტომ ბოდიში ნამდვილად ჰქონდა ტელეკომპანიას მოსახდელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ვითარებაში, როდესაც ყველა სიტყვა უნდა ავწონ-დავწონოთ, ეს იყო ძალიან ცუდი შეცდომა, რომელიც ჩვენ დავუშვით, ვწუხვარ, რომ ასე მოხდა და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს", - განაცხადა მან "მედიაჩეკერთან" საუბარში. 


შეგახსენებთ, 18 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსული ინფექცია Covid-19-ით, მსოფლიოში 200 000-მდე ადამიანია ინფიცირებული. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 82 000-მდე დაავადებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 8000-ს აღწევს. ბოლო ინფორმაციით, საქართველოში ოფიციალურად დადასტურებულია დაავადების 38 და გამოჯანმრთელების 1 შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კარანტინში 1261, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 216 ადამიანია. 

კორონავირუსული ინფექციის გამო საქართველოში მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს. გუშინ შეზღუდვები შეეხო საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. 

კორონავირუსი ახლა მსოფლიო მედიის სამუშაო თემაა. ქვეყნდება არაერთი რეკომენდაცია, როგორ უნდა გააშუქონ ჟურნალისტებმა ეპიდემიის ეს შემთხვევა. ამ რეკომენდაციებს შორის უპირველესია გადამოწმების მნიშვნელობა, განსაკუთრებული სიფრთხილე ციფრებთან, მანიპულაციური სათაურებისგან თავის არიდება და სიფრთხილე იმ ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებისას, რომელსაც მედია ამ თემასთან კავშირში აქვეყნებს. 

 

ამ თემაზე დაგაინტერესებთ:

 

კატეგორია - ეთიკა
ბოლო ათწლეულების ტექნოლოგიური განვითარებით შეცვლილმა ტრადიციულმა მედიაგარემომ მსოფლიო და ჩვენი ქვეყნები ახალი გამოწვევის - დეზინფორმაციასთან, მცდარ ინფორმაციასა და საინფორმაციო პროპაგანდასთან გამკლავების საკითხის წინაშე დააყენა. ინტერნეტ-მედიის განვითარებამ ერთის მხრივ, შესაძლებლობა მისცა მოქალაქეს, რომ თავად აირჩიოს ინფორმაციის წყარო, თავად შექმნას და გააზიაროს ინფორმაცია, თავად შეუწყოს ხელი დღის წესრიგის განსაზღვრას, მეორე მხრივ კი შექმნა გადაუმოწმებელი, ყალბი, მრავალი ფობიის გამომხატველი ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო შესაძლებლობა.

თუკი გადამოწმებული, ფაქტებზე დაფუძნებული და საერთო კონტექსტში ჩასმული ინფორმაცია მოქალაქეს ეხმარება იყოს ინფორმირებული მის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ და მიიღოს სწორი გადაწყვეტილები, დეზინფორმაციისა და ყალბი ინფორმაციის უმთავრეს მიზანს, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის გზით, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და საზოგადოების ინფორმირებულ არჩევანზე გავლენა წარმოადგენს.

გთავაზობთ კორონავირუსთან დაკავშირებით თებერვალში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მცდარ ამბებს, რომლებიც მედიაწიგნიერების დონის ამაღლებაზე ორიენტირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღმოაჩინეს და გადაამოწმეს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული მოკვლევის კვლევის ლაბორატორიამ გამოავლინა, რომ ვიდრე მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები მუშაობენ ვირუსის წარმოშობის მიზეზებისა და მისი სამკურნალო საშუალებების აღმოსაჩენად, პროკრემლისტური აქტორები აშშ-ს სდებენ ბრალს, თითქოს ისინი განზრახ ავრცელებენ ვირუსებს, რომლებიც მათ ბიოიარაღს წარმოადგენს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეების შესახებ დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში არაფერია ახალი. ჯერ კიდევ ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანია ამტკიცებდა, რომ აშშ განზრახ ავრცელებდა აივ ვირუსს. კამპანიას ერქვა “ოპერაცია ინფექცია” და სტატიები ავითარებდნენ კონსპირაციის თეორიას, რომ ვირუსი, რომელიც იწვევდა აივ ინფექციას ჩუმად შექმნეს შტატების ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიებში და ახლა ცდიდნენ მას ადამიანებზე. ამ საინფორმაციო კამპანიას მაშინ რუსული უშიშროება, ე.წ. კაგებე მართავდა.

იგივე ტენდენცია ვლინდება კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებითაც. ამერიკის ბრალმდებელი ნარატივები პირველად, მარგინალურ პრო-კლემლისტურ მედიაში ჩნდება და შემდეგ უკვე გადადის გავლენიან პრო-კრემლისტურ მეინსტრიმ მედიაში. ასევე ვრცელდება რუსი პოლიტიკოსებისა და სოციალური მედიი პლატფორმების - youtube-ისა და vkontakte-ს საშუალებით.

მაგალითად, მარგინალური პროკრემლისტური მედია აშშ-ს ადანაშაულებს ჩინეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში და ამბობს, რომ შტატები იყენებს ეკონომიკურ და მილიტარისტულ იარაღს მის კონკურენტ ჩინეთზე ზეწოლისათვის. მაგ. ტოპკორ.რუ ვარაუდობს, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომი ამერიკას ბილიონობით დოლარი დაუჯდა და ჩინეთის ეკონომიკის ზარალით ხეირობს ამერიკა.


altalt

პროკრემლისტური გვერდი Katushya.org კი ამტკიცებს, რომ ჩინეთის არმიის განცხადებით, ვირუსი ამერიკის ლაბორატორიებში ჩინეთის შიგნიდან გასატეხად შეიქმნა. ერთ-ერთ ვერსიად მუშავდება ისიც, რომ ვირუსის მიზანია შეამოწმოს ბიოლოგიური იარაღის წინაშე ჩინეთის თავდაცვისუნარიანობა.

alt

მესამე და ჩვენთვის საინტერესო ვერსია ეხება ლუგარის სახელობის ლაბორატორიას თბილისში. ამ ვერსიით, როგორც მითების დეტექტორმა მოიკვლია, REN-TV ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორია არის შტატების ერთ-ერთი ბაზა, სადაც ბიოლოგიური იარაღი მზადდება და გულისხმობს, რომ კორონავირუსიც სწორედ აქაა გამოგონილი.

ლუგარის ლაბორატორია პირველად არ ხდება დეზინფორმაციის სამიზნე, მანამდე, ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ (EUვსDisinfo) ინფორმაციით, ლაბორატორია გახდა C ჰეპატიტის გავრცელების წყარო, ასევე ამერიკელი დიპლომატების მიერ ჩამოტანილი სისხლის დამამუშავებელი იმისათვის რომ ეწარმოებინა ბიოლოგიური იარაღი რუსეთის წინააღმდეგ.

პროკრემლისტურ მედიას კვალდაკვალ მისდევს სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშები. აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები, ვკითხულობთ ონლაინ გამოცემაში “ტაბულა”, რომელიც თავის მხრივ AFP-ს ეყრდნობა.

AFP ინფორმაციით, ზოგიერთი ანგარიში ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აღვივებს აშშ "ეკონომიკურ ომს ჩინეთთან" და რომ ეს ვირუსი CIA-ის შექმნილი ბიოლოგიური იარაღია.

AFP-ს ცნობით, აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელების აღნიშნული ყალბი პროფილები იმართება არა ბოტების, არამედ ადამიანების მიერ და ერთდროულად იპოსტება ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას, ვითომ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ვირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, მოყვა საპროტესტო გამოსვლები უკრაინაში. მოგვიანებით დადგინდა, რომ წერილი უკრაინის ფარგლებს გარეთ დაიწერა, მაგრამ მოქალაქეები უკვე ითხოვდნენ მათივე თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ვუჰანიდან იყვნენ ევაკუირებულები, უკრაინაში შესვლის აკრძალვას. შიში, დეზინფორმაცია და სანდოობის დაბალი დონე მთავრობის მიმართ ეს არის ის ნაყოფიერი ნიადაგი, რასაც პროკრემლისტური მედია იყენებს.

Facebook-მა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციულ და ადამიანებისთვის საზიანო ინფორმაციას წაშლის: მაგალითად, მსგავსს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს მათეთრებლის მიღება კორონავირუსისგან განკურნების საშუალებაა. ასევე Instagram-ზე დაბლოკავენ და შეზღუდავენ დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენებულ ჰეშთეგებს. გარდა ამისა, კომპანია თავის მომხმარებლებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ვირუსის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ფორმით მიაწვდის.

შეზღუდვამდე კი საქართველოს მოქალაქეებს ისევ ხვდებათ მითი იმის თაობაზე, რომ ბანანი სხვადასხვა ვირუსისა და დაავადების წყაროა.

მითების დეტექტორის მიერ მომზადებული ვიდეო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბანანი ყველა დროის კონსპირაციების ერთ-ერთი წყარო იყო.

კორონავირუსთან ერთად, ყალბი ინფორმაციის მუდმივ დღის წესრიგს წარმოადგენს ლიბერალიზმი და რაღა თქმა უნდა, ლიბერალური ღირებულებების მხარდამჭერი, ამერიკელი ფილანტროპი ჯორჯ სოროსი. 18 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გააზიარა ფოტო, რომელზეც მათი მტკიცებით SS-ელი სოროსია გამოსახული. ფოტოს თან ერთვოდა შემდეგი ტექსტი: “ფოტოზეა ესესელი ჯორჯ სოროსი. შემდეგში როცა სოროსის მიერ დაფინანსებული ლიბერასტი დაგიძახებთ რასისტს, ფაშისტს და ნაცისტს, ეს ააფარეთ სახეზე”. პოსტის ავტორად სანდრო ლობჟანიძეა მითითებული, ხოლო ფოტოზე გამოსახულია უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ნ აცისტური SS-ის უნიფორმა აცვია.

მითების დეტექტორის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად, გაირკვა, რომ ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ნაცისტური SS-ის უნიფორმა აცვია, სინამდვილეში აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ბუღალტერი ოსკარ გრონინგია და მისი ახალგაზრდობის იდენტური ფოტო DailyMail-ის სტატიაშიც იძებნება.

სულ ბოლოს უნდა ვახსენოთ ორგანიზებული შეტევის მორიგი გამოვლინება: ანტისაოკუპაციო საზოგადოებრივო მოძრაობის “სირცხვილია”, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ სხვა ჯგუფების - “შეცვალე”, “გაბედე” და ერთიანი ოპოზიციის სახელით ყალბი ფეისბუკ გვერდის მიერ გავრცელდა ყალბი განცხადება მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურ Facebook-გვერდზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წლილისათვის“ დაბადების დღე მიულოცა.

განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე, Facebook-ში შეიქმნა გვერდი სახელით - „ბოიკოტი რაგბის კავშირს“, რომელმაც შემდეგი დასპონსორებული პოსტი გამოაქვეყნა, თითქოს პროტესტის ნიშნად, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია მოქალაქეებს მოუწოდებდა რომ 22 თებერვალს საქართველო - ბელგიის სარაგბო მატჩზე ეგულშემატკივრათ ბელგიისთვის: “22 თებერვალს საქართველო - ბელგიის სარაგბო მატჩზე ვუგულშემატკივროთ ბელგიას!!! საქართველოს სამარცხვინო რაგბის კავშირმა დაბადების დღის მისალოც ტექსტში ბიძინა ივანიშვილს მეცენატი უწოდა. „გაბედე“, „შეცვალე” , „სირცხვილია” , „20/30-იანელები“ და ერთიანი ოპოზიციის სახელით მოგიწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, 22 თებერვალს მოდით სტადიონზე და პროტესტის ნიშნად ვუგულშემატკივროთ ჩვენს მეტოქე ბელგიის ნაკრებს. ვაჩვენოთ სამარცხვინო რაგბის კავშირს, რომ სამშობლოს ღალატი არ შერჩებათ. ქვეყნის მოღალატეებისგან მსოფლიოს ჩემპიონობაც კი არ გვჭირდება. არც მაგ ბორჯღალის ტარების ღირსები ხართ გულზე რომ გახატიათ“.

ფაქტ-მეტრი ზემოთ ჩამოთვლილ სამოქალაქო მოძრაობებს დაუკავშირდა და თითოუელმა მათგანმა მსგავსი განცხადების გაკეთება უარყო. ამჟამად, Facebook-გვერდი „ბოიკოტი რაგბის კავშირს“, გაუქმებულია ან აღარ არის საჯარო.
კატეგორია - ეთიკა

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ ახალგაზრდა ქალის დაჭრის შესახებ ამბის გაშუქებისას, “მთავარმა არხმა” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, მაყურებელს ბრალდებულის დედის ისეთი კომენტარი შესთავაზა, რომლის მთავარი აქცენტი იყო, რომ მოძალადის პროვოცირება თავად დაზარალებულმა მოახდინა.

ჟურნალისტმა მაყურებელს უთხრა, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დედის თქმით, “მისი შვილი ალბათ ყოფილმა რძალმა გახადა იძლებული, რომ ამ ზომამდე მისულიყო და მოეკლა ან სიკვდილისთვის გაემეტებინა, რადგან ის იყო ცუდი დედა და ცუდი მეუღლე”.

ამის შემდეგ, სიუჟეტიდან უშუალოდ ბრალდებულის დედის ასევე ძალადობის გამამართლებელი კომენტარი მოვისმინეთ. სავარაუდო მოძალადის დედა შვილის ქმედების გამართლების მიზნით, ქალის უპასუხისმგებლო დედის როლში წარმოჩენას ცდილობდა, რომელიც შვილებით არ ინტერესდებოდა და მათ უყურადღებოდ ტოვებდა. “მიიყვანა ალბათ იმ დონემდე, რომ ასე გაუკეთა”, - თქვა ბრალდებულის დედამ.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა სიუჟეტში თავადვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების დაცვის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ჟურნალისტებს ფემიციდის ფაქტების სიფრთხილით გაშუქებისკენ მოუწებენ, საზოგადოებაში გამჯდარი სტერეოტიპების გამყარებას მისსავე მომზადებულ მასალაში ხელი თავადვე შეუწყო.

გენდერული საკითხების გაშუქების შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია: „ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ დაიწყოთ იმის გარკვევა, რა დააშავა ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანი არა მიზეზი, არამედ ფაქტი. არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რაც მკვლელობას გაამართლებს“.

„ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად „ეჭვიანობის ნიადაგის“ დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი „არასწორად“ იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა“, - ვკითხულობთ ამავე წესებში.

ტელეკომპანია “მთავარის” ამავე სიუჟეტში დაზარალებულის პირდაპირი იდენტიფიცირებაც მოხდა, დასახელდა მისი სახელი და გვარი, აგრეთვე ვიხილეთ კადრები, რომლებშიც ძირს დაწოლილი დაჭრილი ქალი ჩანდა, რომელსაც გარშემო ხალხი ეხვია. ერთ-ერთ კადრში თავად სავარაუდო მოძალადის სახეც გამოჩნდა.

ეს ამ თემაზე “მთავარი არხის” მიერ მომზადებული პირველი სიუჟეტი არ არის. ხაშურში მომხდარიდან მალევე “მთავარმა არხმა” ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებაში დაჭრილი ქალის კადრები პირდაპირ ეთერში აჩვენა. და მიუხედავად იმისა, რომ “მედიაჩეკერმა” ხაშურში მომხდარი ამბის შესახებ იმავე დღეს, მთავარი საინფორმაციო გამოშვები დაწყებამდეც დაწერა და მედიის მიერ თემის გაშუქების პრობლემაზე მიუთითა, “მთავარმა არხმა” თემა მაყურებელს მაინც ეთიკური სტანდარტების დარღვევით შესთავაზა.




დაჭრილი ქალის სახელი და გვარი დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანია “ფორმულამაც” თქვა. ამასთან, დაფარვის გარეშე შემოგვთავაზა დაზარალებულის დედის კომენტარი. დაზარალებულის დედის იდენტიფიცირებით მსხვერპლის ირიბი იდენტიფიცრება მოხდა “რუსთავი 2-სა” და “ტელეკომპანია პირველზეც”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოში, რომელიც კრიმინალის გაშუქებას ეხება, აღნიშნულია, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.


ფემიციდის შემთხვევების პრობლემურ გაშუქებაზე, "მედიაჩეკერს" არაერთი მასალა აქვს მომზადებული. მათგან ერთი ეხება "მთავარ არხსაც" და მეტწილად, სწორედ "მთავარი არხის" შეცდომებზე მიუთითებს. ამ მასლაში დეტალურად არის ახსნილი, რატომ არის სახიფათო ქალთა მიმართ ძლადობისა და ფემიციდის შემთხვევების გაშუქება სიფრთხილის გარეშე. 

 

გუშინ, 8 მარტს, "მედიაჩეკერმა" გამოაქვეყნა თიკო ცომაიას მიერ მომზადებული გზამკვლევი ჟურნალისტებისთვის ფემიციდის გაშუქების საკითხებზე. ამ გზამკვლევშიც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მედიას მართებს დიდი სიფრთხილე და მაღალი მგრძნობელობის გამოჩენა ფემიციდის გაშუქების დროს.