ვიცი ავტოკრატიაში, სადაც რეჟიმი პროპაგანდაზე დგას, იუმორით წერა დიდ რისკებს შეიცავს, მაინც არ შევეპუები და ვეცდები ის აბსურდი, რომელშიც თავი ამოვყავი, მსუბუქად მოგიყვეთ.
მე ვარ ნინია კაკაბაძე, პასპორტში ნინო ზურაბის ასული კაკაბაძე, დაბადებული 1974 წლის 15 აპრილს. უკანასკნელ პერიოდში, რაც ქვეყნის ე.წ. პრემიერი ქუჩის გადაკეტვისთვის ყველას პატიმრობით დაგვემუქრა და ამ მუქარას ყოველდღიურად ასრულებს, მეც ყოველდღე ჩავდივარ რუსთაველზე და ვიღებ ყველაფერს: პოლიციელებს, ჟურნალისტებს, მანიფესტანტებს და გადაკეტილი გზით უკმაყოფილო მგზავრებსაც კი. მასალას ვაგროვებ და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ „მედიაჩეკერისთვის“, თქვენ რომ ახლა კითხულობთ, იმ ონლაინ გამოცემისთვის.
3 ნოემბერს, ჩემი ახლობელი და მეგობარი ანუკა გამსახურდია ისევ გზაზე დადგა დროშით ხელში და სანამ ტროტუარზე არ გადმოგვრეკეს, იდგა. რასაკვირველია, მას დღეს დააკავებენ. ანუკ, მოდი, დღეს გაგიყვან-მეთქი აქედან და ხვალ დილით ჩაჯექი, მიხვალ სახლში, მოემზადები, ჩაალაგებ ჩანთას და ბარემ დაგაკავებენ. კაიო. ჩემი მანქანა ჭიჭინაძეზე დგას, იქ ბევრი პოლიციელია, შენ ჩიტაძის მხარეს წადი, მე ჭიჭინაძიდან ავალ, ჩიტაძით ჩამოვალ და უცებ ჩამიხტი მანქანაში. ისევ კაიო. ავედი ჩქარა მანქანასთან, ჩავჯექი, ავიარე ჭიჭინაძის ქუჩა და რომ უნდა შევუხვიო - მარჯვნიდან, მარცხნიდან მოაყენეს მანქანები, თვით საპატრულო პოლიციის უფროსი, გოგა მემანიშვილი ხელმძღვანელობდა ჩემი შეპყრობის აქტს. გადმობრძანდით, პირადობა, გამოგვყევით… ჩამსვეს მანქანაში, აქეთ-იქიდან მომისხდნენ პოლიციელები და რაღაცნაირად მავიწროვებენ. მეთქი, მეგობრებო, გაიწიეთ ცოტა, ნუ მაწვებით, ხომ არ გადავფრინდები მანქანიდან. ჩემს მანქანას შუშა მაინც აუწიეთ და დაკეტეთ, ასე ხომ არ უნდა დატოვოთ?! ვესროლე ვიღაც პოლიციელს გასაღები, გყავდეს შენ მანქანა-მეთქი.
ვზივარ მანქანაში და ვფიქრობ, ანუკას გაყვანის რა დიდებული სტრატეგია დავგეგმე, რა დროს ჩემი დაპატიმრება იყო?! ამ დროს მირეკავს სწორედ ანუკა, ტელეფონს მართმევენ პოლიციელები და მითიშავენ. ისეთ ადგილას გამაჩერეს, ვაითუ ვერავინ გაიგოს, რომ დამიჭირეს. მაგრამ არა, გათიშული ტელეფონით მიხვდებიან, რომ დამაკავეს, ატეხენ განგაშს, გატეხავენ ციხის კარს და გამათავისუფლებენ. თქვენ არ იცით, მე ვინ ვარ? - ვეკითხები ჩემს დამკავებელ პოლიციელებს მანქანაში. მინდა ვუთხრა, რომ - სახალხო არტისტი, მაგრამ ვეუბნები, რომ ჟურნალისტი ვარ, არ გაქვთ ჩემი დაპატიმრების უფლება. მოკლედ, არ აინტერესებთ.
თქვენ ილიაუნიში არ ასწავლით? თითქმის ჩურჩულით მეკითხება ჩემი გამკავებელი პოლიციელი. დიახ. ჩემი სტუდენტი ხომ არ იყავით? არა, მაგრამ ვიცი. ილიაუნის სამართლის ფაკულტეტი დავამთავრე წელს. აი, აგერჩია ჩემი საგანი და დღეს პოლიციელი კი არ იქნებოდი. აფსუს.
მივქრივართ კახეთის გზატკეცილისკენ. მივედით, გადმომიყვანეს მანქანიდან, შემიყვანეს შენობაში, ხელი მაინც ჩაკიდული აქვთ, რომ არ გავიქცე. შევდივარ და რას ვხედავ, ანუკა გამსახურდია ზის და მელის. არ იყო აშკარად ეს ჩიტაძის კუთხე. რა კარგია, ერთად ვიქნებით იზოლატორში. ცოტა ამოვისუნთქე.
სურათი ასეთია: პოლიციის შუშის შენობაში, პირველივე სართულზე, მგონი მანქანების სადგომი იყო, ციოდა, თითქმის ბნელოდა, დაახლოებით 20 პოლიციელი დგას, მიდის, მოდის… ვსხედვართ მე და ანუკა. მაინც გაგვაცალკევეს, რომ უცებ და იქვე რამე ტერაქტი არ დავგეგმოთ.
ამის მერე იწყება: სახელი, გვარი, სად მუშაობ, როდის დაიბადე, სად დაიბადე. ქალბატონო ნინო, ეს რა მედიაა? დაკვირვებით უყურებენ ჩემს პრესის ბარათს. მეთქი, ხალხო, ხომ არ გადაირიეთ, რა ნინო, რა ნინო? ნინია ვარ კაკაბაძე. არანაირი რეაგირება, მიყურებენ შუშის თვალებით. მეთქი, ხალხო, რატომ უკეთებთ ამას ბატონ ბიძინას? მისი მტრები ხომ არ ხართ? ვერ ნახეთ, გუშინ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში რომ შეიყვანეს? დღეს ჟურნალისტის დაკავება ხომ ბატონი ბიძინას წინააღმდეგ გადადგმულია ნაბიჯია?! თვალები - ისევ შუშის, არც წესიერი ლაპარაკი, არც ხუმრობა, არაფერი ესმით.
ვზივარ და ვფიქრობ, ალბათ, უკვე ყველამ გაიგო, რომ დამაკავეს. ნეტავ, რას წერენ ჩემზე? ალბათ, ფოტოებსაც დებენ, იხსენებენ რამდენი რამე, ღმერთო, რამდენი რამე მაქვს გაკეთებული სამშობლოსთვის?! ვის აღარ ვებრძოდი - ზვიადი, შევარდნაძე, სააკაშვილი, ბიძინა! ნეტავ, ის თუ დაწერეს სააკაშვილს რომ ვაგინე? (სინამდვილეში, მე არ მიგინებია და იმან მაგინა, მაგრამ არაუშავს). მოკლედ, ვზივარ და ვხედავ ფბ პოსტებს, ხალხს ქუჩაში ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით…
რომელ იზოლატორში წაგვიყვანთ? ზაჰესის „კაპეზეს“ აქებენ,
ახალგარემონტებულიაო და იქნებ, იქ გადაგვიყვანოთ. არა, დიღომში
მიგვყავხართ. უცებ, მახსენდება, რომ ხანდახან კლაუსტროფობიული
შემოტევებიც მაქვს და წარმოსახვაში ვხედავ ჩემს ზურგს უკან
მოჯახუნებულ რკინის კარს. ახლა ჩანთაში რომ ტრანკვილიზატორი (სახელს
შეგნებულად არ ვწერ) მიდევს, ის როგორმე უნდა გადავყლაპო.
წავიღე ხელი წამლების ყუთისკენ. აქ რა გიდევთ? მეთქი-არაფერი, წამლებია. ჰოდა, აი, ეს წამალი, საღამოობით რომ ვსვამ, უნდა გადავყლაპო. არ შეიძლება, მეუბნება პოლიციელი. როგორ გეკადრებათ, ვპასუხობ მე და უცებ ვიგდებ პირში ნახევარ აბ ტრანკვილიზატორს. დალია, წამალი დალია, ხმამაღლა ამბობს პოლიციელი ქალი. რა დალიეთ? დამამშვიდებელი. რატომ ღელავთ, რა გგონიათ, „ნავიჩოკი“ მიდევს ჩანთაში და თავს ვიკლავ? ისევ შუშის თვალები. არაფერზე არ გპასუხობენ. დაპატიმრების წამიდან საათნახევრის განმავლობაში ვეკითხები, როდის დამარეკინებენ ჩემს შვილთან ან ჩემს ადვოკატთან. მანქანაში მეუბნებიან, როგორც კი მივალთ პოლიციის შენობაშიო, პოლიციის შენობაში მეუბნებიან ცოტა ხანშიო, ცოტა ხანში მეუბნებიან, ოქმს რომ შევადგენთ მერეო, ოქმს რომ შეადგენენ. მეუბნებიან ისევ ცოტა ხანშიო, ცოტა ხანში მეუბნებიან, რომ მიგიყვანთ იზოლატორში, იქ გექნებათ ერთი ზარის განხორციელების უფლებაო. ამ დროს მოდის ერთი პოლიციელი ადამიანი, ადამიანი, რადგან დანარჩენები აპიჩატპონგ ვირესეტაკულის ფილმების გმირებს ჰგვანან და მეუბნება, დარეკე ბავშვთან და მარეკინებს.
ვირესეტაკული და მისი გმირები იხილეთ აქ → Apichatpong Weerasethakul
ოქმს მოაწერეთ ხელი, თუ შეიძლება. როგორ გეკადრებათ?! მახსენდება, რომ სანამ ადვოკატს არ ვნახავ, არაფერზე ხელი არ უნდა მოვაწერო. ვერა, გენაცვალე, მაგაზე ხელს ვერ მოგიწერ, დამარეკინეთ ადვოკატთან და მერე, კი ბატონო. თქვენ უკვე ისარგებლეთ ერთი ზარის უფლებით, ამიტომ ადვოკატთან ვეღარ დარეკავთ. შევახსენე, რომ კანონს არღვევენ, მაგრამ არ აინტერესებთ, რადგან მათი ერთადერთი კანონი ბატონი ბიძინაა.
შუალედებში სულ მეფიქრება, აზვირთებული ხალხის ნაკადი
როგორ მოემართება კახეთის გზატკეცილისკენ ჩემ დასახსნელად,
შეძახილებით - „თავისუფლება ნინია კაკაბაძეს“. ამ დროს ერთი უტყვი
ისევ მომმართავს, ქალბატონო ნინო, (ღმერთო, ისევ ნინო!) თქვენი ჩანთა
და ნივთები უნდა აღვწეროთ და დავლუქოთ. აღწერეთ და დალუქეთ.
ტრანკვილიზატორს ჯერ არ უმოქმედია, როგორც სჩანს, ამიტომ ჩემი გული
ფრიალს იწყებს. სანამ დალუქავთ-მეთქი, ანაპრილინი მიდევს მანდ და უნდა
დავლიო. არ შეიძლება. ამ სიტყვებს ქართულად ამბობენ, მაგრამ მათ
ორიგინალ ენაზე მესმის - Не положено.
- რატომ?
- არ შეიძლება.
- რატომ არ შეიძლება?
- არ შეიძლება. Не положено!
არ ვწყვეტ ერთი აბი ანაპრილინის მოთხოვნას. ნახეთ და თუ
გინდათ, პულსი გამისინჯეთ, გული მაქვს აჩქარებული და თან მიფრიალებს
კიდეც. არ შეიძლება, ქალბატონო ნინო. (ღმერთო, ისევ ნინო!) თუ გინდათ,
სასწრაფოს გამოვიძახებთ და ის დაგალევინებთ, რაც საჭიროა. გამოიძახეთ.
სადღაც 20 წუთში მოდის სასწრაფო. წნევას მიზომავს და 140/110-ზე
მაქვს, როდესაც ჩემი ნორმა 90/60-ზეა. ეუჰ, ვიფიქრე, არაა ჩემი საქმე
კარგად. ეს ოხერი ბიძინაც, ყველაზე საზიზღარი მმართველი, მაინც და
მაინც ამ ასაკში უნდა დამწეოდა, ხომ?! რა ენერგიული და უპრობლემო
ვიყავი მიშას დროს. ძალიან მაღალია 140. ეტყობა, მაინც
ვნერვიულობ.
- რამე დამამშვიდებელი ხომ არ გაქვთ კიდევ? - მივმართავ სასწრაფოს
ექიმს.
- კი, კორსიზი გვაქვს.
- რა კორსიზი, ქალბატონო, კორსიზს ყურში ვიწვეთებ. ნახევარი აბი
ტრანკვილიზატორი დალეული მაქვს და უთხარით, ის მეორე ნახევარიც
დამალევინონ.
მოკლედ, ექიმის ხელით დამალევინეს ანაპრილინიც და ტრანკვილიზატორიც. აწი აღარაფრის მეშინია, ანუკაც აქ არის, მარტო არ ვარ, ტრანკვილიზატორი დალეული მაქვს, ანაპრილინიც დავაყოლე და აწი კი მომერევა ძილი. ცოტა ხანში წნევა ჩამოდის 110-ზე და სასწრაფოც მიდის.
ცოტა ხანი ისევ ვსხედვართ. არ ვიცი, რას ველით, ამიტომ ვიწყებ პოლიციელებთან საუბარს. ვუხსნი, რომ ეს კანონები უკანონოა, რომ ჩვენ დასაპატიმრებლად მიიღეს. ვცდილობ, გული ავუჩუყო იმ მამაცობით, რასაც ყოველდღე თავად უყურებენ რუსთაველის გამზირზე, მერე ვუყვები, რომ სამკურნალოდ ვეღარ ვივლით ევროპაში, რომ მხოლოდ მინსკში და რუსეთში შეგვეძლება დასვენება. ამ დროს ანუკა ერთვება დიალოგში:
- და განათლების რეფორმაზე რას ფიქრობთ? აი, მე ყველაზე მეტად ეგ მაღელვებს, რას ფიქრობთ ამაზე???
- ანუკა, გენაცვალე, რა განათლების რეფორმა და აპიჩატპონგ ვირესეტაკულის შემოქმედება. მაცალე. ვაგრძელებ ღარიბაშვილის და მისი გუნდის წევრების ოქროს ზოდებზე საუბარს, რომელსაც 13 წლის მანძილზე მათ, ანუ პოლიციელებს და მე მპარავდნენ.
რაღაც ეტაპზე ვხვდები, რომ ტყუილად ვირჯები და ვჩუმდები, თან ტრანკვილიზატორმაც აშკარად დაიწყო მოქმედება. ახლა უკვე ვნატრობ იზოლატორის ლოგინზე, რომელსაც არც თუ ისე მიმზიდველად ახასიათებენ, მაგრამ არ ვჩივი.
მოკლედ, იზოლატორისკენ გამგზავრებამდე მხოლოდ ჩემი
პირადი ნივთების დალუქვა დარჩა. მოიტანეს ფაილი, დიდი ძაფი და
დაიწყეს:
- ხელის კრემი, გასაღები, ტუჩსაცხი 1, ტუჩსაცხი 2.
- სჯობს, მაინც დააკონკრეტოთ-მეთქი, ერთი ტუჩსაცხი კოსმეტიკურია,
მეორე - ჰიგიენური. უზუსტობა არ გაიპაროს.
- კარგით. ამას რა ჰქვია? დაწერე: ბარათების ჩასადები ჩანთა, ან
საფულე. მეც არ ვიცი, ამას რა ქვია, ამიტომ ვერ ვეხმარები.
- სველი ხელსახოცი - ამბობს ერთი პოლიციელი. მეორე პოლიციელი,
რომელსაც ხელში უჭირავს ხელსახოცი, პასუხობს - მშრალია. დავწეროთ:
გამშრალი სველი ხელსახოცი.
- არასდროს ყოფილა ეგ ხელსახოცი სველი, მშრალია, მშრალი - ვკარნახობ მე.
- კარგით. წერენ: მშრალი ხელსახოცი. კანფეტი 1,2,3 ითვლის.
- რაშია იცით საქმე - ისევ ვერთვები - მაინც სჯობს დააკონკრეტოთ - ეს 2 კანფეტი სამკურნალოა, ევკალიპტს შეიცავს და ყელის სიმშრალეს შველის. ეს ერთი ცალი შოკოლადია, ე.წ. გრილიაჟი. შუშის თვალები მიცქერენ. შემდეგ წერს: ერთი შოკოლადი, 2 კანფეტი.
- ისე, მაგ შოკოლადს თუ მომცემთ, ბარემ შევჭამ, ცოდოა მაგის დალუქვა. ნაჭამი ვიქნები და აღარ დამჭირდება იზოლატორში არაფერი ხვალ დილამდე.
- არ შეიძლება. Не положено.
- ჯანდაბა!
ჩადეს ჩემი ნივთები და პატარა ჩანთა ფაილში, მოუკრეს თავი თეთრი ძაფით და ველით. ჯერ ანუკა უნდა გაიყვანონ. ამიტომ ჩხრეკენ, გახადეს ტყავის ქურთუკი და აღმოჩნდა, რომ ამ გადარეულ გოგოს მხოლოდ ერთი უსახელო მაისური აცვია შიგნით და სცივა. მეთქი-მივცემ, თუ შეიძლება ჩემს ჟაკეტს. მე თბილად მაცვია. პასუხი იგივეა: არ შეიძლება, Не положено. რატომ? გაჩხრიკეთ ეს ჟაკეტი და თქვენ მიეცით. რატომ არ შეიძლება?! ანუკა გაჰყავთ. ბარემ ერთად წავიდეთ-მეთქი, რად გინდათ ახლა ორი მანქანა და საპატრულო სისტემის გადატვირთვა. არ შეიძლება, Не положено.
ვზივარ და ვუყურებ. ვფიქრობ, რომ მოდის უკვე ხალხის ცუნამი ჩემ დასახსნელად. ვიცდი, ვიცდი და ბოლოს მეუბნებიან: თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს, გათავისუფლებთ, ხვალ დილით ჩაინიშნება თქვენი სასამართლო პროცესი და უნდა გამოცხადდეთ. გაიგეთ, რომ ჟურნალისტი ვარ-მეთქი? გაგიბრაზდათ ხომ ბატონი ბიძინა? ხომ გაფრთხილებდით, რატომ არ დამიჯერეთ?! გამომეტყველება კვლავ შუშისაა.
გაგაცილებთ გასასვლელამდე. ანუ სახლში არ წამიყვანთ? - არა. როგორ წავიდე? ეზოდან რომ გახვალთ, უკვე შეგიძლიათ თქვენი ტელეფონის ჩართვა და შეგიძლიათ, ტაქსი გამოიძახოთ. ახლა უკვე მე მაქვს გაოგნებისგან შუშის თვალები. კარგით. ვფიქრობ, რა ვიცი, იქნებ მოვიდეს ის ბრაზისგან აზვირთებული ხალხის ტალღა, ჩემ გათავისუფლებას რომ ითხოვს, მედიაც იქნება, ფოტოები, ვიდეოები, განათებები… ხოდა არა უშავს, მანქანაც ეყოლება ვინმეს და გავყვები.
მიმაცილა ერთ-ერთმა ზომბმა გასასვლელამდე. ღამის 12 საათია. გამოვედი კახეთის გზატკეცილზე, ბნელა, მანქანებიც კანტიკუნტად დადიან, ჯერ საერთაშორისო ფრენებისთვისაც ადრეა, აეროპორტში მიმავალმა ხალხმა მაინც რომ დამინახოს, რა ამაყად ვტოვებ პოლიციის შენობას. ვრთავ ტელეფონს, ვიძახებ ტაქსის, 7 წუთში მოვაო. 7 წუთის განმავლობაში მაინც ვიყურები აქეთ-იქით, იქნებ, ვინმე, სადმე… ჩემ თვალწინ ეკრანზე მიდის სხვა პატიმრების გათავისუფლების კადრები: „ბო-ლო-მდეე!“ რომ ჰყვირიან, მღერიან, ხალხი ტაშს უკრავს, ყვავილებს აძლევს…
ტაქსი მოვიდა, ეს მეტყვის-მეთქი - გათავისუფლებას
გილოცავთ, ქალბატონო ნინია. ვჯდები ტაქსიში და მესმის მძღოლის
ხმა: „რა გვიან ამთავრებთ სამსახურს, ქალბატონო“.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ
ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

