უვიზო მიმოსვლა და ანტიდასავლური მესიჯები „ცეცხლის ხაზში“
30.03.2017
„ცეცხლის ხაზი“ - ტელეკომპანია მაესტროს ეს გადაცემა, ეთერში კვირაში ორჯერ გადის. გადაცემას ცოტათი ბუნდოვანი ფორმატი აქვს, როგორც ანონსებიდან ირკვევა, ფორმატი საპირისპირო იდეოლოგიების მქონე ადამიანებს შორის კამათს გულისხმობს, აქ წამყვანებიმხარეები არიან, ერთი ერთ პოზიციას იცავს, მეორე კი საპირისპიროს. ერთი წამყვანი თავს ლიბერალად, მეორე კი კონსერვატორად წარადგენს ხოლმე. სწორედ ამ უცნაური ფორმატის წყალობით, გადაცემა ხშირად არის ხოლმე პრორუსული მესიჯების, სიძულვილის ენის, ჰომოფობიის ტრიბუნა. ასე მაგალითად, 28 მარტის გამოშვებაში, სადაც საქართველოსთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლას განიხილავდნენ, კონსერვატორი წამყვანი, ვაკა გორგილაძე იმ მესიჯებს ავრცელდება, რაც ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით გამორჩეულ მედიასაშუალებებში მთელი კვირის განმავლობაში ისმოდა. გარდა ამისა, მის მიერ ფაქტად წარმოჩენილი ინფორმაცია არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი იყო. არადა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მაუწყებლის ჟურნალისტებს, წამყვანებს, რეპორტიორებს ავალდებულებს, აუდიტორიას მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია და არ შეიყვანონ შეცდომაში. კოდექსის ამ ნორმის დარღვევა გადაცემის ფორმატით, ცხადია, ვერ გამართლდება.

გაუგებარი იყო გადაცემის ე.წ. ლიბერალი წამყვანის, მაგდა ანიკაშვილის პოზიციებიც, თუკი რიგ შემთხვევებში, ვიზის ლიბერალიზაციის დადებით მხარეებზე საუბრობდა, ამის პარალელურად, მისგანვე ისმოდა სკეპტიციზმი ევროინტეგრაციის მიმართულებით. მაგალითად, მან გაიხსენა, რომ 29 მარტს ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას იწყებს და ბევრს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენ მივდივართ იქ, საიდანაც სხვები გარბიან. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპექტრის მხრიდან გამოხატული შეფასებები, რომ ეს არის ჩვენი დიდ ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარების აღიარება, მაგდა ანიკაშვილმა პათეტიკად შეაფასა. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, მეორე წამყვანისა და სტუმრების ნაწილის მხრიდან გამოთქმულ ანტიდასავლურ მესიჯებს, შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, ლიბერალი წამყვანი სათანადო არგუმენტებით არ უპირისპირდებოდა.

საგულისხმოა, ინტერაქტივის შეკითხვა - „მოახდენს თუ არა გავლენას ვიზალიბერალიზაცია თქვენი ოჯახის კეთილდღეობაზე?“

„ქვეყანა ქართველებისგან დაიცლება, უვიზო მიმოსვლა გამოიწვევს მუშახელის გადინებას“

წამყვანმა ვაკა გორგილაძემ განმარტა, რომ უვიზო რეჟიმის დაწესებამ ქვეყანაში საყოველთაო სიხარული და მასობრივი ეიფორია გამოიწვია. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ის ამ საყოველთაო საზეიმო განწყობას არ იზიარებს და ამის მიზეზებიც დაასახელა. მისი ინტერპრეტაციით, ვიზალიბერალიზაციით მოსარგებლე ძირითადად, ახალი შრომისუნარიანი თაობა იქნება. ამასთან, ექიმები ისარგებლებენ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მეტი შემოსავლის მიღებას შეეცდებიან. სტუდენტები კი სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ევროპაში დასარჩენად ნებისმიერ შანსს გამოიყენებენ.

„უმუშევრები და სოციალურად დაუცველები მოაგროვებენ უკანასკნელ თეთრებს და უკეთესი მომავლის დაწყების იმედით, შეიძენენ ბილეთს ერთი მიმართულებით. ვიზალიბერალიზაციამდე ემიგრაციაში გასულ მილიონნახევარ ადამიანს სხვა დანარჩენი სოციალური ფენის წარმომადგენლები დაემატებიან და ქვეყანა დარჩება პენსიონერების და პოლიტიკოსების ამარა. მისივე შეფასებით, ვინაიდან პირველები ნაკლებად შრომისუნარიანი ჯგუფია, ხოლო უკანასკნელნი კი ევროპაში უბრალოდ არავის სჭირდება“ - აღნიშნა წამყვანმა.

მისი ეს განცხადებები შეცდომაში შემყვანი იყო, რადგან მას არ განუმარტავს, რომ უვიზო მიმოსვლას ექვსთვიან პერიოდში 90-დღის ხანგრძლივობით უვიზოდ გადაადგილებას გულისხმობს და არ ითვალისწინებს მუშაობისა და სწავლის, ან ევროპაში უვადოდ დარჩენის უფლებას.

ვაკა გორგილაძემ გადაცემის მსვლელობისას, ვიზების ლიბერალიზაციის გამო, ქვეყნიდან აქტიური მუშახელის გადინების საკითხი რამდენჯერმე დააყენა. მან ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითებზეც ისაუბრა და ევროსტატის მონაცემები მოიყვანა, რომელიც აჩვენებს, რომ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში მოსახლეობა კლებულობს და მაღალი დეპოპულაციის მაჩვენელი ფიქსირდება. მისივე თქმით, საემიგრაციო ნაკადის ყველაზე მაღალი ნაწილი სტუდენტების, ექიმების, ექთნების და კვალიფიციური ძალაა. რაც პრობლემას უქმნის, როგორც ეკონომიკას, ისე სახელმწიფოებრიობას. „თუკი მათ შეექმნათ ეს პრობლემები, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა კატასტროფა ელის ჩვენს ქვეყანას?“ - ამ კითხვით მიმართა მან გადაცემის ერთ-ერთ სტუმარს, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს ემზარ კაკულიას. აქვე, საპასუხო რეპლიკით ჩაერთო მაგდა ანიკაშვილი და ვაკა გორგილაძეს შეახსენა, რომ მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებით მოჰყავს, რომლის მოქალაქეებსაც სხვა ქვეყანაში მუშაობის ლეგალური უფლება აქვთ და ამ მიმართულებით საქართველოსთან პარალელის გავლება არასწორია.

„საქართველო ევროპაში კი არ შეუშვეს, არამედ საქართველო ევროპიდან გამოუშვეს“

გადაცემის წამყვან ვაკა გორგილაძისთვის ისიც გაუგებარი აღმოჩნდა, თუ რას ვზეიმობთ, მაშინ, როდესაც ქართველ მგზავრს ისევ სჭირდება ისეთი საბუთების შეგროვება, როგორიცაა: სამგზავრო ჩეკები, დაზღვევა, საკრედიტო ბარათი და ლიმიტი, ნაღდი ფული, ბილეთი და სასტუმროს ჯავშნის დამადასტურებელი საბუთი. მისივე თქმით, საზღვრის კვეთისას მგზავრს იმის გარანტიაც არ აქვს, რომ რომელიმე ევროპული ქვეყანა მას შესვლაზე უარს არ ეტყვის, ან მესაზღვრე სრულიად დაუსაბუთებლად უკან არ გამოაბრუნებს. ის, რომ მსგავს მოთხოვნებს ევროპული ქვეყნები ყველა ქვეყნის მოქალაქის მიმართ აწესებს და ამ მხრივ ქართველი მგზავრი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ იმყოფება, წამყვანს აღარ განუმარტავს. აბა, რომელი ქვეყნის მოქალაქე შემოდის თუნდაც საქართველოს ტერიტორიაზე სასაზღვრო კონტროლისა და ვიზიტის მიზნის დასაბუთების გარეშე? ამის ახსნას შეეცადა გადაცემის მეორე წამყვანიც. თუმცა, წამყვანის კონსერვატულ ბუნებას, ვერც მისმა არგუმენტებმა უშველა.

უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად განწყობილი აღმოჩნდა გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ორგანიზაცია „ქართული იდეის“ წარმომადგენელი ლევან ჩაჩუაც. მისი შეფასებით, ქართველ მოქალაქეებს ევროპაში მხოლოდ ტურისტის რანგში ან გასართობად თუ შეეძლებათ წასვლა. მაგდა ანიკაშვილის საპასუხო კითხვას, ეს ხომ იქნება ერთგვარი შეღავათი და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის გამარტივებული გზა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ის პასუხობს, რომ მათ ვიზის აღების პრობლემა ისედაც არ ჰქონდათ. იმავე აზრზე იყო გადაცემის კონსერვატორი წამყვანიც. მისი მტკიცებით, ყველა სერიოზული ბიზნესმენი ვიზის მეშვეობით ევროპაში ისედაც ჩადიოდა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს კი, გამოფენებზე და ფორუმებზე არაფერი ესაქმებათ. კონტაქტის დამყარება კი, სკაიპის საშუალებითაც შეუძლიათ.

„ვიზალიბერალიზაცია უარყოფითად აისახება ევროპაში არალეგალურად მყოფ მოქალაქეებზე, მაგალითად 30 მარტიდან ჩაირთვება შეჩერების მექანიზმი და თუ გავითვალისწინებთ, ჩვენი პრემიერის მუქარანარევ დაპირებას, რომ ჩვენ დავაფინანსებთ იმას, რომ მოიძებნოს ევროპაში არალეგალურად მყოფი ადამიანები, ჩვენ რას მივიღებთ? ათასობით ადამიანს ჩამდგარს უმუშევართა რიგში, იმ დროს, როცა ეს ხალხი ავად თუ კარგად ახერხებდა, რომ საქართველოში ახლობლებისთვის მცირეოდენი თანხა გამოეგზავნა. ჩვენი ხარჯებით [ბიუჯეტით] მოხდება ამ ადამიანების ძებნა, ევროპის ტერიტორიაზე, რომლებიც დაარღვევენ სავიზო რეჟიმს“ - ასეთი ინტერპრეტაცია მისცა „ქართული იდეის“ წარმომადგენელმა უვიზო მიმოსვლას და იქვე დასძინა - „ჩვენ თუ სიღრმისეულად გავაანალიზებთ, საქართველო ევროპაში კი არ შეუშვეს, არამედ საქართველო ევროპიდან გამოუშვეს“. თუკი, გადაცემის ლიბერალი წამყვანი იმის ახსნას ცდილობდა, რომ ეს იყო სტუმრის ინტერპრეტაცია და რომ არალეგალი ისედაც ნიშნავს, რომ ის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება და მისი ქვეყენაში დეპორტირების საფრთხე ისედაც არსებობდა. კონსერვატორმა წამყვანმა სტუმრის პოზიციის დაცვა სცადა და განმარტა - „მაგრამ ახლა სახელმწიფო იღებს მათი დეპორტაციის ფინანსურ პასუხისმგებლობას“.

ლტოლვილთა ბანაკები და ანტიდისკრიმინაციული კანონი, ვიზის ლიბერალიზაციის სანაცვლოდ

სტუმრად მიწვეულმა ლევან ჩაჩუამ მაყურებელს ისიც აცნობა, თუ რა დათმობაზე წავიდა სახელმწიფო ვიზების ლიბერალიზაციის მისაღებად. მისი თქმით, ეს არის ორი საკითხი: ანტიდისკრიმინაციული კანონი და სირიელი ლტოლვილების მიღება. პირველ შემთხვევაში, მისი განმარტებით, ქვეყანას კანონის მიღება იმიტომ დაევალა, რომ განსაკუთრებული უფლებებით სექსუალურმა უმცირესობებმა ისარგებლონ, რადგან მომავალში, ისინი საქართველოდან ევროპაში არ ჩავიდნენ და პოლიტიკური თავშესაფარი არ მოითხოვონ.

სტუმრის მიერ გაჟღერებულ დეზინფორმაციას, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკის აშენებისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის სანაცვლოდ მიიღო, მაგდა ანიკაშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ვაკა გორგილაძემ კი აღნიშნა, რომ ეს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის გაცხადება იყო.

„უვიზო მიმოსვლა ხელს უშლის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“

ანტიდისკრიმინაციული კანონის კონტექსტში, სტუმარმა ლევან ჩაჩუამ ოკუპირებული ტერიტორიებიც გაიხსენა და აღნიშნა:

„თქვენ უნდა გენახათ მათი აღშფოთება ანტიდისკრიმინაციული კანონისა და იმ მარშების შესახებ რომელიც გაიმართა თბილისში, აი, იმ ფემინისტების და ლეზბოსელების, სექსუალური უმცირესობების მიერ. ეს პირდაპირ ურტყამს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, იმიტომ, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები მკვეთრად გამოხატული კავკასიური ტრადიციის მატარებელი ხალხია და ისინი არ მოისურვებენ იმ სივრცეში დაბრუნებას, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონი, სექსუალური უმცირესობების პარპაში და ასეთი მიტინგები იქნება“.

გადაცემის ლიბერალი წამყვანის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან სტუმარს შეახსენა, რომ ამ თემებით სპეკულირება არ ღირდა და რომ ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას, უსაფრთხო გარემოს ყველასთვის. თუმცა, მასვე იმის განმარტება რატომღაც არ გაახსენდა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი იცავს ყველა მოქალაქის უფლებას და გმობს ძალადობის გამოვლინების ყოველგვარ ფორმას, ის არცერთ ჯგუფს პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ აყენებს და არც სხვაზე მეტ უფლებას ანიჭებს. სტუმრისთვის ვინმეს არც ის შეუხსენებია, რომ თავისუფალ დემოკრატიულ სამყაროში ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორც მას უნდა რომ იყოს და არავის აქვს უფლება ის რაიმე ფორმით შეზღუდოს, თუკი მისი ქცევა ან/და გამოხატვის ფორმა საფრთხეს არ უქმნის სხვა ადამიანის თავისუფალ არსებობას.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ