“რა ხდება?” - მედია და Facebook Live
18.09.2018
შეკითხვაზე „რა ხდება?“ თუკი ოდესღაც ყველას კოკა ყანდიაშვილი და მისი ოდნავ მოსაწყენი გადაცემა ახსენდებოდა, დღეს ეს შეკითხვა, პირადად ჩემს წარმოდგენაში, ქართული მედიების Facebook გვერდებზე გაშვებულ პირდაპირ ჩართვებთან ასოცირდება. გაჭირდება Facebook Live-ის მოძებნა, სადაც კომენტარების ველში მანტრასავით არ მეორდება შეკითხვა „რა ხდება?“. ეს, ერთი მხრივ, შეგვიძლია მოქალაქეთა სულსწრაფობას ან მათ არასაკმარის ციფრულ და მედიაცნობიერებას მივაწეროთ, თუმცა, ამით მხოლოდ სიტუაციას გავამარტივებთ. ხშირად, აუდიტორიის დაბნეულობის წყარო არა თავად მომხმარებლებში, არამედ მედიასაშუალებების მიერ პირდაპირი ჩართვების სახელდახელოდ, ზედაპირულად და ზედმეტად სამოყვარულო დონეზე ტრანსლირებაში შეიძლება იყოს.

 


სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში მოტანილი სიახლეების შესახებ დისკუსია უკვე მოძველდა. ხოლო ის, რომ ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ერთად, მედიასაც უწევს საქმიანობის ახალი ფორმებისა და ტექნიკების ძიება და მათთან ადაპტირება, უბრალოდ მოცემულობაა. მაგალითად, ონლაინ სტრიმინგის ისეთმა აპლიკაციებმა, როგორებიცაა Meerkat და Periscope, ჟურნალისტებს მისცეს საშუალება, რომ აუდიტორიასთან წვდომა გაცილებით სწრაფად და იოლად დაემყარებინათ. თუმცა ტექნოლოგიური პროგრესი და ახალი ამბების გაშუქების ახალი ხელსაწყოები შესაძლებლობებთან ერთად, გამოწვევებსაც აჩენს. მათ შორის ფორმისა და შინაარსის ადეკვატურად მიწოდების თუ ეთიკის დაცვის თვალსაზრისით.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ მოცემულობად უნდა მივიღოთ Facebook Live-იც, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ გლობალურად შეცვალა ციფრული მედიასაშუალებების მუშაობის სტილი, ტემპი და პასუხისმგებლობები, განსაკუთრებით მიმდინარე ახალი ამბების გაშუქებისას. Facebook Live თავდაპირველად, 2015 წელს, შეზღუდულად, მხოლოდ ცნობილი ადამიანებისათვის დაემატა სოციალურ ქსელს. 2016 წლიდან კი, ამ ფუნქციის გამოყენება, ეტაპობრივად, ყველა მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახდა, მათ შორის მედიებისთვის. მედიებმა რამდენიმე მიზნით დაიწყეს Facebook-ზე Live-ების გაშვება. მაგალითად NPR გამოყოფს Facebook Live-ების მნიშვნელობას ე.წ. Breaking News-ების დროს ადგილიდან რეპორტინგის, გადაცემების სტუმრებსა და წამყვანებს შორის ინტერაქციის, აუდიტორიისთვის სხვადასხვა მოვლენის კულისებს მიღმა შეხედვის შესაძლებლობის, ერთგვარი სიურპრიზის ელემენტების შემოტანისა და შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტებით რეპორტინგის გამდიდრების კუთხით.

Facebook-ის ამ ფუნქციის გამოყენება ქართულმა მედიამაც დაიწყო. არაერთი მედიასაშუალება უკვე წარმატებულად იყენებს Facebook Live-ს, მაგალითად, ნეტგაზეთი, ლიბერალი, on.ge, რადიო თავისუფლება და ა.შ. აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებში ტრანსლირების ფუნქციას ქართული ტელევიზიებიც, განსაკუთრებით კი TV პირველი, პირველი არხი, მაესტრო და იბერია. თუმცა, ფუნქციის ჩართვიდან ორწელიწადნახევრის შემდეგაც, ზოგიერთი მედიის მიერ პირდაპირი ტრანსლირება სოციალურ ქსელებში ხშირად ქაოტურად, მოუმზადებლად და უსისტემოდ ხდება. ეს კი, პირდაპირ აისახება ტრანსლირებულ მასალასა და მომხმარებლების მიერ მიღებული ინფორმაციის ხარისხზე.

მაგალითად, ქართული მედიასაშუალებების Facebook გვერდებზე შეხვდებით პირდაპირ ჩართვებს, რომელთაც არ გააჩნიათ აღწერა თუ რას შეეხება პირდაპირი ჩართვა, ანდა აღწერა იმდენად ზოგადია, რომ ნებისმიერ Facebook Live-ს შეიძლება მოარგო. მაგალითად, ”ამ წუთებში“, „აქცია პარლამენტთან“, „მინისტრთა ბრიფინგი“ ან „მამუკა ბახტაძის ბრიფინგი“. მსგავსი ზოგადი აღწერები მაყურებლისათვის იმდენად არაფრის მთქმელია, რომ გასაკვირი სულაც არ არის თუკი ასეთი Live-ების მაყურებელთა რიცხვი, როგორც წესი, რამდენიმე ათეულს ძლივს სცდება. ხშირია Facebook Live-ები რომელთაც არ ახლავს, ან თითქმის არ ახლავს ჟურნალისტის კომენტარი და მომხმარებელმა ჩართვაში, რომელიც შესაძლოა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდეს, თავად უნდა მოახერხოს ორიენტირება თუ რა ხდება, ვის და რას ხედავს და რას უსმენს. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მომხმარებელზე მეტად, თავად მედია სცოდავს და სულაც არ არის გასაკვირი თუკი კომენტარების ველში „რა ხდება?“-ს წვიმა წამოვა.

Facebook Live-ების რუკა. 18.09.2018

შესაძლოა შეხვდეთ ისეთ შემთხვევასაც, როდესაც მედიასაშუალება Facebook Live-ით გადასცემს მდუმარე (!) აქციას, რომლის მონაწილეებიც 20 წუთის მანძილზე ჩუმად სხედან პარლამენტის კიბეებზე და მთელი ამ დროის მანძილზე, კადრში თითქმის არაფერი ხდება. ასეთ ხანგრძლივ დუმილს კი პირდაპირი ეთერი ვერ იტანს. ამიტომ ჟურნალისტი მიდის აქციის მდუმარე მონაწილესთან, რომლის პროტესტის არსიც დუმილია და სთხოვს, რომ ისაუბროს აქციის შესახებ.

რაკი ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ აშუქებენ ამბებს მედიები სოციალური ქსელით პირდაპირი ჩართვისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, თუ რას აშუქებენ ისინი. Facebook Live-ის ჩართვისას ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ალბათ ის არის, ღირს თუ არა ამა თუ იმ ამბის პირდაპირი ეთერით გადაცემა. მაგალითად, აძლევს თუ არა ღირებულ ინფორმაციას ვინმეს, როდესაც რუსთავში გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მცირე ზომის ორმო გაჩნდება. არის თუ არა Live-ში გასაშვები ის რომ, მსახიობი ია სუხიტაშვილი საერთაშორისო კინოფესტივალიდან დაბრუნდა. რამდენად საჭიროა დაახლოებით 15-წუთიანი პირდაპირი ჩართვა დაუთმო ორი სასულიერო პირის პრესკონფერენციას ნარკოპოლიტიკაზე (!), სადაც რთული გამოსაცნობი არაა, რომ სიძულვილის ენა იქნება არტიკულაციის მთავარი ფორმა. რატომ არის საჭირო მათთვის ასეთი უაპელაციო ტრიბუნის მიცემა, ანდა რა ღირებული ინფორმაცია უნდა გადასცე პირდაპირ ეთერში, როდესაც უშიშროებაში დაკითხვაზე დაბარებული ადამიანი, რომელმაც არ იცის რატომ დაიბარეს, შენობის წინ დგას და ელოდება როდის გაიგებს მისი დაბარების მიზეზს. ანდა, რამდენად ადეკვატურია ერთი საათის განმავლობაში 3 სხვადასხვა თემაზე, რომლებიც სულაც არ არის ე.წ. Breaking News, პირდაპირ ეთერში გაუშვას მედიამ? ყველა ეს თემა შესაძლოა რომ ჩვეულებრივი ვიდეოს ფორმატით, დამონტაჟებული მოხვდეს Facebook გვერდებსა თუ Youtube-ის არხებზე. თუმცა, მონტაჟი დროსა და გონებრივი რესურსის ხარჯვას ითხოვს, ამიტომაც მედიები ირჩევენ Facebook Live-ს. ჩართე, მიუშვირე სმარტფონი და დაელოდე ამბის დამთავრებას.

ასეთი ჩართვების შინაარსიც რომ დავივიწყოთ, კიდევ ერთი პრობლემური საკითხი თავად Facebook Live-ების ტექნიკური მომზადებაა. ალბათ არავინაა დაზღვეული ისეთი შეცდომებისაგან, როდესაც პირდაპირ ეთერში კამერა ისე კანკალებს, რომ მაყურებელს შეიძლება თავბრუ დაეხვას, ან როდესაც მოვლენის ნაცვლად, ჟურნალისტის სხეულის რომელიმე ნაწილს ვუყურებთ, ან როდესაც რეპორტიორს კამერის შეტრიალება ავიწყდება და მის შეშფოთებულ და ოდნავ გაწელილ სახეს ვხედავთ კადრში ან როდესაც ტრანსლირება ყოველ 10 წამში ერთხელ წყდება. თუმცა, ასეთი შემთხვევების სიხშირე, რაც ერთობ დამახასიათებელია ყველაზე სერიოზული მედიასაშუალებებისთვისაც კი საქარათველოში, ხაზს უსვამს იმას, რომ Facebook Live-ებისთვის მომზადება ჯერაც არ მიიჩნევა სერიოზულ საქმედ ზოგიერთი ჟურნალისტისთვის.

ზემოთ მოყვანილი პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დავასახელოთ არასწორი პარალელი, რომელიც შეიძლება ჟურნალისტმა გაავლოს Facebook-ზე ტრანსლირებასა და ტელევიზიით პირდაპირ ჩართვას შორის. როგორც Facebook Live-ებზე საუბრისას Wall Street Journal-ის აუდიტორიის ზრდაზე პასუხისმგებელი რედაქტორი სარა მარშალი აღნიშნავს, ასეთ პლატფორმებს მედიები უნდა მოეპყრან როგორც დამოუკიდებელ არხებს და არა როგორც ერთგვარ დანამატებს, რომელიც უბრალოდ აირეკლავს იმას, რაც ტელევიზიით ხდება. სოციალური ქსელის ამ ფუნქციის ამუშავებიდან უკვე 6 თვეში კი, BBC-ის ვეტერანი წამყვანი როს ატკინსი ამბობდა, - „Facebook Live ეს არის დამოუკიდებელი მედიუმი. იყო დრო როდესაც ციფრული ჟურნალისტიკა ესმოდათ როგორც ერთგვარი შემავსებელი ტელე და რადიო მაუწყებლობისთვის. ეგ დრო დამთავრდა. კონტენტი, რომელსაც ახლა Facebook-ზე ვამზადებთ დამოუკიდებლად უნდა იდგეს ფეხზე მყარად“. ამიტომაც, ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ სოციალურ ქსელში ტრანსლიერებისას შესაძლოა ის წესები არ გავრცელდეს, რაც ოდესღაც ან დღეს ვრცელდებოდა და ვრცელდება ტელემაუწყებლობისას. როგორც მინიმუმ, გასათვალისწინებელია, რომ Facebook-ზე ტრანსლირებისას, ჟურნალისტს არ ჰყავს სტუდიაში კომფორტულად მოკალათებული წამყვანი, რომელიც შესავალს ანდა კომენტარს დაურთავს ტრანსლაციას. ეს თავად იმ ადამიანის პრეროგატივაა, ვისაც სმარტფონი უკავია ხელში, რაც მის პასუხისმგებლობასა და დატვირთვას რამდენადმე ზრდის.

მეორე მთავარი მახასიათებელი კი მედიისა და მომხმარებლის სპეციფიკური ურთიერთობაა. თუკი ტელეტრანსლაციის დროს პირდაპირი ჩართვის მიზანი იყო უბრალოდ სურათის ჩვენება და ამბის აღწერა, Facebook Live-ს ამბიცია აქვს, რომ ის მაყურებელს არა მხოლოდ ინფორმაციას მიაწვდის, არამედ მას ინტერაქციაში ჩართავს, რითაც უფრო დიდ აუდიტორიაზე გავა. მაყურებლის ჩართულობა კი ერთგვარი რისკიცაა. მედიის ნებისგან დამოუკიდებლად, მათი პლატფორმა შესაძლოა სხვადასხვა ჯგუფებმა ან ინდივიდუალურმა მომხმარებლებმა გამოიყენონ არაეთიკური მიზნებით და სხვა ინდივიდების ან ჯგუფების დასაზიანებლად. ეს განსაკუთრებით კარგად 2018 წლის მაისში, თბილისის კლუბების დარბევისას გაშვებულ Facebook Live-ებზე გამოჩნდა, როდესაც პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების საწინააღმდეგოდ ნაციონალისტური და რადიკალური ჯგუფები მობილიზდნენ. ეს პრობლემა ავთენტურად ქართული ნამდვილად არ არის და ნებისმიერ დიდ მედიასაშუალებას უდგას, რომლის Facebook აუდიტორიაც რამდენიმე ათას მომხმარებელს აჭარბებს. ამიტომაც დრო და დრო აქტუალური ხდება ხოლმე დიდი მედიების მიერ ე.წ. ფიდბექის მენეჯმენტზე საუბარი და სოციალური მედიის მენეჯერებზე არანაკლებ მნიშვნელოვან პოზიციას წარმოადგენს ე.წ. Community Manager-ის პოზიცია.

საერთაშორისო მედიაორგანიზაციები აქტიურად ქმნიან სახელმძღვანელოებს, რომლებიც ჟურნალისტებს უკეთეს Facebook რეპორტინგში დაეხმარება. მაგალითად, NPR 5 ძირითად რჩევას გამოყოფს, რომელსაც დეტალურად შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ:
  1. აუდიო კვლავაც მნიშვნელოვანია;
  2. Facebook Live არ არის ტელეტრანსლაცია
  3. გუნდის ყოლა, როდესაც ამის საშუალება არსებობს (მაგალითად, კამერაზე ზედამხედველი, ინტერვიუერი, კონტექსტის შესახებ კვლევაზე პასუხისმგებელი პირი და ა.შ.);
  4. უპასუხე აუდიტორიას;
  5. შეამოწმე ინტერნეტზე წვდომის ხარისხი;
  6. შეარჩიე სწორი კამერა.
Poynter-ის ინსტიტუტი კი გამოჰყოფს 10 ძირითად საკითხს, რომელსაც რეპორტიორებმა Facebook-ზე პირდაპირ ეთერში გასვლისას უნდა დაუთმონ ყურადღება:
  1. კითხე საკუთარ თავს: რატომ გადიხარ პირდაპირ ეთერში? ხომ არ ჯობია მაყურებლისთვის, რომ დამონტაჟებული ნახოს ის, რის ჩვენებასაც Facebook Live-ით აპირებ?
  2. გახადე ჩართვა ინფორმაციულად ღირებული;
  3. კონტაქტე აუდიტორიასთან;
  4. პატივი ეცი მომხმარებლის დროს (დაასრულე ჩართვა, როგორც კი მთავარი მოვლენა დამთავრდება);
  5. უთხარი ადამიანებს თუ რატომ ხარ პირდაპირ ეთერში;
  6. ყურადღება გაამახვილე ფაქტებზე;
  7. ჩადე ცოტაოდენი ძალისხმევა ესთეტიკაში;
  8. მონიშნე სპეციფიკური აუდიტორია (აუდიტორია, რომელსაც რაღაც ნიშა აქვს);
  9. გამოამჟღავნე ექსპერტიზა;
  10. იყავი ფრთხილად.

ბლოგის ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ