სენსაცია ტრაგედიის წილ
26.10.2018
25 ოქტომბერს ქალაქ გორში 9 წლის გოგონა სასტიკად მოკლეს. ქართული მედიის ნაწილმა კი კვლავაც ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ ტრაგედიის გაშუქება სენსაციურობისაგან დაეცალა, ყოფილიყო ემპათიური მგლოვიარე ოჯახის წევრებისადმი და საზოგადოებაში პანიკის დათესვის ნაცვლად, სამართალდამცავების მუშაობისათვის შეეწყო ხელი.

ამ წერილში შეგნებულად არ დავასახელებთ არც ერთ მედიასაშუალებას, რომელმაც, ჩემი აზრით, ამბის გაშუქებაზე მეტად მაყურებლებში პანიკის დათესვასა და ამბის არაადეკვატურად მიტანას შეუწყო ხელი, ნაცვლად რაციონალური და პროფესიონალური რეპორტინგისა.

ამ წერილის მიზანი არის არა ვინმეს დასახელება და შერცხვენა, არამედ უკვე მანტრასავით არაერთგან, არაერთგზის გამეორებული პრინციპის კიდევ ერთხელ გამეორება - ჟურნალისტმა თავისი საქმიანობთ, როგორც მინიმუმ, უფრო მეტი ადამიანი არ უნდა დააზარალოს, ტრაგედიების გაშუქებისას, თუკი ვერავის ეხმარება ის.

გარდაცვლილის აღმოჩენიდან რამდენიმე საათში, როცა კრიმინალისტებს ადგილზე მუშაობაც კი არ ჰქონდათ დასრულებული, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ შოკში მყოფი ოჯახის წევრებს კომენტარის გაკეთება სთხოვა. გარდაცვლილის მამის ღრიალიც ვერ გახდა ნიშანი ზოგიერთი მათგანისთვის, რომ Facebook Live გაეთიშათ ადგილიდან, სადაც არაფერი ხდებოდა გარდა ოჯახის წევრებისა და მეზობლების გლოვისა.

ზოგმა ადგილზე მისული ჩინოვნიკების კომენტარებზე ნადირობა გააჩაღა, თითქოს ქალაქ გორის საკრებულოს წევრს, მერს ანდა შს მინისტრის მოადგილეს რაიმე ინფორმაცია შეიძლება ჰქონოდა დანაშაულის შესახებ, რომელიც ორიოდე საათის წინ მოხდა. ან თითქოს არ იციან ჟურნალისტებმა, რომ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაშიც კი, ოფიციალური პირები მედიასთან არაფერს იტყვიან ვიდრე ელემენტარული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდება. თითქოს პოლიტიკური პირების დანაშაულის ადგილზე ყოფნა რეალურ ღირებულებას ქმნიდა ამბისთვის.

როგორც ტრაგედიების გაშუქებისას ხდება ხოლმე, ჟურნალისტების ნაწილმა ჩაწერა ამბისგან შეძრული მეზობლები, რომელთაგან თითოეულს დანაშაულის საკუთარი ვერსია აქვს. მაგალითად რამდენიმემ პოლიტიკური სარჩულის ძიება გოგონას სახლში გადასვენებამდე დაიწყო. ზოგიერთმა ჟურნალისტმა კი სათითაოდ ჩამოიარა შეკრებილი ადამიანები (მათ შორის გარდაცვლილის ბაბუა) და დაჟინებით სთხოვდა გაემეორებინათ, რომ მათ შვილების ქუჩაში გაშვების შეეშინდებოდათ მეორე დღიდან. სიტყვა ტრაგედია ვერ აღწერს იმ ამბის სიმძიმეს რაც გორში მოხდა. ხოლო ის, რაც ჟურნალისტებმა გორში ჩაიდინეს სხვა არაფერია თუ არა ტრაგედიის გაბაიბურება და სენსაციურობას შეწირული პროფესიონალიზმი.

რეპორტინგი არ არის მხოლოდ რესპონდენტისთვის შეკითხვის დასმა. ჟურნალისტიკა გულისხმობს, რომ რესპონდენტამდე საკუთარ თავს დაუსვა შეკითხვები - ღირს თუ არა ამბის გაშუქება საერთოდ? უნდა გააშუქო თუ არა ამბავი კონკრეტულ დროსა და სივრცეში? რა ფორმით ჯობია ამბის თხრობა? ვინ უნდა ისაუბროს? რამეს ხომ არ აზიანებ მიშვერილი მიკროფონითა და კამერით? რა უნდა აჩვენო? რა უნდა დამალო? ოღონდ ეს ყველაფერი თეორიაა და მგლის თავზე ნაკითხი სახარების მსგავსად, რეალობა ხშირად რეპორტიორებსა თუ ოპერატორებს სულაც არ აძლევს იმის დროს, რომ საკუთარ თავთან გასცენ შეკითხვებს პასუხები. ამიტომ, რთულია, მორალი წაუკითხო ჟურნალისტებს. თუმცა იოლია, რომ საღ აზრზე ისაუბრო მათთან. იმიტომ, რომ საღ აზრს არ სჭირდება ბაკალავრის დიპლომი, ლოპოტაზე ტრენინგები და ეთიკის ნორმებში მეცადინეობა. ის ან გაქვს, ან - არა.

ხოლო მათ, ვისაც საკუთარი საღი აზრის იმედი ვერ ექნება პროფესიულ საქმიანობაში, არსებობს ეთიკური სტანდარტების არაერთი სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად არის გაწერილი თუ როგორ უნდა მოიქცეს რეპორტიორი დანაშაულის ადგილას და როგორ უნდა გააშუქოს გორში მომხდარი ამბის მსგავსი ტრაგედიები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო კრიმინალური ამბების შესახებ პირდაპირ ამბობს:

  • „კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდ რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადებისას. როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტის ემოციებზე. მედია უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალური ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.
  • მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლწო ვარაუდების გავრცელება...“

იქვე აღნიშნულია,

  • „მასალის მოსამზადებლად განკუთვნილი მცირე დროის გამო პირველი გამოწვევა ჟურნალისტებისთვის არის მსხვერპლის ინტერვიუზე დათანხმება. ეს განსაკუთრებით რთულდება მათთვის, ვისაც ვიდეორეპორტაჟის მომზადება სურს, რადგან დაზარალებულს შესაძლოა, არ უნდოდეს კადრში გამოჩენა იმ მდგომარეობაში, რაშიც მომხდარის შემდეგ იმყოფება. ეთიკურად გაშუქებისთვის: »
  • მსხვერპლთან საუბარი დაიწყეთ კამერისა და სხვა ტიპის ჩამწერის გარეშე. შეუთანხმდით ინტერვიუზე და ამის შემდეგ დაიწყეთ ჩაწერა. წარუდგინეთ საკუთარი თავი, რათა რესპონდენტმა იცოდეს ვის ესაუბრება.
  • მედია უნდა შეეცადოს, არ მოახდინოს მსხვერპლის რეტრავმირება.
სახელმძღვანელოს სრულად ნახვა შესაძლებელია ჟურნალისტური ეთიკის ვებგვერდზე.

ამავე თემაზე საინტერესო რესურსების (ინგლ) მოძიება შესაძლებელია ჟურნალისტიკისა და ტრავმის დარტ ცენტრის ვებ-გვერდზე.

თეგები : ტრაგედიების გაშუქება ;
ბლოგის ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ