მედია და ფემინისტური დღის წესრიგი
29.10.2018
არც ისე დიდი ხნის წინ ქართული მედია ყურადღების მიღმა ტოვებდა ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებს და სრულიად აიგნორებდა ისეთ თემებსაც კი, როგორიც არის ოჯახში ძალადობა და ფემიციდი/ქალთა მკვლელობები.

 


მახსოვს 2010 წელს, ჯერ კიდევ გენდერის კვლევების მაგისტრატურის სტუდენტი, ერთ-ერთ კვლევით პროექტში ვმონაწილეობდი. 2006-2010 წლებში გავრცელებული რამდენიმე დიდტირაჟიანი ჟურნალ-გაზეთი და ნაციონალური არხის სატელევიზიო გადაცემა გავაანალიზეთ იმ მიზნით, რომ მედიის როლი გაგვერკვია ოჯახში ძალადობისა და გენდერული თანასწორობის პრობლემებთან მიმართებაში.

ცხადია, ჩვენ კონტენტ- ანალიზი გვაინტერესებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართულ მედიაში მაშინ ამ თემებზე დისკურსი თითქმის არ არსებობდა. ოჯახში ძალადობის პრობლემაზე სულ 11 სტატია (3 გაზეთი: ახალი თაობა, თბილისელები, 24 საათი და 4 ჟურნალი: ცხელი შოკოლადი, პრაიმ თაიმი, ლიბერალი, კარიბჭე) და 4 ტელეგადაცემა ვიპოვნეთ. აქედან უმრავლესობა უფრო აღწერითი ხასიათის იყო ვიდრე ანალიტიკური. მაშინ ვფიქრობდი და ამას სხვებიც იზიარებდნენ, რომ მთავარი მედიის დღის წესრიგში ქალთა პრობლემების გაჩენა იყო და ეს ყველა შემთხვევაში პოზიტიური შედეგების მომტანად წარმომედგინა.

2011 წელს, თვითორგანიზებული არაფორმალური ფემინისტური ჯგუფები როდესაც გამოჩდნენ, რომლის ნაწილი მეც ვიყავი, მედია, ჩვენი დიდი ძალისმხევის მიუხედავად, საერთოდ არ ინტერესდებოდა არც აქციებით და არც იმ თემებით, რომლებსაც ვაყენებდით. შემდეგ უკვე ნელ-ნელა, მაგრამ გამოჩნდა თითო-ოროლა მოკავშირე მედია-პლატფორმა, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს ფემინისტი აქტივისტების მიერ ორგანიზებული აქციებისა და დისკუსიების გაშუქება.

ასე, მცირე დოზით, მაგრამ ფემინისტური დისკურსი დაიწყო ქართულ მედიაში. ცხადია, შეცდომები ბევრი მოსდიოდათ და ეს მაშინ ლოგიკურიც იყო, რადგან არც ამ თემების გაშუქების გამოცდილება არსებობდა და არც ქართულ ენაზე შექმნილ სახელმძღვანელოებზე მიუწვდებოდათ ხელი ჟურნალისტებს. ამიტომ, ჩვენ, ახალბედა ფემინისტი აქტივისტებიც და ჟურნალისტებიც, ერთად ვსწავლობდით, როგორ გვემუშავა უკეთესად.

მაგალითად, თავიდან სათითაოდ გვიწევდა თხოვნა ჟურნალისტებისთვის, რომ „სუსტი სქესის“, „მშვენიერი სქესისა“ და „მანდილოსანის“ ნაცვლად, სიტყვა „ქალი“ გამოეყენებინათ. მიხარია, როცა ვხედავ წარსულში სრულიად სექსისტური და მიზოგინიური სტატიებისა თუ სატელევიზიო სიუჟეტების ავტორი არაერთი ჟურნალისტი გენდერულად მგრძნობიარე მედია-პროდუქტს როგორ ქმნის ახლა. ასევე, როგორ გადაიქცნენ ჩვენს მოკავშირეებად წარსულში ანტიფემინისტური გამოცემები და ახლა მაღალპროფესიონალური სტანდარტით აშუქებენ გენდერული თანასწორობის პრობლემებს დღეს. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია „ტაბულა“.

და დღეს თითქოს მოვედით იქ, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალთა უფლებები ხვდება მედიის დღის წესრიგში, რადგან უამრავი სტატია და ბლოგი იწერება, სიუჟეტები და გადაცემებიც მზადდება. აქციებზე კი ზოგჯერ უფრო მეტი ჟურნალისტია, ვიდრე აქტივისტი და ამ თემებზე დისკუსია-დებატიც აღარ წარმოადგენს იშვიათობას სხვადასხვა ცენტრალურ არხზე. მაგრამ, დღეს მე აღარ ვფიქრობ, რომ გენდერული თემატიკის არსებობა მედიაში ყოველთვის პოზიტიურ როლს ასრულებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. პირადი გამოცდილებით ვხედავ, რომ სიკეთეების მომტან ცვლილებებთან ერთად, მედიას პირიქითაც ასეთივე წარმატებით შეუძლია გაამყაროს და კვლავაწარმოოს ის კულტურული ნორმები, რომლებიც საბედისწერო როლს ასრულებენ ადამიანების ცხოვრებაში.

წინა წლებისგან განსხვავებით, დღეს ქართულ ენაზე ცოდნა უკვე ხელმისაწვდომია - სახელმძღვანელოებიც არსებობს და არაერთი სასწავლო კურსიც, როგორ გააშუქონ ჟურნალისტებმა სხვადასხვა პრობლემური თემები. გარდა ამისა, არსებობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მკვლელობების სტატისტიკაც და არაერთი კვლევა სხვადასხვა პრობლემაზე.

ამიტომ, ამ ფონზე მიამიტური უცოდინრობით ვეღარ აიხსნება, მაგალითად, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული „კომედი შოუს“ ერთ-ერთი სკეჩი, სადაც ოჯახში ძალადობა გაშარჟებულია. ქალის მსხვერპლობის კომიკურობის დემონსტრირება რას ემსახურება იქ, სადაც ყოველი მეშვიდე ქალი ძალადობის მსხვერპლია, ხოლო ყოველწლიურად ოცზე მეტ ქალს კლავენ ქმრები, შეყვარებულები თუ ყოფილი პარტნიორები?!

მსხვერპლ ქალებს ისედაც ჰგონიათ, რომ ჩვენ მათი არ გვესმის, რომ ეს პრობლემა სხვებისთვის არასერიოზულია და ამიტომ ხმის ამოღებას აზრი არ აქვს. მედიის მხრიდან ეს მიზანმიმართული მავნებლობაა და მას არ აინტერესებს, რომ მსგავსი გზავნილები მოძალადეებისთვის წამქეზებლურია, ხოლო ტრამვირებული ქალების თვითშეფასებაზე დამანგრევლად მოქმედებს.

2018 წლის მარტში კი, როცა ქალებმა სექსუალურ შევიწროვებაში ზვიად დევდარიანი ამხილეს და ამ თემაზე ხმამაღლა საუბრის დაწყება ძლივს გაბედეს, იმავე „კომედი შოუში“ მორიგი სკეჩით ანალოგიურად გააშარჟეს სექსუალური შევიწროვების პრობლემაც. რა არის ეს, თუ არა ქალების ტრაგიკული გამოცდილების მიზანმიმართული ვულგარიზება? 2018 წლის 6 სექტემბერს, სხვადასხვა არხზე გასული სიუჟეტებით კი ქართულმა მედიამ მოახერხა და ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის სასამართლო პროცესის გაშუქება „სიყვითლით“ შეაზავა. პროცესის გაშუქებისას საინფორმაციო გამოშვებებმა მთავარ ამბად მოკლულის დედასა და ბრალდებულის ოჯახის წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირება გადმოგვცეს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და იმედმა საერთოდ ამ კადრებით დაიწყეს სიუჟეტები, თითქოს უფრო მნიშვნელოვანი არა ქალის სიცოცხლე, არამედ სასამართლოში იმ დღეს ატეხილი ხმაური იყო.

განსაკუთრებული მავნებლობით მაინც ის გასართობი ტოქშოუები გამოირჩევიან, რომლებმაც ქალთა უფლებები ე.წ. ყვითელ თემად გადააქციეს. ყველაზე დიდი ცინიზმი კი ის არის, რომ ხშირად თავად ქალების, უფლებადამცველების, ფემინისტი და ლგბტ აქტივისტების მონაწილეობით ეწყობა სრულიად უშინაარსო, ანალიზისგან და გადაჭრის გზებზე მსჯელობისგან დაცლილი ცირკი.

დიდი არჩევანი რადგან არ არის, ქალები ცდილობენ ასეთი შოუები გამოიყენონ საკუთარი სათქმელის გასაჟღერებლად. გადაცემაში მისულმა კი შეიძლება აღმოაჩინონ, რომ არა პრობლემაზე სადისკუსიოდ, არამედ გივი სიხარულიძესთან პირისპირ სხედან, რომელსაც ისინი სელექციური აბორტებისა და ადრეული ქორწინებების სტატისტიკაზე ესაუბრებიან, გივი სიხარულიძე კი მათი საუბრის ფონზე ყვირის, მაგალითად, რომ მათნაირ ქალს ლექსს არავინ მიუძღვნის (!). შედეგად, პრობლემებზე საუბრის მცდელობისა და ჩართული სადღეგრძელობის სინთეზით იქმნება საუკეთესო ყვითელი შოუ.

მსგავს ყვითელ გადაცემებში სიარული დროის კარგვის გარდა, რომ არსებული პატრიარქალური წესრიგის გამყარებაში თანამონაწილეობა იყო, მე დიდი ხნის წინ მივხვდი. მიუხედავად ამისა, მაინც აღმოვჩნდი 2017 წლის 24 ივნისს ერთ-ერთ ასეთ გადაცემაში „პრაიმშოუ“. მსგავსი ტოქშოუების მიზანმიმართულ მავნებლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მაშინ, როცა შეთანხმების მიუხედავად, გივი სიხარულიძე და ბესო ჩუბინიძე შემოიყვანეს გადაცემაში შუა ჩაწერის დროს. წამოვედით, მაგრამ ჩვენი მონაწილეობით შოუ მაინც შედგა და იმ საღამოს ქალთა უფლებებზე კიდევ ერთხელ გაერთო „იმედის“ მაყურებელი.

ერთ-ერთ ბოლო „პრაიმშოუ“ კი, რომელიც 17 ოქტომბერს გავიდა ეთერში, მარადიული და ამოუწურავი სექსის თემას მიუძღვნეს. მოწვეულ სტუმრებში, ტრადიციულად ლალი ბადურაშვილი და გივი სიხარულიძე მოიხმეს, რომლებსაც მოაყოლეს ვინმე არქიმანდრიტი და დოდოშკა ხურცილავა, მამა-შვილი ფალავანდიშვილი და სხვანი. ე.წ. „მეორე მხარე“, ასევე, ტრადიციულად ბლოგერი ირინა ტორონჯაძით იყო წარმოდგენილი.

კითხვაზე - რატომ წამოწიეს ეს თემა, წამყვან-პროდიუსერმა გადაცემის ბოლოს კმაყოფილი სახით გვაუწყა „აი, თუნდაც ამიტომ, რაც ნახეთ მთელი დღევანდელი გადაცემის განმავლობაშიო“. და რა ვნახეთ? მით უმეტეს, რა გავიგეთ? ყველაზე საგანგაშო მაინც ის არის, რომ მთელი ამ გადაცემით კიდევ ერთხელ უთხრეს ახალგაზრდა გოგონებს, რომ სექსი თუ მოუნდებათ, ერთადერთი გზა ამის მისაღებად ქორწინებაა. იმიტომ, რომ მამა ფალავანდიშვილი ქორწინებამდე სექსს მრუშობად გვითვლის ქალებს. იმ ვინმე არქიმანდრიტმა კი დაგმოძღვრა, ქალწულება ღვთისმშობლის ბაძვაა და თან კაცებსაც ურჩევნიათ ქალწული ჩაბარდეს ქალიო. გივი სიხარულიძემ ტრადიციას არ უღალატა და რაღაცნაირი სიამაყით გამოაცხადა, რომ ანგელოზი სულაც არ არის, მაგრამ ამ თვითგამოცხადებულმა მრუშმა და ცოდვილმა, მორალი წაგვიკითხა სულის სისპეტაკზე, რომელიც, მისივე აზრით, ქალისთვის უსექსობით მიიღწევა.

ბევრი დასამახსოვრებელი მომენტიდან, ლალი ბადურაშვილის აღშფოთება საუკეთესო იყო გივის ცოდვილობასთან დაკავშირებით. „პირიქით, ამაზე სუფთა და მოყვარული ადამიანი არ არსებობსო“ კატეგორიული ტონით დაასკვნა და იქვე დაამატა „ აბა, ცოლის ღალატი რა მოსატანია იმასთან, ზოგი ამხანაგს და სამშობლოს რომ ღალატობსო“. იქ მყოფთაგან ზოგი წამყვანი და სტუმარი ქალების სექსითვის პატიებისკენ მოგვიწოდებდა, ქალს ერთხელ „იქნებ შეეშალაო“ ან „შეცდომა დაუშვაო“.

მოკლედ, საათზე მეტხანს ვისმინეთ ორმაგი მორალური სტანდარტებით გაჯერებული მავნებლური განხილვა ქალების სექსუალურ ცხოვრებაზე და თან მორალიც ისევ ქალებს წაგვიკითხეს - რა პრობლემებიც გვაქვს, თურმე, ჩვენივერ ბრალია, რადგან თავად ქალებს არ უნდათ თანასწორობა.

ვხედავთ და ფაქტია, რომ ქალთა უფლებების „გაყვითლება“ და გაკომიკურება ქართული მედიის ბოლო წლების განსაკუთრებული ვნებაა. ტელევიზიებმა კარგად იციან ეს როგორ გააკეთონ და ცირკად ქცეულ სანახაობას, ზოგჯერ, შენივე მონაწილეობით „რეიტინგი დააწერინონ“. მედია კი, რომელმაც იცის, რომ მსგავსი გადაცემებით საზოგადოებაში არსებულ სტიგმებს და სტერეოტიპებს ამყარებს, მაგრამ აგრძელებს და ამას რეიტინგით ამართლებს, მიზანმიმართული მავნებელია და საერთო არაფერი აქვს საზოგადოებრივ სიკეეთეებთან.

თეგები : სტერეოტიპები;
ბლოგის ავტორი : იდა ბახტურიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ