ძველი პროფესიის გახსენება - მარიკო წიქორიძე ჩაკეტილი ბოლნისიდან
30.03.2020

alt
კარანტინის ერთი კვირა გასწავლის, როგორ გაუმკლავდე შფოთს და როგორ გადაერთო აქტიური ქმედებებისკენ; როგორ გახადო შენი საქმე სხვისთვის სასარგებლო და როგორ მოიგო დრო, რომელიც პრაქტიკულად არ გრჩება.

25 მარტი, კარანტინის მესამე დღე
 
,,პულტისთვის“ აღარ მცალია. წლების განმავლობაში საინფორმაციო სააგენტოებში მუშაობამ, ერთი თვისება გამომიმუშავა: სწრაფად შევძლო ერთდროულად რამდენიმე პორტალიდან და არხიდან მთავარი ინფორმაციის ამოღება და თუ ამის საჭიროებაა, დაზუსტება. გადავწყვიტე ეს პერიოდი გავიხსენო, საკუთრ თავში მივიწყებული ჟურნალისტი გავაღვიძო და ვიმოქმედო.

დღეს გარეთ იმაზე უფრო სიმშვიდეა, ვიდრე ველოდი. ქუჩაში არც არავინ დგას და არც არავინ მოძრაობს. პირველი, რაც დილიდან თვალში მომხვდა, ერთი და იგივე ტექსტით გადაჭედილი სოციალური ქსელია. დაახლოებით 5 „თეგი“ მაქვს, სოციალური ქსელის მეგობრები მთავაზობენ მივიღო მათი გამოწვევა სოციალურ ქსელში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ტექსტი, რომელზეც ისტერიულად მნიშნავენ, ეთნიკური აზერბაიჯანელების მხარდაჭერას ეხება. არ ვღებულობ...

დიდი ხანია, რაც ხანია ჩემს აზერბაიჯანელ, სომეხ თუ ებრაელ მეგობრებს „უცხო ტომელებად“ აღარ აღვიქვამ. პრინციპში, არც არასდროს აღმიქვამს ასე. ასევე დიდი ხანია აღმოვაჩინე, რომ პერიოდულად, როგორც კი ქვეყანაში რამე სერიოზული პრობლემა იჩენს თავს, აუცილებლად ჩნდება ვიღაც, ვინც ადამიანების ეთნიკურ წარმომავლობაზე იწყებს აპელირებას და აიძულებს მათ უმტკიცონ ყველას, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან.

ამ რეგიონში ასეთ გამოწვევებს დაუფიქრებლად აღარ ვიღებთ. დიდი ხანია აღარ ვართ 90- იანებში, არც პოსტ საბჭოთა სივრცეში, არც ის თაობა ვართ, ვისაც ომი, დაპირისპირება და შუღლი არ უნახავს. ვისწავლეთ, ზოგი სხვის და ზოგიც საკუთარ შეცდომებზე.

ეს გამოწვევა კიდევ ერთხელ მაფიქრებს ბოლო დღეების აღმოჩენაზე, რომ ყველაფრის სათავე არაინფორმირებულობაა. გადავწყვიტე, ჩემი ბრძოლაც აქედან დაიწყება. კარანტინის ჩანაწერების დღიურში ყველა ჩემი აზერბაიჯანელი და სომეხი მეგობრის საკონტაქტოს ვწერ, ვეკითხები აქვთ თუ არა ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე ვირუსზე, კარანტინის წესებზე, რეკომენდაციებზე. უარები მომდის...

CENN-ი, ორგანიზაცია ვისთანაც ახლა ვთანამშრომლობ, მთანხმდება დავბეჭდოთ პოსტერები ორ ენაზე, ადგილობრივი ორგანიზაცია ,,ქალი და სამყარო“ პოსტერების თარგმნაში მეხმარება, პრობლემა ბოლნისამდე ჩამოტანაა, მაგრამ ესეც უცებ გვარდება - წითელი ჯვარი მზადაა ამ ნაწილში დაგვეხმაროს. კარანტინის მესამე დღეს თავისუფალი დრო საერთოდ ქრება. ჩემი 8 წლის შვილი თოჯინებს მისვამს კომპიუტერის ეკრანზე, ან რომელიმე ტელევიზიასთან პირდაპირი ჩართვისას ჩემს ზურგს უკან ზღვის გოჭით დასეირნობს. მივხვდი, რომ ეს მისი პროტესტია, პროტესტია იმაზე, რაც ხდება გარეთ და რამაც შეცვალა ყოველდღიურობა შიგნით.

25 მარტი ისე ღამდება, სოფელ ნახიდურიდან, ლეილასგან ერთი სიტყვაც არ მომდის. ეს ამბავი არ მომწონს, მინდა, რომ დავურეკო, მაგრამ უკვე ღამის 4 საათია...

26 მარტი, კარანტინის მეოთხე დღე

მძიმედ გათენდა. დილის 8-ზე, მაღაზიასთან პურის საყიდლად გამოსული ხალხი უკვე ლაპარაკობს ორსულ გოგოზე სოფელ ნახიდურიდან , რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა. 13 ადამიანიდან მხოლოდ მას აღმოაჩნდა Covid -19.

დედამ სახლის დეზინფექცია გაახშირა, ბებო ისევ ნერვიულობს, ამჯერად აქაურობის გარდა, საზღვარგარეთ ჩარჩენილ ქართველებზეც. ყველა ამბავს თავის ანალიზს აყოლებს და 10 წუთში ერთხელ ექიმებს ლოცავს.

ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს, მომდის შეტყობინებები, მათ შორის თავის დაცვის წესებზე, ჯერჯერობით მთავრობის შეტყობინებები სჭარბობს. აპლიკაცია, რომელიც აქამდე ნაბიჯებს მითვლიდა, წითელს მინთებს.

სოფლებში დეზინფექცია დაიწყო. მაღაზიებში, გუშინდელთან შედარებით, სურსათი გაჩნდა, მეპატრონეები ობიექტებში სამ ადამიანზე მეტს არ უშვებენ, თუმცა მაღაზიის გარეთ დისტანციას არავინ იცავს.

დღის მეორე ნახევარში ,,წითელ ჯვარს“ ორ ენაზე დაბეჭდილი მასალები ჩამოაქვს. მოხალისეები უკვე მობილიზებული არიან და ყველგან, სადაც შეგვიძლია, მათ განთავსებას ვიწყებთ.

სახლში დაბრუნებულს ლეილას წერილი მხვდება. მწერს, რომ ძალიან ცუდად იყო და სუნთქვა უჭირდა, ვერ იძინებდა, ვერ ჭამდა, ორსული გოგონას ამბავმა ძალიან იმოქმედა. ვცდილობ გავამხნევო. პარალელურად ყველასთან ვრეკავ, ვისთანაც ხმა მიმიწვდება და ვისაც მისი დახმარება შეუძლია. დილით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ლეილას ფსიქოლოგთან დაკავშირება შეძლო.

27 მარტი, კარანტინის მეხუთე დღე

მეხუთე დილამდე იყო ყველაზე მძიმე ღამე. დილიდან გადარბენა გვაქვს ოთახიდან ოთხაში, ერთდროულად ვეძებთ ყურსასმენებს, წიგნებს, რვეულებს. ნიტას დისტანციური გაკვეთილის დრო ემთხვევა ჩემს ჩართვას საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში. დედა ფანჯრიდან ეკამათება მამას, რომელიც ბოლოს, 5 დღე გადაბმულად სახლში 20 წლის წინ იჯდა, როცა მიკროინფარქტი გადაიტანა.

მამამ ითმინა და დღეს გადაწყვიტა, რომ ვენახში წავიდეს. პირბადე აიხვია, საგზალი გაიმზადა და ჩვენი ძველი გერმანული სახლის სარდაფში, ბოლო ,,აკორდისთვის“ ჩავიდა. ,,ეკიპირებული ვარ კორონას წინააღმდეგ“, - გამოაცხადა და ჭაჭით სავსე მათარა ხურჯინში ჩაიდო. მამას შეჩერება ვერ შევძელით. დისტანციური გაკვეთილი კი დროში იწელება, ხან მოსწავლეს არ ესმის მანსწავლებლის, ხან მასწავლებელს მოსწავლის. ბოლოს მასწავლებელმა ბავშვები ჯგუფებად დაყო და ქართული და მათემატიკა ასე ჩაიბარა.

შუა დღისთვის მოვახერხე და მოხალისეებთან ერთად სოფლებში, პოსტერების გასაკრავად წავედი. თითქოს სხვა ქვეყანაში ვარ, არც საგანგებო მდგომარეობა, არც კარანტინი წესები, ოთხი ადამიანი დომინოს თამაშობს, ექვსი გულშემატკივრობს, არც პირბადე, არც ხელთათმანი.სოფლის სტადიონი მინი ფეხბურთის ჩემპიონატს ჰგავს, ტაშიც უხვადაა და შეძახილებიც. აფთიაქში ფარმაცევტმა დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვა ხელზე გადასავლები სპირტი, გვკითხა რა ინფორმაციას ვაწვდიდით და აუცილებელი საჭიროების ნივთები გამოგვართვა.

2008 წელს, როცა ომი ანადგურებდა ყველაფერს, ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის (IWPR) ვმუშაობდი კონფლიქტის ზონაში, მაშინ გულს მიკლავდა დაცლილი და სამარისებურად დადუმებული სოფლები, საქონელიც რომ არსად ჩანდა და მამლის ყივილიც რომ არ ისმოდა. დღესაც ომში ვართ და დღესაც გულს მიკლავს სოფლები, სადაც ადამიანები თავიანთი დაუმორჩილებლობით მაოცებენ.

გზად ვხედავ, რომ ქალაქის მაღაზიების უმრავლესობა დაკეტილია. ჩათში ისევ მიგზავნიან ათასნაირ ინფორმაციას, ყველას გადასამოწმებლად დრო აღარ მყოფნის.

სახლში მისულს ნიტამ ორი კითხვა მომახალა : ჰარი პოტერი უფრო დაგვიცავდა კორონა ვირუსისგან თუ პიტერ პენი? კითხვას კითხვითვე ვპასუხობ - შენ როგორ ფიქრობ-თქო? და დაუფიქრებლად მპასუხობს - ,,20 წამიანი ხელების დაბანა“.

28 მარტი, კარანტინის მეექვსე დღე

საოცრად მზიანი დღეა. დილა ორმაგად სასიამოვნო ხდება, როცა ვიგებ, რომ უჰანში პირველად გავიდა მატარებელი და იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ იკლო. ეს ინფორმაცია, სადღაც გულის სიღრმეში, იმედს მაძლევს, რომ აქაც ყველაფერი კარგად იქნება.

ლეილა მადლობებით სავსე წერილს მიგზავნის, ამბობს, რომ საჭმელიც ჭამა და პირველად ამ სამი დღის განმავლობაში, ღამე კარგად ეძინა. მიხარია და წერილების კითხვას ვაგრძელებ. ცალ-ცალკე ყველა ერთსა და იმავეზე წუწუნებს, ვშიშობ, რომ ვირუსს თუ გადავურჩებით, სიღარიბე მოგვკლავს. ადამიანები ბაზარში არსებულ ფასებზე ბჭობენ: ,,ნიორს მხოლოდ მეფე თუ შეწვდება, 30 ლარი ღირს. კვერცხი დელიკატესი გახდა, ლობიო 6,50 ლარია, ოღონდ თუ იპოვე სადმე, კონებად შეკრული მწვანილის ფასი კილოგრამისას უტოლდება, დამჭკნარი ვაშლის ფასი 7 ლარამდე ავიდა“.

გაზრდილ ფასებზე ტელევიზორიდან არაფერი გვესმის, მაგრამ სამაგიეროდ დღეს მთელი დღეა გვესმის, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი „ყველაფრის თქმით“ გვემუქრება.

ორი ახალი ინფიცირებული დაგვემატა. მე ისევ ვხედავ ხალხს ბაზრიდან ტაძრის მიმართულებით მიმავლებს, - მონიშნულ, დისტანცირებულ წრეებში დასადგომად.

ეს დღე ალბათ იმითაც დამამახსოვრდება, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ "Urbi et Orbi-ის“ ლოცვა (ქალაქსა და ქვეყნიერებას - რომსა და მსოფლიოს) წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე მარტომ აღავლინა. მძიმე სანახავი იყო მარტოდ მლოცველი პაპი, რომელსაც მარცხენა მხარეს ჯვარცმის ქანდაკება ედგა. ჯერ კიდევ გუშინ ჯვარცმა San Marcello Al Corso-ს ტაძრიდან წმინდა პეტრეს მოედანზე საგანგებოდ გადაიტანეს. იმედი აქვთ , რომ ჯვარცმა ამჯერადაც იხსნის იტალიას განსაცდელისგან.

ჩემი ფანჯრიდანაც ჩანს წმინდა პეტრე-პავლეს მონასტერი. როგორც პაპს, მეც ჩემი წილი რწმენისა და უფლის იმედი მაქვს.

დღეს ღამით მე და ნიტა ალბათ დავასრულებთ ასტრიდ ლინდგრენის ,,ემილიას“ კიდევ ერთ თავს და გავიგებთ, რატომ დაკიდა ემილიმ დაიკო იდა ფლაკშტოკზე.

ხვალ ისევ დავიწყებ ფიქრს, პოსტერების და ბუკლეტების გარდა, რა შემიძლია გავაკეთო ჩაკეტილი ბოლნისის ინფორმაციული ვაკუუმის დასაძლევად.



იხილეთ დღიურების დასაწყისი:


 


ბლოგის ავტორი : მარიკო წიქორიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ