30-დღიანი პატიმრობის შემდეგ ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
18.11.2026

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა, ვახო სანაიამ, რომელსაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებისა და ვიდეოს გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. 


„ჩვენი ბრძოლა გრძელდება და გაგრძელდება, 30-დღიანი პატიმრობა იქნება ეს, კიდევ უფრო მეტი, თუ რამდენიც არ უნდა იყოს, რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოს ამ რეჟიმმა, ჩვენი ქცევა არ იცვლება. ჩვენ არ დავაკორექტირებთ ჩვენს ქცევას, ჩვენს სიტყვებს. ჩვენ ყოველთვის დავწერთ და ვილაპარაკებთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ, რა ფორმითაც, როცა, რა დოზითაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას ჩვენ ვწყვეტთ და ჩვენს ლაპარაკს, აზრებს, ამას ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი ვერ გააკონტროლებს, ვერავინ ვერ გააკონტროლებს ამას. ასე რომ, ჩვენი გადასაწყვეტია და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ზუსტად ისე, როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე და კიდევ უფრო ძლიერად და მუდმივად ვიბრძოლებთ იმისთვის, ვიდრე არ მივაღწევთ მიზანს და მიზანი არის ის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი“, - თქვა სანაიამ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას იზოლატორის დატოვების შემდეგ. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული 2 პოსტისა და ვიდეოს გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 19 ოქტომბერს შეუფარდა.

სანაიას „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ივლისში ჰქონდა შეფარდებული, მანამდე ის სასამართლომ 6 000 ლარითაც დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ამჯერად ამ პოსტების გამო ედავებოდა:

  • „14 დღე *ლეები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.

  • „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, *ლეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, *ლეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“

  • ვიდეო სათაურით - „ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მე*ლენბურგობას“. 

 -------------------------------

2026 წლის 10 ივლისის სასამართლო პროცესზე, როდესაც ვახო სანაია მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტების გამო 6 000 ლარით დააჯარიმა, ცნობილი გახდა, რომ ის პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საბაბით, 4 000 ლარით იქამდეც, შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნამდეც, ყოფილა დაჯარიმებული. სანაიას გზის გადაკეტვის ბრალდებით  6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული 2025 წლის ოქტომბერშიც.


 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ