სერიოზული კითხვები რჩება დამნაშავის იდენტიფიცირებასა და გამოძიების ეფექტიანობაზე - IPI როგავაზე თავდასხმის საქმეზე
17.11.2026

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ჟურნალისტ გურამ როგავას საქმეს ეხმაურება და სასამართლო სხდომებიდან მის ჩამოშორებას გმობს. 

2024 წლის საპროტესტო აქციებისას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს, გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეუფარდეს. როგავას თქმით, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 12 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის შესახებ საქმის ახალმა პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ ტელეფონით შეატყობინა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მისი ინფორმაციით, „რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს“.  

IPI წერს, რომ როგავას დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე სხდომებზე დასწრების უფლება არ მიეცა, ჟურნალისტის თქმით, „მას არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი ვერსია თავდასხმის შესახებ ან სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას მიადგა“. 

„12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს, პოლიციელ გურამ კირკიტაძეს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პროფესიული საქმიანობა აუკრძალა. თუმცა, კვლავ რჩება სერიოზული კითხვები დამნაშავის იდენტიფიცირებასა და გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით“, - აცხადებს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ და უთითებს, რომ გურამ როგავა არ ეთანხმება იმას, რომ სწორედ კირკიტაძეა ის პირი, ვინც მასზე იძალადა. 

IPI აღნიშნავს, რომ ეს საქმე კიდევ ერთი შეხსენებაა, საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმების იმ ფართოდ გავრცელებული დაუსჯელობისა, როდესაც პოლიციისა თუ სხვა პირების მხრიდან მომხდარი თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება.

„საქართველოში დაუსჯელობის წრე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაირღვეს, თუ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს“, - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ კვლავაც მოითხოვს სამართლიანობის სრულად აღდგენას და პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც პროფესიული საქმიანობის გამო ქართველ ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილეობდა. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში - „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ გასული საგამოძიებო სიუჟეტიდან, სადაც ნათქვამი იყო, რომ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა გაარკვიეს, 2 დღეში, პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი დააკავა. პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ, ვიდეო მიმართვა გაავრცელა როგავამაც და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არ იყო ის პირი, ვისზეც მათ წყარომ ინფორმაცია მიაწოდა. 

გურამ როგავას 2024 წლის 29 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას თავს დაესხა სპეცრაზმელი. მან კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო. 


ამავე თემაზე: IPI: საქართველოში დაუსჯელობის ციკლი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაწყდება, თუ ყველა დამნაშავე აგებს პასუხს


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ